გადაწყვეტილება N 3/7953-15
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
საქმე №3/7953-15
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 ივნისი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ მეშველიანი
სხდომის მდივანი ნათია ჯაფარიძე
მოსარჩელე - შპს ----------
წარმომადგენლები -----
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ---
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1.ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 22 ივლისის №134619 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 23 სექტემბრის №35578 ბრძანება;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილება ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1 შპს ---------- მიერ 2014 წლის 30 აგვისტოს გაიცა ერთიანი სადისტრიბუციო ზედნადები ელ--------. ზედნადების თანახმად, საქონლის გადაზიდვა უნდა განხორციელებულიყო სატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო ნომრით ---------, მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა სეადგენდა 6460 ლარს, მიწოდებული საქონლის ჩაბარების თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 23 ივლისი 12:04:16 სთ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
3.2. 2014 წლის 30 აგვისტოს სასაქონლო ზედნადები ელ - 0132509615 (ს.ფ. 19-22); სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირებმა 2015 წლის 22 ივლისს, 09:40 საათზე შეადგინეს №134619 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. ოქმში აღინიშნა, რომ მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლების მიერ გადამოწმდა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით -----, რის შედეგადაც დადგინა, რომ ---------- ახორციელებდა შპს ----------s სამეწარმეო საქმიანობისათვის 3 000 ლარის ღირებულების შერეული ტიპის სამეურნეო საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე, რითაც დაირღვა სსკ-ის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა, რაც საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაექვემდებარა დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
3.3 სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 22 ივლისის N134619 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 73). შპს ---------- ამ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 22 ივლისის №134619 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი 2015 წლის 05 აგვისტოს გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 23 სექტემბრის №N35578 ბრძანები საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 05 აგვისტოს საჩივარი (ს.ფ. 27-32);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 23 სექტემბერს N35578 ბრძანება (ს.ფ. 27-32);
3.4. დადგენილია, რომ 2015 წლის 22 ივლისს -------- შპს ----------ს კუთვნილი საქონლის ტრაქნსპორტირებას ახორციელებდა შპს ---------- მიერ 2014 წლის 30 აგვისტოს გამოწერილი ერთიანი სადისტრიბუციო ზედნადებით ელ-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი (ს.ფ. 1-14);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესი“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმიწარმოების წესი“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია გადასახადების ადმინისტრირების შესახებ.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 22 ივლისის №134619 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 23 სექტემბრის №35578 ბრძანება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 304-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებნელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ჩაითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალლდარღვევისათვის პირის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. ამდენად, საგადასახადო პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენებისათვის აუცილებელია საი საფუძველი: ნორმატიული, ე.ი. უნდა არსებობდეს ნორმა, რომელიც ადგენს ვალდებულებას და სანქციას მისი შეუსრულებლობისთვის, ფაქტიური - საგადასახადო სამართალდარღვევა და პროცესუალური - ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით განსაზღვრავს სახდელს საგადასხადო სამართალდარღვევისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის ნორმატიული საფუძველია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
საქონლის დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის საკითხს აწესრიგებს, ასევე, „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, რომლის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს.
სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, საგადასახადო ორგანომ საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებად მიიჩნია ----------ს მიერ საქონლოს ტრანსპორტირება 2015 წლის 22 ივლისს 2014 წლის 30 აგვისტოს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებით. ამასთან, საგულისხმოა, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის ტრანსპორტიება, ასევე, სასაქონლო ზედნადებში მითითებული და ტრანსპორტირებული საქონლის სახეობისა და ღირებულების შესაბამისობა.
სასამართლომ აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადსახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისთვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას - მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.
