ბრძანება N 2993

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 12.02.2026
№ დოკუმენტი 2993
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2993

12 თებერვალი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------- (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 14 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 5 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №11) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) 2026 წლის 14 იანვრის №99991/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 დეკემბრის №007-343 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. განმარტავს, რომ 2024 წლის პირველი თებერვლიდან სარგებლობს მცირე ბიზნესის სტატუსით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლის თანახმად ვალდებული იყო ეწარმოებინა აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი, რომელსაც აწარმოებდა და მოთხოვნის შემთხვევაში შეუძლია მისი წარმოდგენა. მომჩივანი განმარტავს, რომ მისი სააღრიცხვო დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ საქონელზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატის გავრცელებას. მომჩივანი განმარტავს, რომ გაურკვეველია რატომ გამოიყენა შემმოწმებელმა აუდირებული ფასნამატი, მაშინ როცა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის რაოდენობა შეადგენდა მთლიანი რეალიზაციის 18%-ზე მეტს. ასევე, განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ 2023 წლის 24 ოქტომბერს და 2025 წლის 11 ივლისს ჩატარდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შემდეგაც საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 37%. მომჩივანი მიუთითებს შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანების მე-10 დანართის მე-20 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს ფასნამატის გამოყენების რიგითობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს ფასნამატი გაანგარიშებულ იქნეს აღნიშნული ბრძანების შესაბამისად.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საბოლოო სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთს. განმარტავს, რომ 2025 წლის 11 ივლისის ინვენტარიზაციით დადგენილი პროდუქციის საბაზრო ფასიდან გამომდინარე, თვითღირებულების გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა აუდირებული, მესამე პირის ფასნამატი (67.84%). მისი განმარტებით, აღნიშნული მიდგომა არასწორია, ვინაიდან შემოწმების მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელი იყო მიეწოდებინა პირდაპირი მეთოდით (თითოეულ პროდუქციაზე შესყიდვის ღირებულებები, შესყიდვის დოკუმენტაციის მითითებით) დაანგარიშებული სმფ-ის თვითღირებულება. გადასახადის გადამხდელი ითხოვს აღნიშნულ ნაწილში გაანგარიშების კორექტირებას.

4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობას. განმარტავს, რომ 2025 წლის 28 იანვარს ------- ტერიტორიაზე, ი/მ ------- მიერ იჯარით აღებულ სასაწყობო ფართში გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც დაიწვა და განადგურდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობები (დაახლოებით 400 000 ლარის (სარეალიზაციო ფასით, დღგ-ის ჩათვლით)). მიუთითებს, რომ აღნიშნული ფაქტი დასტურდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ------- პოლიციის დეპარტამენტის წერილით და შპს „-------“ გენერალური დირექტორის მიერ გაცემული ცნობით. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემმოწმებელმა არაპირდაპირი მეთოდი გამოიყენა შემოსავლების დათვლის მიზნით, ხოლო ხარჯების ნაწილში, კერძოდ დამწვარი და განადგურებული მარაგების შემთხვევაში, არ გამოუყენებია აღნიშნული მეთოდი. ზემოთ მოცემული არგუმენტების გათვალისწინებით, ითხოვს აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 ივნისის №12955 და 28 ოქტომბრის №23757 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 28 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის 9 დეკემბრის №27037 ბრძანება და ამავე თარიღის №007-343 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 187 287 ლარი, მათ შორის, გადასახადი 111 487 ლარი, ჯარიმა 54 185 ლარი და საურავი 21 615 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

