გადაწყვეტილება №3/6980-16
📄 სრული ტექსტი
საქმე №3/6980-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 თებერვალი, 2017 წელი
ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - სალომე ბერია
მოსარჩელე -შპს -----";
წარმომადგენელი --
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური;
წარმომადგენელი, - --;
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის
საბჭო;
წარმომადგენელი - ---
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების
ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული
დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10
დეკემბრის N47258 ბრძანება;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 30 ივლისის
N28090 ბრმანება;
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის
2015 წლის 4 მაისის N14726 ბრძანება და 2015 წლის 4 მაისის N005-77 საგადასახადო მოთხოვნა.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1.სსიპ შემოსავლების სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
2.2.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელო არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. შპს ----- რეგისტრირებულ იქნა 2005 წლის 27 ივლისს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, შემდეგ იურიდიულ მისამართზე: შპს-----. კომპანიის დირექტორად დაფიქსირდა შპს-----.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2010 წლის 5 თებერვლის ამონაწერი (ს.ფ. 108-109).
3.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა შპს ----- საქმიანობის საგადასახადო შემოწმება.შემოწმების საფუძველზე გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 19 სექტემბრის N40351 ბრძანება და 2014 წლის 19 სექტემბრის N005-56 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა საფუძველზე შპს----- გადასახდელად დაეკისრა 415 512,58 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 186 178 ლარი, ჯარიმა 96 011 ლარი და საურავი 133 323,58 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2014 წლის 17 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი (ს.ფ. 20-77);
2014 წლის 19 სექტემბრის N40351 ბრძანება (ს.ფ. 78);
2014 წლის 19 სექტემბრის N005-56 საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 79).
3.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 17 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2014 წლის 19 სექტემბრის N40351 ბრძანება და 2014 წლის 19 სექტემბრის N005-56 საგადასახადო მოთხოვნა შპს----- გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში საჩივარში მიეთითა გადასახადის გადამხდელის მისამართი: შპს-----.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 20 თებერვლის N4972 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა გაცემული ხელფასების დაანგარიშების სისწორე და მექანიკური ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში დარიცხული თანხები კორექტირების (შემცირების) განხორციელება; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა 70-ე მუხლის თანახმად, შპს----- იჯარასთან დაკავშირებული ოპერაციის განხორციელების თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვა.ხოლო გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა ორივე მხარის მიერ დადასტურებული ურთიერთშედარების აქტები 2010 წლის მარტის და აპრილის თვეში იჯარასთან დაკავშირებული ოპერაციის განხორციელების თაობაზე. მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით თუ დადასტურდებოდა, რომ 2010 წლის მარტის და აპრილის თვეში არ განხორციელებულა საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაციები, აუდიტის დეპარტამენტს უნდა უზრუნველყო აღნიშნული თანხების ერთობლივი შემოსავლიდან და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან ამორიცხვა აღნიშნულის თანახმად შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) განხორციელება; გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრის მიზნით აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება); აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ქონების გადასახადის გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინება და აღნიშნულის თანახმად შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობაშემდეგ მტკიცებულებას:
2015 წლის 6 თებერვლის დაზუსტებული საჩივარი (ს.ფ. 80-81);
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 20 თებერვლის N4972 ბრძანება (ს.ფ. 82-87).
3.4. შპს-----, 2015 წლის 30 მარტს, საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 20 თებერვლის N4972 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და აუდიტის დეპარტამენტისთვის საკითხის ხელახლა შესწავლის დავალება, კერძოდ: საამორტიზაციო ანარიცხების თანხის გათვალისწინება მოგების გადასახადის მიზნებისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2015 წლის 30 მარტის საჩივარი (ს.ფ. 88).
3.5. შპს----- 2015 წლის 1 აპრილის განცხადებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მე-6 სამმართველოში, წარადგინა მიმდინარე შემოწმებისათვის გადამხდელის გაანგარიშებები. განცხადებაში დაფიქსირდა განმცხადებლის - შპს----- ფაქტობრივი მისამართი: შპს -----, კომპანიის დირექტორის შპს----- ტელეფონის ნომერი: შპს-----
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2015 წლის 1 აპრილის განცხადება (ს.ფ. 89).
