ბრძანება N 2827

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.02.2026
№ დოკუმენტი 2827
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2827

10 თებერვალი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

სს ------- (ს/ნ ---------------)

(მის.: ----------------------------)

2025 წლის 5 და 6 აგვისტოს საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 15 და 30 იანვრის სხდომებზე (ოქმები №2 და №9) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 11 დეკემბრის №25851/2/2025 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული სს „------“ (ს/ნ -----) №97383/1/2025 და №124141/21 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 7 ივლისის №15213 „საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ” ბრძანებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრების ავტორი განმარტავს, რომ 2024 წლის 21 მაისს საქონლის მომწოდებელს გაუგზავნა წერილი, რომლითაც აცნობა წარმოშობის სერთიფიკატებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. იმავე დღეს ელექტრონული ფოსტით მიიღო წერილი, რომლის ასლი 2024 წლის 22 მაისს გადაუგზავნა საბაჟო დეპარტამენტს იმ წერილთან ერთად, რომლითაც გადასახადის გადამხდელმა საბაჟო ორგანოს მიაწოდა ინფორმაცია მის მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და არსებული ვითარების შესახებ. 2024 წლის 13 ივნისს საბაჟო ოპერაციები დასრულდა და საბაჟო საწყობიდან გაიტანა საქონელი.

2024 წლის 14 ივნისს კი საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინა განცხადება, რომელსაც სხვა დოკუმენტებთან ერთად თან ერთვოდა წარმოშობის სერტიფიკატები (EUR.1), რომლებიც გაცემული იყო ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყების მიერ და მასზე დატანილი შტამპი შეესაბამებოდა საქართველოევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას.

მომჩივანმა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოსთვის წარდგენილ საჩივარში მიუთითა, რომ ვერ ექნებოდა სამართალდარღვევის ჩადენის განზრახვა, ის ვერ ჩაიდენდა ამ სამართალდარღვევას და ვერც წარმოშობის სერტიფიკატში შეუსაბამო შტამპის არსებობის თავიდან აცილებას შეძლებდა. როგორც კი შეიტყო წარმოშობის სერტიფიკატთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობის შესახებ მან, ერთი მხრივ, დაუყოვნებლივ გადაიხადა იმპორტის გადასახდელი და მეორე მხრივ, ტვირთის გამომგზავნს შეატყობინა ამ პრობლემის შესახებ და მოსთხოვა სიტუაციაში გარკვევა.

ასევე მიუთითა საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე და მიაჩნია, რომ მისი ქმედება იყო კეთილსინდისიერი და არ ეწინააღმდეგებოდა ან/და არღვევდა საქართველოს კანონმდებლობას (მათ შორის საქართველოს საბაჟო კოდექსს) და არ არსებობდა საფუძველი მომჩივანისთვის ერთი მხრივ, იმპორტის გადასახდელის დარიცხვის და მეორე მხრივ, ჯარიმის დაკისრების საფუძველი.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვა დაუბრუნდეს სადავო აქტის საფუძველზე გადახდილი ჯარიმა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 25 აპრილს სს „-----“ (ს/ნ ------) მიერ №----- საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დადეკლარირდა 609785.36 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი

(მ/მ რეზერვუარი ლუდის ფერმენტაციისთვის – 5 ერთეული; თხევადი ნახშირორჟანგის მ/მ რეზერვუარი – 1 ერთეული), რომელიც პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის (EUR1 №------ 25.04.2024) საფუძველზე გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისაგან. აღნიშნულ დეკლარაციას მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „-------“-ის მიერ განესაზღვრა „წითელი დერეფანი“.

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა №------- (25.04.2024) დეკლარაციის და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ დეკლარირებისას წარმოდგენილი №------ (25.04.2024) წარმოშობის სერტიფიკატი (EUR.1) არ იყო გაცემული ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყების მიერ და მასზე დატანილი შტამპი არ შეესაბამებოდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რის გამოც არ იქნა გათვალისწინებული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი.

ვინაიდან მითითებული საქონლის საბაჟო ღირებულება აჭარბებდა 15 000 ლარს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის მასალები, საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 29 მაისის №------ წერილით, ქვემდებარეობით გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 2025 წლის 19 ივნისის №------ წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ წარდგენილი მასალების შესწავლის შედეგად არ დაწყებულა გამოძიება და ეთხოვა შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით მოქმედება.

საქმის მასალებით დადგინდა, რომ სს „-----“ (ს/ნ ------) მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში 609785.36 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის 86345.32 ლარით (იმპორტის გადასახადი 73174 ლარი; დღგ 13171.32 ლარი) შემცირებას და პირს აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 7 ივლისის №15213 ბრძანებით, სს „-----“ (ს/ნ -----) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 86345.32 ლარის ოდენობით.

სს „-------“ (ს/ნ -------) უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ 2024 წლის 14 ივნისს №----- განცხადებით საბაჟო დეპარტამენტში წარდგენილი იქნა ბერძნული პრეფერენციული გადაადგილების სერთიფიკატები (EUR.1), რომელთა ავთენტურობის დადგენის მიზნით, საბაჟო დეპარტამენტმა №------ 20.06.2024 წერილით მიმართა ------ შესაბამის სამსახურს. ------- საბაჟო სამსახურის საპასუხო წერილით, დადასტურდა სს „------“ მიერ 2024 წლის 14 ივნისს №------ განცხადებით წარდგენილი პრეფერენციული გადაადგილების სერთიფიკატების (EUR.1) ნამდვილობა, რის საფუძველზე, 2025 წლის 6 აგვისტოს ცვლილება შევიდა ------ საქონლის საბაჟო დეკლარაციაში და 86345.32 ლარით შემცირდა დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელი (იმპორტის გადასახადი 73174 ლარი; დღგ 13171.32 ლარი).

სადავო 2025 წლის 7 ივლისის №15213 „საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ” ბრძანება და და 2024 წლის 25 აპრილის №------ საქონლის საბაჟო დეკლარაციით იმპორტის გადასახდელის დარიცხვა მომჩივანმა გაასაჩივრა (№97383/1/2025 და №124141/21 საჩივრები) შემოსავლების სამსახურში, რომლის 2025 წლის 25 აგვისტოს №18822 ბრძანებით საჩივრები №------ 25.04.2024 საქონლის საბაჟო დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელის შემცირების მოთხოვნის ნაწილში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, ხოლო საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის №15213 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანმა საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 7 ივლისის №15213 ბრძანება და შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 აგვისტოს №18822 ბრძანება გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.

ა) სამართალდამრღვევ პირს განსახილველ ფაქტამდე 12 კალენდარული თვის განმავლობაში იმავე ქმედების ჩადენისთვის პასუხისმგებლობა დაკისრებული არ ჰქონია;

ბ) საბაჟო დეპარტამენტში წარმოდგენილი საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატის ორიგინალის, სათანადოდ დამოწმებული ასლის ან რეტროსპექტიულად გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე, საბაჟო დეკლარაციაში განხორციელებულია შესაბამისი ცვლილება (შემცირებულია იმპორტის გადასახდელის თანხა);

გ) საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წარმოდგენილია საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების თხოვნით განცხადება.

ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ თავის გადაწყვეტილებაში ასევე მიუთითა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭომ ასევე მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

საბჭომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.

საბჭომ ყურადღება გაამახვილა საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გააუქმა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 აგვისტოს №18822 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დააკმაყოფილა.

საბაჟო დეპარტამენტიდან დამატებით გადმოგზავილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტმა რეტროსპექტიულად გაცემული სერტიფიკატების საფუძველზე, საბაჟო დეკლარაციაში ცვლილება (იმპორტის გადასახდელის თანხის შემცირება) განახორციელა დავის ეტაპზე, მას შემდეგ რაც 2025 წლის 6 აგვისტოს სს „-----“ (ს/ნ -----) №124085/21-04 საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს. მითითებულ კომპანიას საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში არ წარმოუდგენია საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების თხოვნით განცხადება.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის წარმოშობა განისაზღვრება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან.

პრეფერენციული წარმოშობის სერთიფიკატი ადგენს გარკვეულ სატარიფო უპირატესობებს, რაც გულისხმობს შემცირებულ ან ნულოვან განაკვეთს საქონლისათვის, რომელიც ვაჭრობის საგანს წარმოადგენს პრეფერენციული ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა შორის. აქედან გამომდინარე, პრეფერენციული წარმოშობის წესები უფრო მკაცრია და პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესები, პრეფერენციული წარმოშობის კრიტერიუმები განსაზღვრულია შესაბამისი სართაშორისო ხელშეკრულებებით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით, თუ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის შეტანით იმპორტის გადასახდელის ოდენობა შემცირდა იმ საქონელზე, რომლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი ადგენს საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლებას, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

“საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით, 167-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებითა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციებისაგან ამავე კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე პირის გათავისუფლების ღონისძიებების” (დანართი №1) მე-4 პუნტით დადგინდა, რომ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებისათვის (რაც გამოწვეულია საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატის არასწორად გამოყენებით) საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული სანქციისაგან პირის გათავისუფლება შესაძლებელია განახორციელოს საბაჟო დეპარტამენტმა, თუ:

