გადაწყვეტილება №19030/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.05.2023
№ დოკუმენტი 19030/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19030/2/2023

25.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.05.2023 და 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 6.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19030/2/2023).

 

დავის საგანი:

უარი შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრული ვადის გაგრძელებაზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურის 17.02.2023 წლის №2930 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

სატრანსპორტო საშუალებების გამოცხადების/დეკლარირების ვადის დარღვევისთვის მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC11435 და №ELC11437 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, ხოლო საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედებისთვის ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურებისთვის მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC11434 და №ELC11436 ოქმებით დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, ამასთან გამოიცა ამავე თარიღის №EL7777/5695 და №EL7777/5696 საგადასახადო მოთხოვნები, რომლითაც მომჩივანს დაერიცხა შესაბამისი გადასახდელები და საურავი.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.08.2022 წლის №21757 ბრძანებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით მომჩივანს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალებები მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში ან განახორციელოს რეექსპორტით ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა და საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურის ან რეექსპორტის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები.

ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში მომჩივანი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლეს 29.12.2021 წლის №ELC11434 და №ELC11436 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმებისგან.

დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს 29.12.2022 წლის №EL7777/5695 და №EL7777/5696 საგადასახადო მოთხოვნებით დარიცხული თანხისა და მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მომჩივანი 2022 წლის 7 და 13 სექტემბრის №----------/21-10 და №----------/21-11 განცხადებებით განმარტავდა, რომ შემოსავლების სამსახურის 18.08.2022 წლის №21757 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში ვერ განახორციელა სატრანსპორტო საშუალებების გაიმპორტება და რეექსპორტით ქვეყნიდან გაყვანა ფინანსური სირთულეების გამო. აღნიშნულზე მითითებით, ითხოვა დამატებით ვადა, რათა განახორციელოს სატრანსპორტო საშუალებების გაიმპორტება და რეექსპორტი.

აღნიშულ ბრძანებაში შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25305 ბრძანებით შეტანილი ცვლილებით მომჩივანს ავტოსატრანსპორტო საშუალებების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში დეკლარირების ან რეექსპორტით მათი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის მიზნით, ასევე საბაჟო დეპარტამენტისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ან რეექსპორტის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა დამატებით განესაზღვრა №25305 ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღე.

აღნიშნული ბრძანება მომჩივანს საფოსტო დაწესებულების მეშვეობით გაეგზავნა ორჯერ და ვინაიდან მათი ჩაბარება ვერ მოხერხდა, 4.10.2022 წლის №25305 ბრძანება 29.12.2022 წელს საჯაროდ იქნა გავრცელებული შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ჩაითვალა ბრძანების განთავსებიდან მე-20 დღეს - 18.01.2023 წელს.

შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25305 ბრძანებაში მითითებული პირობა მომჩივანს არ შეუსრულებია. შესაბამისად, მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე არ განხორციელებულა 29.12.2021 წლის №ELC11434 და №ELC11436 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებითა და №EL7777/5695 და №EL7777/5696 საგადასახადო მოთხოვნებით დარიცხული თანხების კორექტირება.

აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.02.2023 წლის №2930 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საქათველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-2; მე-3 და მე-4 ნაწილებზე და განმარტავს, რომ დაინტერესებული მხარე გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული გარემოებათა აღმოფხვრიდან არა უგვიანეს 15 დღისა. განცხადებას უნდა დაერთოს შესაბამისი დოკუმენტები და მასალები, რომლებიც ადასტურებენ ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობას. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია აღადგინოს დაინტერესებული მხარის მიერ საპატიო მიზეზით გაშვებული, ამავე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადაც, თუ ეს არ არის აკრძალული კანონით და ზიანს არ აყენებს მესამე პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 აგვისტოს №21757 და 2022 წლის 4 ოქტომბრის №25305 ბრძანებებით განსაზღვრული პირობები მომჩივნის მიერ არ შესრულებულა.

ამასთან, მომჩივანი არ უთითებს ისეთ გარემოებაზე, რომლითაც დადასტურდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადის არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით გაშვება. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

