გადაწყვეტილება №19984/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19984/2/2023
25 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------ -ს “ (ს/ნ "------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „"------"-ის “ 15.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19984/2/2023).
დავის საგანი:
1. შპს „N1 - ზე “ გადახდილი თანხების დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად და თანხების დირექტორზე განხორციელებულ განაცემად განხილვა;
2. ტენდერის ფარგლებში გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ნოემბრის №006-521 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 მაისის №11684 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 896 431 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 495 472
დღგ - 95 231
მოგების გადასახადი - 69 097
საშემოსავლო გადასახადი - 331 144
ჯარიმა - 264 540
საურავი - 136 419
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 მარტის №6484 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 21 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ნოემბრის №29664 ბრძანება და 29 ნოემბრის №006-521 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 19 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 29 მაისის №11684 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. შპს „N1 -ზე “ გადახდილი თანხების დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად და თანხების დირექტორზე განხორციელებულ განაცემად განხილვა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შპს „N1-თვის “ (ს/ნ "------" ) გადახდილი აქვს თანხები, რომლის შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არის წარდგენილი შემოწმებისთვის. შემოწმების პროცესში, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შპს „------- - დან “. წერილი გაგზავნილ იქნა, როგორც ელექტრონულად, ასევე ფოსტით (ორჯერ). თუმცა, იგი ვერ ჩაბარდა საწარმოს და დაბრუნდა უკან, ხოლო ელექტრონულ ვებგვერდზე იგი არ გაცნობია. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად და ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, გადარიცხვები, რომლის ხარჯის დამადასტურებელი მასალები არ არის წარდგენილი, დაიბეგრა მოგების გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
მოთხოვნის მიუხედავად (ჩაბარებული აქვს წერილი, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, წარსადგენი მასალების თაობაზე), გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი პერიოდების მიხედვით საწყისი და საბოლოო ნაშთები, მათ შორის, დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩაითვალა, რომ საწყისი და საბოლოო პერიოდებისთვის დებიტორები და კრედიტორები არ ჰყავს (ნაშთი არის ნულის ტოლი). გაანგარიშდა მიღებული შემოსავალი და ამ შემოსავლის მისაღებად გაწეული ხარჯი. სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე განაცემად და საგადასახადო კოდექსის მე-80 და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 97-ე, 982 , 72-ე, 105-ე, 43-ე მუხლებზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ 2022 წლის 22 მარტის წერილით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა შპს „------ - ის “ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდის ყველა დოკუმენტაციის ასლი. ასევე, ინფორმაცია გადასახადის გადამხდელთან დაკავშირებით. საპასუხოდ მიღებულ იქნა წერილი, რომლშიც აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. გამოძიების ფარგლებში შპს „------ - დან “ ამოღებულია "-------" ელექტრონული ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტები, რომლებიც ხელმისაწვდომია შემოსავლების სამსახურისა და სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ ბაზებში, ხოლო სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაცია აღნიშნული კომპანიიდან ამოღებული არ ყოფილა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს უსაფუძვლოდ მიაჩნია გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია შპს „-------- - თვის “ გადახდილ თანხებსა და სახელფასო განაცემად განხილულ თანხებში გასათვალისწინებელ ხარჯებთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო 2023 წლის 4 მაისს, 11:20 საათზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარუდგენია განხილვის გადადების მოთხოვნასთან დაკავშირებით. მომჩივანი განმარტავს, რომ საწარმოს წარმომადგენელმა წარადგინა ელექტრონულად განცხადება განხილვის გადადების თაობაზე, რაც არ იქნა გათვალისწინებული და აღნიშნული არ გამოცხადება მიჩნეული იქნა არასაპატიოდ, რაც არ არის სწორი.
ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მომჩივანს უფლება აქვს მიიღოს წარმოებაში არსებული ყველა დოკუმენტი. შესაბამისად, მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში აღნიშნული წერილის გადაცემას, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი ადასტურებს ყველა საბუღალტრო და საგადასახადო დოკუმენტაციის ამოღების ფაქტს, ხოლო წერილში მითითებული გარემოება ეწინააღმდეგება აღნიშნულს.
საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა სარემონტო მომსახურება. ძირითადად სამუშაოებს ახორციელებდა გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის საფუძველზე.
შემოწმება მიმდინარეობდა თითქმის 10 თვე.
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დირექტორის უფლებამოსილებას ახორციელებდა სამი პირი:
1. 2013-2019 წლებში - "--------" ; 2. 2019-2020 წელს - "------- " ; 3. 2020 წლის მაისიდან დღემდე - "-------" .
შემმოწმებლის მხრიდან შეხვედრა განხორციელდა ყოფილ დირექტორთან - "--------"-თან , რომელიც არ დაეთანხმა შემმოწმებლის პოზიციას.
