ბრძანება N 2434

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.02.2025
№ დოკუმენტი 2434
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2434

12 თებერვალი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----------“-ის (ს/ნ ---------)

(მის: -----, N --)

2025 წლის 25 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 7 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №12) განიხილა შპს „-----------"ის (ს/ნ ---------) №-----/-/----- საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის “საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების” 2024 წლის 24 დეკემბრის N ა ---- - ---- აქტს, გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ 2024 წლის 26 დეკემბრის N ----- ბრძანებას და 2024 წლის 27 დეკემბრის N ---------- საგადასახადო მოთხოვნას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით, საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 24 იანვრის N -----/-/----- წერილის შესაბამისად, №------/C----- 15.07.2021 საბაჟო დეკლარაციასთან დაკავშირებული დოკუმენტები გაეგზავნა საბაჟო დეპარტამენტს. საქონლის ღირებულების დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად გაგზავნილი წერილის შენიშვნაში განმარტებული იყო 200 აშშ დოლარის ზედმეტად გადახდის მიზეზი. ავანსად (წინასწარ) გადახდილი 200 აშშ დოლარი განკუთვნილი იყო ახალი საქონლის შეკვეთისთვის კომპანიის სავაჭრო ნიშნის - BD კერამიკულ ნაწარმზე დატანის მიზნით. აღნიშნული საქონელი შემოტანილი იქნა 2022 წლის 5 იანვარს (დეკლარაცია N ------/A-----, ინვოისი N ------). შემმოწმებელმა აღნიშნული თანხა 200 აშშ დოლარი მიაკუთვნა N ------/C------ 15.07.2021 საქონლის საბაჟო დეკლარაციას და საქონლის ღირებულებად დაიანგარიშა 34061,4 აშშ დოლარი ნაცვლად 33861,40 აშშ დოლარისა.

აღნიშნულზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს „-----------“-ის (ს/ნ ---------) სახელზე გაფორმდა N -----/C------ 15.07.2021 საქონლის საბაჟო დეკლარაცია, რომლის საფუძველზე თავისუფალ მიმოქცევაში გაეშვა 40561,4 აშშ 12 თებერვალი 2025 N 2434 დოლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა სანტექნიკური ნაწარმი. აღნიშნული საბაჟო დეკლარაცია შეირჩა ლურჯ დერეფანში და განხორციელდა საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი.

შემოწმების ფარგლებში, საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, დეკლარანტისაგან სხვადასხვა დოკუმენტაციასთან ერთად გამოთხოვილი იქნა (საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 25 იანვრის №--/--/----- წერილი) საქონლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი საბუთები. დეკლარანტისაგან მიღებული N ----- 30.01.2024 ელ. განცხადების თანახმად, საქონლის გამყიდველისთვის გადახდილი იქნა 34061,4 აშშ დოლარი, N ----- 16.05.2021 სასაქონლო ინვოისში მითითებულ თანხაზე 200 აშშ დოლარით მეტი, რაც, დეკლარანტის განმარტებით, განპირობებული იყო დეკლარანტის სავაჭრო ნიშნის დატანით იმპორტირებულ კერამიკულ ნაწარმზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნულ საბაჟო დეკლარაციაში გამოიკვეთა საბაჟო ღირებულების შემცირება (200 აშშ დოლარის ოდენობით), რაც იწვევს იმპორტის გადასახდელის შემცირებას.

შემოწმების შედეგად, მოპოვებულ დოკუმენტებზე/ინფორმაციაზე დაყრდნობით, შპს „-----“-ს (ს/ნ ---------) დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ იმპორტის გადასახდელი 113,15 ლარი, მათ შორის დღგ - 113,15 ლარი, ხოლო სანქცია ჯარიმის სახით დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად - 113,15 ლარი. შესაბამისად, შედგენილი იქნა 2024 წლის 24 დეკემბრის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების N ა --- - --- - -- აქტი, 2024 წლის 26 დეკემბრის N ----- ბრძანება შპს „-----------“-ისთვის (ს/ნ ------) გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ და 2024 წლის 27 დეკემბრის N ------- საგადასახადო მოთხოვნა.

სადავო აქტებს ადრესატი გაეცნო 2024 წლის 27 დეკემბერს და ჩაითვალა ჩაბარებულად.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:

ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;

ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.

ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით დადგენილია, რომ თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. ასეთ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან (შემდგომ − საგადასახადო მოთხოვნა) ერთად.

ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნისთვის ფაქტობრივად გადახდილი ან/და გადასახდელი ფასი არის მთლიანი თანხა, რომელიც მყიდველმა გამყიდველს გადაუხადა ან/და უნდა გადაუხადოს ან/და გამყიდველის სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნისთვის ფაქტობრივად გადახდილი ან/და გადასახდელი ფასი არის მთლიანი თანხა, რომელიც მყიდველმა გამყიდველს გადაუხადა ან/და უნდა გადაუხადოს ან/და გამყიდველის სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს. აღნიშნული ფასი მოიცავს ყველა გადახდას, როგორც პირდაპირს, ისე არაპირდაპირს, რომლებიც საქონლის გაყიდვის პირობებია.

ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება გარიგების ფასით, ანუ საქართველოში საექსპორტოდ გაყიდული საქონლისთვის ფაქტობრივად გადახდილი ან/და გადასახდელი ფასით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

ამავე საკანონმდებლო აქტის 49-ე მუხლი კი ადგენს, რომ იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:

ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;

ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნას, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მომჩივნის სახელზე გაფორმდა N ------/C------ 15.07.2021 საქონლის საბაჟო დეკლარაცია, რომლის საფუძველზე თავისუფალ მიმოქცევაში გაეშვა 40561,4 აშშ დოლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა სანტექნიკური ნაწარმი. შემოწმების ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 25 იანვრის N ----/--/----- წერილით, საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, დეკლარანტისაგან გამოთხოვილი იქნა №-----/C----- 15.07.2021 საქონლის საბაჟო დეკლარაციასთან დაკავშირებული შემდეგი დოკუმენტაცია:

. საქონლის ღირებულების (33861,4 აშშ დოლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად დადასტურდება ზემოაღნიშნული საბაჟო დეკლარაციის მიხედვით შესაბამისი ღირებულების გადახდა;

. ტრანსპორტირების ღირებულების (6700 აშშ დოლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

. საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო ღირებულების სხვა ელემენტების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საბუთები და ხარჯების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

დადგენილია ასევე, რომ მომჩივანმა N -----/----- წერილის საპასუხოდ შემოსავლების სამსახურში წარადგინა N ID ------ 30.01.2024 ელ. განცხადება, სადაც მიუთითა, რომ აგზავნის „N -----/C------ 15.07.2021 წლის საბაჟო დეკლარაციით განბაჟებულ სანტექნიკური (ნაწარმის) საქონელზე მოთხოვნილ დოკუმენტაციას, კერძოდ:

1) საქონლის ღირებულების 33861,40 აშშ დოლარი. გადახდის დამადასტურებელ საბანკო გადარიცხვის საგადახდო დავალებას ID ----- (29/04/2021) - 8000 აშშ დოლარი; ID ----- (24/05/2021) -26061,40 აშშ დოლარი.

2) ტრანსპორტირების ღირებულების 6700 აშშ დოლარის საგადახდო დავალებას ID ----- (14/07/2021) - 6700 აშშ დოლარი.

3) შენიშვნა: 200 აშშ დოლარის ზედმეტად გადარიცხვა განაპირობა ჩვენი კომპანიის სავაჭრო ნიშნის დატანამ კერამიკულ (ნაწარმზე) საქონელზე.“

ამდენად, მომჩივნის მიერ საქონლის გაფორმებისას ზემოთხსენებულ საბაჟო დეკლარაციაში არასწორად იქნა წარდგენილი და შესაბამისად ასახული საქონლის საბაჟო ღირებულება, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. აღნიშნული კი არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტებით დარიცხული საბაჟო ვალდებულება და დაკისრებული სანქცია მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ N ID -----30.01.2024 ელ. განცხადებაში არ არის აღნიშნული, რომ 200 აშშ დოლარი გადახდილი იქნა ავანსის სახით, მით უმეტეს სამომავლოდ მისაღები საქონლისთვის. ამასთან, განცხადებაში მითითებულია, რომ 200 აშშ დოლარის ზედმეტად გადარიცხვა განაპირობა კომპანიის სავაჭრო ნიშნის დატანამ კერამიკულ (ნაწარმზე) საქონელზე. ხაზგასასმელია ასევე, რომ N -----/C----- 15.07.2021 საქონლის საბაჟო დეკლარაციით, სხვა საქონელთან ერთად, თავისუფალ მიმოქცევაში გაეშვა 25202,4 აშშ დოლარის ღირებულების კერამიკული ნაწარმი.

საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ N ------/A ----- 05.01.2022 საქონლის საბაჟო დეკლარაციის თანმხლები ორი ინვოისის ანალიზისას, არსად არ იკვეთება, რომ რაიმე ოდენობის თანხა გადახდილი იქნა/გადასახდელი იყო კერამიკულ ნაწარმზე დეკლარანტის სავაჭრო ნიშნის დატანისათვის.

საგულისხმოა ასევე, რომ საჩივარზე თანდართული არცერთი მტკიცებულებიდან (დოკუმენტიდან) არ იკვეთება, რომ ზემოაღნიშნული 200 აშშ დოლარი გადახდილი იქნა ავანსის სახით.

მომჩივნის მოთხოვნაზე სადავო აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დარიცხული თანხა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----------“-ის (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ კომპანიის სახელზე გაფორმდა საქონლის საბაჟო დეკლარაცია, რომლის საფუძველზე თავისუფალ მიმოქცევაში გაეშვა საბაჟო ღირებულების სხვადასხვა სანტექნიკური ნაწარმი. აღნიშნული საბაჟო დეკლარაცია შეირჩა ლურჯ დერეფანში და განხორციელდა საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი. საბაჟო დეკლარაციაში გამოიკვეთა საბაჟო ღირებულების შემცირება, რაც იწვევს იმპორტის გადასახდელის შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დარიცხული თანხა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:167;