გადაწყვეტილება №27080/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 01.05.2026
№ დოკუმენტი 27080/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27080/2/2026

01 მაისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.04.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 3.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27080/2/2026).

 

დავის საგანი:

1. 2025 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შემცირება;

2. საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა;

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №007-417 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 25.03.2026 წლის №6395 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 33 964,85 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 22 643,25

ჯარიმა - 11 321,60

 

პროცედურული გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა მეორადი ავტონაწილებითა და აქსესუარებით ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2025 წლის 2 სექტემბერს.

აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 2.09.2025 წლიდან 1.12.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №007-417 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 25.03.2026 წლის №6395 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. 2025 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შემცირება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის რეგისტრაციის მისამართია საქართველო, -------, -------, -------, ხოლო სალარო აპარატის რეგისტრაციის მისამართია -------. ამავე მისამართზე რეგისტრირებულია შპს ------- (ს/ნ -------) სალარო აპარატიც. ამასთან, კომპანიის დირექტორზე ------- (პ/ნ -------) შპს “-------” ფიქსირდება სახელფასო და სამივლინებო ხარჯების განაცემები.

2025 წლის 5 ნოემბრის №------- ზედნადებით შპს "-------" შპს "-------" ტრანსპორტირების გარეშე მიაწოდა 117 193 ლარის ღირებულების საქონელი (სხვადასხვა დასახელების მეორადი ავტონაწილები). 2025 წლის 24 ნოემბრის №25728 ბრძანებით ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა, რის შედეგადაც გამოვლინდა 149 346 ლარის ნაშთი (საბაზრო ღირებულებით). თავისივე დეკლარირებული 48%-იანი ფასნამატით ნაშთის თვითღირებულება შეადგენს 85 516 ლარს, ნაცვლად ბუღალტერიაში არსებული 192 091 ლარის ღირებულების ნაშთისა. შესაბამისი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ აღნიშნული ოპერაცია გაუქმდა და შესაბამისად შემცირდა შპს “-------” მიერ შესყიდული საქონლის ღირებულება. შემოწმების მიერ ფაქტობრივი გარემოებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით აღნიშნული ოპერაცია დაექვემდებარა გაუქმებას და 2025 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში შემცირდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული დღგის ჩათვლის ოდენობა, პირს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

1. კომპანიის საქმიანობისა და პარტნიორული ურთიერთობების არასწორი ინტერპრეტაცია. საგადასახადო შემოწმების აქტში აუდიტორი ხაზს უსვამს შპს „-------“ კავშირს (საერთო მისამართი, სალარო აპარატი) და დირექტორის წარსულ შრომით ურთიერთობას ამ კომპანიასთან. აღნიშნული გარემოება გამოყენებულია ნეგატიურ კონტექსტში, მაშინ როცა ------- 2025 წლის აგვისტოში შეწყვიტა მუშაობა შპს „-------“ და სექტემბერში დააფუძნა საკუთარი საწარმო — შპს „-------“. კომპანიებს შორის ურთიერთობა არის წმინდა პარტნიორული და კანონშესაბამისი.

2. საქონლის სტატუსის არასწორი იდენტიფიცირება 2025 წლის 5 ნოემბრის №------- ზედნადებით მიღებული 117 193 ლარის ღირებულების საქონელი აუდიტორმა შეაფასა როგორც „მეორადი ავტონაწილები“, მაშინ როდესაც სასაქონლო ზედნადებში დეტალურად და იდენტიფიცირებულად არის მითითებული ახალი ავტონაწილები. აუდიტორის მიერ საქონლის სტატუსის თვითნებური შეცვლა მიუთითებს შემოწმების არაობიექტურობაზე.

3. ფორსმაჟორული სიტუაცია ინვენტარიზაციისას 2025 წლის 24 ნოემბრის ინვენტარიზაცია დაემთხვა დირექტორის ჩინეთში სამივლინებო გამგზავრებას. დროის დეფიციტისა და სტრესული ვითარების გამო, დირექტორს გამორჩა ერთი დამხმარე სათავსო, სადაც ასევე ინახებოდა საქონელი. დაბრუნებისთანავე მან მოითხოვა ამ სათავსოს აღრიცხვა, რაზეც მიიღო უარი. შესაბამისად, დაფიქსირებული „დანაკლისი“ არის ხელოვნური და გამოწვეულია ტექნიკური ხარვეზით და არა რეალური რეალიზაციით.

4. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების დაუსაბუთებლობა აუდიტორმა გამოიყენა სსკ-ის 73-ე მუხლი იმ საბაბით, რომ თითქოს შეუძლებელია საქონლის იდენტიფიცირება. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს: კომპანია აწარმოებს დეტალურ ბუღალტერიას, სადაც ყოველი ნომენკლატურა იდენტიფიცირებულია. შესყიდვები (მაგ. შპს „-------“) ჩაშლილია დეტალურად და არა „ერთიანი დასახელებით“. კომპანიის საქმიანობის კოდია 45320 (საცალო ვაჭრობა ახალი ნაწილებით), ხოლო აუდიტორმა ხელოვნურად გამოიყენა „მეორადი ნაწილების“ არგუმენტი არაპირდაპირ მეთოდზე გადასასვლელად.

5. ფასნამატის არასწორი გაანგარიშება საწარმოს ბუღალტერია იძლევა საშუალებას დადგინდეს თითოეული საქონლის თვითღირებულება. ბუღალტერიაში არსებული ნაშთი (192 091 ლარი) არის რეალური. სხვაობა ბუღალტერიასა და ინვენტარიზაციას შორის (85 516 ლარი) გამოწვეულია არა რეალიზაციით, არამედ ზემოაღნიშნული აღურიცხველი სათავსოთი.

მომჩივანი ითხოვს:

1. ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 25 მარტის №6395 ბრძანება;

2. დაევალოს საგადასახადო ორგანოს შპს „-------“ საწყობებში (მათ შორის ინვენტარიზაციისას გამორჩენილ სათავსოში) არსებული ნაშთების ხელახალი აღრიცხვა და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება რეალური მონაცემების საფუძველზე;

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, კომპანიის ახალბედა სტატუსისა და დირექტორის ობიექტური ფორსმაჟორული მდგომარეობის გათვალისწინებით, გათავისუფლდეს საწარმო დაკისრებული სანქციებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

დადგენილია, რომ 2025 წლის 5 ნოემბრის №------- ზედნადებით შპს "-------" შპს "-------" ტრანსპორტირების გარეშე მიაწოდა 117 193 ლარის ღირებულების საქონელი (სხვადასხვა დასახელების მეორადი ავტონაწილები). 2025 წლის 24 ნოემბრის №25728 ბრძანებით ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა, რის შედეგადაც გამოვლინდა 149 346 ლარის ნაშთი (საბაზრო ღირებულებით). თავისივე დეკლარირებული 48%-იანი ფასნამატით ნაშთის თვითღირებულება შეადგენს 85 516 ლარს, ნაცვლად ბუღალტერიაში არსებული 192 091 ლარის ღირებულების ნაშთისა. შემოწმების მიერ აღნიშნული ოპერაცია გაუქმდა და შესაბამისად შემცირდა შპს “-------” მიერ შესყიდული საქონლის ღირებულება. შემოწმების მიერ ფაქტობრივი გარემოებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით აღნიშნული ოპერაცია დაექვემდებარა გაუქმებას და 2025 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში შემცირდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული დღგ-ის ჩათვლის ოდენობა და პირს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისათვის მოთხოვნილ იქნა აღნიშნული დოკუმენტის ნამდვილობის დადგენა.

მომჩივნის განმარტებით, საგადასახადო შემოწმების აქტში აუდიტორი ხაზს უსვამს შპს „-------“ კავშირს (საერთო მისამართი, სალარო აპარატი) და დირექტორის წარსულ შრომით ურთიერთობას ამ კომპანიასთან. აღნიშნული გარემოება გამოყენებულია ნეგატიურ კონტექსტში, მაშინ როცა ------- 2025 წლის აგვისტოში შეწყვიტა მუშაობა შპს „-------“ და სექტემბერში დააფუძნა საკუთარი საწარმო - შპს „-------“. კომპანიებს შორის ურთიერთობა არის წმინდა პარტნიორული და კანონშესაბამისი. საქონლის სტატუსის არასწორი იდენტიფიცირება 2025 წლის 5 ნოემბრის №------- ზედნადებით მიღებული 117 193 ლარის ღირებულების საქონელი აუდიტორმა შეაფასა როგორც „მეორადი ავტონაწილები“, მაშინ როდესაც სასაქონლო ზედნადებში დეტალურად და იდენტიფიცირებულად არის მითითებული ახალი ავტონაწილები.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი არ არის სრულყოფილად გამოკვლეული და უნდა განხორციელდეს დამატებით შესწავლა. ამ მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისაგან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

2. საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის ღირებულება განისაზღვრა ამავე პერიოდში საბაჟო ოპერაციითა და შპს "-------"-სგან შესყიდული საქონლის ღირებულების და 2025 წლის 24 ნოემბერის საქონლის ფაქტობრივი ნაშთის ღირებულებას შორის სხვაობით. რპთ-ზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. ვინაიდან კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე მეორადი ავტონაწილების შესყიდვა ხდებოდა ერთიანი დასახელების მითითებით და ვერ გაიმიჯნა ცალკეული საქონლის დასახელება, რაოდენობა და ღირებულება. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული 48%-იანი ფასნამატით ინვენტარიზაციით დადგენილი ნაშთის თვითღირებულება შეადგენს 85 516 ლარს, ნაცვლად ბუღალტერიაში არსებული 192 091 ლარის ღირებულების ნაშთისა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოწმების მიერ ჩატარდა აუდირებული კომპანიის ფასნამატების ანალიზი, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. საბოლოოდ, კომპანიის მიერ მიღებულმა/მისაღებმა შემოსავალმა ჯამში შეადგინა 84 040,86 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ის დეკლარირებული შემოსავალი შეადგენს 57 555 ლარს, შემოწმებით, სხვაობამ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის მონაცემებთან შედარებით შეადგინა 26 485 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და განმარტავს, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და აუდირებული ფასნამატით პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტები მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილია, რომ კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის ღირებულება განისაზღვრა ამავე პერიოდში საბაჟო ოპერაციითა და შპს "-------"-სგან შესყიდული საქონლის ღირებულების და 2025 წლის 24 ნოემბერის საქონლის ფაქტობრივი ნაშთის ღირებულებას შორის სხვაობით. რპთ-ზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. ვინაიდან კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე მეორადი ავტონაწილების შესყიდვა ხდებოდა ერთიანი დასახელების მითითებით, შემოწმება მოკლებული იყო შესაძლებლობას გაემიჯნა ცალკეული საქონლის დასახელება, რაოდენობა და ღირებულება. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული 48%-იანი ფასნამატით ინვენტარიზაციით დადგენილი ნაშთის თვითღირებულება შეადგენს 85 516 ლარს, ნაცვლად ბუღალტერიაში არსებული 192 091 ლარის ღირებულების ნაშთისა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შემოწმების მიერ ჩატარდა აუდირებული კომპანიის ფასნამატების ანალიზი, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. საბოლოოდ, კომპანიის მიერ მიღებულმა/მისაღებმა შემოსავალმა ჯამში შეადგინა 84 040,86 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ის დეკლარირებული შემოსავალი შეადგენს 57 555 ლარს, შემოწმებით, სხვაობამ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის მონაცემებთან შედარებით შეადგინა 26 485 ლარი.

მომჩივნის განმარტებით, აუდიტორმა გამოიყენა საგადასახდო კოდექსის 73-ე მუხლი იმ საბაბით, რომ თითქოს შეუძლებელია საქონლის იდენტიფიცირება. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს: კომპანია აწარმოებს დეტალურ ბუღალტერიას, სადაც ყოველი ნომენკლატურა იდენტიფიცირებულია. შესყიდვები (მაგ. შპს „-------“) ჩაშლილია დეტალურად და არა „ერთიანი დასახელებით“. საწარმოს ბუღალტერია იძლევა საშუალებას დადგინდეს თითოეული საქონლის თვითღირებულება.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი არ არის სრულყოფილად გამოკვლეული და უნდა განხორციელდეს დამატებით შესწავლა. ამ მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისაგან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული 29.12.2025 წლის №007-417 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაერიცხა სულ 33 964,85 ლარი, მათ შორის, ჯარიმა 11 321,60 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ვალდებულებებზე სანქციის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული ჯარიმისა და საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტები მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 25.03.2026 წლის №6395 ბრძანება;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, პირველი და მე-2 სადავო საკითხების დამატებით შესწავლა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისაგან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის შემცირება;

2. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფასნამატის ოდენობა;

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი არ არის სრულყოფილად გამოკვლეული და უნდა განხორციელდეს დამატებით შესწავლა. ამ მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისაგან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 175; 159; 163; 164; 269(7)