● ი/მ ------- (ს/ნ -------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2009 წლის 7 ივლისს, დღგ-ის გადამხდელად კი რეგისტრირებულია 2011 წლის 5 აპრილიდან. მეწარმის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ქალის ფეხსაცმელებით და ტანსაცმლით. საქმიანობის განხორციელების ადგილია -------, ------- (-------). სავაჭრო ფართი და საწყობი იჯარით არის აღებული (მეიჯარეები: შპს „-------“ (ს/ნ -------) და შპს „-------“ (ს/ნ -------)). გადასახადის გადამხდელი ქალის ტანსაცმლის/ფეხსაცმლის იმპორტს ახორციელებს ჩინეთიდან და თურქეთიდან. მეწარმე საქონლის რეალიზაციას ახორციელებს როგორც დოკუმენტურად, ასევე დოკუმენტის გარეშე (დოკუმენტური რეალიზაციების წილი შეადგენს 15%-ს). საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივლისის №15496 ბრძანებით გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და 2025 წლის 11 ივლისის მდგომარეობით საქონლის ნაშთი შეადგენს 760 842 ლარს (საბაზრო ღირებულებით). გადასახადის გადამხდელი საბუღალტრო აღრიცხვას არ აწარმოებდა. 01.01.2022 - 01.07.2025 საანგარიშო პერიოდში დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს -4%-ს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 24 ოქტომბრის №26165 ბრძანებით გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და 2023 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით საქონლის ნაშთი შეადგენს 774 552 ლარს (პირვანდელი ღირებულებით). 2023 წლის 24 ოქტომბრიდან (პირველი ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღი) 2025 წლის 11 ივლისამდე (მეორე ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღი) სულ შეძენილია 113 302 ლარის ღირებულების საქონელი, დეკლარირებული ბრუნვა კი მოცემულ პერიოდში შეადგენს 457 819 ლარს დღგ-ის გარეშე (მათ შორის პირველი ინვენტარიზაციით დადგენილი დანაკლისი 113 341 ლარი), სულ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 774 547 ლარს. 2024 წელს გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, 2024 წლის პირველი თებერვლიდან კი მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი.

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და ინვენტარიზაციის მასალები, თუმცა ვერ ხერხდება/შეუძლებელია რეალიზებული და შეძენილი საქონლის ერთმანეთთან დაკავშირება. შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა დღგ-ის ნაწილში განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დადგენილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება საქონლის ჯგუფების მიხედვით (ქალის ფეხსაცმელი, სპორტული ფეხსაცმელი, ტანსაცმელი), რაზეც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი (საშუალო შეწონილი ფასნამატი 67.84%). აღნიშნული ფასნამატები შერჩეულ იქნა საქმიანობის სპეციფიკისა და ტერიტორიული ნიშნის გათვალისწინებით. შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი. აღნიშნული შემოსავალი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა შესაბამისი პერიოდების დღგ-ის ბრუნვებში. შემოწმებით განსაზღვრული ჯგუფური ფასნამატის გათვალისწინებით დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. საგადასახადო შემოწმებით გაიზარდა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვები, 2023 წლის ერთობლივი შემოსავალი, 2024 წლის ერთობლივი შემოსავალი (იანვრის თვის საანგარიშო პერიოდი) და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

● მეწარმის მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილ დეკლარაციებში ასახული ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა განსხვავდება საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისაგან. საგადასახადო შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად კორექტირებას დაექვემდებარა ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაკავშირებული ხარჯების ოდენობა, 2022 წელს შემცირდა გამოსაქვითი ხარჯის ოდენობა, 2023 წელს კი გაიზარდა გამოსაქვითი ხარჯის ოდენობა (მეწარმეს გამოქვითული არ ჰქონდა იჯარის და საკონსულტაციო მომსახურების საფასური), 2024 წელს კი გათვალისწინებულ იქნა იანვრის თვის ხარჯები. საგადასახადო შემოწმებით გაიზარდა 2023 წლის სმფ-ების საბოლოო ნაშთი, 2024 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში კი გათვალისწინებულ იქნა იანვრის თვის საბოლოო ნაშთი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაკორექტირდა მეწარმის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები, შესაბამისად, გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

ამავე კოდექსის 90-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.

