გადაწყვეტილება №18001/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18001/2/2022
22.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ ---------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 22.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „---------------“ 13.10.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18001/2/2022).
დავის საგანი:
1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების კორექტირება (შემცირება);
2. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2022 წლის №261-13 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.09.2022 წლის №25134 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 328 904 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 169 972
დღგ - 88 853
საშემოსავლო გადასახადი - 78 260
ქონების გადასახადი - 2 859
ჯარიმა - 88 069
საურავი - 70 863
პროცედურული გარემოებები
გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო/სარემონტო მასალებით ვაჭრობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 15.07.2022 წლის №18763 ბრძანება და №261-13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.09.2022 წლის №25134 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მიჩნეულ იქნა მართებულად, მაგრამ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოეხდინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 30.09.2022 წლის №25134 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების კორექტირება (შემცირება)
ფაქტების აღწერა
შემოწმებით დადგინდა, რომ მეწარმეს შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გათვალისწინებული აქვს სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოუყენებელ, შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა. ასევე, დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში ვლინდება სხვაობა, შემოწმებისას გათვალისწინებულ იქნა საწვავის შეძენის დროს გადახდილი დღგ-ის ჩასათვლელი თანხები, რომელიც გადამხდელს ნაწილობრივ ჰქონდა ჩათვლილი. შემოწმებისას, საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის გათვალისწინებით, 2021 წლის მაისის თვის დღგ-ის ჩასათვლელი თანხებიდან ამოღებულ იქნა 2018 წელს შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა 2 444.6 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ მეწარმეს ძირითადი საშუალების მშენებლობაზე გაწეული დანახარჯები დაბეგრილი აქვს დღგ-ით, კერძოდ: ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომლებიც შეძენილი აქვს 2020 და 2021 წლებში და გამოყენებულია ძირითადი საშუალების მშენებლობისთვის, გადამხდელს დაბეგრილი აქვს იმ საანგარიშო პერიოდში, როდესაც მოხდა შეძენილი საქონლის გამოყენება. ამასთან, გადამხდელს არ ჰქონდა ჩათვლილი კუთვნილი დღგ. შესაბამისად, შემოწმებისას გათვალისწინდა დანახარჯების შესაბამისი დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით და განმარტავს, რომ დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ჩასათვლელი დღგ-ის თანხები, რომელიც გაუქმებულია 2021 წლის მაისის დეკლარაციაში თანხით - 2 444,6 ლარი, ნამდვილად არის გამოწერილი 2018 წლის მაისის თვეში, მაგრამ მეწარმის მიერ ასახულია ჩათვლებში 2021 წლის მაისის დეკლარაციაში, ასე, რომ 3 წელი არ არის გასული და შესაბამისად, მოითხოვს აღდგენილი იქნას ჩასათვლელ თანხებში და აღნიშნული მიზეზით გაუქმდეს დამატებით დარიცხული გადასახადის თანხები. საკუთარ მიწაზე აშენებული აქვს მაღაზია - ძირითადი საშუალება, რომელიც გამოყენებულია დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში, აშენებაზე გაწეული ხარჯები დაბეგრილი აქვს დღგ-ით, შესაბამისად დასაბეგრ ბრუნვაში ნაჩვენები თანხაც ასახული აქვს დღგ-ის ჩათვლებში, ხოლო აუდიტის დეპარტამენტი, რატომღაც აუქმებს ჩასათვლელ დღგ-ის თანხას და მიუთითებს საგადასახადო კოდექსის იმ მუხლებს. რომლის თანახმადაც მეწარმეს სწორად აქვს განსაზღვრული, როგორც დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა ისე ჩასათვლელი დღგ. აქედან გამომდინარე, აღდგენილი უნდა იქნას უსაფუძვლოდ გაუქმებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხები და გაუქმდეს დამატებით დარიცხული დღგ.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით).
