გადაწყვეტილება №23279/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.07.2024
№ დოკუმენტი 23279/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 23279/2/2024

29 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 18.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23279/2/2024).

 

დავის საგანი:

1. დამატებული ღირებულების გადასახადში მიღებული ჩათვლების გაუქმების მართლზომიერება;

2. ფულადი ნაშთის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.04.2023 წლის №066-5 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 3.06.2024 წლის №13029 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 264 377,8 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 162 946

დღგ - 62 193

საშემოსავლო გადასახადი - 100 753

ჯარიმა - 81 258

საურავი - 20 173,8

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ხე-ტყის მასალით.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.11.2023 წლამდე პერიოდის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება. ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 25 იანვრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები.

შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც 2023 წლის 23 აპრილს გამოიცა №9478 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №066-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 3 ივნისის №13029 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ფულადი სახსრების ნაშთის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განესაზღვრა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 3 ივნისის №13029 ბრძანება, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

1. დამატებული ღირებულების გადასახადში მიღებული ჩათვლების გაუქმების მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ხე-ტყის) შეძენას ახორციელებს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე სასაქონლო ზედნადებებით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ასევე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ბაზებში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების და სპეციალური ფირნიშების შესახებ არსებული ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე, დადგინდა, რომ კომპანიის მიერ შეძენილ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული წარმოშობის დოკუმენტი (ფირნიშის ნომრები) რიგ შემთხვევებში არ ეკუთვნოდა მომწოდებელს. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 31-ე მუხლის და საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ვერ იქნება განხილული ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების საფუძველზე, დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა, კერძოდ, აღნიშნული პირებისგან მიღებული ჩათვლები დაექვემდებარა გაუქმებას, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმებით შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ასევე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ბაზებში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების და სპეციალური ფირნიშების შესახებ არსებული ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე, დადგინდა, რომ კომპანიის მიერ შეძენილ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული წარმოშობის დოკუმენტი (ფირნიშის ნომრები) რიგ შემთხვევებში არ ეკუთვნოდა მომწოდებელს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ იქნა განხილული ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუქმებდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა.

ზემოაღნიშნულზე მითითებით, ვინაიდან კომპანიის მიერ შეძენილ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული წარმოშობის დოკუმენტი (ფირნიშის ნომრები) რიგ შემთხვევებში არ ეკუთვნის მომწოდებელს, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის გათვალისწინებით ოპერაციაზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადები და თავის მხრივ მის საფუძველზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ იქნა განხილული ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ჩათვლის გაუქმება განხორციელდა მართლზომიერად, კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შპს „---------“ მიერ შეძენილ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული წარმოშობის დოკუმენტი ფირნიშის ნომრები რიგ შემთხვევებში არ ეკუთვნის მომწოდებელს ეს კომპანიებია: შპს „-----------“ ------------ 152006,4 ლარი, დღგ-ს ჩათვლით, შპს „-------------“ (ს.ნ. -----------) 192368 ლარი, დღგ-ს ჩათვლით შპს „------------“ (ს/ნ ------------) – 58640 ლარი დღგ ს ჩათვლით სულ 403014,4 დღგ-ს ჩათვლით, მიღებული დღგ-ს ჩათვლა 61476,77 ლარი. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა 503768 ლარი დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 100753 ლარი.

შპს --------- საქმიანობის სფერო არის ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ხე-ტყის მასალის შესყიდვას/რეალიზაცია, მათ მიერ შეძენილი ყველა საქონელი დასტურდება შესაბამისი პირველადი ბუღალტრული დოკუმენტით; (სასაქონლო ზედნადები და საგადასახადო-ანგარიშ-ფაქტურა), ზემოთ მოყვანილი მიზეზი რომ ფირნიშის ნომრები არ ეკუთვნოდა მომწოდებელს რის გამოც მოხდა დაჯარიმება გამორიცხავს საზოგადოების ბრალეულობას, ვინაიდან ამის შემოწმება შეუძლებელი იყო 2023 წლის 15 ივნისამდე, გარდა ამისა ზემოთ მოყვანილი კომპანიების მიერ მიწოდებული საქონლის შეყვანა საწყის ნაშთებად ხე-ტყის აღრიცხვის ჟურნალში მოხდა უპრობლემოდ 2023 წლის 15 ივნისს თუ არ ეკუთვნოდა მათ როგორ მოხდა სისტემაში მათ მიერ მოწოდებული დოკუმენტით დამატება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

ვინაიდან, შპს ---------- გამოწერილ საქონლის შეძენის დამადასტურებელ სასაქონლო ზედნადებებში მისთვის საქონლის მიმწოდებელი პირების სახელზე გაცემული არ აღმოჩნდა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული წარმოშობის დოკუმენტი (ფირნიშის ნომრები), მსგავსი ზედნადებების ხარჯის დოკუმენტებად გაუთვალისწინებლობა და შესაბამისად, ამ საფუძვლით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დამატებული ღირებულების გადასახადში და დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის 3.06.2024 წლის №13029 ბრძანების გაუქმების საფუძველი.

