გადაწყვეტილება №19176/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19176/2/2023
25.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 21.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19176/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 30.06.2020 წლის №17773 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №045-11 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2.03.2023 წლის №3959 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 116 428 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 52 612
დღგ - 48 989
მოგების გადასახადი - (-900)
საშემოსავლო გადასახადი - 4 643
ქონების გადასახადი - (-120)
ჯარიმა - 27 296
საურავი - 36 520
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 29.03.2019 წლის №8248 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2016 წლიდან 1.06.2019 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2019 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. კომპანია დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრირებულია 2019 წლის 21 იანვრიდან. შემოწმებით დადგინდა რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებს. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეობიდან გამომდინარე და 2016 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დეკლარაციების მაჩვენებლების გათვალისწინებით ჩაითვალა, რომ კომპანია წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელს მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. აქვე აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 21 იანვრიდან პირველ ივნისამდე პერიოდის მიხედვით, კომპანიას დაუდგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, 2019 წლის იანვარ-მაისის დეკლარაციებში ნაჩვენებთან შედარებით ჯამურად 19 141 ლარის მეტობით.
გადასახადის გადამხდელის შემოსავლები დადგინდა წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის და გაანგარიშების მონაცემებით. აღნიშნული მონაცემების შესწავლისას გაირკვა რომ მოცემული წყაროები არ შეიცავდა სრულ ინფორმაციას 2016 წლის შემოსავლების შესახებ, ანუ შეუძლებელია სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 43-ე, 136-ე, 73-ე, 49-ე და 61-ე მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით და მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში 2016 წლის შემოსავალი ნაწილობრივ განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, სხვადასხვა საანგარიშო პერიოდების მაჩვენებლების (მ.შ. დეკლარირებულის) ანალიზის და ურთიერთშედარების საფუძველზე.
შედეგად, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს 2016 წლის 1 იანვრიდან, 2019 წლის 20 იანვრის ჩათვლით პერიოდში დაუდგინდა არადეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები 583 078 ლარის ოდენობით და განესაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები, ხოლო 2019 წლის 21 იანვრიდან პირველ ივნისამდე პერიოდში დღგ-ში ცალკეული საანგარიშო პერიოდების მიხედვით შეუმცირდა, ხოლო ცალკეული საანგარიშო პერიოდების მიხედვით კი დაუდგინდა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები. კომპანიას ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით და 282-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები.
2. მომჩივანი მოითხოვს შემოწმების დასრულების შემდეგ გამოწერილი და შემოწმების პერიოდს მიკუთვნებული ავანსის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ის ჩათვლას.
3. შესამოწმებელ პერიოდში გამოვლინდა გადასახადის გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადის არასწორი გაანგარიშებისა და დეკლარირების ფაქტები. კერძოდ სრულად არ იყო დეკლარირებული სახელფასო განაცემები, არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე გადახდილი მომსახურების და არარეზიდენტ პირებზე გადახდილი ფინანსური დახმარების თანხები, ასევე დეკლარირებული არ იყო საწარმოს მიერ დაქირავებული პირების სარგებელი (სათხილამურო საბაგიროს მომსახურება, სათხილამურო აღჭურვილობის იჯარა და სხვ.). შესაბამისად დაკორექტირდა კომპანიის მიერ დეკლარირებული სახელფასო და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი სხვა განაცემების თანხები, რის შედეგადაც ცალკეული საანგარიშო პერიოდების მიხედვით საშემოსავლო გადასახადში გამოვლინდა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ასევე საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის თანხები.
შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 25.12.2019 წლის №46179 ბრძანება და №045-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.06.2020 წლის №17773 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
1. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრის მიზნით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა განეხორციელებინა 2016 წლის პირველი იანვრიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხიდან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით უზრუნველეყო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
2. მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისაგან;
3. მე-5 და მე-6 სადავო საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება 15 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;
4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში:
ა) მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები/არგუმენტები (მათ შორის: ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული უძრავი ქონების შესაძენად განხორციელებული ოპერაციების ამსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სხვ.) და შესწავლის შედეგად კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა დღგ-ის ჩასათვლელი თანხების და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
ბ) მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
5. საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმები განხილული იქნა ერთ სამართალდარღვევად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებული იქნა გაფრთხილება;
6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 30.06.2020 წლის №17773 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 125 283 ლარით, მათ შორის: გადასახადი 62 765 ლარით, ჯარიმა 62 518 ლარით, რაზეც მომჩივანს წარედგინა 6.10.2022 წლის №25495 ბრძანება და 7.10.2022 წლის №045-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2.03.2023 წლის №3959 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით და მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 30.06.2020 წლის №17773 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია არის ---------- ის რესპუბლიკის მოქალაქეების ინვესტიციებით შექმნილი მზარდი კომპანია საქართველოში რომელიც ოპერირებს საქართველოს მთის კურორტების ტურისტულ და უძრავი ქონების ბაზარზე. კომპანია დაკავებულია დაჯავშნის ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით (სპეციალურ ვებგვერდი) საქართველოს ტერიტორიაზე დასვენების სურვილის მქონე უცხოელი ტურისტებისთვის სასტუმროს დაჯავშნის მარტივი და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სერვისის შეთავაზებით. გარდა ამისა კომპანია კლიენტებს სთავაზობს უძრავი ქონების მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სერვისებს, რაც ზემოთ ხსენებული ტურისტული მომსახურების სერვისებთან ერთად უზრუნველყოფს საქართველოში უფრო მეტი უცხოელი ტურისტისა და შესაბამისად სულ უფრო მეტი უცხოური ვალუტის შემოდინებას, მთის კურორტების მიმდებარედ მაცხოვრებელი ადგილობრივი მოსახლების დასაქმებას, საქართველოს მთის კურორტების პოპულარიზაციასა და მისი პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდას.
მსგავსი ტიპის კომპანიებს რეგიონისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია. საქართველოს მთავრობის არაერთი განცხადებების მიხედვით ტურიზმი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ მთავარ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიმართულებას, რისი კიდევ ერთი დასტურიცაა მთის კურორტების სპეციალური სააგენტოს შექმნა. შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დეკლარირებული კურსის მიუხედავად, განუხრელად შეუწყოს ხელი საქართველოში ტურიზმის სფეროში ინვესტიციების მოზიდვას და ასევე საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ხელშეწყობას, შემოსავლების სამსახურმა სრულიად მოულოდნელად დაასრულა საგადასახადო შემოწმება და სრულიად გაუგებარი საფუძვლით დაარიცხა არარეალური თანხები საშემოსავლო გადასახადსა და დღგ-ში, ასევე დაარიცხა ჯარიმისა და საურავის ისეთი თანხები. საგადასახადო სამსახურის მხრიდან დაფიქსირებული ასეთი მიდგომები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აგდებს კომპანიას.
საკითხი 1 - დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრა.
შემმოწმებლებმა მოახდინეს დარიცხული თანხების შემცირება დღგ-ის რეგისტრაციის თარიღის 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის იანვრამდე გადმოწევით, რითაც ნაწილობრივ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 30.06.2020 წლის №17773 ბრძანება, თუმცა არ აღსრულებულა ქვემოთ მოცემულ ნაწილში.
შემოსავლების სამსახურის აუდიტორებმა კომპანიის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება განსაზღვრეს 2015 წლის ანუ ხანდაზმული პერიოდის წლიური მოგების გადასახადის მონაცემების თანხების არასწორი დაჯამებისა და დაანგარიშების საფუძველზე. ამასთან, როგორც საგადასახადო შემოწმების აქტში კითხულობს შემმოწმებლების მიერ გამოყენებული იქნა ე.წ. არაპირდაპირი მეთოდი საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად მაშინ როდესაც არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების არანირი საფუძველი საგადასახადო შემმოწმებლებს არ ჰქონდათ.
საქმე იმაში გახლავთ, რომ კომპანიის საქმიანობის ძირითად სახეს წარმოადგენს სპეციალური სისტემის მეშვეობით https:---------- უცხოელი ტურისტებისთვის სასტუმროს დაჯავშნის მომსახურების შეთავაზება, რაც გულისხმობს იმას რომ მის ვებგვერდზე განთავსებულია ----------ში და სხვა მთის კურორტებში განთავსებული სხვადასხვა სასტუმროს ნომრები, რაზე დაყრდნობითაც უცხოელი ტურისტები საქართველოში ჩამოსვლამდე ახორციელებენ სასტუმროს დაჯავშნას ზემოთ ხსენებული სისტემის მეშვეობით. სასტუმროს დაჯავშნა დაახლოებით ისე ხდება, როგორც ეს მსოფლიოში ცნობილი სისტემა booking.com-ზე ხორციელდება. აღნიშნული ჯავშნის მთლიანი თანხიდან კომპანიის შემოსავლად ითვლება არა სასტუმროში განთავსების მთლიანი თანხა არამედ სასტუმროს ღირებულების გარკვეული პროცენტი. მაგალითისთვის თუ სასტუმროს ღირებულება შეადგენს 120 ლარს, საიდანაც საკომისიო 20 ლარია, ხდება არა სასტუმროს მთლიანი ღირებულების მაგალითად 100 ლარად შეძენა და მისი მიწოდება 120 ლარად, არამედ ე.წ. საკომისიოს 20 ლარის აღება ზემოთ ხსენებული ჯავშნისთვის, რაც მიანიშნებს იმაზე რომ კომპანიის შემოსავლად მიჩნეულია 20 ლარი და არა 120 ლარი.