ა) სამართალდამრღვევ პირს განსახილველ ფაქტამდე 12 კალენდარული თვის განმავლობაში იმავე ქმედების ჩადენისთვის პასუხისმგებლობა დაკისრებული არ ჰქონია;

ბ) საბაჟო დეპარტამენტში წარმოდგენილი საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატის ორიგინალის, სათანადოდ დამოწმებული ასლის ან რეტროსპექტიულად გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე, საბაჟო დეკლარაციაში განხორციელებულია შესაბამისი ცვლილება (შემცირებულია იმპორტის გადასახდელის თანხა);

გ) საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წარმოდგენილია საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების თხოვნით განცხადება.

ამ შემთხვევაში საბაჟო დეპარტამენტი უფლებამოსილია, გამოსცეს ბრძანება საბაჟო სანქციისგან პირის გათავისუფლების შესახებ და გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განახორციელოს შესაბამისი ჯარიმის თანხის კორექტირება.

დადგენილია, რომ 2024 წლის 25 აპრილს მომჩივნის მიერ №------ საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დადეკლარირდა 609785.36 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი, რომელიც პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის (EUR1 №------ 25.04.2024) საფუძველზე გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისაგან.

დადგენილია ასევე, რომ დეკლარირებისას წარმოდგენილი №------ (25.04.2024) ----- წარმოშობის სერტიფიკატი (EUR.1) არ იყო გაცემული ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყების მიერ და ასევე, მასზე დატანილი შტამპი არ შეესაბამებოდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რის გამოც არ იქნა გათვალისწინებული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტს, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსით 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სს „-----“ (ს/ნ ------) უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ 2024 წლის 14 ივნისს №------ განცხადებით წარმოდგენილი იქნა რეტროსპექტიულად გაცემული №------, №------, №------, №------, №------, №------ (29.04.2024) ------პრეფერენციული გადაადგილების სერთიფიკატები (EUR.1). აღნიშნული რეტროსპექტიულად გაცემული ------ პრეფერენციული გადაადგილების სერთიფიკატების ავთენტურობის დადგენის მიზნით, საბაჟო დეპარტამენტმა №------ 20.06.2024 წერილით მიმართა ------ შესაბამის სამსახურს.

----- საბაჟო სამსახურის საპასუხო წერილით, დადასტურდა სს „------“ მიერ წარდგენილი პრეფერენციული გადაადგილების სერთიფიკატების (EUR.1) ნამდვილობა, რის საფუძველზე, 2025 წლის 6 აგვისტოს ცვლილება შევიდა ----- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში და 86345.32 ლარით შემცირდა დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელი (იმპორტის გადასახადი 73174 ლარი; დღგ 13171.32 ლარი).

ამდენად, საბაჟო დეპარტამენტმა რეტროსპექტიულად გაცემული სერტიფიკატების საფუძველზე, საბაჟო დეკლარაციაში ცვლილება (იმპორტის გადასახდელის თანხის შემცირება) განახორციელა დავის ეტაპზე, მას შემდეგ რაც სს „-----“ (ს/ნ -----) 2025 წლის 5 აგვისტოს №---- და 6 აგვისტოს №------ საჩივრებით მიმართა შემოსავლების სამსახურს. შესაბამისად, სს „-----“ (ს/ნ -----) საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში არ წარუდგენია საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების თხოვნით განცხადება. შესაბამისად, არ იყო შესრულებული შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით, 167-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებითა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციებისაგან ამავე კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე პირის გათავისუფლების ღონისძიებების“ (დანართი №1) მეთოდური მითითების მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები და გამომდინარე აქედან, საბაჟო დეპარტამენტის მიერ სს „-----“ (ს/ნ -----) გათავისუფლება საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველით ნაწილით გათვალისწინებული სანქციისგან საფუძველს მოკლებულია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. სს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს, დაუბრუნდეს სადავო აქტის საფუძველზე გადახდილი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

დადგენილია, რომ 2024 წლის 25 აპრილს მომჩივნის მიერ საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დადეკლარირდა 609785.36 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი, რომელიც პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის (EUR1) საფუძველზე გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისაგან. დადგენილია ასევე, რომ დეკლარირებისას წარმოდგენილი წარმოშობის სერტიფიკატი (EUR.1) არ იყო გაცემული ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყების მიერ და ასევე, მასზე დატანილი შტამპი არ შეესაბამებოდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რის გამოც არ იქნა გათვალისწინებული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტს რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:13;163;167;