ბრძანება N 15292

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.06.2023
№ დოკუმენტი 15292
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 15292

29.06.2023

შპს „---------“ (ს/ნ -------)

(მის.: ----------)

2023 წლის 30 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ ------) 2023 წლის 30 აპრილის №80664/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 აპრილის №007-78 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მომჩივნის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მომჩივანი შემოწმების მიერ დაანგარიშებულ სალაროს ნაშთთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მისი დაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული დებიტორული დავალიანება, რომელიც შეამცირებდა ფულის ნაშთს და აცხადებს, რომ გაცემულ პროდუქციაზე მყიდველისგან მისაღები თანხები ფაქტობრივად არის უიმედო ვალები.

2. დამატებული ღირებულების გადასახადში განხორციელებულ დარიცხვასთან დაკავშირებით გადამხდელი განმარტავს, რომ 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი დღგ-ს დეკლარაციით გადასახდელი თანხა დაადეკლარირა 11205 ლარი, აღნიშნული შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა და მოხდა უკვე დაბეგრილი თანხის მეორედ დაბეგვრა დამატებული ღირებულების გადასახადით. აღნიშნულთან დაკავშირებით ითხოვს დეკლარაციის დაზუსტების უფლებას.

დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თხილზე, რომელიც არის დაუბეგრავიც და დასაბეგრიც ჩათვლა მიღებული აქვთ მხოლოდ დასაბეგრ ოპერაციებზე.

3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის №2346 და 31 მარტის №6982 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 16 მარტის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 6 აპრილის №7619 ბრძანება და ამავე თარიღის №007-78 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 157 343 ლარი, მათ შორის, გადასახადი 96 311 ლარი, ჯარიმა 48 058 ლარი, საურავი 12 974 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:

