ბრძანება N 13564

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10.06.2024
№ დოკუმენტი 13564
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13564

10 ივნისი 2024

ბრძანება

შპს „-------- -ს “ (ს/ნ "-------")

(მის: "-------")

2023 წლის 9 ნოემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 24 მაისის სხდომაზე (ოქმი №55) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 მაისის №21767/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „------ -ს “ (ს/ნ "-------") №21275/2/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 23 ოქტომბრის №056-48 საგადასახადო მოთხოვნას.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავდა, რომ 2023 წლის 23 ოქტომბრის №056 – 48 საგადასახადო მოთხოვნით ერიცხება 222991.32 ლარი (ძირითადი გადასახადი დღგ - 86338.79 ლარი; ჯარიმა - 86338.79 ლარი; საურავი - 50313.74 ლარი).

საბაჟო ორგანომ შეამოწმა საბაჟო დეკლარაციები თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, გადაამოწმა ექსპორტიორ ქვეყანაში - თურქეთში, შედეგად გამოვლინდა უზუსტობები და წარმოიშვა დარიცხვა.

მომჩივანი მიუთითებდა, რომ კომპანია საქონლის დეკლარირებას ახდენდა მის ხელთ არსებული დოკუმენტების საფუძველზე და ყოველი იმპორტისას ტვირთავდა ექსპორტის დეკლარაციას, რაც მომჩივნის განმარტებით, არის უტყუარი დოკუმენტაცია იმისა, რასაც უგზავნიდა თურქეთის მხარე. ასევე ტვირთავდა თურქული კომპანიის მიერ მოწოდებულ ინვოისებს, რომლებიც ემთხვეოდა კომპანიის მიერ მიღებული საქონლის რაოდენობას. საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებდა, რომ კომპანიას არ აქვს ის მასალები და საბუთები რის გამოც საბაჟო ორგანოს მიერ მოხდა თანხის დარიცხვა და 2023 წლის 8 სექტემბრის №------- წერილზეც ვერ მოახდენდა რეაგირებას და ვერც გაასაჩივრებდა, რადგან ეს წერილი არც მიუღია.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვა საქონლის დეკლარირებისას წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინება და დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება).

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 13 ოქტომბრის №26125 ბრძანებით დაინიშნა შპს „-------- ს “ (ს/ნ "-------") სახელზე №------ 04.09.2019 საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება. მოცემული დეკლარაციებით შპს „------ -ს “ (ს/ნ "-------" ) მიერ განხორციელდა სხვადასხვა დასახელების საქონლის იმპორტი თურქეთიდან. აღნიშნული დეკლარაციები თანმხლებ დოკუმენტებთან გადამოწმდა ექსპორტიორ ქვეყანაში და თურქეთის შესაბამისი სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა მათი შესატყვისი ექსპორტის დოკუმენტაცია, რის პასუხად №------- 03.12.2021 წერილით მიღებულია ექსპორტის დეკლარაციების დამოწმებული ასლები.

საბაჟო ორგანოს ხელთ არსებული და თურქეთიდან მოწოდებული მასალების დეტალური შესწავლის შედეგად, გამოიკვეთა საქონლის ღირებულებებს შორის სხვაობა, ამასთან, №------ 04.09.2019 იმპორტის დეკლარაციებში მიწოდების პირობად დაფიქსირებულია „CIP --------“, ხოლო შესატყვის ექსპორტის დოკუმენტებში „FCA გაზიანტეპი“. მიღებული დოკუმენტების მიხედვით შეუძლებელი იყო საქონლის ტრანსპორტირების ხარჯის განსაზღვრა და ვინაიდან აღნიშნული ხარჯი წარმოადგენს საბაჟო ღირებულების განსაზღვრის აუცილებელ შემადგენელ ელემენტს, მონაცემთა ელექტრონულ ბაზებზე დაყრდნობით მოძიებულ იქნა თითქმის იმავე დროს იმპორტირებული, თითქმის იგივე რაოდენობის იდენტური საქონლის ტრანსპორტირების ხარჯი, რომლის გათვალისწინებით ტრანსპორტირების ღირებულებამ შეადგინა ერთ პარტიაზე 1700 აშშ დოლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „------- -ს “ (ს/ნ "-------") მიერ №------ საბაჟო დეკლარაციებში არასწორი მონაცემების შეტანით, საქონლის საბაჟო ღირებულება შემცირდა ჯამში 479420,56 ლარით, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის შემცირება.

შემოწმების შედეგად, შპს „------- -ს “ (ს/ნ "-------") №------ საბაჟო დეკლარაციებზე 2022 წლის 28 ოქტომბრის №056-49 საგადასახადო მოთხოვნით დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ ძირითადი იმპორტის გადასახდელი - დამატებული ღირებულების გადასახადი 86 338,79 ლარი. ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სანქცია ჯარიმის სახით დაეკისრა - 86 338,79 ლარი.