29.12.2021 წელს შედგა №ELC11434, №ELC11435, №ELC11436, №ELC11437 სამართალდარღვევის ოქმები, რომელთა საფუძველზე წარმოადგინეს საგადასახადო მოთხოვნები №EL7777/5695 და №EL7777/5696. ასაჩივრებს აღნიშნულ აქტებს შემდეგი მოსაზრების გამო: საბაჟო კოდექსით შეფარდებული სანქცია (172.1) გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევამ გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. აღნიშნულ შემთხვევაში, არცერთ ამათგანს ადგილი არ ჰქონია: ვადაგადაცილებისთანავე გამოცხადდა რუსთავის ტერმინალში და მის მე---- სექტორში გააჩერა მანქანები, სადაც დღემდე იმყოფებიან და საფასურსაც იხდის. ამდენად, არანაირ არაკეთილსინდისიერ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. მეტიც, არაერთხელ მიმართა შემოსავლების სამსახურის უწყებებს თხოვნით, რომ განაბაჟებდა მანქანებს, მაგრამ, ყოველ ჯერზე, უარი მიიღეს. ახლაც მზად არის მოლაპარაკებისათვის და ნებისმიერი სხვა სანქციით გათვალისწინებული გონივრული თანხის გადახდისათვის, მაგრამ არა ამ ჯარიმის, რომლსაც, თვლის, რომ არ იმსახურებს. რაც შეეხება, შესაძლო მსჯელობას ხანდაზმულობის ვადაზე, ითხოვს, მხედველობაში იქნას მიღებული, რომ არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და არ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. ამდენად, გაუგებარი იყო როგორც გასაჩივრებული აქტების შინაარსი, ასევე, დარღვევის არსი, თუ რას ედავებოდა შემოსავლების სამსახური. სწორედ ამან გამოიწვია შესაძლო დაგვიანება, რაც ითხოვს ჩაეთვალოს საპატიოდ. რაც შეეხება საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით დაკისრებულ სანქციას, პრინციპში, თანხის გადახდაზე უარს არ ამბობს, მაგრამ სამართლებრივი დასაბუთება აქაც უსაფუძვლოდ ეჩვენება ამ მუხლის დათქმის გამო, „ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ გამოიყენება, როდესაც საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევა იწვევს საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას.“ ანუ ერთი მხრივ, საბაჟო ორგანო ედავება საბაჟო პროცედურის დარღვევაში, ხოლო მეორე მხრივ, არ ათავისუფლებს 165-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმის გადახდისგან, ცოტა გაუგებარია. ითხოვს განხილულ იქნას საჩივარი და მხედველობაში იქნას მიღებული რომ მზად არის მოსალაპარაკებლად. ასევე, მზად არის წარადგინოს დამატებითი მტკიცებულებები, საჭიროებისამებრ, მაგალითად, ავტომობილების მითითებულ სადგომზე 2 წლის მანძილზე გაუნძრევლად დგომის.

ითხოვს გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმები № ELC11434, ELC11435, ELC11436, ELC11437 და მათ საფუძველზე წარდგენილი შემოსავლების სამსახურის № EL7777/5695 და № EL7777/5696 საგადასახადო მოთხოვნები.

დამატებით, ასევე ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის 17.02.2023 წლის №2930 ბრძანებას, 7.12.2022 წლის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; ითხოვს მის გაუქმებას და საჩივრის დაკმაყოფილებას, რათა მიეცეს 10 დღიანი ვადა ავტომობილების გასაიმპორტებლად.

საბაჟო დეპარტამენტის ოქმების გაუქმებაზე სამართლებრივი დასაბუთება გადმოცემული აქვს საჩივარში, რომ სახეზე არ არის შეფარდებული სანქციის დისპოზიცია, კერძოდ, ავტომობილები არც დაკარგულია, არც განკარგული და არც განადგურებული, არამედ უძრავად დგას სადგომზე 2 წელიწადია, ხოლო შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 თებერვლის №2930 ბრძანების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არის შემდეგი:

ვადის გაშვების თაობაზე საპატიო მიზეზზე მსჯელობისას შემოსავლების სამსახურს მხედველობიდან გამორჩა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელმაც გამოიწვია ვადის გაშვება. კერძოდ, საბაჟო დეპარტამენტის 2.11.2022 წლის პასუხი განცხადებაზე, რომ სამართალდარღვევის ოქმების №ELC11434 და №ELC11436 საფუძველზე დარიცხული ჯარიმა, 16 152 და 17 912,57 ლარი, შემცირებას არ ექვემდებარებოდა.

17.02.2023 წლის შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებულ ბრძანებაში ერთმნიშვნელოვნად არის ჩამოყალიბებული, რომ მისი 4.10.2022 წლის ბრძანება 2022 წლის 18 აგვისტოს ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, ახალი ვადის დადგენის მიზნით, არასოდეს ჩაუბარებიათ.

იმ ინფორმაციის გარეშე, რომ შემოსავლების სამსახურმა ვადა გაუგრძელა, 27.10.2022 წელს მიაკითხა საბაჟო დეპარტამენტს, რაზეც პასუხად იღებს ორაზროვან პასუხს. ქართული ენა არ ვიცი და ვისაც სთხოვა დახმარება, ყველამ ასეთი განმარტება მისცა, რომ შემოსავლების სამსახურმა უარი უთხრა ჯარიმის გაუქმებაზე.

ზოგადად იკითხა, გაუგრძელა თუ არა ვადა სამსახურმა და ისეთი პასუხი მიიღო, თითქოს ვადის გაგრძელება/არ გაგრძელების მიუხედავად, ჯარიმა მაინც არ „ექვემდებარება შემცირებას.