არაპირდაპირი მეთოდის საფუძვლის არ არსებობა - საგადასახადო შემოწმების აქტში საუბარია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებაზე საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მაშინ როდესაც მისი შეფასებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს. შემმოწმებლებს ერთმანეთში ერევათ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების წინაპირობები და გადასახადის დათვლის ის პრინციპები რა დროსაც არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი არ არსებობს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით არაპირდაპირი მეთოდის საფუძველია ის გარემოება როდესაც სახეზეა ერთი და ამ მუხლში დასახელებული 4-დან მინიმუმ 2 გარემოება. პირველ გარემოებას წარმოადგენს ბუღალტრული აღრიცხვის არ არსებობა ან ისეთი ფორმით წარმოება რა დროსაც შეუძლებელია გადასახადის დაანგარიშება, რაც სახეზე არ არის გამომდინარე იქიდან, რომ ბუღალტრული აღრიცხვა წარმოებულია სრულად. ასევე არ არის სახეზე ამავე მუხლის მიხედვით განსაზღვრული 4-დან მინიმუმ 2 გარემოება. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, რომელი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებაზე მეთოდზე საუბრობენ შემმოწმებლები იმ პირობებში როდესაც სახეზე ამ მეთოდის გამოყენების წინაპირობები ანუ არცერთი და არც 4-დან მინიმუმ 2 გარემოება არ არსებობს. აქედან გამომდინარე მიაჩია რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება არ უნდა მოხდეს მაშინ როდესაც აღნიშნული მეთოდის გამოყენების წინაპირობები სახეზე არ არის!
ყველაზე არსებითი თანხები რა ნაწილშიც არ მომხდარა ზემოთ ხსენებული ბრძანების აღსრულება ეხება ტურისტული მომსახურების პაკეტების დღგ-სგან გათავისუფლებას. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის 30.06.2020 წლის №17773 ბრძანების გამოცემის შემდგომ კომპანიამ წარადგინა მთელი რიგი დოკუმენტები, რის მიხედვითაც შემოსავლების სამსახურის აუდიტორებს უნდა მოეხდინათ დღგ-სგან გათავისუფლება ისეთი მომსახურების, რომელიც ითვლება ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ მომსახურებად.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილსა და ტურიზმისა და კურორტების შესახებ კანონზე და აღნიშნავს, რომ ტურისტული პაკეტი (იგივე ტურისტული პროდუქტი) არის მინიმუმ 2 კომპონენტისგან შემდგარი ტურისტული მომსახურებების ერთობლიობა, რაც ზემოთ ხსენებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში გათავისუფლებულია ჩათვლის უფლებით.
კომპანიამ წარადგინა მთელი რიგი ინვოისებისა, რომლის მიხედვითაც გაწეული მომსახურება ითვლება ტურისტულ პაკეტად, კერძოდ:
1. სასტუმრო და ექსკურსია
2. სასტუმრო და ტრანსპორტირება
3. სასტუმრო, ტრანსპორტირება და ექსკურსია
4. სასტუმრო და სარესტორნო მომსახურება და ა.შ
ხსენებული შემთხვევებიდან არცერთი არ იქნა განხილული ტურისტულ პაკეტად და არ იქნა განთავისუფლებული დღგ-სგან. შედეგად აღნიშნულმა გამოიწვია ის რომ ეს მომსახურება ჩაითვალა 18%- ით დასაბეგრ ოპერაციად, რაც ერთის მხრივ ჩაითვალა 100 000 ლარის სათვალავში (რამაც დააჩქარა დღგის რეგისტრაცია), მეორეს მხივ კი ასეთი მომსახურება დაიბეგრა დღგ-ით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაზე დადგომის შემდგომ. შესაბამისად მიაჩნია რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის 30.06.2020 წლის №17773 ბრძანება არ აღსრულებულა.
აღნიშნული თანხები ამოღებული უნდა იქნას სავალდებულო რეგისტრაციის მიზნებისთვის 100 000 ლარის დათვლის სათვალავიდან და ასევე, ასეთი მომსახურება არ უნდა დაიბეგროს დღგ-ით.