3.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 20 თებერვლის N4972 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 6 აპრილის დასკვნა, 2015 წლის 4 მაისის N14726 ბრძანება და 2015 წლის 4 მაისის N005-77 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა საფუძველზე შპს----- შეუმცირდა დარიცხული საგადასახადო ვალდებულება 84 102 ლარის ოდენობით, მათ შორის ძირითადი გადასახადის სახით 60 077 ლარი და ჯარიმა 24 025 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2015 წლის 6 აპრილის დასკვნა (ს.ფ. 92-96);
2015 წლის 4 მაისის N14726 ბრძანება (ს.ფ. 90-91);
2015 წლის 4 მაისის N005-77 საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 97).
3.7.შპს----- 2015 წლის 3 დეკემბერს, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 4 მაისის N14726 ბრძანება და 2015 წლის 4 მაისის N005-77 საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 დეკემბრის N47258 ბრძანებით შპს----- საჩივარი დარჩა განუხილველი. ბრძანებით განიმარტა, რომ შპს----- მიმართ გამოცემული 2015 წლის 4 მაისის N005-77 საგადასახადო მოთხოვნა 2015 წლის 3 აგვისტოს საჯაროდ იქნა გამოქვეყნებული, შესაბამისად დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღად ითვლება მისი ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებიდან მე-20 დღე. საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და 301-ე მუხლის „ე“ პუნქტზე მითითებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გასული იყო საჩივრის წარდგენის ვადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2015 წლის 3 დეკემბრის საჩივარი (ს.ფ. 98-100);
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 დეკემბრის N47258 ბრძანება (ს.ფ. 101-102).
3.8.სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 4 მაისის N005-77 საგადასახადო მოთხოვნა შპს----- ელექტრონულად გაეგზავნა 2015 წლის 4 მაისს, რომელსაც გადამხდელი გაეცნო 2015 წლის 4 ნოემბერს. საგადასახადო მოთხოვნა შპს----- ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა ორჯერ - 2015 წლის ივნისში და ივლისში, რომლებიც ადრესატს ვერ ჩაბარდა და უკან დაუბრუნდა გამგზავნს.შეტყობინება ორივე ჯერზე გაგზავნილ იქნა გადამხდელის იურიდიულ მისამართზე შპს -----.
სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 30 ივლისის N28090 ბრძანებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს----- მიმართ ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 4 მაისის N005-77 საგადასახადო მოთხოვნა საჯაროდ გამოქვეყნდა 2015 წლის 3 აგვისტოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
საგადასახადო დავალიანების მართვის სამმართველოს 2016 წლის 11 იანვრის N1822-21-05 სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 143):
ამონაწერი სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზიდან (ს.ფ. 144);
საფოსტო გზავნილები (ს.ფ. 146-147);
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 30 ივლისის N28090 ბრძანება (ს.ფ. 124).
3.9. შპს----- 2015 წლის 28 დეკემბერს, საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურისა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 4 მაისის N14726 ბრძანების და 2015 წლის 4 მაისის N005-77 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 30 ივლისის N28090 ბრძანების და შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 დეკემბრის N47258 ბრძანების ბათილად ცნობა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2015 წლის 28 დეკემბრის საჩივარი (ს.ფ. 129-132);
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 134-139).
სამოტივაციო ნაწილი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი.
6.სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 დეკემბრის N47258 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურისა 2015 წლის 30 ივლისის N28090 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 4 მაისის N14726 ბრძანება და 2015 წლის 4 მაისის N005-77 საგადასახადო მოთხოვნა წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლის კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილვევი დავის ფარგლებში.
6.2.საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს (საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლი).
საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოთა ვალდებულებას წარმოადგენს გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და სახელმწიფო უფლებების დაცვა. ამასთან, ისისი ვალდებულნი არიან გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები (პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები).
საგადასახადო მოთხოვნა წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით (64.1 მუხლი).
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მოსარჩელის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომელთა საფუძველზე მოსარჩელეს ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა 415 412, 58 ლარი. შპს----- მიმართ გამოცემული აქტები გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 20 თებერვლის N4972 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აუდიტის დეპოარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობითა და მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე დამატებით საქმის გარემოებათა შესწავლა, გამოკვლევა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების კორექტირება ( შემცირება).
