გადაწყვეტილება №3/4811-17
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №3/4811-17
17 ოქტომბერი 2017 წელი
თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ონიანი
სხდომის მდივანი ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე------------------
წარმომადგენელი - --------------
მოპასუხე-სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი- ---
დავის საგანი-ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 8 ივნისის N CB763028 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 ივლისის N 17919 ბრძანება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 8 ივნისს 11:54 საათზე სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ---------------- მიმართ შედგენილ იქნა NCB763028 საგადასახადო მართლდარღვევის ოქმი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე და ------------------ დაჯარიმდა 200 ლარით.
სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 31 მაისის N14715 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი. მომხმარებლის მიერ შეძენილ იქნა 1 ლარის ღირებულების საქონელი (ენერგეტიკული სასმელი „ბუმი), რა დროსაც გამოვლინდა, რომ დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხონები.
ოქმში აღნიშნულია, რომ სამართალდამრღვევმა უარი განაცხადა ოქმის ხელმოწერაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ შმოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 8 ივნისის NCB763028 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.19)
3.1.2. 2017 წლის 15 ივნისს ------------------- საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 8 ივნისის NCB763028 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება მოითხოვა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 ივლისის N17919 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ -------------------- საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 8 ივნისის NCB763028 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის 200 ლარის ნაცვლად სანქციის სახით შეეფარდა გაფრთხილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 ივლისის N 17919 ბრძანება (ს.ფ. 24-25)
3.1.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს ოფიცრის ავთანდილ ავთანდილაშვილის 2017 წლის 20 ივნისის N 74407-21-14 მოხსენებითი ბარათის მიხედვით სამსახურებრივი მოწმობის წარდგენის შემდეგ სალარო აპარატიდან ამოღებულ იქნა „X“ ანგარიში, სადაც შეცდომით იქნა მითითებული შემოწმების პერიოდი. პერიოდის შესწორების შემდეგ გადამხდელს განემარტა სამართალდარღვევის შინაარსი, კერძოდ სამმა სხვადასახვა მომხმარებელმა ცალ-ცალკე შეიძინა 1-1 ლარის ღირებულების პროდუქცია, გამყიდველმა -------- ემ კი ჩეკი გასცა მხოლოდ ორ მომხმარებელზე. აღნიშნული დაფიქსირებულია X ანგარიშში, სადაც მაიდენტიფიცირებელი 0,01 ლარიანი ჩეკი შემდეგ ერთლარიანი ქვითარი გაცემულია მხოლოდ ორ მომხმარებელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 20 ივნისის N 74407-21-12 მოხსენებითი ბარათი (ს.ფ.60)
3.1.4.2017 წლის 8 ივნისს 11 :34 საათზე ----------- ობიექტზე ამობეჭდილია ორი საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი, თითეული 1 ლარის ღირებულების საქონელზე.
ასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკები N070253 და N070252 (ს.ფ.57)
3.2. დადგენილი სადავაო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო განმარტავს, რომ „ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლსაჯულებლის უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათაშეფარდება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება (საქმეNბს-1635-1589 (კ-08))
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ არ დასტურდება --------------- მიერ საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესის დარღვევა, კერძოდ, მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეტა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსი, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახდო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.
მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 8 ივნისის NCB763028 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 ივლისის N 17919 ბრძანება, წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობას ამოწმებს სასამართლო განსახილველი დავის ფარგლებში.
6.1.3.საქართველოს საგადასახდო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსისლი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და თანამდებობის პირების არამართზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახდო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამ კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა -იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდებობით, ხოლო 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის მე-11 ნაწილით, 289-ე მუხლის მე-14 ნაწილი ნაწილითა და 291-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის (გარდა განმეორებით ჩადენილებისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 8 ივნისის NCB763028 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმით ----------- საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 200 ლარით, ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 ივლისის N17919 ბრძანებით გადამხდელს, დაკისრებული ჯარიმის ნაცვლად, სანქციის სახით შეეფარდა გაფრთხილება.
მოსარჩელე სადავოდ ხდის სამართალდარღვევის ოქმს, მიუთითებს რა რომ მიმდინარე კონტროლის პროცედურები განხორციელდა კანონდარღვევით, შემმოწმებლებს არ წარუდგენიათ შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანება, გასაცნობად არ წარუდგენიათ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, არასწორად მოხდა საკონტროლო-სალარო აპარატიდან ნავაჭრის შესახებ ამონაგების ამოღება. ამასთან, არასწორად მოხდა იმ ფაქტის დადგენა, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულია კანონმდებლობით მოთხოვნები.