3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:

ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;

ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;

გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. 01.01.2022 - 01.07.2025 საანგარიშო პერიოდში დეკლარირებული ფასნამატი შეადგენდა -4%-ს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 24 ოქტომბრის №26165 ბრძანებით გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებით, 2023 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით საქონლის ნაშთი შეადგენდა 774 552 ლარს (პირვანდელი ღირებულებით), ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივლისის №15496 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგინდა, რომ 2025 წლის 11 ივლისის მდგომარეობით საქონლის ნაშთი შეადგენდა 760 842 ლარს (საბაზრო ღირებულებით). 2023 წლის 24 ოქტომბრიდან (პირველი ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღი) 2025 წლის 11 ივლისამდე (მეორე ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღი) სულ შეძენილია 113 302 ლარის ღირებულების საქონელი, დეკლარირებული ბრუნვა კი მოცემულ პერიოდში შეადგენდა 457 819 ლარს, დღგ-ის გარეშე (მათ შორის პირველი ინვენტარიზაციით დადგენილი დანაკლისი 113 341 ლარი). სულ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვა შეადგენდა 774 547 ლარს. 2024 წელს გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა წარმოდგენილი წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, 2024 წლის 1 თებერვლიდან კი მინიჭებული ჰქონდა მცირე ბიზნესის სტატუსი. ამას გარდა, დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და ინვენტარიზაციის მასალები, თუმცა ვერ მოხერხდა რეალიზებული და შეძენილი საქონლის ერთმანეთთან დაკავშირება. შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის ნაწილში განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დადგენილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება საქონლის ჯგუფების მიხედვით (ქალის ფეხსაცმელი, სპორტული ფეხსაცმელი, ტანსაცმელი) რაზეც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი (საშუალო შეწონილი ფასნამატი 67.84%).

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, გადასახადის გადამხდელის წერილობითი და ზეპირი ახსნაგანმარტებით, 2023 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდებზე არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა ან/და ჩანაწერები. საბუღალტრო პროგრამა აქვს მხოლოდ 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე, რის შედეგადაც, საგადასახადო შემოწმებით 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე გადასახადი არ არის დარიცხული. ამას გარდა, დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და ინვენტარიზაციის მასალები, თუმცა შეუძლებელი იყო რეალიზებული და შეძენილი საქონლის ერთმანეთთან დაკავშირება, რის გამოც საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის ნაწილში განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდებზე გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა ბუღალტრული აღრიცხვა ან/და ჩანაწერები, ასევე, მცირე მეწარმედ რეგისტრაციის პერიოდზე შემოწმებას ვერ წარუდგინა სპეციალური ჟურნალი, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოეყენებია არაპირდაპირი მეთოდი, მაგრამ ფასნამატთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, სადაც აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში, ჩატარდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შემდეგაც საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 37% და ითხოვს ფასნამატი გაანგარიშებულ იქნეს შემოსავლების სამსახურის უფროსის N22708 ბრძანების მე-10 დანართის მე-20 მუხლის თანახმად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2023 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემები (ფასნამატი) გაავრცელოს უახლოეს/მომიჯნავე პერიოდზე დოკუმენტის გარეშე რეალიზებული შესაბამისი ჯგუფის საქონლის თვითღირებულებაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ასევე, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების შემდეგ, აუდიტის დეპარტამენტმა უნდა განახორციელოს სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთის კორექტირება.

რაც შეეხება 2025 წლის საანგარიშო პერიოდზე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატის გავრცელებას, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია.

