ბრძანება N 15629

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.06.2022
№ დოკუმენტი 15629
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N15629

20/06/2022

შპს „------’’ (ს/ნ -----)

(მის.:------)

2022 წლის 23 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 25 მაისის (ოქმი №50) სხდომაზე განიხილა შპს „-------’’ (ს/ნ -----) №66973/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 30 დეკემბრის №021-246 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისგან მიღებული მომსახურების დაქირავებით მუშაობად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 16 აპრილის №11364 და 21 აპრილის №12039 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „------’’ (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2018 წლის შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 29 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2021 წლის 30 დეკემბრის №42296 ბრძანება და ამავე თარიღის №021-246 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 144 392 ლარი, მათ შორის, გადასახადი 76 087 ლარი, ჯარიმა 37 755 ლარი, საურავი 30 550 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა ტურიზმის სფეროში ოთხი მიმართულებით: 1. ავტობუსებით/მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა საქართველოს ქალაქებიდან (-----, -----, ------) ----- საერთაშორიშო აეროპორტის მიმართულებით და პირიქით. 2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების (მინივენი, ჯიპები, ავტობუსები, მსუბუქი ავტომანქანები) გაქირავება ტურისტულ ჯგუფებზე 3. ტურისტების ორგანიზებული შემოყვანა საქართველოში და ტურისტული პაკეტის მიწოდება 4. საერთაშორისო გადაზიდვა. ამდენად, შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება როგორც დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა (სატრანსპორტო მომსახურება ქვეყნის შიგნით), ასევე დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები. საწარმოს საკუთრებაში გააჩნია 39 ავტოსატრანსპორტო საშუალება, ეკონომიკურ საქმიანობაში ასევე გამოყენებულია იჯარით აღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული საქმიანობის განხორციელების მიზნით, კომპანიას არ ჰყავს დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები. წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, გადამხდელს 2018 წელს 84 მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ან/და ინდ.მეწარმე პირთან, რომლებიც არიან მძღოლები, გაფორმებული აქვს სატრანსპორტო მომსახურების ხელშეკრულებები, რომელთა დანართებში ასახულია შესასრულებელი მარშრუტების ჩამონათვალი, განხორციელებულ თითოეულ მარშრუტზე ასანაზღაურებელი მომსახურების საფასური და საწვავის ოდენობა (ხელშეკრულებები იდენტურია ყველა მძღოლისთვის). ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული არ არის სამუშაო საათები ან/და სავალდებულოდ შესასრულებელი რეისების ჩამონათვალი. შესრულებული სამუშაოს შემდგომ ფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებშიც მოცემულია შესაბამის პერიოდში მძღოლის მიერ გამომუშავებული ანაზღაურება. შპს „-----" მიერ მომსახურების თანხის ანაზღაურება ხორციელდება როგორც სალაროს, ასევე საბანკო გადარიცხვების მეშვეობით. ვინაიდან, გადამხდელის მიერ აღნიშნული საქმიანობის დაქირავებით მომუშავე (თანამშრომელი) მძღოლების გარეშე განხორციელებისას გამოიკვეთა რისკი, რაც საკანონმდებლო მანიპულაციების გზით საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან ნაწილობრივ თავის არიდებას უკავშირდება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, მძღოლებისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, წინასწარ მომზადებული კითხვარის მიხედვით. მიღებული ინფორმაციით გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1) არის შემთხვევა, როდესაც მძღოლი შპს ,,------’’ ყოველთვიურად იღებს ფიქსირებულ ანაზღაურებას - 1000 ლარის ოდენობით. ყოველთვიურად წინასწარ აქვს განსაზღვრული შესასრულებელი მარშრუტი. ასევე, იღებს დამატებით გასამრჯელოს სამუშაოს სანიმუშოდ შესრულებისთვის. 2) მძღოლებს სამუშაოს შესრულებისას აქვთ ვალდებულება ატარონ ისეთი ტანსაცმელი ან/და სხვა ნივთი, რომელზეც გამოსახულია შპს ,,------’’ საფირმო ნიშანი, ასევე ზოგიერთ მძღოლს უნაზღაურდება მივლინების ხარჯები, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის. 3) არის შემთხვევები, როცა კონკრეტული მძღოლის ანგარიშზე ხდება როგორც თავისი, ისე სხვა მძღოლების ანაზღაურების ჩარიცხვა გარკვეული პროპორციით (მაგ. ჩარიცხული თანხიდან 30% მისია, დანარჩენი თანხა სხვა მძღოლების). 4) მძღოლების გამოძახება კონკრეტულ რეისზე ხდება საწარმოს წარმომადგენლის მიერ წინასწარ გაწერილი განრიგის შესაბამისად. ასევე, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია სატრანსპორტო საშულებების რემონტის მომწოდებელი კომპანიისგან მიღებულ მომსახურებასთან დაკავშირებით. მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ ხშირ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალებები შესაკეთებლად მათთან მიჰყავთ ზემოაღნიშნულ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებს და სათანადო მომსახურებაზე გამოწერილ მიღება-ჩაბარების აქტს ხელს თავად აწერენ. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით ასევე დგინდება, რომ პირები ძირითად შემოსავალს იღებენ შპს ,,------’’. ტრანსპორტი წარმოადგენს შპს ,,------’’ საკუთრებას ან აღებულია იჯარით, საწვავის ხარჯი არის შპს ,,------’’. მძღოლის ფუნქციის შესრულების გარდა, გაწეულ სხვა საქმიანობაში დამატებით ანაზღაურებას ფიზიკური პირები არ იღებენ ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარებების აქტების მიხედვით.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მომსახურე ფიზიკური პირები ამ საქმიანობის განხორციელებისას არ წარმოადგენენ დამოუკიდებელ პირებს, დამოკიდებული არიან შპს ,,-------’’ და მოქმედებენ საწარმოს მითითებით/განრიგით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემოწმებით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ან/და ინდ.მეწარმე მძღოლების მიერ შპს ,,-------’’ გაწეული მომსახურება დაკვალიფიცირდა ფიზიკურ პირთა დაქირავებით მუშაობად, ხოლო განაცემი ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადის 20%-ანი განაკვეთით. გადამხდელს 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს.

