გადაწყვეტილება №27083/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.05.2026
№ დოკუმენტი 27083/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27083/2/2026

13 მაისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.04.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 4.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27083/2/2026).

 

დავის საგანი:

დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა და დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2025 წლის №001-302 საგადასახდო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5321 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 38 045,32 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 21 728,33

ჯარიმა - 10 794

საურავი - 5 522,99

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელმა განახორციელა შპს ------- 110 000 ლარის პროდუქციის მიწოდება, განხორციელებული რეალიზაციები დასტურდება სასაქონლო ზედნადებების საშუალებითაც. გარდა ამისა გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება საბანკო ჩარიცხვები ფოტოაპარატების და ფირების რეალიზაციიდან და ფოტოს გადაღების მომსახურებიდან, რაც ასევე ჩართული იქნა გადასახადის გადამხდელის საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალში. შემოწმების შედეგად დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 24.12.2022 წელი. აღნიშნული თარიღიდან განხორციელებული ოპერაციები დაიბეგრა დღგ-ით. დღგ-ის რეგისტრაციის მომენტში არსებულ სმფ-ის ნაშთზე, რომლის რეალიზაციაც განხორციელდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ, საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების გათვალისწინებით ჩათვლილი იქნა საბაჟო დეკლარაციის მიხედვით გადახდილი დღგ.

შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 1601 მუხლების საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2025 წლის №001-302 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5321 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 92-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 158- ე მუხლზე, 165-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 63-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებზე და გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, პირადი ჩარიცხვების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვასთან მიმართებით, ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება თავად გაემიჯნა პირადი ჩარიცხვები ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლისგან. შედეგად, სრულად გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის მიერ იდენტიფიცირებული პირადი ჩარიცხვები, რომელიც არ ჩართულა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებაში.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტით დაერიცხა დღგ-ის თანხა, ასევე ჯარიმა და საურავები. გარდა მის მიერ შპს ------- მიწოდებული 110 000 ლარის ბრუნვისა შემოსავლების სამსახურის მიერ დღგ-ით დასაბეგრ შემოსავალში ჩართულია სხვა ფიზიკური პირებიდან მიღებული პირადი გზავნილები, მათ შორის ოჯახის წევრების მხრიდან განხორციელებული პირადი სახის ჩარიცხვები. ოჯახის წევრების მიერ მიღებული პირადი ჩარიცხვები ექვემდებარება გამოკლებას, ვინაიდან ის არ წამოადგენს შემოსავალს და არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია, რომ 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელმა განახორციელა შპს ------- 110 000 ლარის პროდუქციის მიწოდება, განხორციელებული რეალიზაციები დასტურდება სასაქონლო ზედნადებებით. ასევე, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება საბანკო ჩარიცხვები ფოტოაპარატების და ფირების რეალიზაციიდან და ფოტოს გადაღების მომსახურებიდან.

მომჩივანს მიაჩნია, რომ დღგ-ით დასაბეგრ შემოსავალში ჩართულია სხვა ფიზიკური პირებიდან მიღებული პირადი გზავნილები, მათ შორის ოჯახის წევრების მხრიდან განხორციელებული პირადი სახის ჩარიცხვები, არ წამოადგენს შემოსავალს და არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან და რაც ექვემდებარება გამოკლებას.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ჩარიცხული თანხები დეტალურად არის გავლილი გადასახადის გადამხდელთან ერთად, მონაცემები ასევე გაგზავნილი იყო მასთან, საჩივარში რაიმე კონკრეტული მონაცემები მითითებული არ აქვს, რომ დამატებით შესწავლილი ყოფილიყო და განმარტებულიყო რატომ მონაწილეობს დასაბეგრ ბრუნვაში.

საბჭოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელება დადასტურებულია მის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებით, ხოლო მიწოდებული საქონელის ღირებულების გათვალისწინებით დადგინდა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი, ასევე დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებიდან შემოსავალის მიღება დასტურდება საბანკო ჩარიცხვებით მიღებული შემოსავლების მიხედვით. ამასთან, საჩივრის განხილვა დაიგეგმა მომჩივნის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანს მონაწილეობა არ მიუღია საჩივრის განხილვაში და არ წარმოუდგენია მისი არგუმენტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება, რომ მიღებული შემოსავლები არ უკავშირდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციას ან/და შესამოწმებელ პერიოდს, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა და დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელმა 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში განახორციელა 110 000 ლარის პროდუქციის მიწოდება, განხორციელებული რეალიზაციები დასტურდება სასაქონლო ზედნადებებით. ასევე, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება საბანკო ჩარიცხვები ფოტოაპარატების და ფირების რეალიზაციიდან და ფოტოს გადაღების მომსახურებიდან.

საბჭოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელება დადასტურებულია მის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებით, ხოლო მიწოდებული საქონელის ღირებულების გათვალისწინებით დადგინდა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი, ასევე დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებიდან შემოსავალის მიღება დასტურდება საბანკო ჩარიცხვებით მიღებული შემოსავლების მიხედვით. ამასთან, საჩივრის განხილვა დაიგეგმა მომჩივნის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანს მონაწილეობა არ მიუღია საჩივრის განხილვაში და არ წარმოუდგენია მისი არგუმენტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან, მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება, რომ მიღებული შემოსავლები არ უკავშირდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციას ან/და შესამოწმებელ პერიოდს, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 165;