საგადასახადო ორგანოების მიერ კონტროლის განხორციელების (მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის, ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების და სამართალდარღვევების საქმის წარმოების) პროცედურები განისაზღვრება „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით. ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიმდინარე კონტროლის პროცედურები ხორციელდება უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ.
მითითებული ბრძანების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სსა-ის აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკონტროლო-სალარო აპარატის და აგს-ში, აირგასამართ და აირსავსებ საკომპრესორო სადგურებში არსებული საწვავის რეალიზაციის ავტომატური აღრიცხვის სისტემის ექსპლუატაციის განმახორციელებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს: ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, მათი ექსპლუატაციის წესების დაცვა; ბ) საქონლის/მომსახურების მიწოდების ოპერაციასთან დაკავშირებით შესაბამისი ნაღდი ფულით ანაზღაურებისას მომხმარებლისთვის ამობეჭდილი ჩეკის გაცემა, რომელიც ადასტურებს საქონლის/მომსახურების მიწოდების ოპერაციასტან დაკავშირებით შესაბამისი ნაღდი ფულის გადახდის ფაქტს, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, პირის მიერ ჩეკის გაცემა ხდება მისთვის ნაღდი ფულის გადახდისთანავე ან/და მის მიერ ხურდის დაბრუნებასთან ერთად, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებელი ნაღდი ფულის გადახდას ახორციელებს იმ პირთან, რომელიც არ წარმოადგენს მოლარე ოპერატორს (მაგ. საზკვების ობიექტში მომსახურ პერსონალი), მომხმარებელს ჩეკი უნდა გადასცეს გონივრულ ვადაში.
მითითებული ბრძანების მე-4 თავით მოწესრიგებულია საკონტროლო შესყიდვის განხორციელების წესი, რომლის ერთ-ერთი მიზანი არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენა (მათ შორის: მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარისსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევა; საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის გამოვლენა; საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევის ფაქტის დადაგენა და სხვა), ხოლო 22-ე მუხლის პირველი პუნქტით პუნქტით განსაზღვრულია, რომ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვთ სასამართლოს გადაწტვეტილების გარეშე, ამ კარით დადგენილი წესით განახორციელონ სსა-ების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სსა-ების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი ხორციელდება შემდეგი ფაქტების გამოვლენის მიზნით: ა) სსა-ის რეგისტრაციის წესების დარღვევის; ბ) სსა-ის გამოუყენლობის და გამოყენების წესების დარღვევის; გ) ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენების; დ) სსა-ის დაკარგვის ე) ჩგდ-ის გამოყენების წესების დარღვევის; ვ) სსა-ის ექსლუატაციის წესების დარღვევის; ზ) ამ კარით გათვალისწინებული სხვა პირობების დარღვევის. ბრძანების 22-ე მუხლის და მე-6 პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, უფლებამოსილია საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებამდე არ გაამჟღავნოს თავისი სამსახურებრივი მიზანი (გამოვიდეს ფსევდომომხმარებლის როლში) და სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით (ვიდეო ან აუდიო ჩანაწერების საშუალებით) ან მის გარეშე მოახდინოს მოლარის მიერ სხვა მომხმარებლებისთვის სსა-ის გამოუყენებლობის ან ამობეჭდილი ქვითრის (ჩეკის) წარუდგენლობის ფაქტის გამოვლენა. აღნიშნული ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს შესაბამის სამართალდარღვევის ოქმს აღნიშნული პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ერთსა და იმავე ობიექტში სისტემატურად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირებს უფლება აქვთ, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განახორციელონ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საგდასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართალდარღვევა საგადასახადო შემოწმების აქტშია დაფიქსირებული. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ადგილზე განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზე უფარდებს საგადასახადო სანქციას, ამ შემთხვევაში პირს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საგადასახდო მოთხოვნად, ხოლო მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი გასაცნობად წარედგინება სამართალდამრღვევ პირს, რომელსაც უფლება აქვს, წარმოადგინოს განმარტებები და შენიშვნები, რომლებიც აისახება ოქმში ან დაერთვება მას. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ერთი ეგზემპლარი ბარდება ან ეგზავნება სამართალამრღვევ პირს.
