გადაწყვეტილება №26878/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.04.2026
№ დოკუმენტი 26878/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26878/2/2026

28 აპრილი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ,,-----" (ს/ნ ----- )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 27.03.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,-----”-ის 10.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 26878/2/2026).

 

დავის საგანი:

სანებართვო პირობების დარღვევისთვის შეფარდებული ჯარიმის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 13 იანვრის N EL305464 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 24 თებერვლის N 4178 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 2 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა:

2025 წლის 24 მარტს შპს „-----“ (ს/ნ ----- ) განახორციელა საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში საფირმო სახელწოდების ცვლილება და ჩამოყალიბდა როგორც შპს „----- “, თუმცა აღნიშნული ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის ვადაში საბაჟო ორგანოსთვის არ წარუდგენია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის გარანტია, რაც ჩაითვალა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევად.

აღნიშნულზე მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 13 იანვრის N EL305464 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

მომჩივანმა შესაბამისი გარანტია წარადგინა 2026 წლის 21 იანვარს.

სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 24 თებერვლის N 4178 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტზე, ამავე ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტზე, მითითებული ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

მომჩივანს არასდროს დაურღვევია ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მის მიმართ 2026 წლის 13 იანვარს გამოწერილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი EL305464 მიღებულია შეცდომით, უკანონოდ და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

1. 2025 წლის 24 მარტს, მომჩივანმა შეასრულა საქართველოს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა, კერძოდ აღნიშნული კანონის მე–16 მუხლის მე–6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა („6. მეწარმის საფირმო სახელწოდება უნდა იყოს ქართულ ენაზე.“) და მოახდინა მისი საფირმო სახელწოდების ტრანსლიტერაცია ინგლისურიდან (შპს „-----“) ქართულზე (შპს „-----“).

2. შპს "-----“ (ს/ნ ----- ) მის მიერ საბაჟო საწყობის ლიცენზიის მოპოვების დღიდან დღემდე, უწყვეტად აქვს შესრულებული და შესაბამისი წესით წარდგენილი საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455–ე დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე–8 მუხლის „ნ“ პუნქტით გათვალისწინებული „ ნ) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის გარანტია“ და მისი მხრიდან აღნიშნული ვალდებულება არასდროს დარღვეულა.

3. 2026 წლის 13 იანვარს, საბაჟო დეპარტამენტის მთავარმა მებაჟე–ოფიცერმა, ----- შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მიმართ გამოწერა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი – EL305464, მომჩივნის მიერ თითქოსდა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455–ე დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე–7 მუხლის მე–6 პუნქტითა და მე–8 მუხლის „ნ“ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის გამო და საგადასახადო კოდექსის 176–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დააჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარით.

4. აღნიშნული ინსტრუქციის მე–7 მუხლის მე–6 პუნქტის მიხედვით: „6. საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია ნებართვის მფლობელი საწარმოს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის ვადაში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს გარანტია, რომელშიც „პრინციპალის“ ან „დამზღვევის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი“ გრაფაში მიეთითება, ნებართვის მფლობელი საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სრული საფირმო სახელწოდება.“

5. ხოლო, აღნიშნული ინსტრუქციის მე–8 მუხლის „ნ“ პუნქტის მიხედვით: „ნ) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა უზრუნველყოფილი ჰქონდეს გარანტიით;“.

6. მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებზე და ნორმებზე დაყრდნობით, ცალსახაა, რომ საბაჟო დეპარტამენტის მთავარმა მებაჟე–ოფიცერმა, 2026 წლის 13 იანვარს, შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მიმართ არასწორად და უკანონოდ გამოწერა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი – EL305464, ვინაიდან შპს „-----“ (ს/ნ ----- ) არასდროს დაურღვევია ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, კერძოდ საბაჟო საწყობის ლიცენზიის მოპოვების დღიდან დღემდე მუდმივად ფლობდა და შესაბამისი წესით წარდგენილი ჰქონდა შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევის გარანტია და არასდროს შეუცლია საფირმო სახელწოდება, არამედ საქართველოს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის მე– 16 მუხლის მე–6 პუნქტის შესაბამისად, კანონთან შესაბამისობაში მოიყვანა მისის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია და სარეგისტრაციო მონაცემები და მოახდინა მისი საფირმო სახელწოდების ტრანსლიტერაცია ინგლისურიდან (შპს „-----“) ქართულზე (შპს „----- “).

7. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია შეფასდეს შპს „-----“ განზრახვის არსებობის ფაქტი. შპს „-----“ არ ჰქონია განზრახვა დაერღვია ზემოაღნიშნული ინსტრუქციით გათვალისწინებული ვალდებულებები და რეალურად არც არასდროს დაურღვევია აღნიშნული ვალდებულებები. ამასთან, მას საბაჟო საწყობის ლიცენზიის მოპოვების დღიდან დღემდე, მუდმივად შესაბამისი ფორმით მოპოვებული და საბაჟოსთვის წარდგენილი აქვს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევის საბანკო გარანტია, რომელშიც მითითებულია მომჩივნის საიდენტიფიკაციო ნომერი. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ნებისმიერი პასუხისმგებლობის ფაქტის დადგომის შემთხვევაში, აღნიშნული საბანკო გარანტია მოქმედია და აზღვევს შპს „-----“ (ს/ნ ------ ) პასუხისმგებლობას. მეტიც, მომჩივანმა არათუ დაარღვია კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები, არამედ პირიქით, მან მისი კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე, საქართველოს მეწარმეთა შესახებ ახალ კანონთან შესაბამისობაში მოიყვანა მისი სადამფუძნებლო დოკუმენტაცია და სარეგისტრაციო მონაცემები და მოახდინა მისი საფირმო სახელწოდების ტრანსლიტერაცია ინგლისურიდან ქართულ ენაზე და არ შეუცვლია საფირმო სახელწოდება. შესაბამისად, ცალსახაა, რომ არ არსებობს და ვერ იარსებებდა მომჩივნის რაიმე სახის განზრახვა, რომ დაერღვია ზემოაღნიშნული ინსტრუქციით გათვალისწინებული ვალდებულებები.

ზემოაღნიშნული ჯარიმა, შპს "-----" გაასაჩივრა კანონით დადგენილ ვადაში და მიუთითა, რომ აღნიშნული ბრძანება მიღებული იყო შეცდომით, უკანონოდ და ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი და გაუქმებულიყო, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ საერთოდ არ გაითვალისწინა საჩივრის ავტორის არგუმენტაცია და ფაქტობრივი გარემოებები, საერთოდ არ უმსჯელია საჩივარზე და იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შპს "-----" საფირმო სახელწოდება კი არ შეიცვალა, არამედ მოახდინა სახელის ტრანსლიტერაცია, ვინაიდან აღნიშნულს ავალებდა კანონი და გარდა ამისა, მას ისედაც წარდგენილი ჰქონდა და დღემდე წარდგენილი აქვს საბანკო გარანტია, რომელიც ყველა შემთხვევაში დაფარავდა გარანტიით გათვალისწინებულ რისკებს, ვინაიდან ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომერი არ შეცვლილა და არ არსებობდა საბანკო გარანტიის გამოყენების ან აღუსრულებლობის რისკები, გარდა ამისა არ არსებობდა არავითარი განზრახვა გადასახადის გადამხდელის მხრიდან, თუ რატომ შეიძლებოდა არ წარედგინა საბანკო გარანტია შემოსავლების სამსახურისათვის და რატომ დაეყენებინა რისკის ქვეშ საბაჟო ლიცენზია ან/და ჰქონოდა დაჯარიმების სურვილი. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის დავების განმხილველმა საბჭომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე, მხოლოდ შაბლონურად გადაწყვიტა, რომ შპს „-----“–ის საჩივარი არ უნდა დაეკმაყოფილებინა და აღნიშნული გადაწყვეტილება არაფრით დაუსაბუთებია.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-11 ნაწილების მიხედვით:

1. საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

11. საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა – იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია ნებართვის მფლობელი საწარმოს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის ვადაში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს გარანტია, რომელშიც „პრინციპალის“ ან „დამზღვევის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი“ გრაფაში მიეთითება, ნებართვის მფლობელი საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სრული საფირმო სახელწოდება.

