გადაწყვეტილება №26219/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 13.01.2026
№ დოკუმენტი 26219/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26219/2/2025

13 იანვარი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----ი“ (ს/ნ ------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,25.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ის 26.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26219/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოწმებით დადგენილი საწვავის ხარჯის სხვაობის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №006-212 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 25.11.2025 წლის №25815 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 19 326,07 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 13 630,94

დღგ - 6 321,25

მოგების გადასახადი - 7 309,69

ჯარიმა - 4 344,5

საურავი - 1 350,63

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბეტონის წარმოება და რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2024 წლიდან 1.02.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანიამ ბეტონის წარმოება და რეალიზაცია დაიწყო 2024 წლის იანვარში, რისთვისაც იყენებს 2023 წელს შეძენილ (იმპორტირებულ) ----- წარმოების ბეტონის ქარხანას. საწარმო თავდაპირველად ბეტონის გადაზიდვას ახორციელებდა მხოლოდ დაქირავებული ბეტონმზიდებით, ხოლო 2024 წლის მაისსა და აგვისტოში შეძენილი იქნა 8 ერთეული ბეტონმზიდი ტერა ლიზინგის მეშვეობით. კომპანიას ასევე აქვს --- ლიზინგით შეძენილი ფრონტალური დამტვირთველი 2024 წლის მარტის თვეში.

აღნიშნული ბეტონმზიდების გავლილ კილომეტრებთან მიმართებაში შეძენილი საწვავის (დიზელის) ხარჯთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი გაანგარიშებით ირკვევა, რომ 100 კმ მანძილზე მოძრაობისას საწვავის ხარჯი შეადგენს საშუალოდ 90 ლიტრს. ვინაიდან მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ხარჯი შეადგენს აღნიშნულისგან განსხვავებულ მონაცემს, მოცემული საკითხი განხილული იქნა გადასახადის გადამხდელთან, რომელმაც საწვავის ხარჯის დადგენის მიზნით, 1.05.2025 წელს, მიმართა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 15.05.2025 წელს შედგენილი №---- დასკვნის მიხედვით, გამოსაკვლევად წარდგენილი სპეციალიზებული ავტომობილის სახ. ნომრით -----ის საწვავის ხარჯი 100 კმ მანძილზე მოძრაობისას ქრონომეტრაჟით შეადგენს დაახლოებით 75 ლიტრ დიზელის საწვავს. ამასთან, დასკვნაში შენიშვნის სახით აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო საშუალების წვის ხარჯი შეიძლება შეიცვალოს +/- 5%- დან 10%-მდე.

საწვავის ხარჯი გაანგარიშდა აღნიშნული დასკვნით დადგენილი საწვავის ხარჯის ნორმის შესაბამისად. დადგენილი სხვაობა (სულ 41 422 ლარი) ჩაითვალა საწარმოს არაეკონომიკური ხარჯად, რომელზე ჩათვლილი დღგ (6 319 ლარი) დაექვემდებარა გაუქმებას პროპორციულად - შეძენილ საწვავსა და დადგენილ ნორმას ზევით განსაზღვრულ საწვავის ხარჯთან მიმართებაში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №006-212 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 9.09.2025 წლის №19772 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 16.05.2025 წლის №25873/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 25.11.2025 წლის №25815 ბრძანებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

ა) საწვავის ხარჯის დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 25.11.2025 წლის №25815 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საწვავის ხარჯის დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ბეტონმზიდებით სატრანსპორტო გადაზიდვებისას საწვავის (დიზელის) ხარჯთან დაკავშირებით შემოწმებამ ჩათვალა, რომ 100 კმ მანძილზე მოძრაობისას ჩამოწერილი საწვავის რაოდენობა საშუალოდ 90 ლიტრი ბევრია, სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ხარჯთან შედარებისას. შემმოწმებელმა მომჩივანს მისცა საშუალება მიემართა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის, რომლის მიერ 15.05.2025 წელს შედგა დასკვნა №----, საიდანაც დგინდება, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი სპეციალიზებული ავტომობილის სახ. ნომრით ----ის საწვავის ხარჯი 100 კმ მანძილზე მოძრაობისას ქრონომეტრაჟით შეადგენდა 75 ლიტრ დიზელს +/-5- 10%. თუმცა, იმ კონკრეტულ დღეს ჩატარებული კვლევისას ბეტონის მიწოდება განხორციელდა მოკლე მანძილზე, არ იყო გზებზე საცობები და ავტომობილს არ უწევდა მოცდის რეჟიმში ყოფნა.

სატრანსპორტო საშუალებები არის ---- წარმოების - 12 მ 3 ავზის მოცულობით, მასში შესაძლებელია რაოდენობრივად იმაზე მეტი პროდუქციის ტრანსპორტირება ვიდრე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების სატრანსპორტო საშუალებებს (საიდანაც ნორმად იქნა აღებული საწვავის მოხმარების საშუალო ხარჯი). შესაბამისად, საწვავის ხარჯი ბევრად მეტი აქვს (დაზუსტებისთვის - კომპანიებს რომელსაც საკუთრებაში აქვთ იგივე ტიპის ბეტონმზიდები ისინიც მსგავსი მოცულობის საწვავს მოიხმარენ).

