გადაწყვეტილება №22139/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.06.2024
№ დოკუმენტი 22139/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22139/2/2024

27 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 2.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22139/2/2024).

 

დავის საგანი:

1. შპს „----------“-ისთვის გაწეული მომსახურების ღირებულების მიღებულად განხილვა და დღგით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

2. ი/მ ---------- შეძენილ მომსახურებაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის შემცირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2023 წლის №085-22 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 26.01.2024 წლის №1254 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 190 478 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 103 367

დღგ - 48 815

მოგების გადასახადი - 1 632

საშემოსავლო გადასახადი - 52 920

ჯარიმა - 51 684

საურავი - 35 427

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, ასევე, ტექნიკის გაქირავება. შემოსავლის ძირითადი ნაწილი მიღებულია ტენდერების გზით, ასევე, სამუშაოებს ასრულებდა, როგორც ქვეკონტრაქტორი.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე, გამოიცა 29.11.2023 წლის №29559 ბრძანება და №085-22 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.01.2024 წლის №1254 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. შპს „----------“-ისთვის გაწეული მომსახურების ღირებულების მიღებულად განხილვა და დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

შპს „----------“-თან 2021 წლის პირველ მარტს დადებული ხელშეკრულების თანახმად, მომჩივანს უნდა გაეწია ---------- კანალიზაციის დაერთების მომსახურება (ტექნიკით და მუშახელით უნდა ამოითხაროს საკანალიზაციო მილებისთვის განკუთვნილი არხები, საერთო სიგრძით 3 კმ და მილების ჩაწყობის შემდეგ ამოივსოს ამოღებული მიწით, დაიტკეპნოს ვიბრო სატკეპნით და გასწორდეს). მომსახურების ღირებულება შეადგენდა 98 700 ლარს და მისი დასრულების ვადაა 2021 წლის 1 ივნისი. აღნიშნული მომსახურება მომჩივანმა თავის მხრივ დაუკვეთა ი/მ ----------, რომელიც ამავდროულად არის დირექტორის მინდობილი პირი და ღირებულებად განისაზღვრა 94 780 ლარი. მომსახურებაზე გამოწერილია ანგარიშ-ფაქტურა და ჩათვლილია შპს „----------“ მიერ. აღნიშნული ოპერაციები არ არის გატარებული საბუღალტრო პროგრამაში. ამასთან, შპს „----------“-თან დაკავშირება ვერ ხერხდება. დირექტორის მინდობილი პირის, ---------- განცხადებით, მომსახურება შეასრულა, თუმცა კონტრაქტორს თანხა არ გადაუხდია. არ არსებობს შპს „----------“ მიერ თანხის მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოწმების შედეგად, მომსახურება ჩაითვალა შესრულებულად, ხოლო თანხა მიღებულად. კომპანიას დაერიცხა დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა ამ ნაწილში შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მრავალგზის მცდელობის მიუხედავად შპს „----------“-თან (ს/კ ----------) დაკავშირება ვერ მოხერხდა, კომპანიის დირექტორი არ იმყოფება საქართველოში.

მის მიერ შემოწმების მიმდინარეობის დროსაც რამდენჯერმე სცადა კომპანიის წარმომადგენლებთან კონტაქტზე გასვლა, ---------- მის მიერ, მესამე პირების მეშვეობით შპს „----------“-ის დირექტორთან გაგზავნილი იქნა შედარების აქტი, რითაც შპს „----------“-მა უნდა დაადასტუროს, რომ შპს „----------“-ს მიმართ გააჩნია დავალიანება 98 700 ლარის ოდენობით. საგადასახადო შემოწმების აქტში უნდა მიეთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადასახადის გადამხდელისთვის ვალდებულების განსაზღვრისას, მაშინ როცა არ არსებობს თანხის მიღების არანაირი დოკუმენტი, ვერც კომპანიის წარმომადგენლებთან ხდება დაკავშირება, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ შპს „----------“-ს ანაზღაურებული აქვს 1.03.2021 წლის ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების ღირებულება, აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნული თანხის მიღებულად ჩათვლა და დაბეგვრა არ მიაჩნია მართლზომიერად.

ითხოვს, კომპეტენციის ფარგლებში მოხდეს შპს „----------“-ის წარმომადგენლებთან დაკავშირება, რომ მოხდეს მათი მხრიდან შპს „----------“-ს მიმართ არსებული დავალიანების დადასტურება. არ ეთანხმება, 98 700 ლარის თანხის მიღებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმებით დადგინდა, რომ მომჩივანმა შპს „----------“-თან 2021 წლის პირველ მარტს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ქვეკონტრაქტორის ი/მ ---------- მეშვეობით, რომელიც ამავდროულად არის დირექტორის მინდობილი პირი, შეასრულა სამუშაო, რომლის ღირებულება შეადგენდა 98 700 ლარს. მომსახურებაზე გამოწერილია ანგარიშ-ფაქტურა და ჩათვლილია შპს „----------“ მიერ. აღნიშნული ოპერაციები არ არის გატარებული საბუღალტრო პროგრამაში. დირექტორის მინდობილი პირის, ---------- განცხადებით, მომსახურება შეასრულა, თუმცა კონტრაქტორს თანხა არ გადაუხდია. არ არსებობს შპს „----------“ მიერ თანხის მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოწმების შედეგად, მომსახურება ჩაითვალა შესრულებულად, ხოლო თანხა მიღებულად.

მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც შემოწმებით დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შპს „----------“-ისთვის გაწეული მომსახურების ღირებულების მიღებულად განხილვა, დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. ი/მ ---------- შეძენილ მომსახურებაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის შემცირება

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტში მითითებულია, რომ ი/მ ---------- არ გააჩნია საკუთარი ტექნიკა, არ აქვს გაცემული ხელფასები მუშახელზე, დაადეკლარირა და არ გადაიხადა შესაბამისი გადასახადი. ამასთან წარმოადგენს კომპანიის ურთიერთდამოკიდებულ პირს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, მიჩნეული იქნა, რომ კომპანიიდან ფულის დაუბეგრავად გატანის მიზნით განხორციელდა ფაქტურის გამოწერა ი/მ ---------- მიერ შპს „----------“. შემოწმების შედეგად ჩათვლილი თანხა დაექვემდებარა გაუქმებას. დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა ამ ნაწილში შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ი/მ „----------“ (პ/ნ ----------) მეწარმედ რეგისტრირებულია 2011 წლიდან და მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი, შემმოწმებლის მიერ აქტში მოყვანილი არგუმენტი, რომ ი/მ „----------“-ს არ უფიქსირდება გაცემული ხელფასი მუშახელზე, არ გააჩნია საკუთარი ტექნიკა. საგადასახადო კოდექსის 94-ე მუხლის მიხედვით დაქირავებული პირების თვის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამურად გადახდილი 6 000 ლარამდე ხელფასი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) იგი ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა და მას მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა იმავე კალენდარული წლის განმავლობაში; ბ) მის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი 50 000 ლარს არ აჭარბებს.

2020 წელს ი/მ ---------- მიერ, მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აჭარბებს 50 000 ლარს, მას ჰყავდა მხოლო 2 დაქირავებული პირი, ხოლო გაცემული ხელფასი ჯამურად არ აღემატებოდა 6000 ლარს. შესაბამისად არ ქონდა ვალდებულება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების, 1.03.2021 წლის ხელშეკრულებით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაო, შესაძლებელი იყო განეხორციელებინა ჯამში სამ ადამიანს ---------- და მის ორ დაქირავებულ პირს, ხოლო ვიბრო ტრაქტორი, რითაც უნდა მომხდარიყო მიწის გასწორება მეწარმეს ჰქონდა ნაქირავები, ფაქტობრივი გარემოებები რითაც შემმოწმებელი ხსნის, ფაქტს, რომ ი/მ ---------- შესაბამის მომსახურებას ვერ გაწევდა არ შეესაბამება სინამდვილეს, აღნიშნული მომსახურების განხორციელება სამი ადამიანისთვის არ წარმოადგენს რაიმე სახის სირთულეს. აქვე, საყურადღებოა ის გარემოება, რომ ი/მ ---------- 2021 წლის მაისის თვეში დეკლარირებული (ნაღიარები) აქვს, 94 780 ლარი, როგორც დღგ-ის ნაწილში ასევე საშემოსავლო გადასახადით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შპს „----------“-ისთვის ი/მ ---------- მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ჩათვლილი თანხის შემცირებას არ ეთანხმება და ითხოვს დავების განხილვის საბჭომ, კიდევ ერთხელ შეისწავლოს საჩივარში დასმული საკითხები და მოახდინოს დარიცხული თანხების კორექტირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

შემოწმებისას დადგენილია, რომ ი/მ ---------- არ გააჩნდა საკუთარი ტექნიკა, არ ჰქონდა გაცემული ხელფასები მუშახელზე, დაადეკლარირა და არ გადაიხადა შესაბამისი გადასახადი. ამასთან წარმოადგენს კომპანიის ურთიერთდამოკიდებულ პირს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, მიჩნეული იქნა, რომ კომპანიიდან ფულის დაუბეგრავად გატანის მიზნით განხორციელდა ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა ი/მ ---------- მიერ შპს „----------“. შემოწმების შედეგად დღგ-ში ჩათვლილი თანხა დაექვემდებარა გაუქმებას.

მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ი/მ ---------- შეძენილ მომსახურებაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის შემცირება მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.კომპანიისთვის გაწეული მომსახურების ღირებულების მიღებულად განხილვა და დღგით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

2. ფ/პ-სგან შეძენილ მომსახურებაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის შემცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. მომჩივანმა კომპანიასთან 2021 წლის პირველ მარტს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ქვეკონტრაქტორის ფ/პ-ის მეშვეობით, რომელიც ამავდროულად არის დირექტორის მინდობილი პირი, შეასრულა სამუშაო, რომლის ღირებულება შეადგენდა 98 700 ლარს. მომსახურებაზე გამოწერილია ანგარიშ-ფაქტურა და ჩათვლილია მომჩივანის მიერ. აღნიშნული ოპერაციები არ არის გატარებული საბუღალტრო პროგრამაში. დირექტორის მინდობილი პირის, ფ/პ-ის განცხადებით, მომსახურება შეასრულა, თუმცა კონტრაქტორს თანხა არ გადაუხდია. არ არსებობს მომჩივანის მიერ თანხის მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოწმების შედეგად, მომსახურება ჩაითვალა შესრულებულად, ხოლო თანხა მიღებულად. მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც შემოწმებით დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

2. ფ/პ-ის არ გააჩნდა საკუთარი ტექნიკა, არ ჰქონდა გაცემული ხელფასები მუშახელზე, დაადეკლარირა და არ გადაიხადა შესაბამისი გადასახადი. ამასთან წარმოადგენს კომპანიის ურთიერთდამოკიდებულ პირს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, მიჩნეული იქნა, რომ კომპანიიდან ფულის დაუბეგრავად გატანის მიზნით განხორციელდა ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა ფ/პ-ის მიერ მომჩივანზე. შემოწმების შედეგად დღგ-ში ჩათვლილი თანხა დაექვემდებარა გაუქმებას.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159; 175; 176; 275.