სასაქონლო ზედნადების ფორმსა და მისი შევსების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქცია“. ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება შემდეგი წესით: ა) პირველი სტრიქონში ავტომატურად იწერება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მინიჭებული ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი; ბ)მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ხოლო მე-3 სტრიქონში ამოქმედების (გააქტიურების) დრო (საათი, წუთი). ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს; გ) მე-4 და მე-5 სტრიქონებში იწერება გამყიდველის/გამგზავნის და მყიდველის/მიმღების დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; დ) მე-6 სტრიქონში იწერება ოპერაციის შინაარსი (თუ როგორ ხდება საქონლის მიწოდება/ტრანსპორტირება); დ.ა) შიდა გადაზიდვა (საქონლის ტრანსპორტირება, როდესაც არ ხდება საქონლის მიწოდება); დ.ბ) მიწოდება ტრანსპორტირებით (საქონლის მიწოდება, რომელსაც თან ახლავს გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის ტრანსპორტირება); დ.გ) მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე (საქონლის მიწოდება, როდესაც საქონლის მდებარეობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ იცვლება); დ.დ) დისტრიბუცია (საქონლის მიწოდება გამყიდველის/გაგზავნის თანამშრომლების (დისტრიბუტორების) მიერ. აგრეთვე მომსახურების გაწევის ხელშეკრულების ფარგლებში ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის მიერ); დ.ე) უკან დაბრუნება (მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის გამყიდველისათვის/გამგზავნისათვის დაბრუნება); ე) მე-7 და მე-8 სტრიქონებში იწერება შესაბამისად ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილი (მისამართი); ვ) მე-9 სტრიქონში იწერება ტრანსპორტირების სახე: ვ.ა) საავტომობილო; ვ.ბ) სარკინიგზო; ვ.გ) საავიაციო; ვ.დ) სხვა; ზ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ზ.ა) მე-10 სტრიქონში იწერება იმ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, რომლითაც ხდება საქონლის გადაზიდვა; ზ.ბ) მე-11 სტრიქონში იწერება გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ გაწეული ტრანსპორტირების ხარჯი ლარებში. თუ ტრანსპორტირება ხორციელდება მყიდველის/მიმღების ან გამყიდველის/გამგზავნის საკუთრებაში ან სარგებლობაში (იჯარა) არსებული სატრანსპორტო საშუალებით, ზედნადების მე-12 სტრიქონი არ ივსება; თ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ბ“-„ვ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მე-10-მე-12 სტრიქონები არ ივსება; ი) ზედნადების ცხრილში იწერება: ი.ა) I სვეტში - საქონლის რიგით ნომერი; ი.ბ) II სვეტში - საქონლის დასახელება; ი.გ) III სვეტში - საქონლის კოდი (გადასახადის გადამხდელის მიერ ნებისმიერი კომბინაციით შექმნილი ან საბუღალტრო პროგრამაში არსებული ან საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით განსაზღვრული კოდი); ი.დ) IV სვეტში -საქონლის ზომის ერთეული; ი.ე) V სვეტში - საქონლის რაოდენობა; ი.ვ) VI სვეტში - საქონლის ერთეულის ფასი (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით); ი.ზ) VII სვეტში - საქონლის ფასი (დღგ-ის გადამხდელისთვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით); კ) მე-13 სტრიქონში - გამყიდველის/გამგზავნის ან საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; მ) მე-15 სტრიქონში იწერება მყიდველის/მიმღების ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო მე-17 სტრიქონში - მყიდველის/მიმღების ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; ნ) მე-18 სტრიქონში იწერება მიწოდებული საქონლის ჩაბარების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და დრო (საათი, წუთი); ო)მე-19 სტრიქონში აღინიშნება გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ გაკეთებული შენიშვნა; პ) მე-14 - მე-19 სტრიქონების შევსება სავალდებულო არ არის, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მითითებული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დისტრიბუციის მიზნით დისტრიბუტორისათვის საქონლის სარეალიზაციოდ გადაცემისას, საქონლის გამყიდველი/გამგზავნი ან საქონლის ჩამბარებელი საქონლის მთელ მოცულობაზე ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონულად გამოწერს ერთიან ზედნადებს, რომელშიც არ ივსება ზედნადების მხოლოდ მე-5 და მე-8 სტრიქონები, ხოლო ზედნადების ცხრილის VI და VII სვეტების შევსება სავალდებულო არ არის, ბოლო მე-14 პუნქტის თანახმად, გადასსახადის გადამხდელი უფლებამოსილია მოაცდინოს ზედნადების გაუქმება ან მასში შეტანილი მონაცემების კორექტირება (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემებისა).
მითითებულ ნორმთა საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, სასაქონლო ზედნადები შევსებული უნდა იყოს ზემოაღნიშნული წესის მოთხოვნათა დაცვით და განხორციელებული ტრანსპორტირება შესაბამისობაში უნდა იყოს ზედნადებში მითითებულ მონაცემებთან. საგულისხმოა, რომ კანონმდებლობა არ განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია ზედნადები იყოს აქტიური, ასევე, არ განსაზღვრავს დისტრიბუციის განმახორციელებელმა, რომელმაც გამოწერა ერთიანი სასაქონლო ზედნადები, რა პერიოდულობით უნდა დაასრულოს ზედნადები. შესაბამისად, ის გარემოება, რომ შპს ----------ამ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება განხორციელდა 2015 წლის 22 ივლისს 2014 წლის 30 აგვისტოს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებით, რომელიც ტრანსპორტირების დროისათვის იყო აქტიური, ვერ მიიჩნევა სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლად.
6.2.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტრერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
6.3.რაც შეეხება შპს ---------- ს საჩივრის საკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საკითხს, იმ პირობებში, როდესაც უკანონოდ არის მიჩნეული სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 22 ივლისის №134619 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი აღნიშნულ აქტზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 23 სექტემბრის №35578 ბრძანების კანონიერების საკითხთამ დაკავშირებით, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. დასაბუთებული გადაწყვეტილება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განცხადებაში/ადმინისტრაციულ საჩივარში დასმული საკითხებისთვის შეფასების მიცემას, რაც მოცემულ შემთხვევაში სსიპ შემოსვლების სამსახურის მიერ შპს ----------ს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას უგულვებელყოფილია, რამდენადაც სსიპ შემოსვლების სამსახურის 2015 წლის 23 სექტემბრის №35578 ბრძანება არ შეიცავს ადმინისტრაციული საჩივრის მოტივების გაქარწყლების თაობაზე არანაირ მსჯელობას, აღნიშნული კი ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ შემოსავლების სამსახურს შპს ----------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 150 (ასორმოცდათი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს -----------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 22 ივლისის №134619 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 23 სექტემბრის №35578 ბრძანება;
4. სსიპ შემოსავლების სამსახურს დაეკისროს შპს ----------ს სასარგებლოდ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე თამარ მეშველიანი