 

2. ფულადი ნაშთის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ხე-ტყის) შეძენას ახორციელებს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე სასაქონლო ზედნადებებით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ასევე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ბაზებში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების და სპეციალური ფირნიშების შესახებ არსებული ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე, დადგინდა, რომ კომპანიის მიერ შეძენილ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული წარმოშობის დოკუმენტი (ფირნიშის ნომრები) რიგ შემთხვევებში არ ეკუთვნოდა მომწოდებელს. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 31-ე მუხლის და საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ვერ იქნა განხილული ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლების მიხედვით, ფულადი ნაშთი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით და გადასახადის გადამხდელს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ შემოწმებით შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ასევე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ბაზებში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების და სპეციალური ფირნიშების შესახებ არსებული ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე, დადგინდა, რომ კომპანიის მიერ შეძენილ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული წარმოშობის დოკუმენტი (ფირნიშის ნომრები) რიგ შემთხვევებში არ ეკუთვნოდა მომწოდებელს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ იქნა განხილული ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად, შესაბამისად, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზისას აღნიშნულ ოპერაციაზე გაწეული ხარჯი არ იქნა გათვალისწინებული განკარგვადი თანხის გაანგარიშებისას და დადგენილი ფულის ნაშთზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, კომპანიის მიერ საქონლის შეძენა დასტურდება, ასევე, მომწოდებლების მიერ მოწოდებული საქონლის საწყის ნაშთებად ასახვა ხე-ტყის აღრიცხვის ჟურნალში 2023 წლის 15 ივნისს განხორციელებულია უპრობლემოდ.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ფულადი სახსრების ნაშთის გაანგარიშების საკითხი და მის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფულადი სახსრების ნაშთის საფუძველზე, განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აღნიშნავს, რომ საშემოსავლო გადასახადში დარიცხული არალოგიკური ოდენობის თანხა (503768 ლარი) იგივე მიზეზებით ექვემდებარება გაუქმებას რაც დამატებული ღირებულების გადასახადშია მითითებული.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ხე-ტყის ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯი დოკუმენტურად დადასტურებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ხე-ტყე დამზადებულია ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის/ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის მფლობელის მიერ. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება:

ა) იმპორტირებული ხე-ტყის, მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის (მათ შორის, საქონელთან ერთად ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის, როგორც საქონლის შესაფუთი მასალის) შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე სანიტარიული ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის, მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე;

გ) სახელმწიფოს მიერ აუქციონის შედეგად ან მის გარეშე რეალიზებული (გადაცემული) ხე-ტყის, მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის (გარდა სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხეტყისა) შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე;

დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანხმობის საფუძველზე, კერძო საკუთრებაში არსებულ ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების (გარდა სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე-მცენარეებისა) შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე;

ე) სახელმწიფო (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდისა) საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების განკარგვაზე უფლებამოსილი პირის თანხმობის საფუძველზე სახელმწიფო (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდისა) საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების (გარდა სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე-მცენარეებისა) შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმებით შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ასევე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ბაზებში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების და სპეციალური ფირნიშების შესახებ არსებული ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე, დადგინდა, რომ კომპანიის მიერ შეძენილ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული წარმოშობის დოკუმენტი (ფირნიშის ნომრები) რიგ შემთხვევებში არ ეკუთვნოდა მომწოდებელს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ იქნა განხილული ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად, შესაბამისად, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზისას აღნიშნულ ოპერაციაზე გაწეული ხარჯი არ იქნა გათვალისწინებული განკარგვადი თანხის გაანგარიშებისას და დადგენილი ფულის ნაშთზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომპანიის მიერ საქონლის შეძენა დასტურდებოდა, ასევე, მომწოდებლების მიერ მოწოდებული საქონლის საწყის ნაშთებად ასახვა ხე-ტყის აღრიცხვის ჟურნალში 2023 წლის 15 ივნისს განხორციელებული იყო, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია რომ ფულადი სახსრების ნაშთის გაანგარიშების საკითხი და მის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებდა დამატებით შესწავლას. აღნიშნულის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა აუდიტის დეპარტამენტს დაავალა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განესაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის შესაბამისად განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის 3.06.2024 წლის №13029 ბრძანების გაუქმების და განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დამატებული ღირებულების გადასახადში მიღებული ჩათვლების გაუქმების მართლზომიერება;

2. ფულადი ნაშთის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ხე-ტყის მასალით.

შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიის მიერ შეძენილ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული წარმოშობის დოკუმენტი (ფირნიშის ნომრები) რიგ შემთხვევებში არ ეკუთვნოდა მომწოდებელს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ იქნა განხილული ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად, შესაბამისად, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზისას აღნიშნულ ოპერაციაზე გაწეული ხარჯი არ იქნა გათვალისწინებული განკარგვადი თანხის გაანგარიშებისას და დადგენილი ფულის ნაშთზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის ბრძანების გაუქმების და განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

73(5,9); 105(2);101(1);154(1);