გადაწყვეტილება №27593/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27593/2/2026
24 აგვისტო 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 16.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27593/2/2026).
დავის საგანი:
1. რეალიზებულ ბინებზე საბაზრო ფასის დადგენა და გავრცელების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, ხოლო ფულადი შემოსულობების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;
2. ქონების გადასახადში ზედმეტად გადახდილი თანხის შემცირების უფლება;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №047-34 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.04.2026 წლის №8419 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 559 997.47 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 760 687.01
დღგ - 389 589.58
საშემოსავლო გადასახადი - 371 097.43
ჯარიმა - 380 343.3
საურავი - 418 967.16
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახდო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 26.12.2025 წლის №28474 ბრძანება და №047-34 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 8.04.2026 წლის №8419 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
1. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ბინების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე მათი რეალიზაციის პერიოდში, ხოლო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების თარიღში. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 8.04.2026 წლის №8419 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. რეალიზებული ბინებზე საბაზრო ფასის დადგენა და გავრცელების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, ხოლო ფულადი შემოსულობების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა
ფაქტების აღწერა
1. გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი მასალების, მ.შ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების, საჯარო წყაროებში მოძიებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი სხვა კომპანიების შესადარის მონაცემებთან, მ.შ. საცხოვრებელი ფართის ერთეულზე (1 კვ.მ.-ზე) დაფიქსირებულ სარეალიზაციო ფასებთან შედარების შედეგად გამოიკვეთა არსებითი სხვაობა, კერძოდ, შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდებში ამ წყაროებში (მ.შ. ელექტრონულ საიტი - korter.ge-ზე) აღნიშნულ ადგილმდებარეობაზე (-------, -------) დაფიქსირებული გარიგების მინიმალური ფასების საშუალო მნიშვნელობები 30%-ით აღემატებოდა კომპანიის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებულ სარეალიზაციო ფასებს (რეალიზებული 35 საცხოვრებელი ფართიდან 30-ის შემთხვევაში). გასათვალისწინებელია ისიც, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვის ისეთი მოწესრიგებული სისტემა, სადაც სრულად და სწორად იქნებოდა ასახული მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა საქმიანი ოპერაცია, ხოლო მისივე წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ საწარმომ საქმიანობა (საცხოვრებელი ფართების სრული რეალიზაციით) ფაქტიურად უკვე დაასრულა მნიშვნელოვანი ზარალით.
ზემოთ აღწერილი გარემოების საფუძველზე საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები, ცალკეულ შემთხვევებში, გადასახადების შემცირების მიზნით არის დამახინჯებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს. ასეთ შემთხვევებში, დაბეგვრის მიზნებისათვის, მიწოდების ფასების კორექტირების საფუძვლად აღებულ იქნა ელექტრონულ საიტზე - korter.ge-ზე მოცემულ ადგილმდებარეობაზე (-------) და შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე სხვა კომპანიების (სულ 14 მშენებლობის) მიხედვით დაფიქსირებული მიწოდების მინიმალური ფასების გასაშუალებული მნიშვნელობები. აღნიშნული მეთოდით გამოვლენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების მიხედვით, შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდებში საწარმოს დამატებით დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი, აგრეთვე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2. შემოწმებისას გამოვლენილი დამატებით დასაბეგრი შემოსავლები, ასახული არ არის არც საწარმოს საბანკო ანგარიშებზე და წარმოდგენილი მონაცემებით არც მისი სალაროში შესვლა ან ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი დასტურდება. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის დებულებების შესაბამისად, ამგვარად დადგენილი ფულადი შემოსულობები განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სახელფასო ანაზღაურებად, რაც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, აგრეთვე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-18 მუხლის მე-2, მე-3, მე-7 და მე-11 ნაწილებით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, სადაც აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს საბაზრო ფასის განსაზღვრისათვის არ უნდა გამოეყენებინა სხვა კომპანიის ფასები (კომპლექსის ტიპის დასახელებები მაგ.: -------, -------, -------), ვინაიდან, კომპანიას კორპუსის მშენებლობა განხორციელებული აქვს 2021-2022 (პანდემის, კოვიდ19 პერიოდში) წლებში და ამავე პერიოდშია ყველა ბინა რეალიზებული. აღნიშნულ პერიოდზე -------არ იყო მოწესრიგებული კომუნიკაციები, არ იყო გაყვანილი გზა.
