ბრძანება N 6218

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.04.2025
№ დოკუმენტი 6218
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6218

01 აპრილი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

---ის (პ/ნ ---)

(მის.: ---) 2025 წლის 13 მარტის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 28 მარტის სხდომზე (ოქმი №24) განიხილა ---ის (პ/ნ ---) №94553/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 18 თებერვლის №EL276470 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და №EL69050/468 (№065-468) საგადასახადო მოთხოვნას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი და განმარტავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატრანსპორტო საშუალება აღარ ექვემდებარებოდა შეკეთებას და მოხდა მისი ჯართში ჩაბარება. ასევე მიუთითებს, რომ სამართალდარღვევა გამოიწვია მისი საქართველოში არ ყოფნამ და კანონმდებლობის არცოდნამ. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტებით დარიცხული თანხების მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის 27 ივნისს მოქალაქე ---ის მიერ განხორციელდა ავტოსატრანსპორტო საშუალების (საიდენტიფიკაციო ნომერი ---, სატრანზიტო ნომერი ---) ზოგადი დეკლარირება, რომელსაც გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ბოლო ვადად განესაზღვრა 2023 წლის 26 აგვისტო. ვინაიდან ზემოაღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იყო შესრულებული საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება და ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტზე, 2024 წლის 4 ივლისს შედგენილ იქნა №ELC39117 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ---ს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული დოკუმენტი გადამხდელს გაეგზავნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2024 წლის 4 ივლისს და გაეცნო 2024 წლის 31 აგვისტოს.

---ის 2025 წლის 4 თებერვლის განცხადებით საბაჟო დეპარტამენტისთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა ავტოსატრანსპორტო საშუალების (საიდენტიფიკაციო ნომერი ---, სატრანზიტო ნომერი ---) უკანონო განკარგვას (ავტომობილი ჩააბარა ჯართში). აღნიშნულიდან გამომდინარე 2025 წლის 18 თებერვალს შედგენილ იქნა №EL276470 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ---ს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 4408,80 ლარის ოდენობით.

იმავე დღეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების შესაბამისად გამოცემულ იქნა №EL69050/468 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც ფიზიკურ პირ ---ს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი და საურავი – სულ 5523,08 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში ეს საქონელი საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანილად მიიჩნევა. ამ ნაწილის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი აზუსტებს, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.

ამასთან, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით. ამავე ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-7–მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

ამავე საკანონმდებლო აქტის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა ისეთ ქმედებაში, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

აღნიშნული სამართალდარღვევისთვის 172-ე მუხლი ადგენს პირის პასუხისმგებლობას, რაც ასევე წარმოშობს საბაჟო ვალდებულებას. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტებით დარიცხული თანხები მართლზომიერია. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დარიცხული თანხები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1.---ის (პ/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას და ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას საჩივარში მითითებული გარემოებების გამო.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის თანახმად, მოქალაქის მიერ განხორციელდა ავტოსატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება, რომელსაც გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ბოლო ვადად განესაზღვრა 2023 წლის 26 აგვისტო. ვინაიდან ზემოაღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იყო შესრულებული საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება და ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტზე, შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

საბაჟო დეპარტამენტისთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა ავტოსატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვას (ავტომობილი ჩააბარა ჯართში). აღნიშნულიდან გამომდინარე, შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისთვის.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დარიცხული თანხები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის172-ე მუხლს.