გადაწყვეტილება №19166/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19166/2/2023
6.04.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ს 15.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19166/2/2023).
დავის საგანი:
საქონლის ტრანსპორტირების ხარჯის არასწორად დეკლარირების საფუძვლით საქონლის საბაჟო ღირებულების და შესაბამისად საბაჟო გადასახდელის ოდენობის შემცირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №086-60 საგადასახადო მოთხოვნა; 2. შემოსავლების სამსახურის 20.02.2023 წლის №3124 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 28 131 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 10 914
ჯარიმა - 10 914
საურავი - 6 303
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ყვავილებით და მცენარეებით. საბაჟო დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №33304 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა კომპანიის მიერ ---------- საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება. მასალების წინასწარი შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ მოცემულ საბაჟო დეკლარაციებში საქონლის მიწოდების პირობაა CPT თბილისი. ამასთან, საბაჟო დეკლარაციებში საქონლის საბაჟო ღირებულებები შესაძლოა იმდენად შეუსაბამო და დაბალია, რომ სავარაუდოდ მასში არ იყო გათვალისწინებული ტრანსპორტირების ღირებულება (ინვოისებსა და თანმდევი დოკუმენტების შესაბამის გრაფებში ცალკე არაა გამოყოფილი). აღნიშნული კი წარმოადგენს საბაჟო ღირებულების განსაზღვრის აუცილებელ შემადგენელ ელემენტს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველოს მიერ, საქონლის საბაჟო ღირებულების, მათ შორის გადახდილი/გადასახდელი ტრანსპორტირების ხარჯის სიზუსტის დადგენის მიზნით, ინფორმაცია/დოკუმენტაცია გამოთხოვილია მომჩივნისგან. პერიოდის მიხედვით შერჩეული დეკლარაციების თანმხლები სატრანსპორტო ზედნადებებით (Air Waybill) გაწეული მომსახურების (ტვირთის გადაზიდვის) შესაბამისი ხარჯების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ასევე, გამოთხოვილია „----------“ (ს/ნ ----------).
მომჩივნის მიერ 7.11.2022 წლის №---------- განცხადებით წარდგენილი დოკუმენტაციით (სს „საქართველოს ბანკის“ მიერ გაცემული - ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან) გამოიკვეთა, რომ მოცემულ პერიოდში ტვირთის ექსპორტიორთან ეტაპობრივად გადარიცხული თანხა ბევრად აღემატება შესაბამის პერიოდში კომპანიის მიერ საბაჟო დეკლარაციებში დეკლარირებულ საქონლის საბაჟო ღირებულებას. მოპოვებული ინფორმაციის (მათ შორის მსგავსი გადაზიდვების ღირებულების ანალიზით) და საბაჟო დეპარტამენტის ხელთ არსებული დოკუმენტაციის წინასწარი შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ საქონლის გაფორმებისას, ტრანსპორტირების ხარჯი არ იქნა განსაზღვრული შესაბამისი დეკლარაციების საბაჟო ღირებულებებში, რამაც გამოიწვია საბაჟო ღირებულების და შესაბამისად, იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. მომჩივანს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი (დღგ) და დაეკისრა ჯარიმა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
შემოწმების შედეგები აისახა საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №---------- საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №33632 ბრძანება და ამავე თარიღის №086-60 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 23.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.02.2023 წლის №3124 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ (7.11.2022 წლის №----------) განცხადებით წარდგენილი დოკუმენტაციით გამოიკვეთა, რომ ექსპორტიორთან ეტაპობრივად გადარიცხული თანხა ბევრად აღემატება საბაჟო დეკლარაციებში დეკლარირებულ საქონლის საბაჟო ღირებულებას. მოპოვებული ინფორმაციისა და საბაჟო დეპარტამენტის ხელთ არსებული დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ საქონლის გაფორმებისას, ტრანსპორტირების ხარჯი არ იქნა განსაზღვრული შესაბამისი დეკლარაციების საბაჟო ღირებულებებში, რამაც გამოიწვია საბაჟო ღირებულების და შესაბამისად საბაჟო გადასახდელის ოდენობის შემცირება, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტით დარიცხული სანქცია და საბაჟო ვალდებულება მართლზომიერია.
