გადაწყვეტილება №28212/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№28212/2/2026
04 ნოემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,30.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ის 1.10.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28212/2/2026).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის განსაზღვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 15.06.2026 წლის №067-5 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.08.2026 წლის №18118 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 144 334,50 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 82 367,00
დღგ - 25 549,00
მოგების გადასახადი - 9 705,00
საშემოსავლო გადასახადი - 47 113,00
ჯარიმა - 44 681,00
საურავი - 17 286,50
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ავტონაწილების რეალიზაცია „-------“-ში.
აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2026 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 9.01.2023 წლიდან 1.04.2026 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.06.2026 წლის №067-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.08.2026 წლის №18118 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა,შემოსავლების სამსახურის 11.08.2026 წლის №18118 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საქონელი შეძენილი აქვს მხოლოდ იმპორტის გზით „-------“-დან , არ უფიქსირდება ადგილობრივი შეძენა არ ფიქსირდება დოკუმეტნური რეალიზაცია. საზოგადოებას არ გააჩნია ბუღალტრული პროგრამა, გააჩნია ერთი სალარო აპარატი. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 1 ივნისის №11913 ბრძანებით, მომჩივნის საქმიანობის ადგილზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ინვენტარიზაციის შედეგადა დადგინა, რომ 2026 წლის 1 ივნისის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელს სმფ-ის ნაშთი არ გააჩნდა, ხოლო შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 25 მაისის №11468 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურების შედეგად, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით.
შემოწმების პროცესში ვერ დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა პირდაპირი მეთოდით. კერძოდ: შეუძლებელია რეალიზებული და ჩამოწერილი პროდუქციის იდენტიფიცირება. შედეგად, გადასახადის გადამხდელის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოსავლის განსაზღვრის მიზნით გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა ანალოგიურ საქმიანობის განმახორციელებული პირის აუდირებული საცალო ფასნამატი 45%. შემოწმებით გაანგარიშებულ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ შემოსავალს შორის სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. ასევე დამატებით მიღებული შემოსავალი სსკ-ის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე, 154-ე, 159-ე და 160-ე მუხლების თანახმად დაკორექტირდა (გაიზარდა) შესამოწმებელი პერიოდების დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ბრუნვები. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ არც შემოწმების და მათ შორის არც დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შპს „-------“ შეიქმნა 9.01.2023 წელს და რახან ძირითადად აპირებდა იმპორტს „-------“-დან , უნდოდა საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის თანხები ჩაეთვალა და გამოეყენებინა ბიუჯეტის თანხების გადახდის დროს. ამიტომაც 21.04.2023 წელს დაწერეს განცხადება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე. 2.05.2023 მოუვიდა უარყოფითი პასუხი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. 5.05.2023 წელს დაწერეს ხელმეორედ, საიდანაც ისევ უარყოფა მოუვიდა 18.05.2023-ში. ამის შემდეგ 2025- ში კიდევ დაწერეს განცხადება ოთხჯერ და რახან დირექტორი არ იმყოფებოდა საქართველოში მიუთითეს ბუღალტრის ნომერი, რომ შესაძლო უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მიეთითებინათ რა იყო მიზეზია ან რა დოკუმენტები და განმარტებები იქნებოდა საჭირო, რათა დადებითი პასუხი მიეღო. ოთხივეჯერ უარყოფითი პასუხი მოუვიდა და არც შემოსავლებიდან არავინ შეხმიანებია მითითებულ ნომერზე. ამ პერიოდის განმავლობაში გადახდილი აქვს 90 550 ლარის დღგ და იმპორტის გადასახადი, საიდანაც 70 562 იყო იმპორტის შედეგად დარიცხული დღგ, რომელიც კანონით უნდა მიეღო, რახან ეს თანხები სრულად აქვს გადახდილი. თავიდან რეალიზებულ დღგ თანხას იხდიდა და ფიქრობდა სხვა გადახდილი დღგ შემოეშველებოდა და ჩაითვლიდა, მაგრამ როგორც მოგვახსენებს დადებითი პასუხი ვერაფრით მიიღო. თანხების დარიცხვის დროსაც ეს გადახდილი დღგ-ის ნაწილი, რომელიც კვალიფიციური სტატუსის მიღების შემთხვევაში უნდა ჩაეთვალა არსად არაა გათვალისწინებული, არადა ხომ უნდა გამოკლებოდა ამ თანხებს. არ ეთანხმება დადგენილ 45 პროცენტიან ფასნამატსაც. რადგან უმეტეს შემთხვევაში ეს ფასნამატი მერყეობს 25-30 პროცენტის ფარგლებში. არის შემთხვევები, როცა საქონელი იმდენად უხარისხოა უწევს თავის ფასში ან ნაკლებად გაყიდვა.
