ბრძანება N 9455

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 14.05.2025
№ დოკუმენტი 9455
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9455

14 მაისი 2025

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

(ფაქტ. მის.: „-------“ )

2024 წლის 11 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის პირველი მაისის სხდომაზე (ოქმი №33) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 15 აპრილის №24675/2/2025 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) 2024 წლის 11 მაისის №89561/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 მარტის №006-67 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელებულა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ასევე, განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში ყურადღება არ არის გამახვილებული გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე საბანკო ანგარიშზე პერიოდის ბოლოს არსებულ ნაშთთან დაკავშირებით. ითხოვს გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთის დადებითი და უარყოფითი სალდოს გადაანგარიშებაში ასახვას და აღნიშნულის შესაბამისად თანხების კორექტირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33928 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი. აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ დანართი N8-ით გაანგარიშებული იმპორტის საბაჟო რეჟიმით შეძენილი საქონლის ღირებულების 25% დააკვალიფიციროს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33928 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 22 თებერვალს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, კომპანიას არ შეუმცირდა დარიცხული თანხები. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 4 მარტის №006-67 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წარმოდგენილი საჩივრების განხილვის შედეგად, საბოლოოდ მიღებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 15 აპრილის №24675/2/2025 გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №26513 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 15 აპრილის №24675/2/2025 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს სადავო საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, მომჩივანს შემოწმების აქტის შედგენამდე (29.09.2023 წელი) გაეგზავნა ხარვეზიანი გაანგარიშება, მომჩივანმა აღნიშნული გაანგარიშებით იხელმძღვანელა და ამ გაანგარიშების საფუძველზე მოახდინა სადავო საკითხების ფორმირება, ჩამოყალიბება და საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენა, მას სხვა გაანგარიშება შემოწმების აქტის შედგენამდე აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან არ გაგზავნია, რომელზეც თავის მხრივ იმსჯელა შემოსავლების სამსახურმა და აღნიშნული საჩივრის ფარგლებში მსჯელობის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, მომჩივნისათვის აღნიშნულის შესახებ მხოლოდ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33928 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 24 ივლისს გამოცემული დასკვნის და შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №26513 ბრძანების გაცნობის შედეგად გახდა ცნობილი.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა თუ არა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33928 ბრძანების აღსრულება, ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, ხომ არ იკვეთება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33928 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების დაზუსტების/გაფართოვების აუცილებლობა. ამ მიზნით, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული სალაროს ნაშთი, რომლის შედეგად, დაკორექტირდა გაანგარიშებაში მონაწილე კომპონენტები.

ამასთან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე დოკუმენტურად დაუდასტურებელი დანახარჯების 25% შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) გათვალისწინებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო აქტის შედეგების კორექტირების საფუძველი არ გამოვლინდა და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც არ დაკორექტირდა (არ შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული სალაროს ნაშთი, რომლის შედეგად, დაკორექტირდა გაანგარიშებაში მონაწილე კომპონენტები. ამასთან, დოკუმენტურად დაუდასტურებელი დანახარჯების 25% შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) გათვალისწინებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტი შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულებისას გასცდა დავის საგანს, კერძოდ, შემმოწმებელს გადაანგარიშების ეტაპზე, სალაროს ნაშთის განსაზღვრისას, მხოლოდ საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი ნაშთი უნდა გაეთვალისწინებინა და არ უნდა განხორციელებულიყო გაანგარიშებაში მონაწილე კომპონენტების კორექტირება. აცხადებს, რომ მართალია საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი ნაშთის გათვალისწინება მოხდა, მაგრამ პარალელურად კაპიტალის კორექტირება განხორციელდა, რისი უფლებაც საგადასახადო ორგანოს არ ჰქონდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ,სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. ხოლო, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს სადავო საკითხი (მათ შორის, დაადგინოს ნაღდი ფულის საწყისი ნაშთი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს სადავო საკითხი (მათ შორის, დაადგინოს ნაღდი ფულის საწყისი ნაშთი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. ითხოვს გადამხდელის საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთის დადებითი და უარყოფითი სალდოს გადაანგარიშებაში ასახვას და აღნიშნულის შესაბამისად თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული სალაროს ნაშთი, რომლის შედეგად, დაკორექტირდა გაანგარიშებაში მონაწილე კომპონენტები. ამასთან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე დოკუმენტურად დაუდასტურებელი დანახარჯების 25% შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის მეთოდური მითითების გათვალისწინებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო აქტის შედეგების კორექტირების საფუძველი არ გამოვლინდა და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. ხოლო, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),101,154.