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული ვალდებულება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურში მის დაუსწრებლად საჩივრის განხილვით დაირღვა მისი უფლებები, რამდენადაც პრაქტიკულად არ მიეცა შესაძლებლობა საჩივრის განხილვისას შემოსავლების სამსახურისათვის უშუალოდ კომუნიკაციის პირობებში აეხსნა საგადასახადო დავის შინაარსი და გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ და მხოლოდ ცალმხრივად შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის პრაქტიკულად არარეალური, „სავარაუდო“ მოსაზრების საფუძველზე და საერთოდ არ იქნა გაზიარებული ის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არგუმენტები რაზეც მსჯელობა და ყურადღება ჰქონდა გამახვილებული წარდგენილ საჩივარში. კერძოდ, შემოწმების შედეგებზე შემოწმების აქტის შედგენისა და აღნიშნული აქტის საფუძველზე ადმინისტრაციული საქმის წარმოების პროცესში საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან დაირღვა საქართველოს საბაჟო, საგადასახადო და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსებით გათვალისწინებული მოთხოვნები, შემოწმების შედეგებზე არ გაგზავნია საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტები, აქტის პროექტზე მისთვის არ მოუთხოვიათ და შესაბამისად არ წარუდგენია მისი პოზიცია, რომელთა შესწავლისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მოხდებოდა გადაწყვეტილების მიღება შემოწმების შედეგების მიხედვით გადასახადებისა და ფინანსური სანქციების დარიცხვის თაობაზე, რაც არ გახდებოდა მათი მხრიდან საკამათო და შესაბამისად სადავო.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ადმინისტრაციული საქმის წარმოებაზე იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე პრაქტიკულად არ მომხდარა მისი მოსაზრებების შეჯერება შემმოწმებლის მიერ შემოწმების აქტის მიხედვით დაფიქსირებულ გარემოებებთან და მათზე მიღებულ შეფასებასთან. შესაბამისად, აღნიშნულისა შემოწმების აქტის მიხედვით დაფიქსირებული სამართალდარღვევათა კვალიფიკაცია ცალმხრივია, აღნიშნულის შედეგად საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან პრაქტიკულად დაირღვა ადმინისტრაციული საქმისწარმოების ზოგადი წესი და მხოლოდ და მხოლოდ შემმოწმებლის არარეალური - „სავარაუდო“ შეფასებების საფუძველზე მოხდა მათ მიერ იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების გაზრდა და აღნიშნული არარეალურად გაზრდილ საბაჟო ღირებულებაზე, ასევე არარეალურად და სრულიად უსაფუძვლოდ მოხდა დღგ-ის და სანქციის დაკისრება.
სადავო დარიცხვას არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:
საყოველთაოდ ცნობილია საერთაშორისო სავაჭრო სამრეწველო პალატის (international Chamber of Commerce, ICC) საერთაშორისო ვაჭრობის ტერმინების შესაბამისად, რომელიც მიღებული და აღიარებულია მრავალი ქვეყნის მთავრობის მიერ, ზუსტად განისაზღვრება საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდებასთან დაკავშირებული ამოცანები, დანახარჯები და რისკები. აღნიშნულის შესაბამისად, „ინტერკომსი 2010“-ის მერვე ვერსიის მესამე კატეგორიის - ე.წ. „C ტერმინის“ მიხედვით გამყიდველი ვალდებულია გადაიხადოს სატრანსპორტო დანახარჯების ღირებულება, მაგრამ იგი თავის თავზე არ იღებს ტვირთის შემთხვევით დაღუპვის ან განადგურების რისკს, აგრეთვე იმ დამატებით ხარჯებს რომლებიც შეიძლება წარმოიშვას გემზე დატვირთვისა და გადაზიდვის შემდეგ. „ინტერკომსი 2010“-ის მიერ განსაზღვრული (7 პირობა) შესაბამისად „CPT – Carriage paid to - გადაზიდვა ანაზღაურებულია...-მდე (დანიშნულების ადგილის დასახელება)“.
შემოწმების აქტში მითითებულია, რომ „...მასალების წინასწარი შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ მოცემულ საბაჟო დეკლარაციებში საქონლის მიწოდების პირობაა CPT თბილისი...“-დან, გამომდინარე მათ მიერ დეკლარირებული მონაცემები შეესაბამება იმ რეალობას, რასაც შესაბამისი საბაჟო დეკლარაციების მიხედვით მიწოდების პირობა „CPT თბილისი“ მოიცავს. აღნიშნულის გათვალისწინებით შემმოწმებლის ეჭვი იმასთან დაკავშირებით რომ „სავარაუდოდ მასში არ იყოს გათვალისწინებული ტრანსპორტირების ღირებულება“ საქონლის საბაჟო ღირებულების გასაზრდელად და დამატებით დარიცხვების განხორციელების გამოსაყენებლად სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, იმდენად, რამდენადაც ყველა ვალდებულება რაც საქონლის თბილისამდე ტრანსპორტირებასთან იყო დაკავშირებული მოწოდების პირობიდან - „CPT თბილისიდან“, მომწოდებლის (ექსპორტიორის) ვალდებულებას წარმოადგენდა და მასში არანაირი ეჭვი არ შეუტანია. შესაბამისად, მოწოდებულის დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდა მათი განბაჟება.
