ბრძანება N 3841
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3841
19 თებერვალი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 20 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 16 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №15) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) 2026 წლის 20 იანვრის №100110/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 დეკემბრის №077-42 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ნაწილობრივ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და განმარტავს, რომ ბუღალტერს არ ჰქონდა მეწარმის ყველა საბანკო ანგარიშზე უწყვეტი წვდომა, რის გამოც ჩარიცხული თანხების ნაწილი არ იქნა ასახული დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში. ამასთან, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მეწარმის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული ყველა თანხა არ წარმოადგენს მის მიერ მიღებულ შემოსავალს და შესაბამისად, არ უნდა მომხდარიყო მეწარმის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ 2023 წლის 31 მარტს დაფუძნდა შპს „-------“, რომელმაც სრულად გააგრძელა იგივე ეკონომიკური საქმიანობა, რასაც მანამდე ახორციელებდა ინდივიდუალური მეწარმე. მიუთითებს, რომ მიუხედავად ამისა, გარდამავალ პერიოდში, კლიენტების ნაწილი შპს-ის მიერ რეალიზებული საქონლის საფასურს რიცხავდნენ ინდივიდუალურ მეწარმის საბანკო ანგარიშზე. აცხადებს, რომ აღნიშნული გარემოების მიუხედავად, თითოეულ ასეთ ოპერაციაზე გამოიყენებოდა შპს-ის სახელზე რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი და შესაბამისი ჩარიცხვის თანხაზე იმავე დღეს იბეჭდებოდა ფისკალური ჩეკები. ამასთან, აღნიშნული თანხა სრულად ასახულია შპს-ის შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დეკლარაციაში. აცხადებს, რომ ერთი და იგივე თანხის ჩართვა როგორც ინდივიდუალური მეწარმის, ასევე, შპს-ის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, წარმოადგენს ერთი ოპერაციის ორმაგ დაბეგვრას, რაც საგადასახადო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. მიუთითებს, რომ მსგავსი ტიპის ჩარიცხვები შეადგენს 452 837 ლარს, ხოლო ტრანზაქციების რაოდენობა არის 328. ამასთან, განმარტავს, რომ შეუძლია აღნიშნულის მტკიცებულებად წარმოადგინოს კლიენტების წერილობითი ახსნა-განმარტება. დამატებით მიუთითებს, რომ მის პოზიციას ამყარებს ის ფაქტიც, რომ შემოწმების მიერ განსაზღვრული დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 59%-ს, რაც შეესაბამება საქმიანობის სფეროს რეალურ ეკონომიკურ მაჩვენებელს. იმ შემთხვევაში კი თუ სადავო ჩარიცხვები მიეკუთვნებოდა ინდივიდუალური მეწარმის ბრუნვებს ფასნამატი იქნებოდა 110%, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია მოცემულ საქმიანობაში. ზემოაღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს მტკიცებულებები. აქედან გამომდინარე ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ოქტომბრის №22870 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 22 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 23 დეკემბრის №28153 ბრძანება და ამავე თარიღის №077-42 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 247 381 ლარი, მათ შორის გადასახადი 144 148 ლარი, ჯარიმა 72 665 ლარი და საურავი 30 568 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
● გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს იმპორტირებული მანქანის ნაწილებით ვაჭრობა. იმპორტი ძირითადად ხდება ჩინეთიდან და საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში. პირს აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი 2021 წლის პირველი ნოემბრიდან. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტერიას და არ გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რის გამოც საგადასახადო ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს სრულყოფილი კონტროლი სამეურნეო ოპერაციების დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე, ასევე ვერ ხერხდება დაბეგვრის ობიექტის სრული სიზუსტით დადგენა. შესაბამისად, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებით, ასევე დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან, ცხრილები, ასევე მესამე პირებისგან გამოთხოვილი და მიღებული ზეპირი თუ წერილობითი ახსნა-განმარტებები, რომელთა დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების გზით (სალარო აპარატის ბრუნვა და საბანკო ჩარიცხვები) მიღებული აქვს შემოსავლები, რომელიც სრულად არ არის ასახული შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში. ამასთან, შემოწმებით, დამატებით ჩათვლას დაექვემდებარა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში არსებულ საქონლის ნაშთზე დარიცხული დღგ-ის თანხა. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, მუხლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
● შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის, მათ შორის საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების, ცხრილების, მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაციის დამუშავების, ასევეა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიღებული მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში, მიღებული აქვს შემოსავლები, რომელიც სრულყოფილად არ არის ასახული შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმების მიერ, გაზრდილ იქნა მცირე მეწარმის ყოველთვიური დასაბეგრი შემოსავალი პერიოდების მიხედვით და დაიბეგრა კანონმდებლობის შესაბამისად. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ამ პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვრის, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი აწარმოებს აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს. ამ ჟურნალის წარმოების (მათ შორის, ელექტრონული ფორმით წარმოების) წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:
ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;
ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;
გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც ნაწილობრივ არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აცხადებს, რომ მეწარმის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ნაწილი არ წარმოადგენდა მის მიერ მიღებულ შემოსავალს, შესაბამისად, არ უნდა მომხდარიყო მეწარმის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა. განმარტავს, რომ 2023 წლის 31 მარტს დაფუძნდა შპს „-------“, რომელმაც სრულად გააგრძელა იგივე ეკონომიკური საქმიანობა, რასაც მანამდე თავად ახორციელებდა. მიუთითებს, რომ გარდამავალ პერიოდში, კლიენტების ნაწილი შპს-ის მიერ რეალიზებული საქონლის საფასურს რიცხავდნენ ინდივიდუალურ მეწარმის საბანკო ანგარიშზე. თითოეულ ასეთ ოპერაციაზე გამოიყენებოდა შპს-ის სახელზე რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი და შესაბამისი ჩარიცხვის თანხაზე იმავე დღეს იბეჭდებოდა ფისკალური ჩეკები. ამასთან, აღნიშნული თანხა სრულად ასახულია შპს-ის შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დეკლარაციაში. მიუთითებს, რომ მსგავსი ტიპის ჩარიცხვები შეადგენს 452 837 ლარს, ხოლო ტრანზაქციების რაოდენობა არის 328. ზემოაღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარმოდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარმოდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტერიას და არ გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რის გამოც საგადასახადო ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს სრულყოფილი კონტროლი სამეურნეო ოპერაციების დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე, ასევე ვერ ხერხდება დაბეგვრის ობიექტის სრული სიზუსტით დადგენა. შესაბამისად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებით, დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან, ცხრილები, ასევე მესამე პირებისგან გამოთხოვილი და მიღებული ზეპირი თუ წერილობითი ახსნა-განმარტებები. დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების გზით მიღებული აქვს შემოსავლები, რომელიც სრულად არ არის ასახული შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ის და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში. შესაბამისად, შემოწმების მიერ, გაზრდილ იქნა დასაბეგრი შემოსავალი პერიოდების მიხედვით და დაიბეგრა კანონმდებლობის შესაბამისად. პირს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 90; 159 ; 163; 164