ითხოვს მიეცეს დარჩენილი 10 500 ლარის დღგ ჩათვლის უფლება, რომ ჩაითვალოს და დაეხმაროს ეს თანხები დარიცხული ძირითადი თანხის გადახდის დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ფიზიკურად არ შეუძლია მუშაობის გაგრძელება და საქონლის შემოტანა, რათა გადაიხადოს დაკისრებული თანხები. არ ეთანხმება დადგენილ 45 პროცენტიან ფასნამატსაც. რადგან უმეტეს შემთხვევაში ეს ფასნამატი მერყეობს 25-30 პროცენტის ფარგლებში. არის შემთხვევები, როცა საქონელი იმდენად უხარისხოა უწევს თავის ფასში ან ნაკლებად გაყიდვა. თხოვნაა, რომ გამოიჩინოთ ჰუმანურობა. გრძნობს შეცდომას და იცის, რომ ეგ არ ანთავისუფლებს ბიუჯეტის წინაშე პასუხიმგებლობისგან და ჯარიმებისგან. მაგრამ თუ გათვალისწინებული იქნება მოთხოვნები და პრობლემას გულისხმიერებით მიუდგებით, მზად არის რეალური დარიცხვის შემთხვევაში გადაიხადოს ეს თანხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტის 8.10.2026 წლის № ------- წერილით, წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც მითითებულია შემდეგი:
საზოგადოებას არ გააჩნდა ბუღალტრული პროგრამა. სალარო აპარატი რეგისტრირებული ჰქონდა სიღნაღის რაიონი სოფ ჯუგაანი. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა. კომპანიას უფიქსირდებოდა მხოლოდ ორი გამოწერილი ზედნადები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა აუდირებული ფასნამატი 45 პროცენტის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინა, რომ 2026 წლის 1 ივნისის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელს სმფ-ის ნაშთი არ გააჩნდა. ამასთან ერთად, ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც 2026 წლის 27 მაისს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთად განისაზღვრა 0 ლარი. დეკლარირებულსა და შემოწმებით განსაზღვრულ ბრუნვას შორის სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით, ხოლო ფულის ანალიზის შედეგად გამოვლენილ სხვაობაზე პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის განსაზღვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ დეკლარირებული ჩასათვლელი დღგ განსხვავდება შემოწმებით დადგენილისგან. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ იმპორტის ნაწილზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა ჯამში 10 870 ლარის. შედეგად სსკ-ის 175-ე მუხლის შესაბამისად შემოწმების მიერ დაკორექტირდა (გაიზარდა) აღნიშნული დღგ.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს საჩივრით წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ითხოვს ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გათვალისწინებას და მიუთითებს, რომ მომჩივანი სარგებლობს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანებაზე, რომლითაც ცვლილება შევიდა „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში და განმარტავს, რომ არაკვალიფიციური დღგ-ის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას, თუ იდენტიფიცირდება მიღებული (დასადასტურებელი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც მითითებული დასაბეგრი ოპერაციის პერიოდი (თვე) მოიცვა საგადასახადო შემოწმებამ, დასაშვებია, გადასახადის გადამხდელს მიეცეს უფლება დაადასტუროს შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და დღგ-ის ჩათვლისთვის დადგენილი წესის შესაბამისად განხორციელდეს დღგ-ის ჩათვლა.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის არგუმენტაცია მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ დეკლარირებული ჩასათვლელი დღგ განსხვავდება შემოწმებით დადგენილისგან. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ იმპორტის ნაწილზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა ჯამში 10 870 ლარის. შედეგად საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის შესაბამისად დაკორექტირდა (გაიზარდა) აღნიშნული დღგ.
შემოსავლების სამსახურის 11.08.2026 წლის №18118 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 11.08.2026 წლის №18118 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი ითხოვს დარჩენილი დღგ ჩათვლას, რომ დაეხმაროს ეს თანხები დარიცხული ძირითადი თანხის გადახდის დროს.
2.მომჩივნის არგუმენტაცია მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
ფაქტობრივი გარემოებები
1.გადამხდელს საქონელი შეძენილი აქვს მხოლოდ იმპორტის გზით,არ უფიქსირდება ადგილობრივი შეძენა ,არ ფიქსირდება დოკუმეტნური რეალიზაცია. საზოგადოებას არ გააჩნია ბუღალტრული პროგრამა, გააჩნია ერთი სალარო აპარატი.ინვენტარიზაციის შედეგადა დადგინა, რომ 2026 წლის 1 ივნისის მდგომარეობით გადამხდელს სმფ-ის ნაშთი არ გააჩნდა, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურების შედეგად, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. შემოწმების პროცესში ვერ დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი,ასევე შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა პირდაპირი მეთოდით.შემოწმებით გაანგარიშებულ და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ შემოსავალს შორის სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით.ასევე დამატებით მიღებული შემოსავალი სსკ-ის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოწმების შედეგად, სსკ-ის 73-ე, 154-ე, 159-ე და 160-ე მუხლების თანახმად დაკორექტირდა შესამოწმებელი პერიოდების დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ბრუნვები. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით.
2.შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ დეკლარირებული ჩასათვლელი დღგ განსხვავდება შემოწმებით დადგენილისგან. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ იმპორტის ნაწილზე გადამხდელს არ აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა ჯამში.შედეგად სსკ-ის 175-ე მუხლის შესაბამისად შემოწმების მიერ დაკორექტირდა აღნიშნული დღგ.
გადაწყვეტილება
1.საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),101,154,136,163,164,174,175.