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 20 თებერვლის N4972 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2015 წლის 6 აპრილის დასკვნა, 2015 წლის 4 მაისის N14726 ბრძანება და ამავე თარიღის N005-77 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები 84 102 ლარი ოდენობით.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულია ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლება. აღნიშნული ნორმით კონსტიტუცია ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, შექმნას სამართლებრივი დაცვის სისტემა. იგივე უფლება გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-13 მუხლით, რომლის თანახმად, ყველას ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა. უფლების დაცვის საშუალება უნდა იყოს ეფექტური არამხოლოდ საკანონმდებლო რეგულაციის, არამედ მისი პრაქტიკული ინმპლემენტაციის თვალსაზრისით. კონვენციის მე-13 მუხლის დანაწესი ეხება არამხოლოდ სასამართლოს, არამედ აგრეთვე ადმინისტრაციულ ორგანოებს.
საგადასახადო კოდექსით დადგენილია საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა გასაჩივრების წესი და პროცედურები. კერძოდ, 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტუილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილ წესით.ამავე კოდექსის 297-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით.
დადგენილია, რომ შპს----- არ დაეთანხმა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 4 მაისს გამოცემულ N005-77 საგადასახადო მოთხოვნას და 2015 წლის 3 დეკემბერს გაასაჩივრა იგი სსიპ შემოსავლების სამსახურში, სადაც საჩივარი დარჩა განუხილველი, გასაჩივრების ვადის დარღვევის მოტივით.
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 4 მაისის N005-77 საგადასახადო მოთხოვნა შპს----- ელექტრონულად გაეგზავნა 2015 წლის 4 მაისს, რომელსაც გადამხდელი გაეცნო 2015 წლის 4 ნოემბერს. ვიდრე ელექტრონული გზით გაგზავნილ საგადასახადო მოთხოვნას გაეცნობოდა მოსარჩელე, მას საგადასახადო მოთხოვნა ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა ორჯერ-2015 წლის ივნისში და ივლისში, რომლებიც ადრესატს ვერ ჩაბარდა ადრესატს და უკან დაუბრუნდა გამგზავნს. შეტყობინება ორივე ჯერზე გაგზავნილ იქნა გადამხდელის იურიდიულ მისამართზე შპს-----.
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 30 ივნისის N28090 ბრძანებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს----- მიმართ ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 4 მაისის N005-77 საგადასახადო მოთხოვნა საჯაროდ გამოქვეყნდა 2015 წლის 3 აგვისტოს, შესაბამისად სსიპ შემოსავლების სამსახურმა აქტის გასაჩივრების ვადა აღნიშნულ თარიღს დაუკავშირა და 2015 წლის 4 ნოემბერს წარდგენილი საჩივარი მიიჩნია ვადის დარღვევით წარდგენილად, რაც თავის მხრივ საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.
სასამართლო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მის ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში. ამდენად, კანონმდებლობა შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას მხარეს ანიჭებს მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში. შესაბამისად, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების საკითხი. ვინაიდან, სწორედ სადავო აქტის ჩაბარებაზეა დამოკიდებული პირის პროცესუალური და მატერიალური უფლებების რეალიზაციის ბედი. გასაჩივრების ვადის ამოწურვის მომენტის დასადგენად, მნიშვნელოვანია ამ ვადის ათვლის, ვადის დინების დაწყების, აქტის ძალაში შესვლის მომენტის ზუსტი განსაზღვრა.საქართველოს ადმინისტრაციული კოდქსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. აქტის ძალაში შესვლის მომენტის დადგენა მნიშვნელოვანია აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადების დაცულობის გარკვევისათვის.სწორედ აქტის ძალაში შესვლით ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლებამოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის სამართლებრივად არეგულირებს საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის მიმოწერას, განსაზღვრავს დოკუმენტის ფორმებსა და კონკრეტულ ქმედებათა სამართლებრივ შედეგებს. მოცემული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან /და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო (44.3 მუხლი). პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმეტის პირველად ჩაბარების თარიღი (44.4 მუხლი). ამავე მუხლის მე-7 ნაწილი განსაზღვრავს წერილობითი დოკუმენტის გადასახადის გადამხდელისათვის (გარდა ფიზიკური პირისა) ჩაბარებულად მიჩნევის წინაპირობებს, კერძოდ, ჩაბარებულად ითვლება დოკუმენტი თუ იგი ჩაბარდა: ა) უფლებამოსილ პირს; ბ) პირის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს; გ) სარეგისტარციო დოკუმენტებით განსაზღვრულ იურიდიულ მისამართზე კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს. ამავე მუხლის 89-ე ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. მე-10 ნაწილი კი ადგენს, რომ შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები: ა) პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.
