გადაწყვეტილება №21393/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 21393/2/2023
15 დეკემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: სს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს ------------ 22.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21393/2/2023).
დავის საგანი:
საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, ჩადენილი განმეორებით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 13.09.2023 წლის №EL223488 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 20.09.2023 წლის №EL224442 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
3. შემოსავლების სამსახურის 1.11.2023 წლის №27007 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 000 ლარი.
მათ შორის:
ჯარიმა - 1 000
ჯარიმა - 1 000
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
13.09.2023 წელს --------- სადგურში შევიდა სს „----------“ შემადგენლობით ტრანზიტულად მოძრავი №-------- ვაგონი, რომლითაც გადაადგილდებოდა №---------- რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი. სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, სარკინიგზო სადგურში გამოცხადდა ქუთაისის გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი თანამშრომელი, რომლის მიერ განხორციელებული შემოწმებით, აღმოჩნდა, რომ ზემოაღნიშნულ ვაგონზე ახსნილი იყო თანმხლებ დოკუმენტებში მითითებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება.
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა №---------- ვაგონში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც საქონლის რაოდენობა შეესაბამებოდა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებულ რაოდენობას. ვინაიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნას/მოცილებას, ამასთან ერთად, სარკინიგზო შემადგენლობის გადაადგილებაზე პასუხისმგებელ პირი – სს „------------“ ანალოგიური ქმედების ჩადენისთვის არაერთგზისაა დაჯარიმებული 2023 წელს, გამოვლენილ ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ 13.09.2023 წელს შედგენილია №EL223488 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
20.09.2023 წელს შპს „----------“ საბაჟო საწყობში გამოცხადდა №--------- კონტეინერი (ვაგონი №----------), რომელშიც განთავსებული იყო რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით (18.09.2023წ. №-----------) ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირებული საქონელი - 12 042 კგ. ------. სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, საბაჟო საწყობში გამოცხადდა გეზ „--------“ უფლებამოსილი თანამშრომელი, რომლის მიერ განხორციელებული შემოწმებით, აღმოჩნდა, რომ ზემოაღნიშნულ კონტეინერზე ახსნილი იყო თანმხლებ დოკუმენტებში მითითებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება.
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა №--------- კონტეინერში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც საქონლის რაოდენობა შეესაბამებოდა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებულ რაოდენობას. ვინაიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნას/მოცილებას, ამასთან ერთად, სარკინიგზო შემადგენლობის გადაადგილებაზე პასუხისმგებელ პირი – სს „---------“ ანალოგიური ქმედების ჩადენისთვის არაერთგზისაა დაჯარიმებული 2023 წელს, გამოვლენილ ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ 20.09.2023 წელს შედგენილია №EL224442 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ოქმები 9.10.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 1.11.2023 წლის №27007 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილია, რომ მომჩივანი არის საქონლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი, შესაბამისად სწორედ მას ავალდებულებს კანონმდებელი საბაჟო კონტროლის ზონაში დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარადგინოს საქონელი იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად, უზრუნველყოს ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში შეუღწევადობა, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სს „----------“ ანალოგიური ქმედების ჩადენისთვის არაერთგზისაა დაჯარიმებული და იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში, ადგილი აქვს საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ფაქტს.
მომჩივნის არგუმენტზე საგულისხმოა ის გარემოება, რომ „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ (---------)“ შეთანხმება აწესებს პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლით და პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლით ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების ერთიან სამართლებრივ ნორმებს. აღნიშნული შეთანხმება არ წარმოადგენს სარკინიგზო ტრანსპორტის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირის საბაჟო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებისგან თავის არიდების საშუალებას. ამასთან, ამავე შეთანხმების 23-ე მუხლის პირველი პარაგრაფის თანახმად, გადამზიდავს უფლება აქვს შეამოწმოს, დაცულია თუ არა გამგზავნის მიერ გადაზიდვის პირობები და შეესაბამება თუ არა გზავნილი გამგზავნის მიერ ზედნადებში მითითებულ მონაცემებს. მე-20 მუხლის პირველი პარაგრაფის მიხედვით კი, დასაპლომბად გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი პლომბები, რომელთა მოხსნაც შეუძლებელია მათი დაზიანების გარეშე. პლომბები დადებული უნდა იქნეს ისე, რომ გამოირიცხოს ტვირთთან ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა მათი დაზიანების გარეშე.
სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის მოთხოვნაზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ მომჩივანის მიმართ გამოცემული სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
--------- სადგურის უფროსის 15.09.2023 წლის №------- და --------- სადგურის უფროსის 18.09.2023 წლის №--------- წერილების მიხედვით, სამართალდარღვევის ოქმში მითითებული №--------- ვაგონი (ტვირთი ---------) დაიტვირთა და გაფორმდა (ზედნადები -----------) --------- მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, ტვირთგამგზავნ „----------“ მიერ სადგურ -------- -----------) დანიშნულებით. ვაგონი დაცვის თანხლებით გაიგზავნა სადგურიდან, ტვირთგამგზავნის და საბაჟოს საღი დამღებით, 13 სექტემბერს 5 სთ 50 წთ-ზე, მატარებელი №3341.
სადგურ ---------- მატარებელი №-------- შევიდა 13 სექტემბერს 9 სთ 06 წთ-ზე. სადგურის კომერციული დათვალიერების პუნქტის თანამშრომლების მიერ, მატარებლის კომერციული შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ №--------- ვაგონის პირველ ჩამოსაცლელ პუნქტზე შეწყვეტილი იყო გამომგზავნის დამღა ---------, მავთულხვია სტანდარტული. შედგა საერთო ფორმის აქტი №----------. საბაჟო ორგანოს მიერ გაფორმდა აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი. ვაგონს დაედო ------------ და საბაჟოს --------- დამღები. 13 სექტემბერს 17 სთ 20 წთ-ზე ვაგონი გაიგზავნა დანიშნულებით. ვაგონი ჩაბარდა -------- 15 სექტემბერს 4 სთ 30 წთ-ზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ---------- საქონლის ვიზუალური დათვალიერებისას ტვირთის დანაკლისი არ გამოვლენილა და ვაგონს აცილებდა ტვირთის დაცულობასა და დამღების გამართულობის დაცვაზე პასუხიმგებელი შპს „-------------“ წარმომადგენელი.
---------- უფროსის მოადგილის 25 სექტემბრის №---------- მოხსენებითი ბარათის შესაბამისად კონტეინერი №--------- დაიტვირთა №--------- ვაგონზე 18 სექტემბერს „-----------“ საბაჟო ტერმინალზე კომერციულად გამართულ მდგომარეობაში, გადასაზიდ საბუთებში მითითებული საღი დამღით ---------. ვაგონი ჩაბარდა შპს „-----------“ თანამშრომელს, რის შემდგომ ვაგონი გაფორმებულია სადგურ კარმირ-ბლურის დანიშნულებით და საკონტეინერო ბლოკ მატარებლის ფორმირების მოლოდინში იდგა სადგურ -------- „-------“ --------, შპს „----------“ თანამშრომლის დაცვის ქვეშ. 19 სექტემბერს სადგურ ------- საკონტეინერო ბლოკ მატარებლის შედგენისას, პარკის მორიგე -------- მიერ აღმოჩნდა, რომ კონტეინერის კარები იყო ღია მდგომარეობაში, რის შესახებ 112-იში ზარის განხორციელებით ეცნობა პოლიციას, ასევე შპს „------, ტვირთგამგზავნსა------------- და საბაჟო დეპარტამენტს. კონტეინერის ვიზუალურად დათვალიერების შემდგომ დალუქულ იქნა სადგურ --------- დროებითი დამღით ------------. კონტეინერის კომისიურად დათვალიერების მიზნით ვაგონი მიწოდებულ იქნა „-------------“ საბაჟო ტერმინალზე და შპს „---------------“ თანამშრომლის, ტვირთგამგზავნის, გეზი -------- მებაჟისა და რკინიგზის თანამშრომლის თანდასწრებით კონტეინერი გადაიწონა „------------“ ელექტრონულ სასწორზე. ტვირთის ბრუტო წონამ შეადგინა 14 150 კგ. გადასაზიდ საბუთებში მითითებულ (--------- 14 242 კგ.) და აღმოჩენილ წონას (14 150 კგ.) შორის სხვაობამ შეადგინა 92 კგ. ტვირთის ტენიანობისა და სასწორის 100 კგ.-მდე დასაშვები ცდომილების გათვალისწინებით ტვირთის დანაკლისი არ გამოვლინდა. ტვირთის ხარისხსა და რაოდენობაზე ტვირთგამგზავნს პრეტენზია არ წამოუყენებია. კონტეინერი დაილუქა საბაჟო დამღით №-------- და ტვირთგამგზავნის დამღით №--------. ვაგონი ჩაბარდა შპს „---------------“ თანამშრომელს და 24 სექტემბერს გამოიგზავნა სადგურიდან, ხოლო 25 სექტემბერს ჩაბარდა ---------. შედგენილია საერთო ფორმის აქტები №------- და №--------.
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 18 აპრილის №26 ბრძანებით დამტკიცებული „--------“ პირველი მუხლის თანახმად: რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესები (შემდგომ - წესები) განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე რკინიგზით ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს და პასუხიმგებლობას. ამავე წესების 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის თანახმად:
1. ვაგონებს ტვირთავს ტვირთგამგზავნი – არასაერთო და საერთო სარგებლობის ადგილებში, თუ დატვირთვა არ არის სავალდებულო რკინიგზისათვის. 2.კონტეინერებს საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში ტვირთავს ტვირთგამგზავნი. ასევე, 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ტვირთი გადასაზიდად იმდაგვარად მოამზადოს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება და ტვირთის, ვაგონების (კონტეინერების) მთლიანობა.
რკინიგზის ტვირთის გადაზიდვის წესების 22-ე თავი ეთმობა ------------- „ვაგონების და კონტეინერების დაპლომბვის წესს“, სადაც 327-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ვაგონებში (კონტეინერებში) გარეშე პირთა შეღწევის თავიდან აცილების მიზნით და გადასაზიდი ტვირთის ხელშეუხებლობისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად გამოიყენება საკეტ-საპლომბი მოწყობილობა. საკეტ-საპლომბი მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს მისი მოხსნის შეუძლებლობას მთლიანობის დაურღვევლად და ვაგონში (კონტეინერში) უნებართვო შეღწევის შესაძლებლობას. 328-ე მუხლის მე-2 პუნქტით საკეტ-საპლომბ მოწყობილობას ვაგონსა და კონტეინერზე აყენებს მისი დამტვირთავი მხარე, ამავე წესების 329-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით თუ საბაჟო შემოწმებისას ვაგონები (კონტეინერები) გაიხსნა, მასზე ახალი საკეტ-საპლომბი მოწყობილობების დაყენებას უზრუნველყოფს საბაჟო ორგანო, რის შესახებ აღინიშნება გადაზიდვის საბუთებში. საბაჟო ორგანოს მიერ ვაგონების (კონტეინერების) გახსნის შესახებ ფორმდება შესაბამის აქტი, ტვირთის გადაზიდვისას აქტების შედგენის წესის თანახმად.
სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე. ამავე კოდექსის 686-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე – მიტანის ვადის გადაცილებისათვის.
მარტოოდენ გადამზიდავის სტატუსი არ წარმოადგენს სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველს, თუ არ იკვეთება დამდგარ შედეგს და პირის ბრალეულობას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. შესაბამისად, დაუსაბუთებელია საბაჟო დეპარტამენტის მიერ გადამზიდავისათვის ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრება ისეთი ფაქტის გამო, რაც მისთვის ობიექტურად წინასწარ ვერ იქნებოდა ცნობილი და ხელმისაწვდომი. ამდენად, გაუგებარია რა სამართალდარღვევა ჩაიდინა სს ---------, რომელი საბაჟო პროცედურა დაირღვა მის მიერ ან კონკრეტულად რა ქმედება არ განახორციელა.
განსაკუთრებული შემთხვევებისა და გარემოებების გარდა სს ----------- ვაგონებისა და კონტეინერების დატვირთვას უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი. რაზედაც რკინიგზას შესაძლოა დაეკისროს პასუხისმგებლობა, ეს გახლავთ ტვირთის დაკარგვითა და დაზიანებით გამოწვეული შემთხვევები, ისიც თითოეული შემთხვევისა და ფაქტის ინდივიდუალურად განხილვისა და შეფასების პირობებში, ხოლო დამღების დაზიანებები ან მისი არასწორად დადგება კონკრეტულ შემთხვევაში არ არის სს -------- ბრალეული ან გაუფრთხილებელი მოქმედების შედეგები. შესაბამისად, არ შეიძლება კანონიერად ჩაითვალოს, საბაჟო ორგანოს მიერ სს --------- მიმართ სამართალდარღვევის დადგენა და სანქციის გამოყენება.
სამართალდარღვევის გამოვლენა და მის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება სპეციფიკურ მმართველობის საქმიანობას წარმოადგენს, სამართალდარღვევის გამოვლენა იურიდიული ფაქტის დადგენა-დაფიქსირებას ნიშნავს რაც შესაბამის იურიდიულ შედეგს იწვევს, სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებისას, ივარაუდება რომ სამართალდარღვევის გამომვლენ მოხელეს გააჩნია შესაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევები, ადეკვატურად და ობიექტურად შეაფასოს კონკრეტული ფაქტი, ქმედება. აღნიშნული რასაკვირველია არ გამორიცხავს სამართალდარღვევის გამოვლენის მიერ უზუსტობას ან არაობიექტური შეფასების კონკრეტული შემთხვევის დასაშვებობას.
საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს პასუხისმგებლობას სამართალდარღვევის განზრახ ჩადენისათვის, შესაბამისად სამართალდამრღვევი უნდა მოქმედებდეს განზრახ, ხოლო ასეთი ფაქტის მტკიცების ტვირთი ცალსახად საგადასახადო სამართალდამრღვევის გამომვლენი ორგანოს მხარეს აკისრია. ასევე, აღსანიშნია ის გარემოებაც, რომ სადავო სამართალდარღვევის ოქმისა და სხვა დოკუმენტების თანახმად, დანაკლისი არ არის დაფიქსირებული.