ექსპერტიზის დანიშნულ დღეს არ ჰქონდათ ისეთი დატვირთული მუშაობა/მიწოდება, როგორც სხვა უმეტეს შემთხვევებში, როდესაც დიდი რაოდენობის ბეტონის მიწოდება ხორციელდება მშენებლობებზე, მანძილი შორია და ტრანსპორტს უწევს საცობებში დიდი ხნით დგომა, ასევე დაყოვნებაა ობიექტზე ბეტონის ჩასხმის მომენტში, სანამ დაიცლება წინა მანქანები და ბევრ შემთხვევაში მოცდის რეჟიმი 40-50 წუთია, ამ დროს მანქანა დაქოქილ მდგომარეობაშია და საწვავი შესაბამისად იხარჯება, ბევრჯერ სატრანსპორტო საშუალებაში კონდიციონერიც არის ჩართული და ესეც საგრძნობლად ზრდის საწვავის ხარჯს. სატრანსპორტო საშუალების კომპიუტერულ სისტემაში მონიტორი (ეგრეთ წოდებული ბორტ კომპიუტერი) საწვავის მოხმარებას აჩვენებს 90-92 ლიტრს 100 კმ-ზე.

აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, მომჩივანმა ხელახლა მიმართა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მონიტორინგისა და დასკვნისთვის, რომელმაც ჩაატარა მონიტორინგი მთელი დღის განმავლობაში. შედეგად 13.08.2025 წელს შედგა დასკვნა №-----, რომლის მიხედვით დადგინდა საწვავის მოხმარების ფაქტობრივი სიდიდე 100 კმ-ზე 95 ლიტრი (დასკვნა თან ერთვის საჩივარს).

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არ მიიღო სარწმუნო მტკიცებულებად.

პირველ შენიშვნაში გამოხატულ მოსაზრებას, რომ ექსპერტიზაში მონაწილეობდა ერთი და იგივე „---“-ის მარკის სატრანსპორტო საშუალებები სხვადასხვა სახელმწიფო ნომრებით: --- და ---- არასწორია, ვინაიდან ორივე საშუალება ერთი და იგივე მარკისაა, ორივე საწარმოს ბალანსზეა აღრიცხული. ორივე სატრანსპორტო საშუალება იდენტურია, ძრავის მოცულობა ერთნაირი აქვთ --- სმ3 (იხილეთ ტექ. პასპორტი).

მეორედ ჩანიშნული ექსპერტიზის მომენტისთვის ა/მანქანა სახ. ნომრით ----, რომელზეც პირველ ჯერზე ჩატარდა ექსპერტიზა, სათადარიგო შეკეთებას საჭიროებდა და შესაბამისად, იდენტურ სატრანსპორტო საშუალებაზე სახ. ნომრით --- ჩატარდა ექსპერტიზა. მეორე შენიშვნაში გამოხატულ მოსაზრებაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნა შეიცავს უზუსტობას, არარეალურია. ექსპერტის მიერ ჩამოყალიბებულ ტექსტში მითითებული შინაარსი, რომ მოხდა საწვავის ავზის შევსება და დალუქვა, ფოტომასალით არ არის დასურათებული ექსპერტიზის მიერ. წარმოდგენილ ფოტომასალაში ასახულია, რომ ავტომობილის სპიდომეტრზე გარბენი განულებულია და შესაბამისად, ასახულია ფოტო №4-ში, ხოლო ფოტო №8 განსაზღვრავს ექსპერტიზის დასრულებისას გავლილ კილომეტრაჟს (ეს უკანასკნელი ასახულია ექსპერტიზის დასკვნაშიც) 67,8 კმ. ამდენად, ეს ფოტომასალა ასახავს მტკიცებულებას და ინფორმაციას გავლილი მანძილის შესახებ და არა ავზის შევსების შესახებ. ამასთანავე, თუ ზემოთ აღნიშნული აქტი არაზუსტია, სასურველია, მოწვეულ იქნას ექსპერტი, რომელმაც შეადგინა აღნიშნული აქტი და მან განმარტოს, თუ რა ინსტრუქციის და მეთოდოლოგიის მიხედვით ხელმძღვანელობს დასკვნის მომზადების დროს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

დადგენილია, რომ შემოწმების პროცესში საწვავის ხარჯთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 15.05.2025 წლის დასკვნა №----, რომლის თანახმად, ავტომობილის სახ. ნომრით ----ის საწვავის ხარჯი 100 კმ მანძილზე მოძრაობისას ქრონომეტრაჟით შეადგენს დაახლოებით 75 ლიტრ დიზელის საწვავს. შემოწმების მიერ საწვავის ხარჯი გაანგარიშდა ზემოაღნიშნული დასკვნით დადგენილი საწვავის ხარჯის ნორმის შესაბამისად. თუმცა, გადასახადის გადამხდელმა დავის წარმოების ეტაპზე განმეორებით მიმართა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს. შედეგად, 13.08.2025 წელს გამოიცა ახალი დასკვნა №-----, რომლის მიხედვით დადგინდა საწვავის მოხმარების ფაქტობრივი სიდიდე 100 კმ-ზე 95 ლიტრი (დასკვნა თან ერთვის საჩივარს).

შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში განმარტავს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2025 წლის 13 აგვისტოს №--- დასკვნა შეიცავს გარკვეული სახის უზუსტობებს, კერძოდ, ექსპერტი დასკვნაში აღნიშნავს, რომ მის მიერ განხორციელდა სრულად შევსებული საწვავის ავზის დალუქვა, თუმცა ექსპერტიზის დასკვნაში მოცემული ფოტომასალიდან ჩანს, რომ მანქანის ავზი არ არის სრულად შევსებული. ამდენად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2025 წლის 13 აგვისტოს №--- დასკვნა შეიცავს ხარვეზს/ცდომილებას და მისი გამოყენება საწვავის ხარჯის დადგენის მიზნით არ არის მიზანშეწონილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საწვავის ხარჯის დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ პირველი ექსპერტიზის ჩატარების დროს შეკვეთები ძალიან ცოტა იყო და არარეალური შედეგები დადგა. ხოლო მეორე ექსპერტიზის დროს სრული დატვირთვით იმუშავა ბეტონმზიდმა და რეალური შედეგია ნაჩვენები. თუმცა, შემოსავლების სამსახურმა განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნა არ მიიღო სათანადო მტკიცებულებად და მოითხოვა კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. მომჩივანი აღნიშნავს, რომ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროზე კომპეტენტური დასკვნის გამომცემი ორგანო მისთვის ცნობილი არ არის.

საბჭოს შეფასებით, შემოსავლების სამსახურის მიერ ექსპერტიზის დასკვნის გაუთვალისწინებლობა მხოლოდ მასში არსებულ შესაძლო ხარვეზზე/უზუსტობაზე დაყრდნობით, ექსპერტის დამატებითი განმარტებისა და დასკვნაში მოცემული გარემოებების ანალიზის გარეშე, არამართლზომიერია.

შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის სარწმუნოობის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, მათ შორის, ექსპერტის განმარტების გზით, რის შემდეგაც მისი შეფასება უნდა განხორციელდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საჩივარი, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 25.11.2025 წლის №25815 ბრძანება;

3. საჩივარი, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოწმებით დადგენილი საწვავის ხარჯის სხვაობის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2024 წლიდან 1.02.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ ბეტონმზიდების გავლილ კილომეტრებთან მიმართებაში შეძენილი საწვავის (დიზელის) ხარჯთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი გაანგარიშებით ირკვევა, რომ 100 კმ მანძილზე მოძრაობისას საწვავის ხარჯი შეადგენს საშუალოდ 90 ლიტრს. ვინაიდან მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ხარჯი შეადგენს აღნიშნულისგან განსხვავებულ მონაცემს, მოცემული საკითხი განხილული იქნა გადასახადის გადამხდელთან, რომელმაც საწვავის ხარჯის დადგენის მიზნით მიმართა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. რომლის დასკვნის მიხედვით, გამოსაკვლევად წარდგენილი სპეციალიზებული ავტომობილის საწვავის ხარჯი 100 კმ მანძილზე მოძრაობისას ქრონომეტრაჟით შეადგენს დაახლოებით 75 ლიტრ დიზელის საწვავს. ამასთან, დასკვნაში შენიშვნის სახით აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო საშუალების წვის ხარჯი შეიძლება შეიცვალოს +/- 5%- დან 10%-მდე.

საწვავის ხარჯი გაანგარიშდა აღნიშნული დასკვნით დადგენილი საწვავის ხარჯის ნორმის შესაბამისად. დადგენილი სხვაობა (სულ 41 422 ლარი) ჩაითვალა საწარმოს არაეკონომიკური ხარჯად, რომელზე ჩათვლილი დღგ (6 319 ლარი) დაექვემდებარა გაუქმებას პროპორციულად - შეძენილ საწვავსა და დადგენილ ნორმას ზევით განსაზღვრულ საწვავის ხარჯთან მიმართებაში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №006-212 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №19772 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. რომლის №25873/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის №25815 ბრძანებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ საწვავის ხარჯის დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ,ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

შემოსავლების სამსახურის №25815 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს შეფასებით, შემოსავლების სამსახურის მიერ ექსპერტიზის დასკვნის გაუთვალისწინებლობა მხოლოდ მასში არსებულ შესაძლო ხარვეზზე/უზუსტობაზე დაყრდნობით, ექსპერტის დამატებითი განმარტებისა და დასკვნაში მოცემული გარემოებების ანალიზის გარეშე, არამართლზომიერია.

შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის სარწმუნოობის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, მათ შორის, ექსპერტის განმარტების გზით, რის შემდეგაც მისი შეფასება უნდა განხორციელდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საჩივარი, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9„ბ“); 97(1„ბ“); 982(1 „ბ“); 175(1„ა“); 176(1 „ა“);