ბრძანება N 18120

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.07.2023
№ დოკუმენტი 18120
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18120

26.07.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

------ -------------ის (პ/ნ ---------------)

(მის.: ------------------------------------);

2023 წლის 11 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 ივლისის სხდომაზე (ოქმი №77) განიხილა ------ -------------ის (პ/ნ ---------------) №82219/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივნისის №EL212075 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლზე და მისი განმარტებით მოცემულ შემთხვევაში, რადგან ტვირთი წარმოადგენს კვადროციკლს, რომელიც არ ითვლება სატრანსპორტო საშუალებად, მისი მონაცემები არ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რომ იდენტიფიცირებული იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებად და ის არ გამოიყენება მგზავრთა ან ტვირთის გადასატანად, არც ბუქსირისთვის.

მომჩივნის მოსაზრებით, ვინაიდან კვადროციკლი არ არის სატრანსპორტო საშუალება, მასზე ვერ გავრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის165-ე მუხლის მოთხოვნები.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას,ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ------ -------------ის (პ/ნ ---------------) სახელზე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2022 წლის 15 ნოემბერს შემოტანილი მეორადი კვადროციკლი (შასის №-------------) დროებით შენახვის მიზნით (დროებით შენახვის დეკლარაცია №69600/C15134 12.12.2022) განთავსდა შპს „--------- ------- ------ის" (-----) საბაჟო საწყობში.

ვინაიდან, ------- --------ის მიერ ზემოაღნიშნული საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება არ განხორციელდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში და დეკლარირების ვადა დაირღვა 20 დღეზე მეტი ვადით, გაფორმების ეკონომიკური ზონა „---ის" უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 6 ივნისს შედგენილ იქნა №EL212075 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ------ -------------ს (პ/ნ ---------------) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ------ ------------ს გაეგზავნა საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივნისის №21-10-18/46032 წერილობითი შეტყობინებით. ამავე შეტყობინებით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანომ ------ -------------ს აცნობა საქონლის განკარგვის განზრახვის შესახებ და ნაკლოვანებების აღმოფხვრისთვის განუსაზღვრა 10 კალენდარული დღე. მითითებული შეტყობინება ------- --------ის დედას (------- --------ი) საფოსტო გზავნილით ჩაჰბარდა 2023 წლის 30 ივნისს და საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის „დ" პუნქტის მიხედვით, ჩაითვალა ადრესატისთვის ჩაბარებულად.

ამასთან, მეორადი კვადროციკლი (შასის №---------) დღემდე არ არის მოქცეული საბაჟო პროცედურაში და განთავსებულია შპს „------- --------ის" (---) საბაჟო საწყობში.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საქართველოს კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

საქონელი - საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი;

სატრანსპორტო საშუალება – საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება, აგრეთვე მილსადენი, ელექტროგადამცემი ხაზი, კონტეინერი, მისაბმელი, ნახევარმისაბმელი ან ნებისმიერი სხვა საშუალება, რომელიც მგზავრის გადაყვანისთვის ან/და საქონლის გადაზიდვისთვის გამოიყენება.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ" ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო პროცედურის განსაზღვრის ფორმალობები შეიძლება განხორციელდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე − არაუადრეს 45 კალენდარული დღისა, ხოლო შემოტანის შემდეგ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრის ფორმალობები შეიძლება განხორციელდეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 78-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დროებით შენახული უცხოური საქონელი საბაჟო პროცედურაში უნდა მოექცეს ან მისი რეექსპორტი უნდა განხორციელდეს 30 დღეში. ამავე მუხლის მე-3 ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადა 180 დღეა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა საქონლის (სატრანსპორტო საშუალების, რომელიც საბაჟო მიზნებისთვის ასევე წარმოადგენს საქონელს) საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირების ვადის დარღვევაში, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმი და დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.

საგულისხმოა, რომ მომჩივანი იგივე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის გამო, წარსულში დაჯარიმებულია და შესაბამისად, მისთვის ცნობილია საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადების შესახებ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ გამოცემული სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული სანქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ------ -------------ის (პ/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მომჩივანის სახელზე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი მეორადი კვადროციკლი დროებით შენახვის მიზნით განთავსდა კომპანიის საბაჟო საწყობში.

ვინაიდან, ზემოაღნიშნული საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება არ განხორციელდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში და დეკლარირების ვადა დაირღვა 20 დღეზე მეტი ვადით, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა №EL212075 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა .

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ გამოცემული სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული სანქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6);

ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 6(1); 10 (4 „დ"); 78(1,3); 103; 163(1); 165;

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ" ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი;