გადაწყვეტილება №27766/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.07.2026
№ დოკუმენტი 27766/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27766/2/2026

23 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,22.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 12.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27766/2/2026).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინება;

2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შესაბამის პერიოდებში დაბეგვრა;

3. ქონების გადასახადში ზედმეტად გადახდილი თანხის შემცირება;

4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 მარტის №006-58 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 4 მაისის №9692 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 315 179.46 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 185 618.60

ჯარიმა - 81 219.90

საურავი - 48 340.96

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა და რეალიზაცია.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 დეკემბრის №27509 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2023 წლის 3 ივლისიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 27 თებერვლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 მარტის №4749 ბრძანება და №006-58 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 315 179.46 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 8 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 4 მაისის №9692 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, კერძოდ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს როგორც წარდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

- მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, მომჩივნის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 4 მაისის №9692 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინება

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელი ითხოვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებას.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 174-ე, 175-ე, 176-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ არგუმენტზე, რომლის მიხედვით, მომჩივანი აცხადებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული, გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის თანხის ჩათვლა. კერძოდ, კომპანიას გააჩნია შპს „N1-ს“ გაზიფიცირებასთან დაკავშირებით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც გამოიწერა შესამოწმებელ პერიოდში, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული დღგ-ის ჩათვლებში. ამასთან, განმარტავს, რომ გააჩნია სხვა საგადასახადო ანგარიშფაქტურებიც და ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებით შეისწავლოს როგორც წარდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ჰქონდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ჩაუთვლელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის ჩათვლაც არ განხორციელებულა შემოწმების პროცესში. ერთ-ერთი ესეთი ფაქტურა იყო შპს „N1-ს“ (ს/ნ „-------“) გაზიფიცირებასთან დაკავშირებით, რომლის გამოწერაც მოხდა შემოწმების პროცესში და შესაბამისად არ მომხდარა ეა-„-------“ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ჩათვლაში გათვალისწინება.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლზე და ითხოვს ეა-„-------“ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის 2024 წლის ივლისის თვეში ჩათვლას, ხოლო სხვა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს, რომელიც საჩივარს ახლავს დანართად, შესაბამისი ოპერაცის განხორციელების პერიოდის ჩათვლებში ასახვას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:

ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:

ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;

ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ჰქონდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ჩაუთვლელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის ჩათვლაც არ განხორციელებულა შემოწმების პროცესში. ერთ-ერთი ესეთი ფაქტურა იყო შპს „-------“ (ს/ნ „-------“) გაზიფიცირებასთან დაკავშირებით, რომლის გამოწერაც მოხდა შემოწმების პროცესში და შესაბამისად არ მომხდარა ეა-„-------“ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ჩათვლაში გათვალისწინება. მომჩივანი ითხოვს ეა-„-------“ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის 2024 წლის ივლისის თვეში ჩათვლას, ხოლო სხვა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი ოპერაცის განხორციელების პერიოდის ჩათვლებში ასახვას.

აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს როგორც წარდგენილი, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შესაბამის პერიოდებში დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთი (ს/კ „-------“), რომელზეც 2023 წლის 15 ივნისს, ქ. „-------“-ის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქ. „-------“-ის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ (ბრძანება №6510815), შესაბამისი წესით გაცემულია მშენებლობის ნებართვა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ რეალიზებულია საცხოვრებელი ბინების და პარკინგების ძირითადი ნაწილი. შემოწმების ფარგლებში გადასახადის გადამხდელმა ასევე წარადგინა შესაბამისი ბუღალტრული პროგრამა/სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახული შემოსავალი განსხვავდება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულისგან. წარდგენილი ინფორმაციისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით დადგინდა, რომ საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში სხვადასხვა დროს რეალიზებულია როგორც საცხოვრებელი ბინები, ასევე პარკინგები, რომლებზეც არსებობს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებები. ასევე, კომპანიის მიერ ხელშეკრულებების უშუალოდ გაფორმებამდე, ავანსად მიღებული აქვს ნასყიდობის საგნის (საცხოვრებელი ბინების/პარკინგების) ღირებულებები, რომლის ნაწილიც გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი წესით ასახულია დღგ-ის დეკლარაციაში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს მიერ გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. კერძოდ, იმ ნაწილზე, როდესაც საკომპენსაციო თანხის მიღება უსწრებს ნასყიდობის თარიღს, დღგ-ით დაიბეგრა მიღებული ავანსი შესაბამის პერიოდში, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში ნასყიდობის თარიღის მიხედვით გამოვლენილ სხვაობაზე დაერიცხა დღგ. შედეგად, მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე 43-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ არგუმენტთან, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შესაბამის პერიოდებში დაბეგვრასთან დაკავშირებით, ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, შემოწმების ფარგლებში ერთმანეთისგან გაიმიჯნა საცხოვრებელი ბინების რეალიზაციის შედეგად წინასწარ მიღებული თანხების (ავანსების) ჩარიცხვის პერიოდები და ხელშეკრულების გაფორმების პერიოდები. აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ როდესაც უძრავი ქონების სანაცვლოდ ავანსად მიღებული თანხა წინ უსწრებდა ხელშეკრულების გაფორმების თარიღს, საგადასახადო ორგანოს მიერ დაიბეგრა შესაბამის პერიოდში ჩარიცხული ავანსის თანხა, ხოლო როდესაც უძრავ ქონებაზე დადებული ხელშეკრულების თარიღები წინ უსწრებდა სანაცვლოდ მისაღებ ანაზღაურებებს, დღგ-ით დაიბეგრა ხელშეკრულებების შესაბამისი ღირებულებები მისი გაფორმების თარიღებში.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება დღგ-ის ბრუნვის პერიოდებში დაბეგვრას და ითხოვს აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლას გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთი, რომელზეც შესაბამისი წესით გაცემულია მშენებლობის ნებართვა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ რეალიზებულია საცხოვრებელი ბინების და პარკინგების ძირითადი ნაწილი. შემოწმების ფარგლებში მომჩივანმა ასევე წარადგინა შესაბამისი ბუღალტრული პროგრამა/სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახული შემოსავალი განსხვავდება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულისგან. წარდგენილი ინფორმაციისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით დადგინდა, რომ საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში სხვადასხვა დროს რეალიზებულია საცხოვრებელი ბინები და პარკინგები, რომლებზეც არსებობს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებები. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ ხელშეკრულებების უშუალოდ გაფორმებამდე, ავანსად მიღებული აქვს ნასყიდობის საგნის (საცხოვრებელი ბინების/პარკინგების) ღირებულებები, რომლის ნაწილიც მომჩივნის მიერ შესაბამისი წესით ასახულია დღგ-ის დეკლარაციაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს მიერ გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. კერძოდ, იმ ნაწილზე, როდესაც საკომპენსაციო თანხის მიღება უსწრებს ნასყიდობის თარიღს, დღგ-ით დაიბეგრა მიღებული ავანსი შესაბამის პერიოდში, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში ნასყიდობის თარიღის მიხედვით გამოვლენილ სხვაობაზე დაერიცხა დღგ.

მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: შემოწმების ფარგლებში ერთმანეთისგან გაიმიჯნა საცხოვრებელი ბინების რეალიზაციის შედეგად წინასწარ მიღებული თანხების (ავანსების) ჩარიცხვის პერიოდები და ხელშეკრულების გაფორმების პერიოდები. როდესაც უძრავი ქონების სანაცვლოდ ავანსად მიღებული თანხა წინ უსწრებდა ხელშეკრულების გაფორმების თარიღს, საგადასახადო ორგანოს მიერ დაიბეგრა შესაბამის პერიოდში ჩარიცხული ავანსის თანხა, ხოლო როდესაც უძრავ ქონებაზე დადებული ხელშეკრულების თარიღები წინ უსწრებდა სანაცვლოდ მისაღებ ანაზღაურებებს, დღგ-ით დაიბეგრა ხელშეკრულებების შესაბამისი ღირებულებები მისი გაფორმების თარიღებში.

ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

აღსანიშნავია, რომ დავების განხილვის საბჭოში საჩივრის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა დავის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო საბჭოს სხდომას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. ქონების გადასახადში ზედმეტად გადახდილი თანხის შემცირება

ფაქტების აღწერა

მომჩივანი ითხოვს ქონების გადასახადში ზედმეტად გადახდილი თანხის შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 203-ე, 204-ე, 205-ე, 43-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი წარდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ 2024 წელს რეალიზებული აქვს თითქმის ყველა საცხოვრებელი ბინა. ამასთან, კომპანიას აშენებულ და გაყიდულ კორპუსებზე 2024 წელს აქვს ზედმეტად გადახდილი მიწის გადასახადი, თუმცა საგადასახადო ორგანო მიერ არ განხორციელებულა ზედმეტად დარიცხული თანხების შემცირება. შესაბამისად, ითხოვს ქონების გადასახადში ზედმეტად გადახდილი თანხის შემცირებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების პერიოდში დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები ქონების გადასახადის ნაწილში არ გამოვლენილა. ამასთან, არ განხორციელებულა მომჩივნის მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადის შემცირება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, მომჩივნის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საწარმოს 2024 წელს რეალიზებული აქვს თითქმის ყველა საცხოვრებელი ბინა, კომპანიას ზედმეტად გადახდილი აქვს მიწის გადასახადი აშენებულ და გაყიდულ კორპუსის ბინებზე 2024 წლის ქონების გადასახადში. საგადასახადო ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ზედმეტად დარიცხული თანხების შემცირება. ითხოვს ქონების გადასახადში ზედმეტად გადახდილი თანხის შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის პირველი აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.

საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:

ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;

ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის პირველი აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ საწარმოს 2024 წელს რეალიზებული აქვს თითქმის ყველა საცხოვრებელი ბინა, კომპანიას ზედმეტად გადახდილი აქვს მიწის გადასახადი აშენებულ და გაყიდულ კორპუსის ბინებზე 2024 წლის ქონების გადასახადში. საგადასახადო ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ზედმეტად დარიცხული თანხების შემცირება. შესაბამისად, ითხოვს ქონების გადასახადში ზედმეტად გადახდილი თანხის შემცირებას.

მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. შესაბამისად, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, მომჩივნის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, ამ ნაწილში საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 მარტის №006-58 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 315 179.46 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 185 618.60 ლარი, ჯარიმა - 81 219.90 ლარი და საურავი - 48 340.96 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ კომპანია არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი. შესაბამისად, ითხოვს სადავო საკითხების გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი სანქციისგან (ჯარიმა და საურავი) გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი მიუთითებს სსკ-ის 175-ე მუხლზე და ითხოვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის 2024 წლის ივლისის თვეში ჩათვლას,ხოლო სხვა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს, რომელიც საჩივარს ახლავს დანართად, შესაბამისი ოპერაცის განხორციელების პერიოდის ჩათვლებში ასახვას.

2.გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ბრუნვის პერიოდებში დაბეგვრას და ითხოვს აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლას გადამხდელის მონაწილეობით. ასევე,ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.

3.მომჩივანი ითხოვს ქონების გადასახადში ზედმეტად გადახდილი თანხის შემცირებას.

4.მომჩივანი ითხოვს სადავო საკითხების გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.გადასახადის გადამხდელი ითხოვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებას.

2.შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთი,რომელზეც გაცემულია მშენებლობის ნებართვა.დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ რეალიზებულია საცხოვრებელი ბინების და პარკინგების ძირითადი ნაწილი.ასევე,დადგინდა, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახული შემოსავალი განსხვავდება გადამხდელის მიერ დეკლარირებულისგან. წარდგენილი ინფორმაციისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით დადგინდა, რომ საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში სხვადასხვა დროს რეალიზებულია როგორც საცხოვრებელი ბინები, ასევე პარკინგები, რომლებზეც არსებობს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებები. ასევე, კომპანიის მიერ ხელშეკრულებების უშუალოდ გაფორმებამდე, ავანსად მიღებული აქვს ნასყიდობის საგნის ღირებულებები, რომლის ნაწილიც გადამხდელის მიერ შესაბამისი წესით ასახულია დღგ-ის დეკლარაციაში.დღგ-ით დაიბეგრა მიღებული ავანსი შესაბამის პერიოდში, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში ნასყიდობის თარიღის მიხედვით გამოვლენილ სხვაობაზე დაერიცხა დღგ. შედეგად, მომჩივანს, სსკ-ის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

3.მომჩივანი ითხოვს ქონების გადასახადში ზედმეტად გადახდილი თანხის შემცირებას

4.აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 315 179.46 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 185 618.60 ლარი, ჯარიმა - 81 219.90 ლარი და საურავი - 48 340.96 ლარი.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

2.საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

3.საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, ამ ნაწილში საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი

4.საბჭო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

163,164,174,175,176,204,205.