გადაწყვეტილება №20334/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20334/2/2023
26 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ს 20.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20334/2/2023).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დღგ-ის დეკლარაციით დეკლარირებული თანხის გაუთვალისწინებლობა;
2. დღგ-ის ჩათვლის გაუქმება;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.04.2023 წლის №007-78 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15292 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 157 343 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 96 311
დღგ - 68 796
საშემოსავლო გადასახადი - 27 515
ჯარიმა - 48 058
საურავი - 12 974
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა შერეული საქონლით (საკვები პროდუქტებით, ტკბილეულით, თამბაქოს ნაწარმით, აქსესუარებით და სხვა).
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდის, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 16.03.2023 წლის ჩათვლით პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება.
შემოწმების შედეგები აისახა 31.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 6.04.2023 წლის №7619 ბრძანება და ამავე თარიღის №007-78 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 30.04.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15292 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დღგ-ის დეკლარაციით დეკლარირებული თანხის გაუთვალისწინებლობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის მიერ სარეალიზაციო საქონლის შეძენა ხდება ადგილობრივ ბაზარზე, საიდანაც ძირითადი ნაწილი არის დღგ-ით დასაბეგრი საქონელი, ხოლო თხილი, რომელიც შეძენილი საქონლის მცირე ოდენობას წარმოადგენს, გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით. გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე წარდგენილია საბანკო ამონაწერები, ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ახსნა-განმარტება, ინფორმაცია დებიტორ/კრედიტორების, სასაქონლომატერიალური ფასეულობების, სალაროს ნაშთის, საწარმოს კაპიტალის შესახებ. საწარმოს არ გააჩნია ბუღალტრული პროგრამა ან სხვა სახის სააღრიცხვო დოკუმენტაცია, სადაც აღრიცხული იქნებოდა განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები. გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 16.03.2023 წლის №5080 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. დადგინდა, რომ საწარმოს 16.03.2023 წლის მდგომარეობით სასაქონლომატერიალური ფასეულობები არ გააჩნია.
შემოწმებისას შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი, ასევე გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია (სასაქონლო ზედნადებები, ანგარიშ-ფაქტურები, საგადასახადო დეკლარაციები, ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები და სხვა). შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის ძირითად ნაწილზე დღგ-ის დეკლარაციები წარდგენილია შემცირებული მონაცემებით, რის საფუძველზეც ბიუჯეტიდან დაბრუნებული აქვს 52 922 ლარი.
ვინაიდან, გადამხდელს არ გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ვერ დადგინდა დაბეგვრის ობიექტი, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისათვის გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, შემოწმებით შეძენილი საქონელი სახეობების და დაბეგვრის ტიპის მიხედვით დაიყო ჯგუფებად. საწარმოს შეძენილი საქონლის გარკვეული ნაწილი რეალიზებული აქვს დოკუმენტურად, შესაბამისად დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრისათვის მოხდა შეძენის და მიწოდების სასაქონლო ზედნადებებში არსებული იდენტური საქონლის რეალიზაციის და უახლოესი შეძენის ფასების დაკავშირება. შესამოწმებელი პერიოდის თითოეულ საანგარიშო წელზე გადამხდელის მიერ წარდგენილი საწყისი და საბოლოო სმფ-ების ნაშთის, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების ღირებულების მიხედვით განისაზღვრა თითოეული წლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გათვალისწინებით დადგინდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (თითოეული ჯგუფის იმ დასახელების საქონელზე, რომლის გარკვეული ნაწილის რეალიზაცია მოხდა დოკუმენტურად ასევე იმ საქონელზეც, რომლის რეალიზაცია დოკუმენტურად არ მომხდარა). შემოწმების მიერ დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისათვის სმფ-ების ჯგუფებში არსებულ საქონელზე რაზეც არსებობდა დოკუმენტური რეალიზაცია აღნიშნული საქონლის საცალო რეალიზაციაზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო ისეთი დასახელების საქონელზე, რაზეც არ არსებობდა დოკუმენტური რეალიზაცია გამოყენებულია შესაბამისი ჯგუფის საშუალო შეწონილი ფასნამატი ან აუდირებული ფასნამატი. დათვლილია საწარმოს დღგ-ის 18 %-იანი დასაბეგრი და ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები, რომლებიც შეუდარდა საწარმოს დეკლარირებულ მონაცემებს. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ნაწილში გამოვლენილი სხვაობა გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის საანგარიშო პერიოდების თითოეული თვის დეკლარირებული ბრუნვის შესაბამისი წლის მთლიანი ბრუნვის წილის პროპორციულად დაემატა თითოეული თვის ბრუნვას და დაიბეგრა დღგ-ით.