ამასთან, გადასახადის გადამხდელმა საჩივრის ზეპირ განხილვაზე მზადყოფნა გამოთქვა რეალიზებული ბინების საბაზრო ფასების დადგენის მიზნით, შესაბამისი ექსპერტიზის წარდგენასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ბინების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე მათი რეალიზაციის პერიოდში, ხოლო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების თარიღში. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
უპირველეს ყოვლისა არ ეთანხმება, რომ თითქოსდა საწარმოს მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები, ცალკეულ შემთხვევებში, გადასახადების შემცირების მიზნით არის დამახინჯებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს. მიაჩნია, რომ აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ შემმოწმებლების ვარაუდს და არანაირი სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია. საგადასახადო შემოწმების აქტშიც არ არის არანაირი სამართლებრივი დასაბუთება და არგუმენტად მოყვანილია ზოგადი, მშრალი ანალიზი, რომლის საფუძველზეც საგადასახდო ორგანომ მიიჩნია, რომ გადასახადების შემცირების მიზნით არის დამახინჯებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს. მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 18-ე მუხლის მე-11 ნაწილზე და განმარტავს, რომ გარიგებაში არცერთი მონაწილე პირი არ წარმოადგენს ურთიერთდამოკიდებულ პირს, საგადასახადო ორგანოს არ დაუდგენია, რომ გაცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან, არც ტურისტული პირისათვის მიუწოდებია საქონელი. ასევე საგადასახადო კოდექსში განსაზღვრულია დამატებით რა შემთხვევაში უნდა განისაზღვროს საქონლის/მომსახურების მიწოდება საბაზრო ფასით და არცერთ კრიტერიუმში არ ჯდება მისი ოპერაცია.
გარდა ამისა, არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას ფასებთან მიმართებაში, რადგანაც უძრავი ქონების ფასებზე მოქმედებს ბევრი ფაქტობრივი გარემოება კერძოდ: გადახდის პირობები, კარკასის კონდიცია და სხვა. ბინების უმრავლესობა გაყიდულია მშენებლობის საწყის ეტაპზე შავი კარკასის კონდიციით, სადაც მყიდველს თანხა გადახდილი აქვს ბინის შეძენის პერიოდში სრულად. აუდიტის დეპარტამენტს ფასები აღებული აქვს ელექტრონულ საიტზე - korter.ge-დან, სადაც საბაზრო ფასების გაანგარიშებაში შეყვანილი აქვს ისეთი კომპანიის ფასები, რომელიც გათვლილია მაღალ სეგმენტზე (ძირითადად კომპლექსის ტიპის დასახლებები) (მაგ: -------, -------, -------) აღნიშნული სამშენებლო კომპანიები წარმოადგენენ ------- და ------- მიმდებარე ტერიტორიას, რომლის ფასები გაცილებით მეტია მის მიერ აშენებული კორპუსის ფასებზე და წარმოადგენს განსხვავებულ ლოკაციას. აუდიტის დეპარტამენტს საბაზრო ფასის განსაზღვრისათვის არ უნდა გამოეყენებია აღნიშნული კომპანიების ფასები, მათი ფასების ამოღების შემთხვევაში დგება სხვა ფაქტობრივი მდგომარეობა, ყურადღება მისაქცევია იმ ფაქტორზე, რომ შემოწმებას საბაზრო ფასები ბინებზე გავრცელებული აქვს ბინის გადაფორმების პერიოდში და არა თანხის ჩარიცხვის და ხელშეკრულების გაფორმების პერიოდზე. (მაგ: ბინა N15 მყიდველს შეძენილი აქვს 2021 წლის დეკემბერში და თანხაც ჩარიცხული აქვს სრულად 2021 წლის დეკემბერში, ხოლო ბინა საჯარო რეესტრში გადაფორმებულია 2022 წლის აგვისტოში, აღნიშნულ ბინაზე ფასი განსაზღვრულია გადაფორმების მომენტში არსებული საბაზრო ფასი და არა შეძენის მომენტის საბაზრო ფასი რომელიც განსხვავებულია და სრულად ცვლის ფაქტობრივ გარემოებას, აღნიშნული მიდგომა გამოყენებულია სხვა ბინებზეც). აღსანიშნავია რომ საწარმომ გარკვეულ რეალიზებულ ბინებზე ზარალის და ფინანსური კრიზისის გამო ვერ შეძლო დღგ-ის გადახდა და ამ ნაწილში ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის აქტში ასახულ დარიცხვის. ფასის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ კომპანიას კორპუსის მშენებლობა განხორციელებული აქვს 2021-2022 (პანდემის, კოვიდ 19-ის პერიოდში) წლებში და ამავე პერიოდშია ყველა ბინა რეალიზებული. აღნიშნულ პერიოდზე ------- არ იყო მოწესრიგებული კომუნიკაციები, არ იყო გაყვანილი გზა. რაც დამატებით გარემოებას ქმნის ფასის განსა ზღვრაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს აღნიშნულ საკითხით გამოწვეული გადასახადების დარიცხვა და შესაბამისი სანქცია/საურავები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2, მე-3, მე-7 ნაწილების და მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.