შემმოწმებლის მიერ აღნიშნულია, რომ თითქოს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი, რაც არასწორია, რადგან არაერთი წერილობითი მიმართვის შესაბამისად შემმოწმებელს წარედგინა დოკუმენტაცია: ერთ „ფლეშკაზე“ ჩაწერილი ინფორმაცია; საქართველოს ბანკში გახსნილი ანგარიშიდან ნაერთი ამონაწერი; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 19 მაისის განჩინება (საქმე №11ა/7226); სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს 22.05.2020 წლის წერილი.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის მხრიდან შემმოწმებელს განემარტა, რომ აღნიშნულ პერიოდზე გამოძიებას აწარმოებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო, საბუღალტრო და სხვა პირველადი დოკუმენტები იყო ამოღებული და ედო გრიფით საიდუმლო. შესაბამისად, დაყენებული იქნა საკითხი შემოწმების მიმდინარეობის შეჩერების თაობაზე, გამოძიების დასრულებამდე.
შემმოწმებელმა მოითხოვა ზოგიერთი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლებიც კომპანიას არ გააჩნდა იმის გამო, რომ სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურს ჰქონდა ამოღებული ყველა ფინანსური დოკუმენტი.
ამასთან, რიგი დოკუმენტები საწარმოსთვის უნდა წარედგინა ქვეკონტრაქტორს შპს „------ -ს “. ეს ის კომპანიაა, ვის მიმართაც საწარმოს ამჟამინდელ დირექტორს და ყოფილ დირექტორს - "------"- ს შეტანილი ჰქონდათ განცხადება სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურში და დაწყებული იყო გამოძიება.
შემმოწმებელთან არაერთი კომუნიკაციის შემდეგ, მას გადაეცა ამ კომპანიის საკონტაქტო მისამართი და ტელეფონი, მაგრამ როგორც ცნობილი გახდა ვერ დაუკავშირდნენ, რა დროსაც შესთავაზეს მათთან დაკავშირების შესაძლებლობა, მაგრამ აღნიშნულზე შემმოწმებელმა უთხრათ, რომ ხელმძღვანელობასთან შეათანხმებდა, მაგრამ შემდგომ კომუნიკაცია აღარ შემდგარა.
რაც შეეხება "-------" და "-------" მუნიციპალიტეტებს, სატენდერო საიტებზე ატვირთული აქვთ შპს „----- - ზე “ გადარიცხული თანხები, მაგრამ ამ თანხებიდან გარკვეული ნაწილი ჩარიცხული აქვთ თავის სპეცანგარიშებზე და მომჩივანს ეთვლება მიღებულად. აღნიშნული კანონდარღვევაა და შესაბამისად, კომპანიის უფლებების დასაცავად მიმართეს სასამართლოს სარჩელებით, რომლებიც წარმოებაშია მიღებული და ჯერ სხდომები არ ჩანიშნულა (სარჩელები გადაგზავნილია შემმოწმებელთან/აუდიტთან). ასევე, არ დამთავრებულა გამოძიება სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურში გადასახადის გადამხდელის ინიციატივით აღძრულ საქმეზე.
ასევე, სადაზღვევო კომპანიებისთვის გადახდილია ის თანხები, რომლებიც მათ გადაუხადეს მუნიციპალიტეტებს ზარალის ასანაზღაურებლად. აღნიშნულიც ხარჯის ნაწილია, მაგრამ ჯერ სასამართლო განხილვები არ დაწყებულა.
შემოწმებამ ვერ უზრუნველყო საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა. შესაბამისად, შემოწმება დაეყრდნო გადასახადის გადამხდელის მხრიდან ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების ვერ წარდგენის ფაქტს, რომელიც შეუძლებელი იყო და აღემატებოდა მომჩივნის შესაძლებლობებს. ამიტომ თვით ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მოეთხოვა და უზრუნველეყო ზაკ-ის შესაბამისად სამართლებრივი დახმარება სხვა სახელმწიფო უწყებისგან, რაც არ განახორციელა. შემმოწმებელი დაეყრდნო ბანკებში თანხების მოძრაობას და სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობას, აღნიშნული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა საგადასახადო ვალდებულება, რის საფუძველზეც დაერიცხა დამატებით გადასახადები.
გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უშუალო გავლენას ახდენს გადამხდელის კანონიერ ინტერესებზე.
სადავო აქტები საკმარისად არ არის დასაბუთებული. მართალია რიგ შემთხვევებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობს, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილება არ უნდა იქცეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ საზომად.
სადავო აქტები საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას. ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა გაერკვია გარემოებები. გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი მდგომარეობა გაუარესდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემით.
მომჩივანი მიუთითებს სზაკ-ის 53-ე, 96-ე, 97-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას არ იქნა დაცული აღნიშნული მუხლების მოთხოვნები, რომლის იგნორირებით გამოცემულ იქნა სადავო ადმინისტრაციული აქტები, რაც ამავე კოდექსის 601 მუხლის თანახმად ექვემდებარება გაუქმებას.