2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საგადასახდო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მოიცავს საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, საქმის განხილვის, სანქციის შეფარდების, გადაწყვეტილების მიღების და მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვის პროცედურებს. 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საგადახადო სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს აქვს ინდივიდუალური ნომერი და შესაძლებელია შედგეს როგორც წერილობითი (რომელიც წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას), ისე ელექტრონული ფორმით, რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ ელექტრონული ფორმით ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად და ბარდება/ეგზავნება სამართალდამრღვევ პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს; მე-4 პუნქტის მიხედვით, ოქმი გასაცნობად წარედგინება სამართალდამრღვევ პირს, თუ იგი ესწრება მის შედგენას. სამართალდამრღვევ პირს უფლება აქვს წარმოადგინოს განმარტებები და შენიშვნები, რომლებიც აისახება ოქმში ან დაერთვება მას. თუ სამართალდამრღვევი პირი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, უფლებამოსილი პირის მიერ ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
განსახილვევ შემთხვევაში საგადასახდო ორგანოს თანამშრომლების მიერ პირადად არ განხორციელებულა საკონტროლო შესყიდვა, ამასთან საკონტროლო-სალაროა პარატების გამოყენების კონტროლი გამოიხატება არა მხოლოდ უშუალოდ მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ საკონტროლო შესყიდვის განხორციელებაში, არამედ უფლებამოსილ პირებს შეუძლიათ, დააკვირდნენ, რამდენად ხდება სხვა მომხმარებლებთან ანგარიშსწორებისას ჩეკის გაცემა, მასში ზუსტი მონაცემების მითითება, რისი განუხორციელობლობის დროსაც საგადასახადო ორგანოს თანამშრომლები ვალდებულნი არიან, მოახდინონ რეგირება გამოვლენილ სამართალდარღვევაზე და შეადგინონ შესაბამისი საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ მიმდინარე კონტროლის პროცედურა განხორციელებულია უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, უფლებამოსილ პირა მიერ. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას კონტროლის პროცედურების დარღვევის თაობაზე, რადგან საქმეში წარმოდგენილი ვიდეომასალიდან იკვეთება, რომ ------------------- და გამყიდველს განემარტა, როგორც საგადახასადო მონიტორინგის თანამშრომელთა ვინაობა, ისე სამართალდარღვევის ოქმის შედგენის ფაქტის თაობაზე, რომლის ხელმოწერაზეც უარი იქნა გაცხადებული. სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საფუძველი ასევე ვერ გახდება საკონტროლო სალარო აპარატიდან თავდაპირველად ნავაჭრის შესახებ ინფორმაციის არასწორად ამოღება, რომელ ფაქტსაც არც მოპასუხე ხდის სადავოდ. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან არ განხორციელებულა საკონტროლო შესყიდვა და საგადასახადო ორგანოები სხვა პირებთან მიმართებით საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე მიუთითებენ, აუცილებელია, ზუსტად მოხდეს ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობა უტყუარად უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებებით, რადგან მისი არსებობა პირისთვის შესაბამისი სანქციის გამოყენებასა და მისი გარკვეული უფლებების შეზღუდვას იწვევს. მართალია, სამართალდამრღვევი ვალდებულია, ითმინოს მის მიმართ გამოყენებული სახელმწიფო იძულების ზომები, მაგრამ აღნიშნული თმენის ვალდებულება მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც მტკიცებულებათაა ერთობლიობით დასტურდება სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და იგი მხოლოდ ვარაუდს არ ეფუძნება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 259-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შესაბამისი მონაცემები აღირიცხება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით. მომხმარებლად ჩაითვლება პირი, რომელიც ნაღდი ფულით ახორციელებს ანგარიშსწორებას მისთვის მიწოდებულ/მისაწოდებელ საქონელზე/მომსახურებაზე.
2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილის, რომ მომხმარებლისთვის გაცემულ ჩეკზე უნდა აისახოს შემდეგი აუცილებელი რეკვიზიტები: ა) პირის დასახელება; ბ) საიდენტიფკაციო/პირადი ნომერი; გ)სსა-ის უნიკალური ნომერი; დ) ჩეკის ნომერი; ე)გადახდილი თანხის ოდენობა, თარიღი და დრო; ვ)სსა-ის ფისკალური რეჟიმში ყოფნის დამადასტურებელი ნიშანი.