მითითებული ნორმით დადგენილი რეგულაციები დეტალურად აღწერს როგორც საგადასახადო ორგანოს მიერ, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ ამ მუხლის მიზნებისათვის განსახორციელებელ ქმედებებსა და მათ სამართლებრივ შედეგებს. გადასახადის გადამხდელისათვის გაგზავნილი დოკუმენტის ჩაბარებულად მიჩნევისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებათა კანონშესაბამისობა. კერძოდ, არსებული საკანონმდებლო რეგულაციით, საგადასახდო ორგანო უფლებამოსილია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარუდგინოს გადასახადის გადამხდელს ელექტრონული ფორმით. თუმცა აღნიშნული დოკუმენტის ელექტრონული ფორმით ჩაუბარებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ვალდებულია დოკუმენტი გაუგზავნოს ადრესატს წერილობითი ფორმით. თუკი ამ უკანასკნელი ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ადრესატს სულ მცირე ორჯერ მაინც არ ჩაბარდება საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დოკუმენტის საჯაროდ გაცნობის შესახებ. საგულისხმოა, რომ კანონმდებელი არ აკონკრეტებს წერილობით დოკუმენტის ორჯერ გაგზავნის შემთხვევაში თუ რომელ მისამართზე-იურიდიულ თუ ფაქტობრივ მისამართზე უნდა იქნეს გზავნილი გაგზავნილი.სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული განმარტებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვალდებულებიდან გამომდინარე - გამოიკვლიოს საქმისთვის არსებული მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მათზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება. თუკი ადრესატს მის იურიდიულ მისამართზე არ ბარდება დოკუმენტი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მის ხელთ არსებული ინფორმაციისა და მასალების საფუძველზე დაადგინოს გადამხდელის ალტერნატიული ფაქტობრივი მისამართი და განახორციელოს დოკუმენტის გაგზავნა ასეთ მისამართზე. საკანონმდებლო ნორმა გულისხმობს გზავნილის არამარტო იურიდიულ მისამართზე არამედ მის ფაქტობრივ მისამართზეც გაგზავნას. ადმინისტრაციულმა ორგანომ ყველა ღონე უნდა იხმაროს რათა გადასახადის გადამხდელს ჩააბაროს დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს კონკრეტულ უფლებებს და ვალდებულებებს. სასამართლო აქვე აღნიშნავ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ყოველმხრივი გამოკვლევა გულისხმობს, ასევე, საგადასახადო ორგანოსთვის ცნობილი გადამხდელის ყველა საკონტაქტო, მათ შორის სატელეფონო, ინფორმაციის გამოყენებასაც, რათა მიღწეულ იქნეს მიზანი-დოკუმენტის უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარება. საგადასახადო ორგანოსთვის ცნობილი გადასახადის გადამხდელის იურიდიულ თუ ფაქტობრივ მისამართებზე გზავნილის ჩაბარების შეუძლებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მიმართოს დოკუმენტის საჯაროს ფორმით ჩაბარების წესს.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოფიციალური დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი/მოადგილე (შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს პირისათვის ელექტრონული და წერილობითი დოკუმენტის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარების შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები). ამდენად, საგადასახადო ორგანომ საჯარო შეტყობინების გამოყენებისას უნდა დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი წინაპირობები და მხოლოდ ყველა მცდელობის შედეგად, წერილობითი თუ ელექტრონული ფორმით, ოფიციალური დოკუმენტის ჩაბარების შეუძლებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საჯარო შეტყობინება. საგადასახადო ორგანოს ეკისრება ვალდებულება დაადასტუროს, რომ მან გამოიკვლია და დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულზე დაყრდნობით განახორციელა ოფიციალური დოკუმენტის გაგზავნა გადამხდელისთვის, თუმცა ვერ განხორციელდა გზავნილის ჩაბარება ადრესატისთვის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს----- იურიდიულ მისამართს წარმოადგენს შპს----- საგადასახადო ორგანომ სწორედ აღნიშნულ მისამართზე გააგზავნა ორჯერ სადავო საგადასახადო მოთხოვნა, თუმცა იგი ვერ ჩაბარდა ადრესატს.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გზავნილი მოსარჩელის იურიდიულ მისამართზე განხორციელდა 2015 წლის ივნისის და ივლისის თვეში.საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ კი მოსარჩელის 2015 წლის 1აპრილის განცხადებით (ს.