კომპანიას საგადასახადო კოდექსის 161-ე (2021 წლამდე მოქმედი კანონმდებლობით) და 160-ე მუხლების შესაბამისად დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმებით განისაზღვრა ყველა ხარჯი, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული (შეძენილი საქონლის ღირებულება, გაცემული ხელფასი, ბანკის საკომისიო და სხვა). გადამხდელის მიერ წარდგენილ ახსნა-განმარტებაში მითითებულია რომ შესამოწმებელი პერიოდში თითოეული საანგარიშო წლის მიხედვით არ გააჩნია სალაროს ნაშთი და არ ყავს დებიტორ/კრედიტორები. აღნიშნულიდან გამომდინარე განხორციელდა ფულის მოძრაობის ანალიზი. შესამოწმებელი პერიოდის თითოეული საანგარიშო წლისათვის დათვლილ შემოსავალს გამოაკლდა შესაბამის საანგარიშო წელს გაწეული ხარჯები, ასევე ბიუჯეტში გადახდილი და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხების გათვალისწინებით განისაზღვრა განკარგვადი თანხა თითოეული წლის ბოლოსთვის, რომელიც შესაბამისი საანგარიშო წლების დეკემბრის თვეში, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაზეც საწარმოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
შემოწმებისას ასევე დათვლილია საწარმოს მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერში დაფიქსირებული გაცემული ხელფასის ოდენობა, რომელიც შეუდარდა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარირებულ მონაცემებს, შედეგად გამოვლინდა სხვაობები. აღნიშნული სხვაობები შესაბამისი პერიოდების მიხედვით დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოწმებით და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, არ გააჩნია ბუღალტრული პროგრამა ან სხვა სახის სააღრიცხვო დოკუმენტაცია, სადაც აღრიცხული იქნებოდა განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები და შესაძლებელი იქნებოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შემოწმების მიერ დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისათვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი.
გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან, სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას დებიტორული დავალიანების გათვალისწინებასთან და უიმედო ვალებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმადაც, სალაროს ნაშთი გაანგარიშდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული (შეძენილი საქონლის ღირებულება, გაცემული ხელფასი, ბანკის საკომისიო და სხვა) ყველა ხარჯის გათვალისწინებით. ამასთან, გადამხდელის მიერ წარდგენილ ახსნა-განმარტებაში კი მითითებულია, რომ შესამოწმებელი პერიოდის თითოეული საანგარიშო წლის მიხედვით არ გააჩნია სალაროს ნაშთი და არ ჰყავს დებიტორ/კრედიტორები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ განხორციელებული ფულადი სახსრების ანალიზის შედეგად, თითოეული წლის ბოლოსთვის, განსაზღვრული განკარგვადი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, გადამხდელის მიერ შემოწმების/დავის ეტაპზე არ ყოფილა წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა დებიტორული დავალიანების უიმედო ვალად კვალიფიკაცია.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი 2023 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტების და დეკლარაციით დარიცხული თანხის შემცირების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია დასკვნა აღნიშნული დეკლარაციის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვასთან დაკავშირებით.
აგრეთვე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში შერეული საქონლით. ვინაიდან გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, შემოწმებისას გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი და შემოსავლების დადგენა მოხდა შემოწმებისას დადგენილი ფასნამატით. არ არის გათვალისწინებული დებიტორები, რომელიც შეამცირებდა ფულის ნაშთს. გაცემული პროდუქციის თანხები უიმედო ვალებია.
ამასთან, 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილია დღგ-ის დეკლარაცია, სადაც გადასახდელმა დღგ-მა შეადგინა 11 205 ლარი, შემოწმება მოიცავდა 1.01.2023 წლამდე პერიოდს. აღნიშნული დღგ-ის თანხა არ არის გათვალისწინებული შემოწმებისას და შემდეგ ვერც დააზუსტა. ვინაიდან აღნიშნული თანხა ორჯერ მონაწილეობს, გატარებულია ბარათზე და ასახულია დავალიანებაში, ითხოვს მიეცეს დაზუსტების უფლება, რომ გაანულოს ან საგადასახადო ორგანომ მოახდინოს რეაგირება.