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის 61 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-6 ნაწილში აღნიშნული პირობების გაუთვალისწინებლად ჩამოწეროს დაუძლეველი ძალის (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი, ავარია ან სხვა საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელისაგან დამოუკიდებელი მიზეზით განადგურდა/დაიკარგა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები) ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 3716 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ამ წესის 32-ე-37-ე მუხლებით დადგენილი პირობებისა და პროცედურების გაუთვალისწინებლად, ჩამოწეროს დაუძლეველი ძალის (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი, ავარია ან სხვა საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელისაგან დამოუკიდებელი მიზეზით განადგურდა/დაიკარგა სასაქონლომატერიალური ფასეულობები) ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის 61 ნაწილის ძალაში შესვლამდე განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზით, განადგურებული/დაკარგული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჩამოწერის საფუძველია:

ა) უფლებამოსილი ორგანოს (საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების) მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დადასტურებულია მიწისძვრის, წყალდიდობის, მეწყერის, ზვავის, ხანძრის, ავარიის ან სხვა საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოების არსებობის ფაქტი.

ბ) სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან/და სხვა დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება დაუძლეველი ძალის ადგილზე, მისი მოქმედების არეალში გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, ამ საქმიანობისთვის განკუთვნილი ობიექტის, სატრანსპორტო საშუალების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების არსებობის ფაქტი.

ხოლო, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ პუნქტების თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი ადგენს განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტს, რომლის შედგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით, საგადასახადო ორგანოს წარუდგენს:

ა) განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტს;

ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცნობას;

გ) „განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ ინფორმაციას“ (დანართი №244 ).

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ მეწარმის მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილ დეკლარაციებში ასახული ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა განსხვავდებოდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისაგან. საგადასახადო შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად კორექტირებას დაექვემდებარა ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაკავშირებული ხარჯების ოდენობა. 2022 წელს შემცირდა გამოსაქვითი ხარჯის ოდენობა, 2023 წელს კი გაიზარდა გამოსაქვითი ხარჯის ოდენობა, 2024 წელს კი გათვალისწინებულ იქნა იანვრის თვის ხარჯები. საგადასახადო შემოწმებით გაიზარდა 2023 წლის სმფების საბოლოო ნაშთი, 2024 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში კი გათვალისწინებულ იქნა იანვრის თვის საბოლოო ნაშთი.

გადასახადის გადამხდელის საჩივარში მიუთითებს, რომ ი/მ ------- მიერ იჯარით აღებულ სასაწყობე ფართში გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც დაიწვა და განადგურდა სასაწყობო ფართში არსებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობები. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი დასტურდება შპს „-------“ გენერალური დირექტორის მიერ გაცემული ცნობით და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ------- პოლიციის დეპარტამენტის წერილით.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ დგინდება რა ოდენობის საქონელი განადგურდა ხანძრის შედეგად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2023 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემები (ფასნამატი) გაავრცელოს უახლოეს/მომიჯნავე პერიოდზე დოკუმენტის გარეშე რეალიზებული შესაბამისი ჯგუფის საქონლის თვითღირებულებაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთის კორექტირება და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.

2. რეალიზებულ საქონელზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატის გავრცელება.

3. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საბოლოო სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთი.

4. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში დამუშავებულ იქნა განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და ინვენტარიზაციის მასალები, თუმცა ვერ ხერხდება/შეუძლებელია რეალიზებული და შეძენილი საქონლის ერთმანეთთან დაკავშირება. შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა დღგ-ის ნაწილში განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დადგენილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება საქონლის ჯგუფების მიხედვით, რაზეც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი. აღნიშნული ფასნამატები შერჩეულ იქნა საქმიანობის სპეციფიკისა და ტერიტორიული ნიშნის გათვალისწინებით. შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი. აღნიშნული შემოსავალი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა შესაბამისი პერიოდების დღგ-ის ბრუნვებში. შემოწმებით განსაზღვრული ჯგუფური ფასნამატის გათვალისწინებით დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. საგადასახადო შემოწმებით გაიზარდა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვები, ერთობლივი შემოსავალი, და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2023 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემები (ფასნამატი) გაავრცელოს უახლოეს/მომიჯნავე პერიოდზე დოკუმენტის გარეშე რეალიზებული შესაბამისი ჯგუფის საქონლის თვითღირებულებაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); აღნიშნულის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთის კორექტირება და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 90; 102; 159; 163;