შემოსავლების სამსახურმა სადავო ბრძანება მიიღო საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, კერძოდ, მომჩივნის დაუსწრებლად. ამავე კოდექსის ამავე მუხლის მე-5, მე-7 და მე9 ნაწილებით რეგლამენტირებულია, რომ საჩივარი განიხილება მომჩივნის მონაწილეობით. საჩივრის ზეპირი განხილვის დროისა და ადგილის შესახებ მომჩივანს ეცნობება დავის განმხილველი ორგანოს ხელთ არსებული საშუალებით, მათ შორის, ტელეფონით, დაზღვეული ან ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით და სხვა. და რომ მომჩივანს უფლება აქვს თავისი ინტერესები დაიცვას პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. დასახელებული მუხლის მე-8 ნაწილით კი მომჩივანთან დაკავშირების შესაძლებლობის, მისი მოუძიებლობის ან საჩივრის ზეპირ განხილვაზე მომჩივნის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საჩივარი მის დაუსწრებლად განიხილება. ასეთ ფაქტს კი ადგილი არ ჰქონია.
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველ მუხლზე, ამავე კოდექსის მე2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, 96-ე მუხლზე, 601 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და განმარტავს, რომ იმისათვის რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. ამასთან, საბაჟო სანქცია არის საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომა. აღნიშნული ნორმა ცალსახად უთითებს პირის, სამართალდარღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე ან უმოქმედობაზე, და მხოლოდ ამის შემდგომ აკისრებს პირს პასუხისმგებლობას. სს -------- მხრიდან არავითარ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე, 178-ე, 179- ე და 181-ე მუხლების თანახმად ბათილად იქნეს ცნობილი სადავო აქტები. იმ შემთხვევაში თუ დავის განმხილველი ორგანო საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნევს კომპანიის არგუმენტაციას და წარდგენილ დოკუმენტაციას, ითხოვს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
საბაჟო კოდექსის მე-100 მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილების მიხედვით:
5. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება ისე უნდა იქნეს დადებული, რომ მის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს საქონელთან მისვლა ან კვალის დატოვების გარეშე სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში უკანონო შეღწევა. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება იმგვარად უნდა იყოს დადებული, რომ გამოირიცხოს დაუზიანებლად მისი მოხსნა/მოცილება. საბაჟო ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამის დოკუმენტში ან/და საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნოს მის მიერ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების დადება.
7. დაუშვებელია საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოხსნა/მოცილება აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის და ეს აუცილებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოიშვა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები) ისე უნდა იქნეს დადებული, რომ გამოირიცხოს დაუზიანებლად მისი მოხსნა/მოცილება და შეუძლებელი იყოს საქონელთან მისვლა ან კვალის დატოვების გარეშე სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში უკანონო შეღწევა.
საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მითითებს რომ „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ (-------)“ შეთანხმება აწესებს პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლით და პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლით ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების ერთიან სამართლებრივ ნორმებს. აღნიშნული შეთანხმება არ წარმოადგენს სარკინიგზო ტრანსპორტის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირის საბაჟო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებისგან თავის არიდების საშუალებას. ამასთან, ამავე შეთანხმების 23-ე მუხლის პირველი პარაგრაფის თანახმად, გადამზიდავს უფლება აქვს შეამოწმოს, დაცულია თუ არა გამგზავნის მიერ გადაზიდვის პირობები და შეესაბამება თუ არა გზავნილი გამგზავნის მიერ ზედნადებში მითითებულ მონაცემებს. მე-20 მუხლის პირველი პარაგრაფის მიხედვით კი, დასაპლომბად გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი პლომბები, რომელთა მოხსნაც შეუძლებელია მათი დაზიანების გარეშე. პლომბები დადებული უნდა იქნეს ისე, რომ გამოირიცხოს ტვირთთან ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა მათი დაზიანების გარეშე.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ განსახილველ შემთხვევაში მომჩივანი არის საქონლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი, შესაბამისად სწორედ მას ავალდებულებს კანონმდებელი საბაჟო კონტროლის ზონაში დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარადგინოს საქონელი იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) მოუხსნელად (მოუცილებლად)/დაუზიანებლად, უზრუნველყოს ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში შეუღწევადობა, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ასევე არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომოჩივანი ითხოვს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნას/მოცილებას, ამასთან ერთად, სარკინიგზო შემადგენლობის გადაადგილებაზე პასუხისმგებელ პირი მომჩივანს ანალოგიური ქმედების ჩადენისთვის არაერთგზისაა დაჯარიმებული 2023 წელს, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 13 სექტემბერს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 100(6,7);163(1,11);166(1,2);