7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.
11. ბ) საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი შემდეგ შემთხვევებში თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ 13 შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაზრო ფასი − ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გაუგებარია საგადასახადო ორგანოს პოზიცია, რომ თითქოსდა საწარმოს მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები, ცალკეულ შემთხვევებში, გადასახადების შემცირების მიზნით არის დამახინჯებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს. მიაჩნია, რომ აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ შემმოწმებლების ვარაუდს და არანაირი სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია. საგადასახადო შემოწმების აქტშიც არ არის არანაირი სამართლებრივი დასაბუთება. გარიგებაში არცერთი მონაწილე პირი არ წარმოადგენს ურთიერთდამოკიდებულ პირს, საგადასახადო ორგანოს არ დაუდგენია, რომ გაცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან, არც ტურისტული პირისათვის მიუწოდებია საქონელი. საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია დამატებით რა შემთხვევაში უნდა განისაზღვროს საქონლის/მომსახურების მიწოდება საბაზრო ფასით და არცერთ კრიტერიუმში არ ჯდება მისი ოპერაცია. ამასთან, არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას ფასებთან მიმართებაში, რადგანაც უძრავი ქონების ფასებზე მოქმედებს ბევრი ფაქტობრივი გარემოება კერძოდ: გადახდის პირობები, კარკასის კონდიცია და სხვა. ბინების უმრავლესობა გაყიდულია მშენებლობის საწყის ეტაპზე შავი კარკასის კონდიციით, სადაც მყიდველს თანხა გადახდილი აქვს ბინის შეძენის პერიოდში სრულად. აუდიტის დეპარტამენტს ფასები აღებული აქვს ელექტრონულ საიტზე - korter.ge-დან, სადაც საბაზრო ფასების გაანგარიშებაში შეყვანილი აქვს ისეთი კომპანიის ფასები, რომელიც გათვლილია მაღალ სეგმენტზე (ძირითადად კომპლექსის ტიპის დასახლებები) (მაგ: -------, -------, -------) აღნიშნული სამშენებლო კომპანიები წარმოადგენენ ------- და ------- მიმდებარე ტერიტორიას, რომლის ფასები გაცილებით მეტია მის მიერ აშენებული კორპუსის ფასებზე და წარმოადგენს განსხვავებულ ლოკაციას. აუდიტის დეპარტამენტს საბაზრო ფასის განსაზღვრისათვის არ უნდა გამოეყენებია აღნიშნული კომპანიების ფასები. გარდა ამისა, საბაზრო ფასები ბინებზე გავრცელებულია ბინის გადაფორმების პერიოდში და არა თანხის ჩარიცხვის და ხელშეკრულების გაფორმების პერიოდზე. (მაგ: ბინა N15 მყიდველს შეძენილი აქვს 2021 წლის დეკემბერში და თანხაც ჩარიცხული აქვს სრულად 2021 წლის დეკემბერში, ხოლო ბინა საჯარო რეესტრში გადაფორმებულია 2022 წლის აგვისტოში, აღნიშნულ ბინაზე ფასი განსაზღვრულია გადაფორმების მომენტში არსებული საბაზრო ფასი და არა შეძენის მომენტის საბაზრო ფასი რომელიც განსხვავებულია და სრულად ცვლის ფაქტობრივ გარემოებას, აღნიშნული მიდგომა გამოყენებულია სხვა ბინებზეც). ფასის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ კომპანიას კორპუსის მშენებლობა განხორციელებული აქვს 2021-2022 (პანდემიის, კოვიდ 19-ის პერიოდში) წლებში და ამავე პერიოდშია ყველა ბინა რეალიზებული. აღნიშნულ პერიოდზე -------, სადაც მდებარეობს ობიექტი, არ იყო მოწესრიგებული კომუნიკაციები, არ იყო გაყვანილი გზა. რაც დამატებით გარემოებას ქმნის ფასის განსაზღვრაში.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, უძრავი ქონების მყიდველი შეძენილ ქონებაზე არ სარგებლობს დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მიწოდებული უძრავი ქონების გარიგების ფაქტობრივი ფასი არსებითად აღემატება გარიგების განცხადებულ ფასს. საბჭო მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგების განცხადებული ფასი არსებითად განსხვავდება გარიგების ფაქტობრივი ფასისგან, საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს საბაზრო ფასის გამოყენებას. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, აგრეთვე სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. აღნიშნული ვალდებულებების შესრულების მიზანია გადასახადებით დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №990 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების წესის“ ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საბაზრო ფასი იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგებაში მითითებული ფასი არსებითად აცდენილია ბაზარზე არსებულ ფასს და გარემოებათა ერთობლიობა მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ დაფიქსირებული ფასი არ ასახავს ოპერაციის რეალურ ღირებულებას.
საგულისხმოა, რომ საგადასახადო კანონმდებლობა ეფუძნება ფორმაზე შინაარსის აღმატებულების პრინციპს, რომლის თანახმადაც ოპერაციის შეფასება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ გარიგების ფორმის, არამედ მისი შინაარსის გათვალისწინებით. შესაბამისად, თუ გარიგებაში დაფიქსირებული ფასი, მნიშვნელოვნად განსხვავდება ბაზარზე არსებული ფასისგან, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია შეაფასოს, არის თუ არა ფასი ხელოვნურად შემცირებული გადასახადების გადახდისგან თავის არიდების მიზნით.
ამასთან, „გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების წესის“ მე-2 პუნქტი პირდაპირ ადგენს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ დაასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის გაცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან, რაც შეიძლება დადგინდეს არა მხოლოდ ხელშეკრულების ფორმალური მონაცემით, არამედ გარიგების შინაარსის შეფასებით, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი ფასის ხელოვნურად შემცირების შესახებ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, შეფასდეს რამდენად რეალურია გარიგებაში დაფიქსირებული ფასი, შეესაბამება თუ არა იგი საბაზრო პირობებს, არსებობს თუ არა ასეთი ფასის გამოყენების დასაბუთებული მიზეზი.
განსახილველ შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტის პოზიციით, სახეზეა საბაზრო ფასიდან არსებითი გადახრა, გარიგებებში მითითებული ფასი მნიშვნელოვნად დაბალია ანალოგიური ობიექტების საბაზრო ფასთან შედარებით, აღნიშნული განსხვავება არ წარმოადგენს ჩვეულებრივ კომერციულ ფასდაკლებას, შემცირებული ფასი დაფიქსირებულია მრავალჯერადად (სისტემურ ხასიათს ატარებს) და არ არსებობს მისი ეკონომიკურად დასაბუთებული ახსნა.
აღნიშნული გარემოებების ერთობლიობა ქმნის საფუძვლიან ვარაუდს (ადასტურებს), რომ გარიგებაში გამოყენებული ფასი შესაძლოა არ ასახავდეს დამოუკიდებელ მხარეებს შორის საბაზრო პირობებში ჩამოყალიბებულ ფასს, რაც საგადასახადო ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, გადასახადებით დაბეგვრის მიზნისთვის გამოიყენოს საბაზრო ფასი და შესაბამისი გადასახადები განსაზღვროს საბაზრო ღირებულების მიხედვით.
საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ აქტში მითითებულია ოპერაციის ფორმა-შინაარსი და საგადასახადო ორგანოს არგუმენტაცია საბაზრო ფასის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საგადასახადო ორგანო ასაბუთებს, რომ განცხადებული ფასები არსებითად შემცირებულია ოპერაციის ფაქტობრივ ფასთან მიმართებით და ბუღალტრული მონაცემები დაბეგვრის ობიექტს არ ასახავს სრულად, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადებით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრის მიზნით არაპირდაპირი მეთოდის და საბაზრო ფასის გამოყენება მართლზომიერია.