რაც შეეხება შემმოწმებლის აპელირებას თემაზე რომ: „კომპანიის განცხადებით წარდგენილი დოკუმენტაციით (სს საქართველოს ბანკის“ მიერ გაცემული - ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან) იკვეთება, რომ მოცემულ პერიოდში კომპანიისგან ტვირთების ექსპორტიორთან ეტაპობრივად გადახდილი თანხა ბევრად აღემატება შესაბამის პერიოდში კომპანიის საბაჟო დეკლარაციებში დეკლარირებულ საქონლის საბაჟო ღირებულებას“. აღნიშნულ საკითთან დაკავშირებით საბაჟო დეპარტამენტის 19.10.2022 წლის №---------- წერილის პასუხად შემმოწმებელს მოთხოვნილ სხვა ინფორმაციებთან ერთად წერილობით მიაწოდა შესაბამისი განმარტება:
„----------დან ყვავილების მომწოდებლებთან შესაბამისი ნდობის მოპოვებისა და აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ რაც უფრო დიდი მოცულობის საქონლის მოწოდებაზე ვაკეთებდით შესაკვეთ განცხადებას მით უფრო შეღავათიან ფასებში გვაწვდიდა საქონელს მომწოდებელი. იმის გათვალისწინებით რომ COVID-19-ის პანდემიის პირობებში მსოფლიოს მასშტაბით მკვეთრად გაუარესდა ეკონომიკური მდგომარეობა, რაც ზოგადად განაპირობა პანდემიის პირობებში სატრანსპორტო მომსახურებას და იმპორტის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა თანმდევი ხარჯების მნიშვნელოვნად ზრდამ, ჩვენს მიერ დაგეგმილი საქონლის იმპორტს კომერციული თვალსაზრისით აზრი დაეკარგა და აღარც შესაბამისი საქონლის იმ მოცულობით რა მოცულობითაც ვგეგმავდით მისი სხვა ქვეყანაში გატანას აღარ განგვიხორციელებია. შესაბამისად, ყოველივე აღნიშნულისა მომწოდებელთან დაგვიგროვდა ზედმეტად გადახდილი თანხები, გამართული მოლაპარაკებების შედეგად მომწოდებელთან მიღწეულია შეთანხმება აღნიშნული დაგროვილი ზედმეტად გადახდილი თანხების დაფარვაზე, რაც განხორციელდება საქონლის თანდათანობით მოწოდებით ან კიდევ თანხის გადმორიცხვით, რაც უახლოეს პერიოდში მოხდება“.
სამწუხაროდ შემმოწმებლის მიერ არ იქნა გაზიარებული და როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა შემმოწმებლის „სავარაუდო“ მოსაზრებების საფუძველზე, საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტით არაარგუმენტირებულად და დაუსაბუთებლად გაიზარდა 2019 წლის განმავლობაში იმპორტირებულ საქონლის საბაჟო ღირებულება (რომელიც საქონლის ფაქტიურ ღირებულებას რამდენჯერმე აღემატება), რომლიდანაც გამომდინარე დაუსაბუთებლად და არამართლზომიერად დამატებით გადასახდელად დაერიცხა სადავო თანხა.
ყურადღება მისაპყრობია ის უმნიშვნელოვანესი და არსებითი მნიშვნელობის გარემოება, რომ იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის - შემმოწმებლის პოზიცია „სავარაუდოდ მასში არ იყო გათვალისწინებული ტრანსპორტირების ღირებულება“ განბაჟების დროისთვის მათთვის ცნობილი იქნებოდა კომპანიის მხრიდან მისი საქონლის საბაჟო ღირებულებაში ასახვა და შესაბამისი საბაჟო დეკლარაციით განბაჟება მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა, რამდენადაც საბაჟო დეკლარაციის შესაბამისად დარიცხული/გადახდილი დღგ-ის თანხა შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციით ჩათვლას დაექვემდებარებოდა და იგი პრაქტიკულად არანაირად არ აზარალებდა.
საჩივარში მოყვანილი გარემოებებისა და არგუმენტების აგრეთვე, იმის გათვალისწინებით რომ საქონლის გაშვების შემდგომ კონტროლის შემოწმების და აღნიშნულ საკითთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში მთლიანობაში არსებითად და მნიშვნელოვნად დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების მოთხოვნები, აღნიშნული არსებითი მნიშვნელობის გარემოებების ფაქტობრივი იგნორირების საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართალწარმოების პროცესში შედგენილი სადავო აქტები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მოქმედ კანონმდებლობებთან და ისინი ფაქტობრივად სრულყოფილად არ არის დასაბუთებული წარმოდგენილი სამართლებრივი არგუმენტებით და საჩივარში აღწერილი და განხილული გარემოებების გათვალისწინებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად აღნიშნული აქტების ბათილობის საფუძველს წარმოადგენს.