გადასახადის გადამხდელი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 41-ე, 64-ე, 298-ე, 49-ე, 61-ე, მე-100, 105-ე, 269-ე, 73-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ შემოწმებისას აუდიტორებმა გამოიყენეს არაპირდაპირი მეთოდით შემოწმების უფლებამოსილება. სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული უფლებამოსილება წარმოადგენს დისკრეციულ უფლებამოსილებას და გამოყენებულ უნდა იქნეს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე.
აუდიტის დეპარტამენტის მიდგომით მიღებული შედეგები არ არის ობიექტური და რელევანტური. შესაბამისად, საქმეზე მიღებული იქნა არასწორი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული აქტები კანონშეუსაბამოა და ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების აქტის მიხედვით, შპს „------- - ზე “ გადახდილი თანხები განხილულ იქნა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, გაანგარიშდა მიღებული შემოსავალი და ამ შემოსავლის მისაღებად გაწეული ხარჯი. სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე განხორციელებულ განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის ასლი. ასევე, ინფორმაცია საწარმოსთან დაკავშირებით. პასუხად მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. გამოძიების ფარგლებში კომპანიიდან ამოღებულია "------" ელექტრონული ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტები, რომლებიც ხელმისაწვდომია შემოსავლების სამსახურისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ბაზებში, ხოლო სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაცია საწარმოდან ამოღებული არ ყოფილა. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია უსაფუძვლოა.
მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო დავის განხილვის პროცესში, თუმცა საწარმოს წარმომადგენელი არ დაესწრო საბჭოს სხდომას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. ტენდერის ფარგლებში გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
შემოწმების პროცესში გაირკვა, რომ საწარმოს არ აქვს დეკლარირებული ტენდერში მონაწილეობის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შესაბამისად შესრულებული მომსახურებებით მიღებული/მისაღები თანხები სრულად. (შესრულებული მომსახურებების თანხები ჩარიცხულია საბანკო
ანგარიშებზე. აღნიშნულ მომსახურებებზე არ არის გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები). საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 160-ე, 161-ე, 159-ე, 163-ე, 164- ე, 43-ე მუხლებზე და აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ გადამხდელს სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული ტენდერში მონაწილეობის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შესაბამისად შესრულებული მომსახურებებით მიღებული/მისაღები თანხები, რაც შემოწმებით დაექვემდებარა დაბეგვრას. ამასთან, შემოწმების შედეგები განხილულია გადასახადის გადამხდელთან და მას შემოწმების პროცესში პრეტენზია არ გამოუთქვამს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული ტენდერში მონაწილეობის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შესაბამისად შესრულებული მომსახურებებით მიღებული/მისაღები თანხები. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, მომჩივანს მართლზომიერად დაერიცხა დღგ.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შემოწმების შედეგები განხილულია გადასახადის გადამხდელთან და მას შემოწმების პროცესში აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს.
ამასთან, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები არ შეიძლება გახდეს დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადასახადის გადამხდელი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 41-ე, 64-ე, 298-ე, 49-ე, 61-ე, მე-100, 105-ე, 269-ე, 73-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ შემოწმებისას აუდიტორებმა გამოიყენეს არაპირდაპირი მეთოდით შემოწმების უფლებამოსილება. სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული უფლებამოსილება წარმოადგენს დისკრეციულ უფლებამოსილებას და გამოყენებულ უნდა იქნეს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე.
აუდიტის დეპარტამენტის მიდგომით მიღებული შედეგები არ არის ობიექტური და რელევანტური. შესაბამისად, საქმეზე მიღებული იქნა არასწორი გადაწყვეტილება.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული აქტები კანონშეუსაბამოა და ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
2.მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში
ფაქტობრივი გარემოებები
1.გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შპს-სთვის გადახდილი აქვს თანხები, რომლის შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არის წარდგენილი.საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადარიცხვები, რომლის ხარჯის დამადასტურებელი მასალები არ არის წარდგენილი, დაიბეგრა მოგების გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი პერიოდების მიხედვით საწყისი და საბოლოო ნაშთები, მათ შორის, დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩაითვალა, რომ საწყისი და საბოლოო პერიოდებისთვის დებიტორები და კრედიტორები არ ჰყავს (ნაშთი არის ნულის ტოლი). გაანგარიშდა მიღებული შემოსავალი და ამ შემოსავლის მისაღებად გაწეული ხარჯი. სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივანს ასევე დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
2.შემოწმების პროცესში გაირკვა, რომ საწარმოს არ აქვს დეკლარირებული ტენდერში მონაწილეობის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შესაბამისად შესრულებული მომსახურებებით მიღებული/მისაღები თანხები სრულად.
მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),97,982101,105,154