ამავე ბრძანების მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ სსა-ის ექსპლუატაცია არის მისი დადგმის, ტექნიკური მომსახურების, გამოყენების და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ერთიანი პროცესი, რომლის განხორციელების უზრუნველყოფას ახდენს პირი ამ თავით მისთვის განსაზღვრული ვალდებულებათა შესაბამისად. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად პირი ვალდებულია მომხმარებლის მიერ მისთვის მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ღირებულების ანაზღაურებისას, შესაბამისად მონაცემების აღსარიცხავად გამოიყენოს სსა, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, სსა-ის გამოუყენებლობა გულისხმობს იმ შემთხვევას, როდესაც პირს გააჩნია საგადასახდო ორგანოში რეგისტრირებული სსა, რომელი შეტანილია რეესტრში, სსა-ზე ჩართულია ფისკალური მეხსიერება, მაგრამ მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას არ ხდება ვაჭრობის/მომსახურების ყველა ოპერაციაზე სსა-ის გამოყენება, რაც თავის მხრივ, მოიცავს მომენტს, რომ მომხმარებლისგან ყოველ ფულის მიღებაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანონმდებლობის შესაბამისად ასეთი ოპერაცია ან პირი თავისუფლდება სსა-ის გამოყენების ვალდებულებისაგან) სსა-ში ამობეჭდილი უნდა იყოს ჩეკი. სსა-ის გამოუყენებლად არ მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც სსა-ის შეკეთების პერიოდში (არა უმეტეს 7 კალედარული დღისა) მომხმარებლებთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორება წარმოებს სარეზერვო სსა-ის მეშვეობით. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ მოლარე-ოპერატორი ვალდებულია: მომხმარებლის მიერ ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ყველა ოპერაციაზე ამობეჭდოს და შესთავაზოს (დადოს მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ადგილას) მომხმარებლის ამობეჭდილი ჩეკი. თუ მომხმარებლის მიერ მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების ანგარიშში გადახდილი თანხიდან მომხმარებელს უნდა დაუბრუნდეს ხურდა, ჩეკში ამოსაბეჭდად სსა-ში გატარებულ უნდა იქნეს მხოლოდ ის თანხა, რომელიც რჩება სალაროში.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ
ამრიგად ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე, მხარემ უნდა წარმოადგინოს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმიის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ოქმის შემდგენი უნდა ფლობდეს შესაბამის სპეციალურ ცოდნას საქმის გარემოებების შეფასებისა და სამართალდარღვევის გამოვლენის კუთხით, ამასთან, მხოლოდ ოქმის შემდგენთა ახსნა-განმარტება ვერ იქნება მიჩნეული საქართველოს საგადასახდო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენის უტყუარად დამადასტურებელ მტკიცებულებად, მით უფრო მაშინ, როდესაც სამართალდარღვევა გამოვლენილია არა საკონტროლო შესყიდვის შედეგად, არამედ სხვა პირებთან სალარო-საკონტროლო აპარატის გამოყენებაზე დაკვირვებით, თუმცაღა ოქმის შემდგენები ამ დროს სავაჭრო ობექტში არ იმყოფებოდნენ, შესაბამისად გაცილებით რთულია ამ ფაქტის დადგენა და შესწავლა, კონკრეტულად რომელმა და რამდენმა მომხმარებელმა რა ღირებულებისა და რაოდენობის საქონელი შეიძინა. საქმეში წარმოდგენილია ოქმის შემდგენთა მიერ სამართალდარღვევის გამოვლენისას გადაღებული კადრების ამსხველი დისკი, რომლითაც უტყუარად არ დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმში მითითებული ფაქტის ჩადენას, რამეთუ ცალსახად არ ჩანს, რომ მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების შესვლამდე მაღაზიაში ნამდვილად სამი მომხმარებელი იმყოფებოდა, ხოლო ჩეკი მხოლოდ ორ მათგანზეა გაცემული. ვიდეომასალიდან დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ერთი მომხმარებლის მიერ შეძენილია 1 ლარის ღირებულების ენერგეტიკული სასმელი „ბუმი„, ასევე, წარმოდგენილია ორი ჩეკი, რომლებიც გაცემულია 1 ლარის ღირებულების საქონელზე. სხვა მომხხმარებელთა განმარტება მოპოვებული არ არის. ვინაიდან ჩეკით კონკრეტული საქონლისა და მომხმარებლის იდენტიფიკაცია ვერ ხდება, მხოლოდ ეჭვი ვერ ხდება პირის სამართალდარღვევად მიჩნევის საფუძველი, რამეთუ საქმეში არსებული მასალით დასტურდება მოსარჩელის მითითებული ფაქტობრივი გარემოება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების შესახებ, სხვა მტკიცებულებათა არქონის პირობებში კი ფაქტობრივი გარემებები გადამხდელის ინტერესების საწინააღმდეგოდ ვერ იქნა შეფასებული.
6.2 სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებსს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარატმენტის დეპარტამენტის 2017 წლის 8 ივნისის NCB763028 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 ივლისის N17919 ბრძანება.
საპროცესო ხარჯები
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.
6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისან.
მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 (ასი) ლარი, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1- -------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნონილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 8 ივნისის NCB763028 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი;
3. ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 ივლისის N17919 ბრძანება;
4. სსიპ შემოსავლების სამსახურს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ,თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე თამარ ონიანი