ფ. 89) დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს აცნობა მისის ფაქტობრივი მისამართი შპს----- ამასთან მიუთითა კომპანიის დირექტორის ტელეფონის ნომერი. ამრიგად, სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის 2015 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ცნობილი იყო გადასახადის გადამხდელის ფაქტობრივი მისამართიც, თუმცა არ განახორციელა აღნიშნულ მისამართზე გზავნილის გაგზავნა, იგი გაიგზავნა მხოლოდ იურიდიულ მისამართზე, სადაც კომპანია ფაქტობრივად არ ფუნქციონირებდა, შესაბამისად შეტყობინებას ვერ ჩაიბარებდა. ამასთან, საგადასახადო ორგანომ არც სატელეფონო კომუნიკაციის გზით სცადა გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ პირობებში საჯარო შეტყობინების გამოყენება მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. საგადასახადო ორგანოს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი გამოეცა 2015 წლის 30 ივლისის N28090 ბრძანება შპს-----მიმართ ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საგადასახადო ორგანოს დავის განხილვის ეტაპზე არ გამოუკვლევია, არ დაუდგენია სადავო აქტის უფლებამოსილ პირზე ჩაბარების საკითხი და სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმის ირგვლივ არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ-სამართლებრივ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 დეკემბრის N47258 ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 30 ივლისის N28090 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაუცველად.
6.3 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 დეკემბრის N47258 ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 30 ივლისის N28090 ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში მოსარჩელის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
იმ პირობებში როდესაც სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ზემოაღნიშნული სადავო აქტები და დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ახალი აქტის გამოცემა უპირველესად გულისხმობს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 4 მაისის N14726 ბრძანება და 2015 წლის 4 მაისის N005-77 საგადასახადო მოთხოვნაზე საჩივრის დასაშვებობის შემოწმებასა და აღნიშნული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ამავე ბრძანების კანონიერებაზე მსჯელობა, სასამართლო ვერ იმსჯელებს მითითებული აქტების კანონიერებაზე, იგი ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს განსჯად საკითხს განეკუთვნება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 5 000 (ხუთი ათასი) ლარი (ს.ფ. 165). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 (სამი) პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა.
განსახილველ საქმეზე სასამართლოს დავის საგანს წარმოადგენდა სჩივრის განუხილველად დატოვებისა და საჩივარზე უარის თქმის შესახებ მიღებულიგადაწყვეტილებები, ასევე ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გამოქვეყნების შესახებგადაწყვეტილების კანონიერება, რაც შეეხება საგადასახადო მოთხოვნას, რომელიც გახდა გადასახადების დარიცხვის საფუძველი, მისის კანონიერება განსახილველი დავის ფარგლებში არ შემოწმებულა, ვინაიდან იგი განეკუთვნება საგადასახადო ორგანოს განსჯად საკითხს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე სახემწიფო ბაჟის ოდენობა წარმოადგენს 100 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი 5000 ლარიდან 4900 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, როგორც ზედმეტად გადახდილი, ხოლო სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით უნდა დაეკისროს მოპასუხეებს თანაბარწილად, მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს----- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. .სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 დეკემბრის N47258 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 30 ივლისის N28090 ბრძანება და დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს----- მიმართ;
3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 (ხუთი ათასი) ლარიდან 4900 (ოთხი ათას ცხრაასი) ლარი დაუბრუნდეს უკან მოსარჩელეს, ხოლო დარჩენილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისროთ მოპასუხეებს სსიპ შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს, თანაბარწილად.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებულ გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
მოსამართლე ილონა თოდუადა