ბრძანება N 7847

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.04.2024
№ დოკუმენტი 7847
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7847

08 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------ის“ (ს/ნ -------------)

(ფაქტ. მის.: -----------------------;

იურ.მის.: -------------------------)

2024 წლის 23 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 8 თებერვლის და 21 მარტის სხდომებზე (ოქმები №12, №30) განიხილა შპს „---------ის“ (ს/ნ -------------) №10042/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №021-118 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. აცხადებს, რომ 2023 წლის თებერვლის თვის მატერიალური ფორმით წარმოდგენილი დეკლარაცია არ არის ასახული მის პირადი აღრიცხვის ბარათზე და დეკლარაციის მონაცემები არ არის შესწავლილი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ 2023 წლის აპრილის თვეში მიღებული იჯარის თანხები დაბეგრილია მარტის თვეში, 2023 წლის აგვისტოს თვის თანხები - ივლისში, ასევე არ ეთანხმება 2022 წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვეების დღ-ით დასაბეგრ ბრუნვას. პირი ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

2. პირი არ ეთანხმება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის, რომლის დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენება შემოწმებით ვერ დადგინდა, გაუქმებას. აცხადებს, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდებოდა სამოქალაქო კოდექსის ნორმების შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებებით და მიღებული ჩათვლების გაუქმება არასწორია.

3. პირი არ ეთანხმება სს „--------ას“ მიერ გაწეულ მომსახურებაზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის დუბლირების საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შპს „---------ი“ წარმოადგენს შენობის მფლობელს, ხოლო შპს „--------ი“ არის მინდობილი პირი, ამასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ აბონენტს წარმოადგენს შპს „---------სი“, ხოლო მომსახურების თანხის გადახდაზე პასუხისმგებელია მინდობილი მესაკუთრე, აღნიშნული კი შემოწმებით უკანონოდ არ არის გათვალისწინებული.

4. პირი არ ეთანხმება სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას. აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს შპს „---------თვის“ გაწეული ინვესტიციის/ხარჯების ნაწილობრივ ანაზღაურებას.

5. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2023 წლის ოქტომბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გრაფაში- „საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში დარიცხული (გადასახდელი) დღგ-ს ჩასათვლელი თანხა" მითითებული თანხის გაუქმებას. აცხადებს, რომ შემოწმებით არ იქნა შესწავლილი ფინანსური დოკუმენტაცია და ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მოიცავს შესრულებული სამუშაოს ნუსხას და ადასტურებს საწარმოს მიერ ქონებაზე გაწეულ ხარჯებს (სამშენებლო, ტექნიკური აღჭურვა და სხვა), რომლის გარეშეც შენობა ვერ იფუნქციონირებდა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 მარტის №4551, 14 მარტის №4940, 20 მარტის №5457, 30 მაისის №11880 და 6 დეკემბრის №30538 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „---------სის“ (ს/ნ -------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 7 თებერვლიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 26 დეკემბრის №33063 ბრძანება და ამავე თარიღის №021-118 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 2 017 038 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 283 389 ლარი, ჯარიმა 637 650 ლარი, საურავი 95 999 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა გადამხდელის მიერ მოიჯარეებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და ასევე მოიჯარეების მიერ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების ანალიზი, რის შედეგადაც დგინდება, რომ პირის მიერ შემოსავალი დეკლარირებულია არასწორად, შესაბამისად, დაკორექტირდა დღგ-ს ყოველთვიური დეკლარაციები და გაიზარდა დასაბეგრი ბრუნვები. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

2. შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2022 წლის თებერვლის თვეში, მომსახურების ანგარიშფაქტურით სერია „ეა---“ №------, დღგ-122 755.12 ლარი, სრული თანხა 804 728 ლარი, გადამხდელს მიღებული აქვს ჩათვლა ურთიერთდამოკიდებული პირი შპს ,,--------სგან“ (------------). გადამხდელის მხრიდან ვერ მოხდა ინფორმაციის მიღება აღნიშნული მომსახურების შინაარსზე. კერძოდ, არ არის წარმოდგენილი მიღებული მომსახურების ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი. შესაბამისად, ვერ დაიდენტიფიცირდა მიღებული მომსახურების შინაარსი და მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების მართლზომიერება. შპს ,,-----ას“ (ს/ნ --------) მიერ აღნიშნული მომსახურება დაბეგრილია 2022 წლის თებერვლის თვეში, თუმცა შესაბამისი დღგ არ არის გადახდილი ბიუჯეტში. ასევე, 2022 წლის მაისის და აპრილის თვეების დღგ-ის დეკლარაციებით ურთიერთდამოკიდებული კომპანიისგან შპს „-------გან“ (ს/ნ --------) მომსახურების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით: სერია: „ეა---“ №------, დღგ-51 223.73 ლარი, სრული თანხა 335 800 ლარი; სერია: „ეა---“ №-------, დღგ-ს თანხა 6 864.41, სრული თანხა 45 000 ლარი; სერია: „ეა---“ №------,დღგ-ს თანხა 23 522.03 ლარი, სრული თანხა 154 200 ლარი საწარმოს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. გადამხდელის განმარტებით, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით, აღნიშნული ორგანიზაციისგან ღებულობს ფილმებს, თუმცა არანაირი დოკუმენტაცია/ინფორმაცია (ხელშეკრულებები ან სხვა ასევე მიღებული ზედნადებების მიხედვით არ ფიქსირდება არანაირი კინო-ფილმის შეძენა) წარმოდგენილი არ არის. ამასთან, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მომსახურების დასახელებაში მითითებულია შესრულებული სამუშაოები (ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საწარმოს აშშ დოლარის, ევროს და ლარის ანგარიშების, ასევე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზით დგინდება, რომ გადამხდელი თავად ახდენს კინო-ფილმების შეძენას სხვადასხვა მომწოდებლებისაგან). შპს „-------ას“ (ს/ნ ----------) აღნიშნული მომსახურება დაბეგრილი აქვს 2022 წლის მარტის საანგარიშო პერიოდში (დეკლარაცია წარმოდგენილია მატერიალური ფორმით), თუმცა შესაბამისი დღგ არ არის გადახდილი ბიუჯეტში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვინაიდან შემოწმების მიერ ვერ დგინდება ზემოთ ნახსენები საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით კონკრეტულად რა სახის მომსახურება/საქონელი შეიძინა საწარმომ და გამოიყენა თუ არა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში, შემოწმების მიერ განხორციელდა ჩათვლილი დღგს თანხის კორექტირება, რაზედაც გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

3.შესამოწმებელ პერიოდზე განხორციელდა გადამხდელის მიერ ჩათვლებზე წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ დეკლარირება განხორციელებულია არასწორად, კერძოდ: რიგ შემთხვევებში გადამხდელის მიერ ჩათვლაზე წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის თანხები არ ედრება დღგ-ს დეკლარაციის ჩათვლის გრაფაში ასახულ თანხებს. ასევე გადამხდელს 2022 წლის ოქტომბრის თვის დღგ-ს დეკლარაციაში ასახული აქვს სს „--------ას“ (ს/ნ --------) მიერ 2016 წლის იანვრიდან 2021 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდზე ი/მ ----------ზე (პ/ნ-----------) გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც წარმოადგენს უცხოური საწარმო „----------ის“ დირექტორს და რომელი კომპანიისგანაც შპს „-----ის“ მართვის უფლებით მიღებული აქვს 5 000 კვ/მ ფართი (ქ. ---- ქ. №--, საკადასტრო კოდი: --------). ამასთან, შემოწმების მიერ განხორციელდა ი/მ -------ის (ს/ნ -------) მიერ 2016 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის იანვრამდე პერიოდში დღგ-ს ჩათვლებზე წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზი და დგინდება, რომ ინდ. მეწარმეს სს "-------საგან“ (ს/ნ ------) მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებიდან ჩათვლა მიღებული აქვს 113 004.57 ლარზე, მათ შორის ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით 77 974.02 ლარი და ელექტრონულიკომპიუტერული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით (სერია "-----") 35 030.55 ლარი. შესაბამისად, ადგილი აქვს ჩათვლილი დღგ-ს თანხების დუბლირებას. ვინაიდან პირის მიერ შემოწმებისთვის ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, თუ რის საფუძველზე განახორციელა საწარმომ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ს ჩათვლა, შემოწმების მიერ განხორციელდა ჩათვლილი დღგ-ს თანხების კორექტირება. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

4. შესამოწმებელ პერიოდზე განხორციელდა გადამხდელის ფულადი ნაკადების ანალიზი. ვინაიდან პირის მიერ შემოწმებისთვის ვერ იქნა წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა, ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშება, ცნობები დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ და სხვა ფინანსური ოპერაციების ამსახველი დოკუმენტაცია, შემოწმების მიერ განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში, კერძოდ: შესამოწმებელ პერიოდზე შემოწმების მიერ დადგენილი დასაბეგრი ბრუნვები დღგს ჩათვლით ჩაითვალა მიღებულ ფულად, რომელსაც გამოაკლდა შეძენილი მარაგები და მომსახურება,გადახდილი ხელფასები, გადახდილი გადასახადები და გადახდილი სხვა ხარჯები. ხოლო ნაშთად დარჩენილი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, შემოწმებით, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

5. შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2023 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდზე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ჩათვლილი დღგ-ს თანხა გარდა სხვა შეძენილი საქონლის/მომსახურებისა ასევე შედგება "საკუთარი წარმოების შენობა ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში დარიცხული (გადასახდელი) დღგ-ს ჩასათვლელი თანხისაგან", ხოლო საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით საწარმოს არ უფიქსირდება არანაირი უძრავი ქონების (მიწის, სადაც განახორციელებდა სამშენებლო საქმიანობას) შეძენა ან/და ფლობა, ამასთან, აღნიშნული დღგ-ს თანხა ასახულია მხოლოდ ჩასათვლელი დღგ-ს სახით (არ არის ასახული დარიცხვის მხარეს). ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა შემცირებას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების ანალიზით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს მიღებული შემოსავალი დეკლარირებულია არასწორად. შესაბამისად, გაიზარდა პირის დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვები.

იმის გათვალისწინებით, რომ პირის მიერ დეკლარირებული მონაცემები განსხვავებულია შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისაგან, შემოსავლების სამსახური მართლზომიერად მიიჩნევს შემოწმებით დადგენილ და დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის სხვაობაზე დამატებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, საჩივარში მოყვანილ არგუმენტზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის თებერვლის თვის მატერიალური ფორმით წარმოდგენილი დეკლარაცია არ არის ასახული გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, ხოლო შემოწმების მიერ დეკლარაციის მონაცემები არ არის შესწავლილი. ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი წარმოდგენილი დეკლარაციის ასახვის ნაწილში საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ მატერიალური ფორმით წარმოდგენილი 2023 წლის თებერვლის თვის დღგ დეკლარაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2, მე-3 და მე-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. 3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ პირს ურთიერთდამოკიდებული პირისგან მიღებული აქვს ჩათვლა მომსახურებებზე (გადამხდელის განმარტებით, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით, აღნიშნული ორგანიზაციისგან ღებულობს ფილმებს, თუმცა არანაირი დოკუმენტაცია/ინფორმაცია შემოწმებისთვის წარდგენილი არ არის), რომლის შინაარსი, მომსახურების სახე და დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენება ვერ დასტურდება. ამასთან, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზით დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში გადამხდელის მიერ ჩათვლაზე წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის თანხები არ ედრება დღგ-ს დეკლარაციის ჩათვლის გრაფაში ასახულ თანხებს, ასევე გადამხდელს 2022 წლის ოქტომბრის თვის დღგ-ს დეკლარაციაში ასახული აქვს სს "-------იას“ (ს/ნ ----------) მიერ 2016 წლის იანვრიდან 2021 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდზე, ი/მ ---------ზე (პ/ნ -----------) გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლზეც თავის მხრივ ი/მ ------ეს აქვს ჩათვლა მიღებული. შესაბამისად, ადგილი აქვს ჩათვლილი დღგ-ს თანხების დუბლირებას. ვინაიდან პირის მიერ შემოწმებისთვის ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, თუ რის საფუძველზე განახორციელა საწარმომ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ს ჩათვლა, შემოწმების მიერ განხორციელდა ჩათვლილი დღგ-ს თანხების კორექტირება. შემოწმებით ასევე დადგინდა, რომ პირის ჩასათვლელი დღგ-ს თანხა მოიცავს საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში დარიცხული (გადასახდელი) დღგ-ის ჩასათვლელ თანხას, თუმცა საწარმოს არ უფიქსირდება არანაირი უძრავი ქონების შეძენა ან/და ფლობა. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩათვლილი დღგ-ის თანხა დაექვემდებარა შემცირებას.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პირს ურთიერთდამოკიდებული პირის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა მომსახურებებზე, რომლის მომსახურების სახე და დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენება შემოწმებით არ დასტურდება, რიგ შემთხვევაში, სს „--------სგან“ მიღებული ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, ადგილი აქვს ჩათვლილი დღგ-ის თანხის დუბლირებას, ხოლო რიგ შემთხევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად მისაღები ჩათვლა არ ედრება დეკლარაციაში მითითებულ ჩასათვლელი დღგ-ის თანხის ოდენობას, შემოსავლების სამსახური მართლზომიერად მიიჩნევს შემოწმებით არასწორად/ზედმეტად ჩათვლილი დღგ-ის თანხის კორექტირებას და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად. ასევე, საკითხის ზეპირსიტყვიერი განხილვისას პირს მიეცა წინადადება და დრო, სადავო საკითხებთან დაკავშირებით წარმოედგინა დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა დავის წარმოების პროცესში აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით რაიმე სახის დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმებით განხორციელდა პირის ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი. ხოლო, ვინაიდან შემოწმებისთვის ვერ იქნა წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა, ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშება, ცნობები დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ და სხვა ფინანსური ოპერაციების ამსახველი დოკუმენტაცია, შემოწმების მიერ დადგენილი დასაბეგრი შემოსავლები ჩაითვალა მიღებულ ფულად, რომელიც შემცირდა შეძენილი მარაგებისა და მომსახურების თანხებით, გადახდილი ხელფასებით, გადასახადებითა და გადახდილი სხვა ხარჯებით. ხოლო ნაშთად დარჩენილი თანხა დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პირის მიერ წარდგენილი არ იქნა ფინანსური ოპერაციების ამსახველი სათანადო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით დადგენილი განკარგვადი თანხის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად დაკვალიფიცირება მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------სის“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, წარმოდგენილი დეკლარაციის ასახვის ნაწილში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ მატერიალური ფორმით წარმოდგენილი 2023 წლის თებერვლის თვის დღგ დეკლარაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება

1. შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. აცხადებს. ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

2.საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის, რომლის დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენება შემოწმებით ვერ დადგინდა, გაუქმებას.

3.მომსახურების გამწევი პირის მიერ გაწეულ მომსახურებაზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის დუბლირების საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

4. სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას.

5.2023 წლის ოქტომბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გრაფაში- „საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში დარიცხული (გადასახდელი) დღგ-ს ჩასათვლელი თანხა" მითითებული თანხის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №4551, №4940, №5457, 11880 და №30538 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 7 თებერვლიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №33063 ბრძანება და №021-118 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 2 017 038 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად შემოსავლების სამსახური აღნიშნავს,რომ:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა გადამხდელის მიერ მოიჯარეებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და ასევე მოიჯარეების მიერ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების ანალიზი, რის შედეგადაც დგინდება, რომ პირის მიერ შემოსავალი დეკლარირებულია არასწორად, შესაბამისად, დაკორექტირდა დღგ-ს ყოველთვიური დეკლარაციები და გაიზარდა დასაბეგრი ბრუნვები. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

ამასთან,მე-2, მე-3 და მე-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, პირს ურთიერთდამოკიდებული პირისგან მიღებული აქვს ჩათვლა მომსახურებებზე , რომლის შინაარსი, მომსახურების სახე და დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენება ვერ დასტურდება. ამასთან, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზით დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში გადამხდელის მიერ ჩათვლაზე წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის თანხები არ ედრება დღგ-ს დეკლარაციის ჩათვლის გრაფაში ასახულ თანხებს, ასევე გადამხდელს 2022 წლის ოქტომბრის თვის დღგ-ს დეკლარაციაში ასახული აქვს მომსახურების გამწევი კომპანიის მიერ 2016 წლის იანვრიდან 2021 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდზე, ფიზიკურ პირზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლზეც თავის მხრივ ფიზიკურ პირზე აქვს ჩათვლა მიღებული. შესაბამისად, ადგილი აქვს ჩათვლილი დღგ-ს თანხების დუბლირებას. ვინაიდან პირის მიერ შემოწმებისთვის ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, თუ რის საფუძველზე განახორციელა საწარმომ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ს ჩათვლა, შემოწმების მიერ განხორციელდა ჩათვლილი დღგ-ს თანხების კორექტირება. შემოწმებით ასევე დადგინდა, რომ პირის ჩასათვლელი დღგ-ს თანხა მოიცავს საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში დარიცხული (გადასახდელი) დღგ-ის ჩასათვლელ თანხას, თუმცა საწარმოს არ უფიქსირდება არანაირი უძრავი ქონების შეძენა ან/და ფლობა. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩათვლილი დღგ-ის თანხა დაექვემდებარა შემცირებას.

ხოლო,მეოთხე სადავო საკითხთან დაკავშირებით, განხორციელდა გადამხდელის ფულადი ნაკადების ანალიზი. ვინაიდან პირის მიერ შემოწმებისთვის ვერ იქნა წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა, ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშება, ცნობები დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ და სხვა ფინანსური ოპერაციების ამსახველი დოკუმენტაცია, შემოწმების მიერ განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში, კერძოდ: შესამოწმებელ პერიოდზე შემოწმების მიერ დადგენილი დასაბეგრი ბრუნვები დღგს ჩათვლით ჩაითვალა მიღებულ ფულად, რომელსაც გამოაკლდა შეძენილი მარაგები და მომსახურება,გადახდილი ხელფასები, გადახდილი გადასახადები და გადახდილი სხვა ხარჯები. ხოლო ნაშთად დარჩენილი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, შემოწმებით, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ მატერიალური ფორმით წარმოდგენილი 2023 წლის თებერვლის თვის დღგ დეკლარაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1,); 154(1„ა“2 „ა“ და „ბ“); 175(1 „ა“);