ითხოვს გადასახადის თანხის დაკორექტირებას, ჯარიმების და საურავების მოხსნას, რადგან კომპანია არის ზარალიანი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია საბანკო ამონაწერები, ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ახსნა-განმარტება, ინფორმაცია დებიტორ/კრედიტორების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, სალაროს ნაშთის, საწარმოს კაპიტალის შესახებ. წარდგენილ ახსნა-განმარტებაში მითითებულია, რომ შესამოწმებელი პერიოდში თითოეული საანგარიშო წლის მიხედვით არ გააჩნია სალაროს ნაშთი და არ ყავს დებიტორ/კრედიტორები. საწარმოს არ გააჩნია ბუღალტრული პროგრამა ან სხვა სახის სააღრიცხვო დოკუმენტაცია, სადაც აღრიცხული იქნებოდა განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს 16.03.2023 წლის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები არ გააჩნია. გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის ძირითად ნაწილზე დღგ-ის დეკლარაციები წარდგენილია შემცირებული მონაცემებით, რის საფუძველზეც ბიუჯეტიდან დაბრუნებული აქვს 52 922 ლარი.
საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისათვის გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი.
მომჩივანი მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანომ არ გაითვალისწინა დებიტორები, რომელიც შეამცირებდა ფულის ნაშთს. ასევე, გაცემული პროდუქციის თანხები უიმედო ვალებია. ასევე, 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილია დღგ-ის დეკლარაცია, სადაც გადასახდელმა დღგ-მა შეადგინა 11 205 ლარი, შემოწმება მოიცავდა 1.01.2023 წლამდე პერიოდს. აღნიშნული დღგ-ის თანხა არ არის გათვალისწინებული შემოწმებისას და შემდეგ ვერც დააზუსტა. ვინაიდან აღნიშნული თანხა ორჯერ მონაწილეობს, გატარებულია ბარათზე და ასახულია დავალიანებაში, ითხოვს მიეცეს დაზუსტების უფლება, რომ გაანულოს ან საგადასახადო ორგანომ მოახდინოს რეაგირება. ასევე, ითხოვს გადასახადის თანხის დაკორექტირებას, ჯარიმების და საურავების მოხსნას, რადგან კომპანია არის ზარალიანი.
გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური თავის ბრძანებაში ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმადაც, სალაროს ნაშთი გაანგარიშდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული (შეძენილი საქონლის ღირებულება, გაცემული ხელფასი, ბანკის საკომისიო და სხვა) ყველა ხარჯის გათვალისწინებით. ამასთან, გადამხდელის მიერ წარდგენილ ახსნა-განმარტებაში მითითებულია, რომ შესამოწმებელი პერიოდის თითოეული საანგარიშო წლის მიხედვით არ გააჩნია სალაროს ნაშთი და არ ჰყავს დებიტორ/კრედიტორები. ამასთან, გადამხდელის მიერ შემოწმების/დავის ეტაპზე არ ყოფილა წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა დებიტორული დავალიანების უიმედო ვალად კვალიფიკაცია. ამასთან, გადამხდელის მიერ წარდგენილი 2023 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტების და დეკლარაციით დარიცხული თანხის შემცირების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია დასკვნა აღნიშნული დეკლარაციის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვასთან დაკავშირებით.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დღგ-ის ჩათვლის გაუქმება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდზე, საწარმოს მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების დამუშავების შედეგად შესწავლილია გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ის თანხის ჩათვლის საკითხი. საწარმოს მიერ შეძენილია თხილი, რაზეც 2021 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეებში მიღებულ ანგარიშ-ფაქტურებში მითითებულია დღგ-ის თანხა, ხოლო 2022 წლის ივლისიდან დეკემბრის თვის ჩათვლით მიღებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დღგ-ის თანხა არ არის მითითებული. შემოწმებისას შესწავლილია საქონლის მომწოდებლების მიერ თხილი შეძენის საკითხი. დადგინდა, რომ აღნიშნული საქონელი დღგ-ისგან გათავისუფლებულია ჩათვლის უფლებით, შესაბამისად, კომპანიის მიერ 2021 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეში არ უნდა მომხდარიყო დღგ-ის თანხის ჩათვლა 389 ლარზე, რაც საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად დაექვემდებარა გაუქმებას. გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
თხილზე დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ საწარმოს მიერ შეძენილ თხილზე 2021 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეებში მიღებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებულია დღგ-ის თანხა. შემოწმებისას შესწავლილია საქონლის მომწოდებლების მიერ თხილის შეძენის საკითხი და დადგინდა, რომ აღნიშნული საქონელი დღგ-ისგან გათავისუფლებულია ჩათვლის უფლებით, რის შედეგადაც 2021 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეებში მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2022 წლის ივლისიდან პერიოდის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ აუდიტორებს მიღებულ საქონელზე კერძოდ თხილზე, რომელიც არის დაუბეგრავიც და დასაბეგრიც, ჩათვლა მიღებული აქვს მხოლოდ დასაბეგრ ოპერაციებზე.