ამავდროულად, “საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 45-ე მუხლის მე-5-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მასალები გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაგზავნილი შემოწმების მასალები ადრესატს ჩაჰბარდა 2022 წლის 31 ოქტომბერს.

შპს „-------“ (ს/ნ "-------") არ დაეთანხმა საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 28 ოქტომბრის №056-49 საგადასახადო მოთხოვნას და 2022 წლის 28 ნოემბერს შემოსავლების სამსახურში წარადგინა №76836/1/2022 საჩივარი. მომჩივანმა მოითხოვა საქონლის დეკლარირებისას წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინება და სადავო აქტით დარიცხული თანხის კორექტირება. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 თებერვლის №2715 ბრძანებით შპს „-------- -ს “ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საბაჟო დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების დამატებით გამოკვლევა და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში 2022 წლის 28 ოქტომბრის №056-49 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შპს „------- -ს “ (ს/ნ "-------") შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 თებერვლის №2715 ბრძანების აღსრულების მიზნით, საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 8 სექტემბრის №------- წერილით გადამხდელისგან მოთხოვნილი იქნა დამატებითი მტკიცებულებები.

2023 წლის 8 სექტემბრის №-------- წერილი შპს „------- -ს “ (ს/ნ "-------") გაეგზავნა მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით, რომელსაც გაეცნო 2023 წლის 15 სექტემბერს, თუმცა შპს „------- -ს “ (ს/ნ "-------") საბაჟო დეპარტამენტისთვის არ წარუდგენია არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელთაც შესაძლო გავლენა უნდა მოეხდინა მისაღებ გადაწყვეტილებაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე საბაჟო დეპარტამენტი მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხორციელებინა დარიცხული თანხის კორექტირება. შემოსავლების სამსახურის №2715 14/02/2023 ბრძანების და საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გამოიცა 2023 წლის 19 ოქტომბრის №დ 10-21-10 დასკვნა, რომლის საფუძველზე მომზადდა 2023 წლის 23 ოქტომბრის №26088 ბრძანება დარიცხული გადასახდელისა და დაკისრებული სანქციის არშემცირების შესახებ და 2023 წლის 23 ოქტომბრის №056-48 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს ასევე მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაეგზავნა აღნიშნული აქტები, რომლებსაც ადრესატი გაეცნო 2023 წლის 3 ნოემბერს.

2023 წლის 9 ნოემბერს კომპანიამ №21275/2/2023 საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა არ გაიზიარა მომჩივნის არგუმენტი, რომ 2023 წლის 8 სექტემბრის №-------- წერილი არ მიუღია, ვინაიდან აღნიშნული წერილი მომჩივანს გაეგზავნა მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით, რომელსაც გაეცნო 2023 წლის 15 სექტემბერს და ჩაითვალა ჩაბარებულად. ამდენად, საბაჟო ორგანოს მიერ შემოსავლების სამსახურის №2715 ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება მიიჩნია კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში და 2023 წლის 5 დეკემბრის №30305 ბრძანებით შპს „------- -ს “ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

2023 წლის 5 დეკემბრის №30305 ბრძანება მომჩივანმა გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ 2024 წლის 14 მაისის №21767/2/2024 გადაწყვეტილებაში მიუთითა საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ თითოეულ დეკლარაციას მოჰყვება თურქეთიდან გამოთხოვილი ექსპორტის დეკლარაცია, რაც წარედგინა საბაჟო დეპარტამენტს და მათში ასახული მონაცემები, მიწოდების პირობა და თანხები, შეესაბამება ინვოისის მონაცემებს. შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი გამოვლენილიყო სხვაობა.

ასევე მიუთითა მომჩივნის არგუმენტზე საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ მომჩივნის მიერ მითითებული დოკუმენტები საქონელს ახლდა გაფორმებისას, სწორედ აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე განხორციელდა საქონლის დეკლარირება. თუმცა, თურქეთის საბაჟო ორგანოსთან დოკუმენტების გადამოწმების შემდგომ წარმოდგენილი დოკუმენტებით იდენტიფიცირდება, რომ გაფორმებულია იგივე საქონელი, მაგრამ განსხვავდება ღირებულებები და მიწოდების პირობები, რის საფუძველზეც განხორციელდა დარიცხვა.

საბჭომ მიუთითა, რომ შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2715 ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტს და არა მომჩივანს, დაევალა დამატებით გამოიკვლიოს და შეისწავლოს მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები და მიაჩნია, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები სადავოა, კერძოდ შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2715 ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტისთვის მიცემული დავალების და საბაჟო დეპარტამენტის მიერ გადამხდელისგან მოთხოვნილი დამატებითი მტკიცებულებების წარუდგენლობის საფუძვლით შემოსავლების სამსახურის აღნიშნული ბრძანების აღსრულებულად მიჩნევის შესაბამისობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ და გააუქმა შემოსავლების სამსახურის 5.12.2023 წლის №30305 ბრძანება, ხოლო საჩივარი დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დააკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:

ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;

ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.

ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. ასეთ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან (შემდგომ − საგადასახადო მოთხოვნა) ერთად.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულებაში შეიტანება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ადგილამდე გაწეული შემდეგი ხარჯები:

ა) ტრანსპორტირების ხარჯები, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და დამუშავების (მათ შორის, საწყობში შენახვის) ხარჯები. თუ სხვადასხვა სასაქონლო პარტია ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით არის შემოტანილი, ტრანსპორტირების ხარჯები პროპორციულად განაწილდება, რაც უნდა განისაზღვროს გადამზიდავთან დადებული ხელშეკრულებით;

ბ) სადაზღვევო ხარჯი, თუ ეს ხარჯი დეკლარანტმა გასწია.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილი კი ადგენს, რომ ფაქტობრივად გადახდილ ან გადასახდელ ფასს ამ მუხლით გათვალისწინებული ხარჯები დაემატება მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების საფუძველზე.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელების ერთ-ერთი საფუძველია საბაჟო ორგანოში არსებულ მონაცემთა ანალიზის შედეგები ან/და დადგენილი წესით მოთხოვნილი და მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ფარგლებში მიღებული ინფორმაცია.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტი მიუთითებს, რომ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის მიზანია საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საქონლის რაოდენობის ან/და სახეობათა რაოდენობის ან/და სეს ესნ-ის კოდის განსაზღვრის სისწორის ან/და საქონლის მიმართ დაწესებულ აკრძალვებთან ან/და შეზღუდვებთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის შემოწმება.

ამავე მუხლის მე-4 პუნქტი აზუსტებს, რომ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის მიზნებისათვის, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, მტკიცებულებად ჩათვალოს სხვა ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი ან საბაჟო დეკლარაცია ან/და მსოფლიო ბაზრის ფასები, როდესაც ასეთი ფასების გამოყენების ვალდებულება გათვალისწინებულია გარიგებით, თუ:

ა) წარმოიშვა ეჭვი საქართველოსსაბაჟო ტერიტორიაზე საქონლის უკანონოდ შემოტანაზე/ტერიტორიიდან უკანონოდ გატანაზე ან დეკლარირებული მონაცემების ან დეკლარანტის ან/და მისი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი სხვა ინფორმაციის უტყუარობაზე, ან

ბ) დადგენილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის უკანონოდ შემოტანის/ტერიტორიიდან უკანონოდ გატანის ფაქტი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)– იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭოს მითითებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2715 ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტს და არა მომჩივანს, დაევალა დამატებით გამოიკვლიოს და შეისწავლოს მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები, საბჭოს მიაჩნია, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები სადავოა, კერძოდ შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2715 ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტისთვის მიცემული დავალების და საბაჟო დეპარტამენტის მიერ გადამხდელისგან მოთხოვნილი დამატებითი მტკიცებულებების წარუდგენლობის საფუძვლით შემოსავლების სამსახურის აღნიშნული ბრძანების აღსრულებულად მიჩნევის შესაბამისობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლი ადგენს, რომ ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

ამავე კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ამავე საკანონმდებლო აქტის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია:

ა) გამოითხოვოს დოკუმენტები;

ბ) შეაგროვოს ცნობები;

გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს;

დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი;

ე) დანიშნოს ექსპერტიზა;

ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები;

ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ასევე ადგენს, რომ დაინტერესებული მხარე ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ადმინისტრაციული წარმოებისას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტების დამადასტურებელი მტკიცებულებები. საბაჟო დეპარტამენტს ასევე დაევალოს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი (მათ შორის მომჩივნის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „------- -ს “ (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტების დამადასტურებელი მტკიცებულებები;

3. დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი (მათ შორის მომჩივნის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს

სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს საქონლის დეკლარირებისას წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებას და დარიცხული თანხის კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბჭომ მიუთითა, რომ შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2715 ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტს და არა მომჩივანს, დაევალა დამატებით გამოიკვლიოს და შეისწავლოს მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები და მიაჩნია, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები სადავოა, კერძოდ შემოსავლების სამსახურის 14.02.2023 წლის №2715 ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტისთვის მიცემული დავალების და საბაჟო დეპარტამენტის მიერ გადამხდელისგან მოთხოვნილი დამატებითი მტკიცებულებების წარუდგენლობის საფუძვლით შემოსავლების სამსახურის აღნიშნული ბრძანების აღსრულებულად მიჩნევის შესაბამისობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ და გააუქმა შემოსავლების სამსახურის 5.12.2023 წლის №30305 ბრძანება, ხოლო საჩივარი დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დააკმაყოფილა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტების დამადასტურებელი მტკიცებულებები. საბაჟო დეპარტამენტს ასევე დაევალოს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება . საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟოკოდექსის შემდეგ ნორმებს:

13,163,167.

სსკ 306