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოწმებისას დადგენილია შემდეგი გარემოებები:
1. საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის გათვალისწინებით, 2021 წლის მაისის თვის დღგ-ის ჩასათვლელი თანხებიდან ამოღებულ იქნა 2018 წელს შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა 2 444.6 ლარის ოდენობით;
2. მეწარმეს ძირითადი საშუალების მშენებლობაზე გაწეული დანახარჯები დაბეგრილი აქვს დღგ-ით, კერძოდ: ის სასაქონლო - მატერიალური ფასეულობები, რომლებიც შეძენილი აქვს 2020 და 2021 წლებში და გამოყენებულია ძირითადი საშუალების მშენებლობისთვის, გადამხდელს დაბეგრილი აქვს იმ საანგარიშო პერიოდში, როდესაც მოხდა შეძენილი საქონლის გამოყენება. ამასთან, გადამხდელს არ ჰქონდა ჩათვლილი კუთვნილი დღგ-ის ჩათვლა. შესაბამისად, შემოწმებისას გათვალისწინებულ იქნა დანახარჯების შესაბამისი დღგ-ის ჩასათვლელი თანხები. საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სასაქონლო - მატერიალური ფასეულობები, რომლებიც შეძენილი ჰქონდა მომჩივანს 2020 და 2021 წლებში და გამოყენებულია ძირითადი საშუალების მშენებლობისთვის, სრულად მოხდა მათი დღგ-ის ჩათვლებში გათვალისწინება და მისთვის გაუგებარია თუ რაზე აპელირებს მომჩივანი ამ ეპიზოდზე.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ 2018 წელს შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის (2 444.6 ლარის) 2021 წლის მაისის თვის დღგ-ის ჩასათვლელი თანხებიდან ამოღების კანონიერების საკითხი არ არის დასაბუთებული და საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს აღნიშნული საკითხის საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობის შესწავლა, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების წარმოშობისას დღგ-ის ჩათვლის შესაბამისი კორექტირება (აღდგენა). ამასთან, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ საკითხის შესწავლის შედეგად, დღგ-ის ჩათვლის საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს ამ ნაწილში დღგ-ში დაკისრებული ჯარიმისაგან.
2. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატი
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მეწარმე სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს საკუთრებაში არსებულ ფართში. გადამხდელი არ აწარმოებს ეკონომიკური საქმიანობის ბუღალტრულ აღრიცხვას. მეწარმე საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით, აფიქსირებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზაციის დაბალ ფასნამატს, კერძოდ: 2019 წელს დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 6.34%-ს; 2020 წელს 9.1%-ს, რაც ისეთი ეკონომიკური საქმიანობისთვის, როგორიცაა სამშენებლო/სარემონტო მასალებით ვაჭრობა, მნიშვნელოვნად დაბალია. მეწარმე სასაქონლო-მატერიალური-ფასეულობების რეალიზაციას ახორციელებს საკონტროლო-სალარო აპარატით, საბანკო ანგარიშებით და სასაქონლო ზედნადებებით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით შედგა საქონლის მოძრაობის ცხრილი შემოწმების მთელ პერიოდზე. საქონელი დაჯგუფდა 27 კატეგორიად, საწყისი და საბოლოო ნაშთების პერიოდების მიხედვით, დადგენისთვის შემოწმება დაეყრდნო გადამხდელის მიერ წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებს, ხოლო რეალიზებული (პირველადი დოკუმენტების გარეშე) მატერიალური ფასეულობების ფასნამატად გამოყენებულ იქნა თავად მეწარმის მიერ დაფიქსირებული დოკუმენტური ფასნამატი. შემოწმებით ფასნამატი დადგინდა შემდეგი წესით: თითოეული საქონლის ჯგუფში არსებულ ერთ კონკრეტულ შეძენილ საქონელს შეუდარდა იმავე პერიოდში არსებული რეალიზებული დოკუმენტური საქონლის ფასი, რა დროსაც გამოვლინდა ფასნამატი, ხოლო გამოვლენილი ფასნამატი გავრცელდა მთლიან ჯგუფზე წლის ჭრილში და იმ საქონელზე, რომელიც არის დოკუმენტების გარეშე რეალიზებული.
ზემოაღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის ცხრილის მიხედვით გამოვლინდა შემოსავლის ზრდა, გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით, კერძოდ დღგ-ის ნაწილში 2019 წელს გაზრდილი შემოსავალი შეადგენს 280 260 ლარს, 2020 წელს 212 819 ლარის, 2021 წელს 158 267 ლარს, 2022 წლის იანვრის თვეში 491 ლარს. შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი შემოსავალები გადანაწილდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემების პროპორციულად. 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის (1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის) გათვალისწინებით, მეწარმეს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, დაეკისრა ჯარიმა. ასევე, გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. კერძოდ: 2019 წელს გაზრდილი შემოსავალი შეადგენს 280 260 ლარს, ხოლო 2020 წელს 145 685 ლარს. შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი შემოსავალი აისახა მეწარმის ერთობლივ შემოსავალში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია, მაგრამ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება ფასნამატის გაანგარიშების მეთოდს, მისი გაანგარიშებით 2019 წელს მეწარმეს შეძენილი აქვს საქონელი მთლიანი ღირებულებით 1 327 675,0 ლარი, აქედან შეძენილია ცემენტი Cemi II A-P 42.5; რაოდენობით 806,86 ტონა, ღირებულებით დღგ-ის გარეშე -147 472.29 ლარი, ერთი ტონის შეძენის ღირებულება 182,77 ლარი, ხოლო ერთი ტონის რეალიზაცია განხორცილდა - 194,91 ლარად, ფასნამატი შეადგენს 6,7%, ხოლო თუ ავიღებთ რეალიზაციაში მის ხვედრით წილს ის შეადგენს 10%-ს. მეორე საქონელი იგივე ცემენტი სხვა ხარისხის Cem II 42.5 რაოდენობრივად შეძენილია 1011,88 ტონა მთლიანი ღირებულებით 169 317,8 ლარი, ერთი ტონის შეძენის ფასია - 167,49 ლარი, აღნიშნული ცემენტი ერთი ტონა რეალიზებულია - 190,0 ლარად ფასნამატი - 13,1% რეალიზაციაში ხვედრითი წილი - 15%. ე.ი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ დალაგებული საქონელი 27 სახეობად არ მიაჩნია, სწორად არამედ უნდა მოხდეს სტრუქტურული დალაგება შეძენილი საქონლის რაოდენობის და ფასის მიხედვით და რეალიზაციაც უნდა დალაგდეს ხვედრითი წილის მიხედვით, თუ რომელი საქონლის რეალიზაცია ყველაზე მეტი და რა ფასნამატით, როდესაც შეძენილი საქონელში თვითღირებულების მიხედვით ხვედრითი წილი ცემენტს აქვს 15% შესაბამისად არაიდენტიფიცირებულ რეალიზაციაში მისი ხვედრითი წილი იქნება 15%, ხოლო ფასნამატი თუ არის 6-7% მაშინ არაიდენტიფიცირებულ რეალიზაციის 15%-ზე არ გავრცელდეს არაპირდაპირი მეთოდი, ანალოგიურად უნდა მოხდეს ყველა იმ საქონელზე რომლის ფასნამატი არის დეკლარირებულის ტოლი, ხოლო თუ ფასნამატი არის 15%, ე.ი. დეკლარირებულზე მეტი, მაგრამ მნიშვნელოვნად ნაკლებია შემოწმებით დადგენილ ფასნამტის მაჩვენებელზე, მაშინაც ხვედრითი წილის მიხედვით გავრცელდეს ის ფასნამატი არაიდენტიფიცირებულ რეალიზაციაზე. ანალოგიურად მოხდეს გაანგარიშება 2020 და 2021 წლის საანგარიშო პერიოდებზე და არაიდენტიფიცირებულ რეალიზაციის თანხაში ამოღებული იქნას იმ საქონლის რეალიზაციის თანხა, ხვედრითი წილის შესაბამისად, რომელ საქონელზეც არის დაბალი ფასანამატი და ემთხვევა დეკლარირებულ ფასნამატს, ხოლო დანარჩენ არაიდენტიფიცირებულ რეალიზაციის თანხაზე გავრცელდეს აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილი ფასნამატი, აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული რეალიზაცია წარმოადგენს უფრო ობიექტურ მიდგომას და მიახლოებულია რეალობასთან, მით უმეტეს, რომ მეწარმეს არ აქვს საგადასახადო სამართალდარღვევები საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობასთან ან ფასების შემცირებით ჩეკის ამორტყმასთან, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ შემოსავლების აღრიცხვა ხდებოდა კეთილსინდისიერად.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი მოთხოვნაა ფასნამატის გაანგარიშება მოხდეს მეწარმის წარმომადგენელთან ერთად და გადაანგარიშდეს დამატებით დარიცხული დღგ და საშემოსავლო გადასახადი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
შემოსავლების სამსახურის 30.09.2022 წლის №25134 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოეხდინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 30.09.2022 წლის №25134 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 30.09.2022 წლის №25134 ბრძანება;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს:
ა) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, პირველი დავის საგნის ნაწილში უზრუნველყოს სადავო (დღგ-ის ჩათვლის) საკითხის საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობის დამატებით შესწავლა;
ბ) შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე დღგ-ში (ჩათვლის შემცირების შედეგად) დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. მომჩივანი ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, დღგის ჩათვლის საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს ამ ნაწილში დღგ-ში დაკისრებული ჯარიმისაგან;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.