ამავე ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა უზრუნველყოფილი ჰქონდეს გარანტიით.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მეწარმის საფირმო სახელწოდება უნდა იყოს ქართულ ენაზე.

დადგენილია, რომ მომჩივანმა მეწარმეთა შესახებ კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის გათვალისწინებით, საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში საფირმო სახელწოდების ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის ვადაში საბაჟო ორგანოს არ წარუდგინა საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის გარანტია, რაც შეფასდა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევად.

მომჩივნის განმარტებით, არასდროს დაურღვევია ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, საბაჟო საწყობის ლიცენზიის მოპოვების დღიდან დღემდე მუდმივად ფლობდა და შესაბამისი წესით წარდგენილი ჰქონდა შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევის გარანტია და არასდროს შეუცვლია საფირმო სახელწოდება, მოახდინა მისი საფირმო სახელწოდების ტრანსლიტერაცია ინგლისურიდან (შპს „-----“) ქართულზე (შპს „-----“). ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია შეფასდეს განზრახვის არსებობის ფაქტი. მას, საბაჟო საწყობის ლიცენზიის მოპოვების დღიდან დღემდე, მუდმივად შესაბამისი ფორმით მოპოვებული და საბაჟოსთვის წარდგენილი აქვს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევის საბანკო გარანტია, რომელშიც მითითებულია მომჩივნის საიდენტიფიკაციო ნომერი. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ნებისმიერი პასუხისმგებლობის ფაქტის დადგომის შემთხვევაში, აღნიშნული საბანკო გარანტია მოქმედია და აზღვევს შპს მის პასუხისმგებლობას. შესაბამისი გარანტია წარადგინა 2026 წლის 21 იანვარს.

სადავო საკითხზე საბაჟო დეპარტამენტის მიერ 16.03.2026 წლის N ----- წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც მითითებულია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობის დარღვევას, რაც გამოიხატა იმაში, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საწარმოს საფირმო სახელწოდების ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის ვადაში არ წარუდგინა გარანტია შემოსავლების სამსახურს. შესაბამისად, საბაჟო ორგანოს ქმედება მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის შეფარდების თაობაზე მართებულია.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სანებართვო პირობების დარღვევა გამოწვეული იყო საკანონმდებლო ცვლილებით დადგენილი, სავალდებულოდ შესასრულებელი მოთხოვნის შესრულების, კერძოდ, საფირმო სახელწოდების ცვლილების გამო. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა გადასახადის გადამხდელის საბაჟო სანქციისგან გათავისუფლების სამართლებრივი წინაპირობები, რის გამოც მიზანშეწონილად მიაჩნია, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე11 ნაწილის შესაბამისად, მომჩივნის გათავისუფლება, საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანი, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2026 წლის 13 იანვრის N EL305464 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმისგან;

3. საბაჟო დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

სანებართვო პირობების დარღვევისთვის შეფარდებული ჯარიმის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

კომპანიამ სახელწოდება შეცვალა, თუმცა დადგენილ ვადაში არ წარადგინა საჭირო უზრუნველყოფის გარანტია, რაც ჩაითვალა სანებართვო პირობების დარღვევად და დაეკისრა ჯარიმა. მოგვიანებით გარანტია წარადგინა, მაგრამ საჩივარი შესაბამისმა ორგანომ არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია მომჩივნის გათავისუფლება შეფარდებული ჯარიმისგან.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 176(1); 163 (11);.