ამავე კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, საწარმო ფიქსირებულ თანხას არ უხდიდა მძღოლებს ყოველთვიურად. თანხა (1000 ლარი) თვის განმავლობაში შეიძლება ჩარიცხულიყო ავანსის სახით, ხოლო თვის ბოლოს, ნამუშევარი რეისების შესაბამისად შედგენილი მიღება-ჩაბარების შედგენის შემდეგ, ხდებოდა დარჩენილი სხვაობის ანაზღაურება. ასევე, მძღოლები არ არიან ვალდებული ატარონ შპს ,,-----'' საფირმო ნიშნის ტანსაცმელი, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მძღოლი საკუთარ ავტომობილს საწარმოსთან შეთანხმებით ბრენდავს მათი საფირმო ლოგოთი, რაც ატარებს მარკეტინგულ ხასიათს. ასევე აღნიშნავს, რომ არცერთი მივლინების ფაქტი არ ფიქსირდება. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს უწევს ღამის გათენება, მომსახურების თანხასთან ერთად უნაზღაურდება ღამის თევის ხარჯებიც. ასევე, თითოეულ მძღოლს ერიცხება მხოლოდ თავისი კუთვნილი თანხა. რაც შეეხება წინასწარ განსაზღვრულ შესასრულებელ მარშრუტს, განრიგი დამოკიდებულია ----ის აეროპორტში განხორციელებულ ფრენებზე, რის მიხედვითაც საწარმოს ტრანსპორტის მენეჯერი უთანხმდება თავისუფალ მძღოლს. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული მძღოლი უარს განაცხადებს შეკვეთის შესრულებაზე, ტრანსპორტის მენეჯერი უკავშირდება სხვა ალტერნატიულ მძღოლს. აღნიშნავს ასევე, რომ სხვა ტურებთან და ტრანსფერებთან დაკავშირებით წინასწარ ვერ იქნება მარშრუტი განსაზღვრული, აღნიშნული დამოკიდებულია დამკვეთზე. ამ შემთხვევაშიც შეკვეთის მიღებისთანავე ტრანსპორტის მენეჯერის მიერ ხდება შესაფერისი თავისუფალი ტრანსპორტის და მძღოლის მობილიზება. სატრანსპორტო საშუალებების რემოტთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მძღოლებს ანაზღაურების სანაცვლოდ მიჰყავდათ ტრანსპორტი შესაკეთებელ პუნქტამდე. ასევე, განმარტავს, რომ მძღოლებს აქვთ სრული თავისუფლება და ზოგიერთი მათანგი საქალაქთშორისო ხაზზეც მუშაობდა, ზოგს ჰყავს საკუთარი სპეცტექნიკა და დამატებით მუშაობს სოფლის მეურნეობის სფეროში. მიუთითებს, რომ აღნიშნული მძღოლები კომპანიასთან ურთიერთობაში მონაწილეობენ საკუთარი სახელით, დამოუკიდებლად და პასუხისმგებლები არიან კონკრეტული სამუშაოს ხარისხიან შესრულებაზე, ამასთან, მათ არ გაჩნიათ შრომითი ურთიერთობისთვის დამახასიათებელი არცერთი ფუნქცია. ასევე, შემოსავლების სამსახურის პორტალზე არსებული კითხვარის მიხედვით ყველა მძღოლი განიხილება მომსახურების გამწევ პირად. ასევე, თვლის რომ შემოწმების აქტში დაშვებულია ტექნიკური ხასიათის შეცდომები, კერძოდ, საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილია ასევე სხვა მეწარმე ფიზიკური პირებისგან შეძენილი მომსახურებებიც.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ,,სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების თაობაზე’’ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 6 მაისის №12359 ბრძანებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ან/და ინდ. მეწარმედ რეგისტრირებული მძღოლების მიერ შპს ,,-------’’ გაწეული მომსახურების დაქირავებით მუშაობად დაკვალიფიცირების საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 6 მაისის №12359 ბრძანების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „-----’’ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ან/და ინდ. მეწარმედ რეგისტრირებული მძღოლების მიერ შპს ,,-------’’ გაწეული მომსახურების დაქირავებით მუშაობად დაკვალიფიცირების საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 6 მაისის №12359 ბრძანების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისგან მიღებული მომსახურების დაქირავებით მუშაობად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა ტურიზმის სფეროში. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს 2018 წელს 84 მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ან/და ინდ.მეწარმე პირთან, რომლებიც არიან მძღოლები, გაფორმებული აქვს სატრანსპორტო მომსახურების ხელშეკრულებები, ხელშეკრულების მიხედვით შესრულებული სამუშაოს შემდგომ ფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებშიც მოცემულია შესაბამის პერიოდში მძღოლის მიერ გამომუშავებული ანაზღაურება. მომსახურე ფიზიკური პირები ამ საქმიანობის განხორციელებისას არ წარმოადგენენ დამოუკიდებელ პირებს, დამოკიდებული არიან და მოქმედებენ საწარმოს მითითებით/განრიგით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემოწმებით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ან/და ინდ.მეწარმე მძღოლების მიერ საწარმოსთვის გაწეული მომსახურება დაკვალიფიცირდა ფიზიკურ პირთა დაქირავებით მუშაობად, ხოლო განაცემი ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადის 20%-ანი განაკვეთით. გადამხდელს 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ან/და ინდ. მეწარმედ რეგისტრირებული მძღოლების მიერ საწარმოსთვის გაწეული მომსახურების დაქირავებით მუშაობად დაკვალიფიცირების საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 6 მაისის №12359 ბრძანების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (9); 101; 154.