ბრძანება N 3450
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3450
26 თებერვალი 2025
ბრძანება
შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)
(ფაქტ. მის.:„-------“)
2024 წლის 3 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 და 14 თებერვლის სხდომებზე (ოქმი №11 და №14) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 იანვრის №92008/1/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) 2024 წლის 3 აგვისტოს №23631/2/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ივლისის №056-37 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში.
დღგ-ის ნაწილში განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის არც ერთი წინაპირობა არ არსებობდა. მიუთითებს, რომ შემოწმების დროს კომპანიას ჰქონდა მხოლოდ ერთი პროდუქციის შემოტანა (საბაჟო დეკლარაცია "-------" 14/03/2024). მიღებული პროდუქცია კომპანიის დირექტორის სახლში იყო დასაწყობებული და მისი რეალიზაცია მოახდინა მხოლოდ ივლისის დასაწყისში სრულად, რაც ნაჩვენები აქვს ივლისის დღგ-ის დეკლარაციაში და დროულად აქვს წარდგენილი 15 აგვისტომდე. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების დროს არ ჩატარებულა ინვენტარიზაცია, რის გამოც დარიცხვა განხორციელდა 2024 წლის მარტის თვეშივე, რაც არამართლზომიერია.
საშემოსავლო გადასახადის ნაწილში მიუთითებს, რომ არ არსებობდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი და არანაირი სარგებელი არ მიუღია. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მომხდარა საკითხის სრულყოფილად შესწავლა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები :
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 ივნისის №13643 და 25 ივნისის №14912 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 11 ივლისიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სმფ-ების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 14 ივნისის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 4 ივლისის №15808 ბრძანება და ამავე თარიღის №056–37 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 21 677 ლარი, მათ შორის გადასახადი 11 285 ლარი, ჯარიმა 9 863 ლარი და საურავი 529 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა, გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 27 აგვისტოს №19428 ბრძანებით მომჩივანის (ს/ნ „-------“) 2024 წლის 3 აგვისტოს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
„1. მომჩივანის (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2025 წლის 21 იანვრის №92008/1/2024 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 აგვისტოს №19428 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 იანვრის №92008/1/2024 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი:
„დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახდო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ამასთან, გადამხდელის მიერ 2024 წლის 15 მარტს შემოტანილი 93 051 ლარის ღირებულების სანტექნიკის და აქსესუარების დოკუმენტური რეალიზაციის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო, აღნიშნული საქონელი ჩაითვალა იმავე დღეს რეალიზებულად და ამავე თარიღით განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი.
მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ შემოწმების დროს კომპანიას უფიქსირდება მხოლოდ ერთი პროდუქციის შემოტანა (საბაჟო დეკლარაცია "--------" 14/03/2024), რომელიც შემოტანისთანავე დაბეგრა შემოსავლების სამსახურმა. უკვე დაბეგრილი პროდუქცია მომჩივანმა სასაქონლო ზედნადებით გაყიდა ივლისის თვეში - რაზეც საგადასახადო ორგანო სთხოვს დეკლარაციის დაზუსტებას და წარდგენას. ამასთან, შემოსავლების სამსახურიდან მიიღო შემდეგი შეტყობინება: „შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, 2024 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდში გიფიქსირდებათ გამოწერილი დასაბეგრი დოკუმენტები (სასაქონლო ზედნადებები). გთხოვთ, წარმოადგინოთ/დააზუსტოთ 2024 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციები 5 კალენდარული დღის ვადაში“. მიაჩნია, რომ აღნიშნული გამოიწვევს ორჯერ დაბეგვრას ერთიდაიმავე პროდუქტის, რადგან კომპანია ჯერჯერობით გაჩერებულია და მხოლოდ ეს ერთი შემოტანა და რეალიზაცია აქვს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 25 სექტემბრის №002444 ბრძანების მიხედვით, მომჩივნის მიმართ განხორციელდა 14 149 ლარის დარიცხვა და გამოიცა №056-2 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული მოთხოვნის გამოცემის საფუძვლად მითითებულია 25.09.2024 წლის №002444 ბრძანება, სადაც აღნიშნულია, რომ საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელზე არსებული ინფორმაციის საფუძველზე, დადგინდა, რომ გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი 2024 წლის ივლისის თვის დოკუმენტები და შემცირებული აქვს დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა.