ითხოვს გადასახადის თანხის დაკორექტირებას, ჯარიმების და საურავების მოხსნას, რადგან კომპანია არის ზარალიანი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
მომჩივანი მიუთითებს, რომ 2022 წლის ივლისიდან პერიოდის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ აუდიტორებს მიღებულ საქონელზე კერძოდ თხილზე, რომელიც არის დაუბეგრავიც და დასაბეგრიც, ჩათვლა მიღებული აქვს მხოლოდ დასაბეგრ ოპერაციებზე.
გადამხდელის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საწარმოს მიერ შეძენილ თხილზე 2021 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეებში მიღებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებულია დღგ-ის თანხა. შემოწმებისას შესწავლილია საქონლის მომწოდებლების მიერ თხილის შეძენის საკითხი და დადგინდა, რომ აღნიშნული საქონელი დღგ-ისგან გათავისუფლებულია ჩათვლის უფლებით, რის შედეგადაც 2021 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეებში მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას.
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების შედეგად მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, 48 058 ლარის ოდენობით (მათ შორის დღგ-ში 34 306 ლარი, საშემოსავლო გადასახადში 13 751 ლარი), ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 6.04.2023 წლის №007-78 საგადასახადო მოთხოვნით საურავი 12 974 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
კეთილსინდისიერად და პატიოსნად ასრულებდა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს, მაგრამ მიიღო დიდი ოდენობის ზარალი და კომპანია გახდა გადახდისუუნარო. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დღგ-ის დეკლარაციით დეკლარირებული თანხის გაუთვალისწინებლობა;
2. დღგ-ის ჩათვლის გაუქმება;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის ძირითად ნაწილზე დღგ-ის დეკლარაციები წარდგენილია შემცირებული მონაცემებით, რის საფუძველზეც ბიუჯეტიდან დაბრუნებული აქვს 52 922 ლარი. ვინაიდან, გადამხდელს არ გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ვერ დადგინდა დაბეგვრის ობიექტი, შესაბამისად, საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისათვის გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი. დათვლილია საწარმოს დღგ-ის 18 %-იანი დასაბეგრი და ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები, რომლებიც შეუდარდა საწარმოს დეკლარირებულ მონაცემებს. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ნაწილში გამოვლენილი სხვაობა გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის საანგარიშო პერიოდების თითოეული თვის დეკლარირებული ბრუნვის შესაბამისი წლის მთლიანი ბრუნვის წილის პროპორციულად დაემატა თითოეული თვის ბრუნვას და დაიბეგრა დღგ-ით. კომპანიას დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა. ბიუჯეტში გადახდილი და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხების გათვალისწინებით განისაზღვრა განკარგვადი თანხა თითოეული წლის ბოლოსთვის, რომელიც შესაბამისი საანგარიშო წლების დეკემბრის თვეში ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაზეც საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. შემოწმებისას ასევე დათვლილია საწარმოს მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერში დაფიქსირებული გაცემული ხელფასის ოდენობა, რომელიც შეუდარდა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარირებულ მონაცემებს, შედეგად გამოვლინდა სხვაობები. აღნიშნული სხვაობები შესაბამისი პერიოდების მიხედვით დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
2. შემოწმებისას შესწავლილია საქონლის მომწოდებლების მიერ თხილი შეძენის საკითხი. დადგინდა, რომ აღნიშნული საქონელი დღგ-ისგან გათავისუფლებულია ჩათვლის უფლებით, შესაბამისად, კომპანიის მიერ 2021 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეში არ უნდა მომხდარიყო დღგ-ის თანხის ჩათვლა 389 ლარზე, რაც საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად დაექვემდებარა გაუქმებას. გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
3. შემოწმების შედეგად მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, 48 058 ლარის ოდენობით (მათ შორის დღგ-ში 34 306 ლარი, საშემოსავლო გადასახადში 13 751 ლარი), ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 6.04.2023 წლის №007-78 საგადასახადო მოთხოვნით საურავი 12 974 ლარი.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 49(1"ე"), 61(3), 73(4)(5"ა")(9"ბ"), 101(1), 154(1"ა") 159(1"ა""ბ"), 163(1)(2), 164(1), 69(1), 174(1)(2), 175(1"ა"), 176(1"ა"), 272(1)(2), 275, 269(7).
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1).