ბრძანება N 14946

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.06.2024
№ დოკუმენტი 14946
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 14946

25 ივნისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის: ---)

2024 წლის 21 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 ივნისის სხდომაზე (ოქმი №64) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) №89773/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 17 აპრილის №EL248006 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ არ იყო ინფორმირებული საქონლის შემოტანას თუ ესაჭიროებოდა ნებართვა. ამასთან, გამოთქვამს მზაობას შესაბამისი ნებართვების მომზადებისთვის და საქონლის განბაჟებისთვის. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა რომ 2023 წლის 18 აგვისტოს, სასაქონლო პარტიათა ნაკრებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, №---სატრანსპორტო საშუალებით, საბაჟო გამშვები პუნქტი „---ის“ გავლით შემოტანილ იქნა სხვადასხვა მიმღების კუთვნილი საქონელი, რომლის გადაზიდვას ახორცილებდა შპს „----“ (ს/ნ ---). აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაში ასევე განთავსებული იყო შპს „---ის“ კუთვნილი სხვადასხვა დასახელების საქონელი, საერთო წონით 2 993 კგ. 2023 წლის 11 სექტემბერს შპს „---ის“ წარმომადგენელმა მიმართა გაფორმების ეკონომიკური ზონა „---“-ს კუთვნილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირების მიზნით. გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი სათამაშო (დრონი - 10 ერთეული, წონა - 3.5 კგ) ვერ აკმაყოფილებდა „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის №47 დადგენილების მოთხოვნას. კერძოდ, ორგანიზაციის მიერ არ იქნა წარმოდგენილი დადგენილებით გათვალისწინებული „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება”.

ვინაიდან 10 ცალ სათამაშო დრონზე ვერ სრულდებოდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის განსაზღვრისათვის აუცილებელი პირობა, 2023 წლის 11 სექტემბერს, შპს „---ის“ მიმართვის საფუძველზე, აღნიშნული საქონელი №--- დროებით შენახვის დეკლარაციით 180 დღით იქნა დროებით შენახული შპს „---ის“ (ს/ნ ---) საბაჟო საწყობში (---).

შპს „---ის“ კუთვნილი საქონლის დანარჩენი ნაწილი კი №--- საქონლის საბაჟო დეკლარაციით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში. ვინაიდან დაირღვა საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში საბაჟო პროცედურის განსაზღვრისთვის ან რეექსპორტის გამოყენებისათვის აუცილებელი საბაჟო ფორმალობების განხორციელების ვადა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, გაფორმების ეკონომიკური ზონა „---“-ის უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 17 აპრილს შედგენილი №--- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შპს „---ს“ სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. აღნიშნულთან ერთად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, საბაჟო ორგანოს ინიციატივით საქონლის განკარგვის ღონისძიების გამოყენების საფუძველი, საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 19 აპრილის №21-10-22/32042 შეტყობინებით შპს „---ს“ ეცნობა საქონლის განკარგვის განზრახვის შესახებ და ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 10 დღის ვადა. აღნიშნული შეტყობინება და სადავო ოქმი ადრესატს გაეგზავნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რომლებსაც ადრესატი გაეცნო 2024 წლის 11 მაისს, თუმცა საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირებისათვის აუცილებელი საბაჟო ფორმალობები არ განხორციელებულა.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, დროებითი შენახვა გულისხმობს უცხოური საქონლის მდგომარეობას, რომელიც საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ დროებით, მისი საბაჟო ორგანოსთვის წარდგენიდან საბაჟო პროცედურაში მოქცევამდე/რეექსპორტამდე არის შენახული. ამავე კოდექსის 78-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში საბაჟო პროცედურის განსაზღვრისთვის ან რეექსპორტის გამოყენებისათვის აუცილებელი საბაჟო ფორმალობების განხორციელების ვადა 180 დღეა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ საქონლის საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში საბაჟო პროცედურის განსაზღვრისთვის ან რეექსპორტის გამოყენებისათვის აუცილებელი საბაჟო ფორმალობების განხორციელების ვადის დარღვევაში. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ არ იყო ინფორმირებული საქონლის შემოტანას თუ ესაჭიროებოდა ნებართვა. ამასთან, გამოთქვამს მზაობას შესაბამისი ნებართვების მომზადებისთვის და საქონლის განბაჟებისთვის. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ვინაიდან დაირღვა საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში საბაჟო პროცედურის განსაზღვრისთვის ან რეექსპორტის გამოყენებისათვის აუცილებელი საბაჟო ფორმალობების განხორციელების ვადა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 17 აპრილს შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165.