საკითხი 2 – 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმების შემცირება
შემოსავლების სამსახურის შემოწმების აქტით (იხ. აქტის დანართები, 36 გვერდი) 275-ე მუხლის მიხედვით ჯარიმა შეადგენს 56513 ლარს, დასკვნით კი შემცირებული ჯარიმის თანხაა 42 103 ლარი (იხილეთ დასკვნის მე-5 გვერდი). გაუგებარია რატომ არ არის მე-5 გვერდზე ბოლომდე შემცირებული 56 513 ლარი, მაშინ როდესაც დარიცხული თანხები 275-ე მუხლის ნაწილში სრულად შემცირდა შემოსავლების სამსახურის 30.06.2020 წლის №17773 ბრძანებით.
საკითხი 3 - შემოწმების პერიოდში სხვა ჩასათვლელი თანხებით დღგ-ის ჩათვლების გაზრდა.
დღგ-ის ჩათვლები არ იქნა გათვალისწინებული მთელ რიგ სასტუმრო მომსახურებაზე რომელიც შეძენილი იქნა მის მიერ და შემდგომში მიწოდებული იქნა როგორც ტურისტული პაკეტი, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-ისგან საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით.
როგორც ზემოთ აღინიშნა, გარკვეული ნაწილი მიწოდებული მომსახურებისა მიწოდებული იქნა, როგორც ტურისტული პაკეტი, რაც გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, რაც ნიშნავს იმას რომ მიწოდება არ დაიბეგრება, ხოლო დღგ ჩასათვლელია. საგადასახადო ორგანომ არ გაითვალისწინა ჩათვლა მაგალითად ისეთი მომწოდებლისაგან, როგორიცაა შპს ----------. აქედან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის ბრძანება ბოლომდე ამ ნაწილში არ იქნა აღსრულებული.
გარდა ზემოაღნიშნულისა შემოწმების პერიოდში კომპანიამ შეისყიდა რამდენიმე ერთეული უძრავი ქონება წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით და გადახდილი იქნა ე.წ. ავანსის თანხები. ავანსის თანხები მიმღები მხარის მიერ დაბეგრილია დღგ-ით და დღე დღეზე გამოეწერება ავანსის ანგარიშ-ფაქტურები.
ითხოვს დავის განხილვის ეტაპზე ჩაეთვალოს საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდგომ გამოწერილი და საგადასახადო შემოწმების პერიოდს მიკუთვნებული ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურები.
ამასთან საგადასახადო კოდექსში ივლისის თვიდან შესული ცვლილებების მიხედვით საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის ე.ბ ქვეპუნქტის მიხედვით ჩათვლა ხორციელდება შემდეგი პრინციპით: ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში ან არაუგვიანეს 3 კალენდარული წლის განმავლობაში, ამავე პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში;“
ანუ ახალი ცვლილების მიხედვით თუ დღგ-ის ჩათვლა მიმდინარე წლის დეკემბრის თვის პერიოდს გასცდა, ჩათვლის მიღება უნდა მოხდეს საფ-ის საანგარიშო პერიოდში დაზუსტების გზით და არა ფაქტურის გამოწერის პერიოდში.
გამომდინარე იქიდან რომ ფაქტურის საანგარიშო პერიოდები ემთხვევა საგადასახადო შემოწმების პერიოდს ითხოვს ჩაეთვალოს დავების საბჭოზე წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი დღგ.
საკითხი 4 - საგადასახადო შემოწმების აქტის სხვა უზუსტობები
გარდა ზემოაღნიშნულისა საგადასახადო შემოწმების აქტში დაშვებულია სხვადასხვა შეცდომა და უზუსტობა, რომელიც ეხება სხვადასხვა გადასახადს, რაც აჩენს სრულყოფილ წარმოდგენას იმასთან დაკავშირებით რომ დარიცხვა საგადასახადო შემოწმების აქტში განხორციელებულია ან/და ბოლომდე შემცირებული არ არის ის თანხები, რომელიც უნდა შემცირდეს მოქმედი კანონმდებლობით.