იმ შემთხვევაში თუ საბჭოს მიიჩნევს, რომ შემოწმების აქტით შემმოწმებლის „სავარაუდო“ მოსაზრებების საფუძველზე საქონლის საბაჟო ღირებულების გაზრდის საფუძველზე შემოწმებით განხორციელებული დამატებითი დარიცხვები კანონზომიერია, აღნიშნულ პირობებში ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს სთხოვს იხელმძღვანელოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით და საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით და გათავისუფლდეს ფინანსური სანქციებისგან, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში სრულად კმაყოფილდება კანონის აღნიშნული ნორმის მოთხოვნა რომ პირი ცდება ან არ არის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.
მოცემულ შემთხვევაში მოყვანილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები კანონის აღნიშნული იმპერატიული მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს იძლევა რამდენადაც პირის საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას დამოუკიდებელი საფუძველია, როცა კუმულაციურად არსებობს ორი პირობა: გადასახადის გადამხდელის ქმედებას ზიანი არ მიუყენებია სახელმწიფო ბიუჯეტისათვის და სამართალდარღვევა გამოწვეული იყო გადასახადის გადამხდელის შეცდომით (არ ცოდნით).
ამ შემთხვევაში კი პრაქტიკულად ორივე პირობას აკმაყოფილებს: ჯერ ერთი როგორც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი საქონლის იმპორტზე დარიცხულ დღგ-ს უმალვე ჩაითვლიდა და ამ ნაწილში პრაქტიკულად ბიუჯეტში გადასახდელი თანხა ნულის ტოლი იქნებოდა და შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტს არანაირი ზიანი არ მიადგებოდა, მეორე სამართალდარღვევა გამოწვეული იყო იმით რომ მათთვის უცნობი იყო, მომწოდებლის მიერ მოწოდებულ დოკუმენტაციებში (ინვოისებში) შეყვანილი არ იყო საქონლის ტრანსპორტირება (თუ ეს მართლაც ასეა?!).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2, მე-9 და მე-10 ნაწილების მიხედვით:
2. საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:
ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;
ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.
9. თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ.
10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან (შემდგომ − საგადასახადო მოთხოვნა) ერთად.
საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის შემდეგი საფუძველი: პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საბაჟო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების შესაბამისად:
6. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულებაში შეიტანება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ადგილამდე გაწეული შემდეგი ხარჯები:
ა) ტრანსპორტირების ხარჯები, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და დამუშავების (მათ შორის, საწყობში შენახვის) ხარჯები. თუ სხვადასხვა სასაქონლო პარტია ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით არის შემოტანილი, ტრანსპორტირების ხარჯები პროპორციულად განაწილდება, რაც უნდა განისაზღვროს გადამზიდავთან დადებული ხელშეკრულებით;
ბ) სადაზღვევო ხარჯი, თუ ეს ხარჯი დეკლარანტმა გასწია.
7. ფაქტობრივად გადახდილ ან გადასახდელ ფასს ამ მუხლით გათვალისწინებული ხარჯები დაემატება მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების საფუძველზე.
დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ საქონლის გაფორმებისას ტრანსპორტირების ხარჯი არ იყო განსაზღვრული შესაბამისი დეკლარაციების საბაჟო ღირებულებებში: აღნიშნულის დადგენას საფუძვლად დაედო: მომჩივნის მიერ ტვირთის ექსპორტიორთან ეტაპობრივად გადარიცხული თანხის შეუსაბამობა შესაბამის პერიოდში მის მიერ საბაჟო დეკლარაციებში დეკლარირებულ საქონლის საბაჟო ღირებულებასთან და უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) „----------“ მიერ სატრანსპორტო ზედნადებების (Air Waybill) მიხედვით, საბაჟო დეპარტამენტისთვის მიწოდებული ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულების (შესაბამისი ტვირთის საქართველომდე ტრანსპორტირების ხარჯის) ამსახველი დოკუმენტები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის ტრანსპორტირების ღირებულება (საქონლის საქართველომდე ტრანსპორტირების ხარჯი), რომელიც წარმოადგენს საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის აუცილებელ შემადგენელ ელემენტს, საქონლის გაფორმებისას არ იქნა განსაზღვრული აღნიშნულმა გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება, შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომჩივნის ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ასევე არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.