ბრძანება N 16827

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.07.2023
№ დოკუმენტი 16827
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი, საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16827

12 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

------- (პ/ნ -------)

(მის: -------, -------)

2023 წლის 12 და 14 ივნისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 ივლისის სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა ------- (პ/ნ -------) №99812/21-11 და №101551/21-11 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2021 წლის 12 ოქტომბრის №EL146194, №EL146198, №EL146197, №EL146195 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს, №EL77777/1173 (№022-1173), №EL77777/1175 (№022-1175) საგადასახადო მოთხოვნებს და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2021 წლის 13 ოქტომბრის №022-4268 შეტყობინებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრების ავტორის განმარტებით, მის მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი დევნა და საქმე დასრულდა საპროცესო შეთანხმებით, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი მის მიერ იქნა ანაზღაურებული. რაც შეეხება სადავო აქტებით დარიცხულ თანხებს ისინი უკანონოა და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტებით დარიცხული თანხების და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგენილ იქნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 6 მარტს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ------- (პასპორტის №-------) წარმომადგენლის ------- (პ/ნ -------) მიერ სატრანსპორტო საშუალებები (ს/ნ -------; ს/ნ -------) ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობებით (№-------; №-------) დადეკლარირდა რეექსპორტში და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადად განისაზღვრა – 2021 წლის 19 აპრილი.

ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზებში ასახული ინფორმაციის მიხედვით, არ ფიქსირდება ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2021 წლის 12 ოქტომბერს შედგენილ იქნა №EL146194 და №EL146197 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც ------- ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 1 000 ლარის ოდენობით. საბაჟო ორგანოსთვის შეუთანხმებელი ქმედებისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იმავე დღეს შედგენილ იქნა №EL146195 და №EL146198 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და სამართალდამრღვევს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალებებზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. ასევე გამოიცა №EL7777/1173 და №EL7777/1175 საგადასახადო მოთხოვნები, რომლებითაც ------- უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი გადასახდელები და საურავი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად.

საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2021 წლის 13 ოქტომბრის №022-4268 შეტყობინებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ფ.პ ------- (ს/ნ -------) 2021 წლის 13 ოქტომბერს მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - ძირითადი გადასახადის სახით 0 ლარი, ჯარიმა 0 ლარი, საურავი 0 ლარი, არაღიარებული საგადასახადო დავალიანება 22,976.32 ლარი, ზედმეტობა 10,051.00 ლარი.

საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, ------- (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე 2021 წლის 13 ოქტომბრის №022- 4268 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

სადავო ადმინისტრაციული აქტები მომჩივანს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მეშვეობით. საბაჟო დეპარტამენტის 2021 წლის 12 ოქტომბრის №EL146194, №EL146198, №EL146197, №EL146195 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს მომჩივანი გაეცნო 2023 წლის 12 ივნისს, ხოლო №EL77777/1173 (№022-1173), №EL77777/1175 (№022-1175) საგადასახადო მოთხოვნებს და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2021 წლის 13 ოქტომბრის №022-4268 შეტყობინებას 2023 წლის 14 ივნისს და ჩაითვალა ჩაბარებულად.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;

საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ადგენს, რომ პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობა განახორციელოს კანონიერი წარმომადგენლის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. ამასთან, ფიზიკური პირის კანონიერ წარმომადგენლად მიიჩნევა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას. ამ შემთხვევაში ფიზიკური პირის ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და პასუხისმგებლობა მის კანონიერ წარმომადგენელს ეკისრება.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც სხვა პირის დავალებით საბაჟო ორგანოსთან ამ სხვა პირის ურთიერთობისას ახორციელებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებსა და საბაჟო ფორმალობებს.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან განადგურებამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევაში ეს საქონელი საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანილად მიიჩნევა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანმა პირმა იგი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტით დაუყოვნებლივ უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი აზუსტებს, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები. ამასთან, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-7 ნაწილის თანახმად, კი რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:

ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;

ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.

მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით კი დადგენილია, რომ საბაჟო ვალდებულების შესრულებაზე ვალდებული პირის არის: „ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;

ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

ამავე კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ადგენს:

1. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.

2. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს სატრანსპორტო საშუალებების გამოცხადების ვადის დარღვევას და საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებების უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურება. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი და 172-ე მუხლის პირველი ნაწილი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, რომელიც ასევე წარმოშობს საბაჟო ვალდებულებას (იმპორტის გადასახდელი), ხოლო საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, ------- (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე 2021 წლის 13 ოქტომბრის №022-4268 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

გარდა ზემოაღნიშნული ინფორმაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვისა, მომჩივნის წარმომადგენლობა დასტურდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოწმობებში არსებული ინფორმაციით, რომლის პირველ გრაფაში (იმპორტიორი/ექსპორტიორი) მითითებულია საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, ხოლო მეორე გრაფაში (წარმომადგენელი) - მომჩივანი. ამასთან, აღნიშნული მოწმობის მე-8 გრაფაში (ხელმოწერა) ფიქსირდება მომჩივნის ხელმოწერა. კანონმდებელი სწორედ მას ავალდებულებულებს ავტოსატრანსპორტო საშუალება დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარუდგინოს საბაჟო ორგანოს დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტზე, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამდენად, მომჩივანზე დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არ დარღვეულა გამოცხადების ვადა და არ განხორციელებულა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება, რამაც საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურება გამოიწვია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ------- (პ/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საჩივრების ავტორი ითხოვს სადავო აქტებით დარიცხული თანხების და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგენილ იქნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 6 მარტს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის მიერ სატრანსპორტო საშუალებები დადეკლარირდა რეექსპორტში და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადად განისაზღვრა – 2021 წლის 19 აპრილი.

ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზებში ასახული ინფორმაციის მიხედვით, არ ფიქსირდება ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ, 2021 წლის 12 ოქტომბერს, შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 1 000 ლარის ოდენობით. საბაჟო ორგანოსთვის შეუთანხმებელი ქმედებისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, შედგენილ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და სამართალდამრღვევს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალებებზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. ასევე გამოიცა საგადასახადო მოთხოვნები, რომლებითაც უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი გადასახდელები და საურავი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად.

საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანის მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 239;

საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165; 172(1)