რაც შეეხება შემოწმებისას გამოყენებული (გავრცელებული) საბაზრო ფასის ოდენობას, საბჭო მხედველობაში იღებს შემოსავლების სამსახურის 8.04.2026 წლის №8419 ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ბინების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე მათი რეალიზაციის პერიოდში, ხოლო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების თარიღში. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის 8.04.2026 წლის №8419 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. ქონების გადასახადში ზედმეტად გადახდილი თანხის შემცირების უფლება
ფაქტების აღწერა
საგადასახადო შემოწმების აქტი აღნიშნული დავის საგნის ნაწილზე, ინფორმაციას არ მოიცავს.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 204-ე მუხლით, 205-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომლის თანახმად, საწარმოს 2022 წელს რეალიზებული აქვს ყველა საცხოვრებელი ბინა, შესაბამისად, კომპანიას ზედმეტად გადახდილი აქვს მიწაზე ქონების გადასახადი აშენებულ და გაყიდული კორპუსის ბინებზე 2022-2024 წლებში. ითხოვს, ქონების გადასახადში ზედმეტად გადახდილი თანხის შემცირებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მე-2 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმოს 2022 წელს რეალიზებული აქვს ყველა საცხოვრებელი ბინა, კომპანიას ზედმეტად გადახდილი აქვს მიწის გადასახადი აშენებულ და გაყიდულ კორპუსის ბინებზე 2022-2023-2024 წლებში, შემოწმებისას არ განხორციელებულა ზედმეტად დარიცხული თანხების შემცირება, ითხოვს ქონების გადასახადში ზედმეტად გადახდილი თანხის შემცირებას.
საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის პირველი აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.
საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:
ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;
ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის 8.04.2026 წლის №8419 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის 8.04.2026 წლის №8419 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ფაქტების აღწერა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №047-34 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 380 343.3 ლარი და საურავი - 418 967.16 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 ნაწილებით, 291-ე მუხლის მიხედვით, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს, გათავისუფლდეს სადავო საკითხების გადანგარიშების შედეგად დარჩენილი სანქციისაგან (ჯარიმა და საურავი).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. რეალიზებულ ბინებზე საბაზრო ფასის დადგენა და განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. ქონების გადასახადში ზედმეტად გადახდილი თანხის შემცირების უფლება;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები, ცალკეულ შემთხვევებში, გადასახადების შემცირების მიზნით არის დამახინჯებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს. ასეთ შემთხვევებში, დაბეგვრის მიზნებისათვის, მიწოდების ფასების კორექტირების საფუძვლად აღებულ იქნა ელექტრონულ საიტზე მოცემულ ადგილმდებარეობაზე და შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე სხვა კომპანიების მიხედვით დაფიქსირებული მიწოდების მინიმალური ფასების გასაშუალებული მნიშვნელობები. აღნიშნული მეთოდით გამოვლენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების მიხედვით, შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდებში საწარმოს დამატებით დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა. შემოწმებისას გამოვლენილი დამატებით დასაბეგრი შემოსავლები, ასახული არ არის არც საწარმოს საბანკო ანგარიშებზე და წარმოდგენილი მონაცემებით არც მისი სალაროში შესვლა ან ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი დასტურდება. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დადგენილი ფულადი შემოსულობები განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სახელფასო ანაზღაურებად, რაც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით და დაეკისრა ჯარიმა.
2. შემოსავლების სამსახურმა მიუთითა გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომლის თანახმად, საწარმოს 2022 წელს რეალიზებული აქვს ყველა საცხოვრებელი ბინა, შესაბამისად, კომპანიას ზედმეტად გადახდილი აქვს მიწაზე ქონების გადასახადი აშენებულ და გაყიდული კორპუსის ბინებზე 2022-2024 წლებში. ითხოვს, ქონების გადასახადში ზედმეტად გადახდილი თანხის შემცირებას.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის 8.04.2026 წლის №8419 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 18; 73(5, 9); 101; 154; 159; 163; 164; 204; 269(7)