საბაჟო დეპარტამენტის პასუხის ამ ნაწილში მთავარი იყო ფრაზა „დღეის მდგომარეობით“, ვინაიდან ავტომობილები ჯერ არ ჰყავდა გაყვანილი ქვეყნიდან, მომჩივანმა კი ჩათვალა, რომ ეს განაჩენი იყო და აღარც მომავალში გაყვანა შეცვლიდა საქმეს. ითხოვს პასუხის გაცნობას, ამ პასუხის მიღების შემდეგ, არ გაჩნდებოდა ეჭვი, რომ 2022 წლის 7 და 13 სექტემბრის განცხადებები ვადის გაგრძელების თაობაზე კი დაკმაყოფილდა, მაგრამ უშედეგოდ?

საქმიან ურთიერთობებში გონივრულობის მინიმალური სტანდარტი, კიდევ უნდა გადაემოწმებინა საბაჟო დეპარტამენტის პასუხის რაობა, არაფერი ამოძრავებს კეთილსინდისიერების გარდა, უბრალოდ, მართლაც დაიბნა და იფიქრა, რომ ვადის გაგრძელების მიუხედავად, ჯარიმა არ გაუქმდებოდა.

ითხოვს გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ამ ქვეყანაში უცხოა, არ ესმის დეტალები და ზოგადად, უჭირს ალღო აუღოს, თუ როგორ მუშაობს სისტემა, მხოლოდ, ავტომობილებით ვაჭრობას ცდილობს. იცის რომ ეს არ ამართლებს, მაგრამ თვლის, რომ მაინც შეიძლება მიჩნეულ იქნას სზაკ-ის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილით მითითებულ საპატიო მიზეზად, ასევე, ზოგადად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით განსაზღვრულ შეცდომა/არცოდნად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ დაინტერესებული მხარე ვალდებულია დაიცვას დადგენილი ვადა, აღნიშნული ვადის დინება დაიწყება მხოლოდ დაინტერესებული მხარისათვის შესაბამისი დოკუმენტის ან ინფორმაციის გადაცემის ან ამ ინფორმაციის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან.

№19030/2/2023 საჩივარი საბჭომ განიხილა 4.05.2023 წლის სხდომაზე და სადავო საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის განხილვის შეჩერებასთან დაკავშირებით.

საბაჟო დეპარტამენტის 25.05.2023 წლის №----------21-10 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაზე დაყრდნობით, პროგრამულად ფიქსირდება 2021 წლის 10 აპრილის №---------- და №---------- ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობებით რეექსპორტში დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების (VIN/შასი: ---------- და ----------) წარდგენა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საბაჟო საწყობის კონტროლის ზონაში. ---------- ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში გამოცხადების თარიღად ასახულია 19.07.2022 წელი, ხოლო ---------- ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში გამოცხადების თარიღად – 9.08.2022 წელი. თუმცა, აღნიშნული, რეექსპორტში მოქცეული სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში შენახვისათვის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო ფორმალობები (რეექსპორტის დასრულება საბაჟო საწყობის ან სხვა საბაჟო პროცედურით შეცვლის გზით) დღემდე განხორციელებული არ არის და დასახელებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ზონაში არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები მომჩივანს არ წარმოუდგენია.

აღსანიშნავია, რომ 4.10.2022 წლის №25305 ბრძანებით, მომჩივანს, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღით, გაუგრძელდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში დეკლარირების ან რეექსპორტით მათი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის მიზნით, ასევე საბაჟო დეპარტამენტისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ან რეექსპორტის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოება, რომ მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით მიცემული წინადადება საჩივრის განხილვის მომენტისთვისაც არ არის შესრულებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებები არ აქვს მოქცეული შესაბამის საბაჟო პროცედურაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევის მიზნით განსაზღვრული ვადის გაგრძელებაზე უარი მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

უარი შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრული ვადის გაგრძელებაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო დეპარტამენტის 25.05.2023 წლის წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაზე დაყრდნობით, პროგრამულად ფიქსირდება 2021 წლის 10 აპრილის ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობებით რეექსპორტში დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების წარდგენა საბაჟო საწყობის კონტროლის ზონაში. პირველი ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში გამოცხადების თარიღად ასახულია 19.07.2022 წელი, ხოლო მეორე ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში გამოცხადების თარიღად – 9.08.2022 წელი. თუმცა, აღნიშნული, რეექსპორტში მოქცეული სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში შენახვისათვის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო ფორმალობები (რეექსპორტის დასრულება საბაჟო საწყობის ან სხვა საბაჟო პროცედურით შეცვლის გზით) დღემდე განხორციელებული არ არის და დასახელებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ზონაში არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები მომჩივანს არ წარმოუდგენია. მომჩივანს, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღით, გაუგრძელდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში დეკლარირების ან რეექსპორტით მათი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის მიზნით, ასევე საბაჟო დეპარტამენტისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ან რეექსპორტის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოება, რომ მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით მიცემული წინადადება საჩივრის განხილვის მომენტისთვისაც არ არის შესრულებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებები არ აქვს მოქცეული შესაბამის საბაჟო პროცედურაში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევის მიზნით განსაზღვრული ვადის გაგრძელებაზე უარი მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165; 172