ასეთ უზუსტობებს მიეკუთვნება მაგალითად ის, რომ შემმოწმებლებმა 2015 წლის განმავლობაში გაწეული ჯავშნის საკომისიოს თანხები გადმოიტანეს 2016 წელს და დაბეგრეს დღგ-ით 2016 წლის განმავლობაში გამომდინარე იქიდან, რომ ტურისტების მიერ ჯავშნები გაკეთებული იქნა 2015 წელს მაგრამ მათი დაბინავება სასტუმროებში მოხდა 2016 წლის განმავლობაში. შემმოწმებლებმა ჩათვალეს, რომ დაჯავშნის მომსახურება გაწეულად ითვლება არა ტურისტების მიერ ჯავშნების გაკეთების მომენტში არამედ მათი საქათველოში ჩამოსვლისა და სასტუმროში დაბინავების შემდეგ, რაც არასწორი მიდგომაა.
სისტემის მეშვეობით გაიწევა სასტუმროს დაჯავშნის მომსახურება და ეს მომსახურება გაწეულად ითვლება დაჯავშნისთანავე! ამ მიდგომით ტურისტების ჩამოსვლა და დაბინავება საქართველოში არ არის გათვალისწინებული, ვინაიდან მომსახურება სასტუმროს დაჯავშნის მომენტისთვის უკვე გაწეულია. აქედან გამომდინარე, 2015 წელს გაწეული სასტუმროს დაჯავშნის მომსახურება გაწეულად ითვლება 2015 წელს და ის საგადასახადო შემმოწმებლებს არ უნდა გადმოეტანათ 2016 წელს. აქედან გამომდინარე, მათ მიერ დარიცხული თანხები ზემოაღნიშნულ ნაწილში არ შეესაბამება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 30.06.2020 წლის №17773 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 სექტემბრის დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ:
1. შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, საწარმოს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა განხორციელდა 2016 წლის პირველი იანვრიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხიდან გამომდინარე, საიტზე დაჯავშნის მომენტის გათვალისწინებით. შედეგად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად დადგინდა 2017 წლის 21 იანვარი. აღნიშნული გარემოების გამო, გადაანგარიშების შედეგად, შემცირდა შემოწმებით დადგენილი საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და საგადასახადო შემოწმების აქტით დღგ-ის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. საწარმოს შემოსავლების გადაანგარიშების გამო შემოწმებით დადგენილთან შედარებით გაიზარდა 2016 წლის დასაბეგრი მოგება და მოგების გადასახადის თანხა.
2. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა შემოწმების აქტით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დარიცხული ჯარიმა.
3. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების/არგუმენტების შესწავლის შედეგად, საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების დაცვით, გაიზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხების ოდენობა, რამაც გამოიწვია საგადასახადო შემოწმების აქტით დღგ-ში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
4. სადავო საკითხის შესწავლის შედეგად არ გამოვლენილა რაიმე ახალი გარემოება. შესაბამისად, შემოწმების აქტით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
5. გადასახდის გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე დარიცხული ჯარიმა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 125 283 ლარით, მათ შორის: გადასახადი 62 765 ლარით, ჯარიმა 62 518 ლარით.
მომჩივანი არ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 30.06.2020 წლის №17773 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება, ასევე, სადავოდ ხდის ისეთ საკითხებს, რომლებიც 30.06.2020 წლის №17773 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 30.06.2020 წლის №17773 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 30.06.2020 წლის №17773 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 30.06.2020 წლის №17773 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, საწარმოს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა განხორციელდა 2016 წლის პირველი იანვრიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხიდან გამომდინარე, საიტზე დაჯავშნის მომენტის გათვალისწინებით. შედეგად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად დადგინდა 2017 წლის 21 იანვარი. აღნიშნული გარემოების გამო, გადაანგარიშების შედეგად, შემცირდა შემოწმებით დადგენილი საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და საგადასახადო შემოწმების აქტით დღგ-ის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. საწარმოს შემოსავლების გადაანგარიშების გამო შემოწმებით დადგენილთან შედარებით გაიზარდა 2016 წლის დასაბეგრი მოგება და მოგების გადასახადის თანხა.
2. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა შემოწმების აქტით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დარიცხული ჯარიმა.
3. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების/არგუმენტების შესწავლის შედეგად, საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების დაცვით, გაიზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხების ოდენობა, რამაც გამოიწვია საგადასახადო შემოწმების აქტით დღგ-ში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
4. სადავო საკითხის შესწავლის შედეგად არ გამოვლენილა რაიმე ახალი გარემოება. შესაბამისად, შემოწმების აქტით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
5. გადასახდის გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე დარიცხული ჯარიმა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 125 283 ლარით, მათ შორის: გადასახადი 62 765 ლარით, ჯარიმა 62 518 ლარით. მომჩივანი არ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 30.06.2020 წლის №17773 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება,გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 30.06.2020 წლის №17773 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 275; 282; 291.