 შპს „--------“ (ს/ნ -------) გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2017 წლის 6 თებერვალს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის 13 მარტიდან. საწარმოს დირექტორი და 100 %-იანი წილის მფლობელია ფ/პ --------. საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა შერეული საქონლით (საკვები პროდუქტები, ტკბილეულ, თამბაქოს ნაწარმი, აქსესუარები და სხვა). სარეალიზაციო საქონლის შეძენა ხდება ადგილობრივ ბაზარზე, საიდანაც ძირითადი ნაწილი არის დღგ-ით დასაბეგრი საქონელი. ხოლო თხილი, რომელიც შეძენილი საქონლის მცირე ოდენობას წარმოადგენს გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით. გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე წარდგენილ იქნა საბანკო ამონაწერები, ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ახსნა-განმარტება, ინფორმაცია დებიტორ/კრედიტორების, სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების, სალაროს ნაშთის, საწარმოს კაპიტალის შესახებ. საწარმოს არ გააჩნია ბუღალტრული პროგრამა ან სხვა სახის სააღრიცხვო დოკუმენტაცია, სადაც აღრიცხული იქნებოდა განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები. გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 16 მარტის №5080 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. დადგინდა რომ საწარმოს მიმდინარე წლის 16 მარტის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები არ გააჩნია. შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი, ასევე გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია (სასაქონლო ზედნადებები, ანგარიშ-ფაქტურები, საგადასახადო დეკლარაციები, ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები და სხვა). შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის ძირითად ნაწილზე წარდგენილია შემცირებული დღგ-ის დეკლარაციები, რის საფუძველზეც ბიუჯეტიდან დაბრუნებული აქვს 52 922 ლარი. ვინაიდან, გადამხდელს არ გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ვერ დადგინდა დაბეგვრის ობიექტი, შესაბამისად, შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, შემოწმებით შეძენილი საქონელი სახეობების და დაბეგვრის ტიპის მიხედვით დაიყო ჯგუფებად. საწარმოს შეძენილი საქონლის გარკვეული ნაწილი რეალიზებული აქვს დოკუმენტურად, შესაბამისად დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრისათვის მოხდა შეძენის და მიწოდების სასაქონლო ზედნადებებში არსებული იდენტური საქონლის რეალიზაციის და უახლოესი შეძენის ფასების დაკავშირება. შესამოწმებელი პერიოდის თითოეულ საანგარიშო წელზე გადამხდელის მიერ წარდგენილი საწყისი და საბოლოო სმფ-ების ნაშთის, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების ღირებულების მიხედვით განისაზღვრა თითოეული წლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გათვალისწინებით დადგინდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (თითოეული ჯგუფის იმ დასახელების საქონელზე, რომლის გარკვეული ნაწილის რეალიზაცია მოხდა დოკუმენტურად ასევე იმ საქონელზეც, რომლის რეალიზაცია დოკუმენტურად არ მომხდარა). შემოწმების მიერ დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისათვის სმფ-ების ჯგუფებში არსებულ საქონელზე რაზეც არსებობდა დოკუმენტური რეალიზაცია აღნიშნული საქონლის საცალო რეალიზაციაზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო ისეთი დასახელების საქონელზე, რაზეც არ არსებობდა დოკუმენტური რეალიზაცია გამოყენებული იქნა შესაბამისი ჯგუფის საშუალო შეწონილი ფასნამატი ან აუდირებული ფასნამატი. დათვლილი იქნა საწარმოს დღგ-ის 18 %-იანი დასაბეგრი და ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები, რომლებიც შეუდარდა საწარმოს დეკლარირებულ მონაცემებს. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ნაწილში გამოვლენილი სხვაობა გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის საანგარიშო პერიოდების თითოეული თვის დეკლარირებული ბრუნვის შესაბამისი წლის მთლიანი ბრუნვის წილის პროპორციულად დაემატა თითოეული თვის ბრუნვას და დაიბეგრა დღგ-ით. საწარმოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე (2021 წლამდე მოქმედი კანონმდებლობით) და 160-ე მუხლების შესაბამისად დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 შემოწმებით განისაზღვრა ყველა ის ხარჯი, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული (შეძენილი საქონლის ღირებულება, გაცემული ხელფასი, ბანკის საკომისიო და სხვა). გადამხდელის მიერ წარდგენილ ახსნა-განმარტებაში მითითებულია რომ შესამოწმებელი პერიოდში თითოეული საანგარიშო წლის მიხედვით არ გააჩნია სალაროს ნაშთი და არ ყავს დებიტორ/კრედიტორები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების მიერ გაკეთდა ფულის მოძრაობის ანალიზი. შესამოწმებელი პერიოდის თითოეული საანგარიშო წლისათვის დათვლილ შემოსავალს გამოაკლდა შესაბამის საანგარიშო წელს გაწეული ხარჯები, ასევე ბიუჯეტში გადახდილი და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხების გათვალისწინებით განისაზღვრა განკარგვადი თანხა თითოეული წლის ბოლოსთვის, რომელიც შესაბამისი საანგარიშო წლების დეკემბრის თვეში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაზეც საწარმოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. შემოწმებით ასევე დათვლილ იქნა საწარმოს მიერ წარმოდგენილ საბანკო ამონაწერში დაფიქსირებული გაცემული ხელფასის ოდენობა, რომელიც შეუდარდა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარირებულ მონაცემებს, სადაც გამოვლინდა სხვაობები. აღნიშნული სხვაობები შესაბამისი პერიოდების მიხედვით დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. საწარმოს დამატებით დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 შესამოწმებელ პერიოდზე, საწარმოს მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების დამუშავების შედეგად შესწავლილი იქნა გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ის თანხის ჩათვლის საკითხი. საწარმოს მიერ შეძენილია თხილი, რაზეც 2021 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეებში მიღებულ ანგარიშ-ფაქტურებში მითითებულია დღგ-ის თანხა, ხოლო 2022 წლის ივლისიდან დეკემბრის თვის ჩათვლით მიღებულ საგადასახადო ანგარიშფაქტურებში დღგ-ის თანხა არ არის მითითებული. შემოწმებით შესწავლილი იქნა საქონლის მომწოდებლების მიერ თხილი შეძენის საკითხი. დადგინდა რომ აღნიშნული საქონელი დღგ-ისგან გათავისუფლებულია ჩათვლის უფლებით, შესაბამისად, შპს „--------“ მიერ 2021 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეში არ უნდა მომხდარიყო დღგ-ის თანხის ჩათვლა 389 ლარზე, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად დაექვემდებარა გაუქმებას. გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, არ გააჩნია ბუღალტრული პროგრამა ან სხვა სახის სააღრიცხვო დოკუმენტაცია, სადაც აღრიცხული იქნებოდა განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები და შესაძლებელი იქნებოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შემოწმების მიერ დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისათვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი.

გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან, სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას დებიტორული დავალიანების გათვალისწინებასთან და უიმედო ვალებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმადაც, სალაროს ნაშთი გაანგარიშდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული (შეძენილი საქონლის ღირებულება, გაცემული ხელფასი, ბანკის საკომისიო და სხვა) ყველა ხარჯის გათვალისწინებით. ამასთან, გადამხდელის მიერ წარდგენილ ახსნა-განმარტებაში კი მითითებულია, რომ შესამოწმებელი პერიოდის თითოეული საანგარიშო წლის მიხედვით არ გააჩნია სალაროს ნაშთი და არ ჰყავს დებიტორ/კრედიტორები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ განხორციელებული ფულადი სახსრების ანალიზის შედეგად, თითოეული წლის ბოლოსთვის, განსაზღვრული განკარგვადი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, გადამხდელის მიერ შემოწმების/დავის ეტაპზე არ ყოფილა წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა დებიტორული დავალიანების უიმედო ვალად კვალიფიკაცია.

აგრეთვე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში - საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით ასევე გათავისუფლებულია, საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული სეს ესნ-ის 0201, 0203 11–0203 19, 0204 10 000 00–0204 23 000 00, 0204 50 110 00– 0204 50 390 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის, აგრეთვე სეს ესნ-ის 0802 22 000 00 კოდით გათვალისწინებული საქონლის (ნაჭუჭგაცლილი თხილი) მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდზე მის მიერ წარდგენილი დღგ-ს დეკლარაციით გადასახდელი თანხა დაადეკლარირა 11205 ლარი, რაც შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა და მოხდა უკვე დაბეგრილი თანხის მეორედ დაბეგვრა დამატებული ღირებულების გადასახადით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი 2023 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტების და დეკლარაციით დარიცხული თანხის შემცირების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი იქნა დასკვნა აღნიშნული დეკლარაციის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვასთან დაკავშირებით.

ასევე თხილზე დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ საწარმოს მიერ შეძენილ თხილზე 2021 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეებში მიღებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებულია დღგ-ის თანხა. შემოწმებით შესწავლილი იქნა საქონლის მომწოდებლების მიერ თხილი შეძენის საკითხი და დადგინდა რომ აღნიშნული საქონელი დღგ-ისგან გათავისუფლებულია ჩათვლის უფლებით, რის შედეგადაც 2021 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეებში მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. დამატებული ღირებულების გადასახადში განხორციელებულ დარიცხვასთან დაკავშირებით გადამხდელი ითხოვს დეკლარაციის დაზუსტების უფლებას. დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თხილზე, რომელიც არის დაუბეგრავიც და დასაბეგრიც ჩათვლა მიღებული აქვთ მხოლოდ დასაბეგრ ოპერაციებზე.

3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საწარმოს არ გააჩნია ბუღალტრული პროგრამა ან სხვა სახის სააღრიცხვო დოკუმენტაცია, სადაც აღრიცხული იქნებოდა განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები. ვერ დადგინდა დაბეგვრის ობიექტი, შესაბამისად, შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.

შემოწმებით განისაზღვრა ყველა ის ხარჯი, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული (შეძენილი საქონლის ღირებულება, გაცემული ხელფასი, ბანკის საკომისიო და სხვა). შემოწმების მიერ გაკეთდა ფულის მოძრაობის ანალიზი. განისაზღვრა განკარგვადი თანხა თითოეული წლის ბოლოსთვის, რომელიც შესაბამისი საანგარიშო წლების დეკემბრის თვეში ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაზეც საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

შესამოწმებელ პერიოდზე, საწარმოს მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების დამუშავების შედეგად შესწავლილი იქნა გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ის თანხის ჩათვლის საკითხი. გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 49(1"ე"), 43(4), 61(3), 73, 101(1), 154(1"ა"), 159(1), 163(1)(2), 164(1), 174, 175, 176(1), 172(4"ფ"), 69(1), 269(1)(7), 270, 275.

2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის: 160"ა", 161(1).