აღნიშნულ ბრძანებას ახლავს დანართი 1, დაუბეგრავი დოკუმენტების ნუსხის თაობაზე. დაუბეგრავი დოკუმენტების ჩამონათვალში მითითებულია შემდეგი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები: 6.07.2024 წლის №"-------"; 5.07.2024 წლის №"--------" და 10.07.2024 წლის №"--------"დღგ-ის საერთო თანხით 14149.23 ლარი, რომლებიც იდენტიფიცირებული იყო როგორც „დაუბეგრავი“.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს 2024 წლის 15 მარტს შემოტანილი ჰქონდა 93 051 ლარი ღირებულების სანტექნიკა და აქსესუარები, თუმცა არ ჰქონდა წარმოდგენილი დეკლარაციები. პირს არ უფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაციის ფაქტი. შემოწმების პროცესში გადამხდელთან კონტაქტი ვერ შედგა, შესაბამისად, არ მომხდარა შემოწმებისთვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარმოდგენა. ასევე, წარმოდგენილი არ ყოფილა საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 14 ივნისის №13973 ბრძანებით ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, თუმცა ვინაიდან ვერ მოხდა საწარმოს წარმომადგენელთან დაკავშირება და ვერც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილის განსაზღვრა, ვერ განხორციელდა ბრძანებით განსაზღვრული პროცედურების შესრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ების ნაშთი ჩაითვალა 0-ის ტოლად. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადამხდელის შეძენები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოგზავნილი ინვენტარიზაციის მასალები. შედეგად, გამომდინარე იქიდან, რომ ვერ მოხდა დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა, შეძენილი პროდუქცია დაიყო 10 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფზე გავრცელდა შესაბამის ჯგუფზე განსაზღვრული აუდირებული ფასნამატი და ამგვარად გაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები, რამაც შეადგინა 105 603 ლარი. გამომდინარე იქიდან, რომ საწარმო არ იყო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული, შესაბამისად არ ჰქონდა დღგ-ით დასაბეგრი დეკლარირებული ბრუნვა, არ უფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაციის არც ერთი ფაქტი და ასევე, არ უფიქსირდებოდა შემოსავალი საკონტროლო-სალარო აპარატით, შემოწმებამ აღნიშნული შემოსავალი განიხილა ერთიან მიწოდებად შეძენის თარიღში, კერძოდ, 2024 წლის 15 მარტს. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად, პირს განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია 2024 წლის 15 მარტს და არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი დღგ-ით დაიბეგრა 2024 წლის მარტის თვეში. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე, 164- ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხის 5%-ის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 14 ივნისის №13960 ბრძანებით დაინიშნა ინვენტარიზაცია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით, რომლის შედეგადაც ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. შემოწმების პროცესში ვინაიდან გადამხდელთან კონტაქტი ვერ შედგა, შემოწმების მიერ საანგარიშო პერიოდის ბოლოს დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ნაშთი მიჩნეულ იქნა 0-ის ტოლად. შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლებიდან დოკუმენტური შეძენების (საბაჟო) 75%-ის (ვინაიდან საწარმოს მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი საქონლის იმპორტზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 ნოემბრის №35390 ბრძანების საფუძველზე გამოცემული მეთოდური მითითების შესაბამისად, გადახდილად ითვლება შეძენილი საქონლის საინვოსიო ღირებულების 75%), საბიუჯეტო გადახდების და სხვა ხარჯების გამოკლებით გაანგარიშდა ფულის ნაშთი 2024 წლის 31 მაისის მდგომარეობით. დადგენილი ფულის ნაშთი კი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს 2024 წლის 15 მარტს შემოტანილი ჰქონდა 93 051 ლარი ღირებულების სანტექნიკა და აქსესუარები, თუმცა არ ჰქონდა წარდგენილი დეკლარაციები. პირს არ უფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაციის ფაქტი. შემოწმების პროცესში გადამხდელთან კონტაქტი ვერ შედგა, შესაბამისად, არ მომხდარა შემოწმებისთვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარდგენა. ასევე, წარდგენილი არ ყოფილა საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 14 ივნისის №13973 ბრძანებით ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, ხოლო ამავე თარიღის №13960 ბრძანებით დაინიშნა ინვენტარიზაცია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით, თუმცა ვინაიდან, ვერ მოხდა საწარმოს წარმომადგენელთან დაკავშირება და ვერც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილის განსაზღვრა, ვერ განხორციელდა ბრძანებით განსაზღვრული პროცედურების შესრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საანგარიშო პერიოდის ბოლოს დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების, ნაღდი ფულის ნაშთი და სმფ-ების ნაშთი მიჩნეულ იქნა 0-ის ტოლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, შეძენილი პროდუქციის დაყოფა ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფზე შესაბამის ჯგუფზე განსაზღვრული აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა, შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან.
ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 იანვრის №92008/1/2024 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად:
„მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ შემოწმების დროს კომპანიას უფიქსირდება მხოლოდ ერთი პროდუქციის შემოტანა (საბაჟო დეკლარაცია "-------"14/03/2024), რომელიც შემოტანისთანავე დაბეგრა შემოსავლების სამსახურმა. უკვე დაბეგრილი პროდუქცია მომჩივანმა სასაქონლო ზედნადებით გაყიდა ივლისის თვეში - რაზეც საგადასახადო ორგანო სთხოვს დეკლარაციის დაზუსტებას და წარდგენას. ამასთან, შემოსავლების სამსახურიდან მიიღო შემდეგი შეტყობინება: „შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, 2024 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდში გიფიქსირდებათ გამოწერილი დასაბეგრი დოკუმენტები (სასაქონლო ზედნადებები). გთხოვთ წარმოადგინოთ/დააზუსტოთ 2024 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციები 5 კალენდარული დღის ვადაში“. მიაჩნია, რომ აღნიშნული გამოიწვევს ორჯერ დაბეგვრას ერთიდაიმავე პროდუქტის, რადგან კომპანია ჯერჯერობით გაჩერებულია და მხოლოდ ეს ერთი შემოტანა და რეალიზაცია აქვს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 25 სექტემბრის №002444 ბრძანების მიხედვით, მომჩივნის მიმართ განხორციელდა 14 149 ლარის დარიცხვა და გამოიცა №056-2 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული მოთხოვნის გამოცემის საფუძვლად მითითებულია 25.09.2024 წლის №002444 ბრძანება, სადაც აღნიშნულია, რომ საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელზე არსებული ინფორმაციის საფუძველზე, დადგინდა, რომ გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი 2024 წლის ივლისის თვის დოკუმენტები და შემცირებული აქვს დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა.“
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ერთიდაიმავე პროდუქციის რეალიზაციის ორჯერ დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდაცია უნდა მიეცეს აუდიტის დეპარტამენტს, 2024 წლის ივლისის თვის დღგ-ის საანგარიშო პერიოდი შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XII კარის დებულებების მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 აგვისტოს №19428 ბრძანებით იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საქონლის საინვოისო ღირებულების სრულად გათვალისწინება ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განეხორციელებინა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა შემოსავლების სამსახურის მიერ დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ერთიდაიმავე პროდუქციის რეალიზაციის ორჯერ დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, მიეცეს რეკომენდაცია აუდიტის დეპარტამენტს, 2024 წლის ივლისის თვის დღგ-ის საანგარიშო პერიოდი შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XII კარის დებულებების მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მომხდარა საკითხის სრულყოფილად შესწავლა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს 2024 წლის 15 მარტს შემოტანილი ჰქონდა 93 051 ლარი ღირებულების სანტექნიკა და აქსესუარები, თუმცა არ ჰქონდა წარმოდგენილი დეკლარაციები. პირს არ უფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაციის ფაქტი.ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, თუმცა ვინაიდან ვერ მოხდა საწარმოს წარმომადგენელთან დაკავშირება და ვერც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილის განსაზღვრა, ვერ განხორციელდა ბრძანებით განსაზღვრული პროცედურების შესრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ების ნაშთი ჩაითვალა 0-ის ტოლად. შემოწმებამ იხელმძღვანელა სსკ-ის 49-ე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ასევე,საწარმო არ იყო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული, შესაბამისად არ ჰქონდა დღგ-ით დასაბეგრი დეკლარირებული ბრუნვა, არ უფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაციის არც ერთი ფაქტი და ასევე, არ უფიქსირდებოდა შემოსავალი საკონტროლო-სალარო აპარატით, შემოწმებამ აღნიშნული შემოსავალი განიხილა ერთიან მიწოდებად შეძენის თარიღში.შედეგად, სსკ-ის 165-ე მუხლის შესაბამისად, პირს განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია და არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი დღგ-ით დაიბეგრა 2024 წლის მარტის თვეში. შემოწმებით, სსკ-ის 160-ე, 163-ე, 164- ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და სსკ-ის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
საბიუჯეტო გადახდების და სხვა ხარჯების გამოკლებით გაანგარიშდა ფულის ნაშთი 2024 წლის 31 მაისის მდგომარეობით. დადგენილი ფულის ნაშთი კი, სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და სსკ-ის 154-ე მუხლის საფუძველზე დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),101,154.