გადაწყვეტილება № 27670/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 27670/2/2026
22 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 28.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27670/2/2026).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, გამოყენებული ფასნამატის ოდენობა;
2. განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2026 წლის №056-18 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.06.2026 წლის №12449 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 531 335,29 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 334 904,7
დღგ - 169 752,9
საშემოსავლო გადასახადი - 165 151,8
ჯარიმა - 167 452
საურავი - 28 978,59
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საყოფაცხოვრებო ნივთების და წვრილმანი ელექტრო ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია. საწარმო დაფუძნებულია 20.01.2025 წელს და იმავე თარიღიდან არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული (არაკვალიფიციურის სტატუსი).
აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე შემოწმებულია 20.01.2025 წლიდან 1.01.2026 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2026 წლის №056-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.06.2026 წლის №12449 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, გამოყენებული ფასნამატის ოდენობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაციები, აგრეთვე არ აქვს ფიქსირებული საკონტროლო სალარო აპარატი და პოს-ტერმინალი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ოდენობის დადგენის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.02.2026 წლის №3397 ბრძანების საფუძველზე, გადამხდელს ჩაუტარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა, დადგინდა, რომ სმფ-ის ნაშთი შეადგენს ნულ ლარს. 2025 წლის აგვისტოს შემდეგ იმპორტი/შეძენა აღარ ფიქსირდება. არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ჩაითვალა ნულის ტოლად.
გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა საგადასახადო ორგანოსთან, გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე ორჯერ გაეგზავნა საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ წერილი, რომელსაც მომჩივანი გაეცნო, თუმცა, მოთხოვნილი ინფორმაცია (ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ამონაწერები კომერციული ბანკებიდან, დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია) არ წარმოუდგენია. აღნიშნულზე შედგენილ იქნა №189301 და №189308 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები.
საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების, ასევე, ცალკეულ შემთხვევებში „პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად შედგა საქონლის სახეობების მიხედვით ჯგუფები, რაზედაც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან დაფიქსირებული აუდირებული ფასნამატი (60%), ხოლო შემოწმებით დადგენილი დასაბეგრი ბრუნვა გადანაწილდა შესამოწმებელ თვეებზე შეძენების პროპორციულად.
შემოწმების დადგენილ და დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლენილ სხვაობებზე, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების თანახმად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე,136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელს საერთოდ არ ჩაბარებია ინვენტარიზაციის დანიშვნის ბრძანება და არ მისცემია ვადა საინვენტარიზაციო კომისიის შექმნისათვის, მეტიც 2024 წლის 17 თებერვალს გამოცემული იქნა ბრძანება №3397, რომლის საფუძველზედაც არ შექმნილა საინვენტარიზაციო კომისია და გადასახადი გადამხდელის წარმომადგენლის გარეშე, ისე, რომ არ ყოფილან შესული გადასახადის გადამხდელის ობიექტზე, უკანონოდ შედგა მიმდინარე კონტროლის ღონისძიების მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმი და თვითნებურად ჩაითვალა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთი.
აღსანიშნავია, რომ ინვენტარიზაციის ბრძანება ჩაბარდა მხოლოდ ფიქტიურად ჩატარებული „ინვენტარიზაციის“ შემდგომ. რაც შეეხება ფასნამატის განსაზღვრას, ამასთან დაკავშირებით ყურადსაღებია შემდეგი საკანონმდებლო ჩანაწერები. საგადასახადო კოდექსის თავი XXXVII განსაზღვრული არის მიმდინარე კონტროლის პროცედურები. საგადასახადო კოდექსის კონკრეტულად განსაზღვრავს პროდუქციაზე ფასნამატის განსაზღვრის მიმდინარე კონტროლის პროცედურას. საგადასახადო კოდექსის 258-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად „საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა ან/და დაადგინოს საქონლის/მომსახურების ფასი საკონტროლო შესყიდვის შეთავაზებით ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის მიზნით გადასახადის გადამხდელს შესაძენად შესთავაზოს საქონელი/მომსახურება.“ ამ ნაწილში პირდაპირ მოცემულია თუ როგორ შეიძლება დადგენილი იქნას საქონლის (პროდუქციის) რეალური ღირებულება (ფასი) თუმცა, საგადასახადო ორგანოს (შემმოწმებელს) არ განუხორცილებია ზ/აღნიშნული. ასევე საგადასახადო კოდექსის 256-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილია, რომ „ამ თავით გათვალისწინებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით განსაზღვრულია მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესი. ამ ბრძანების მე-10 მუხლის 1 ნაწილის თანახმად „1. საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის მიზანია გადასახადის გადამხდელის მიერ: ა) საქონლის მიწოდებით ან/და მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლების რეალური მოცულობის დადგენა;“ თუმცა საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული არ განხორციელებულა. ასევე, ყურადსაღებია ფინანსთა სამინისტროს ზ/აღნიშნული ბრძანების მე-91 მუხლით განსაზღვრულია მიმდინარე კონტროლის პროცედურის კიდევ ერთი ასპექტი საგადასახადო მონიტორინგი, რომლის მეორე ნაწილის თანახმად „საგადასახადო მონიტორინგის მიზანია გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ძირითადი სახის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შეძენის, გახარჯვის, დანაკარგების, აგრეთვე მზა პროდუქციის (სახეობების მიხედვით) მიწოდების დამოუკიდებელი რაოდენობრივი აღრიცხვა და ასეთი აღრიცხვის შესახებ მონაცემების მოპოვება ან/და დაბეგვრის ობიექტის ან მასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაფარვის/დამალვის შესაძლო რისკების გამოვლენა.“ ანუ საგადასახადო კანონმდებლობა ადგენს კონკრეტულად რა ქმედება უნდა განახორციელოს საგადასახადო ორგანომ, რომ დაადგინოს მზა პროდუქციის როგორ დანახარჯები ასევე დანაკარგები და მიწოდების საკითხებიც, რაც საბოლოო ფასნამატის ოდენობას, თუმცა, არც აღნიშნული არ განხორციელებულა.
მომჩივანი მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №3ბ/1792-23), რომლითაც დაკმაყოფილდა მომჩივნის სააპელაციო საჩივარი. პალატამ გადაწყვეტილებაში არაპირდაპირ მეთოდთან დაკავშირებით მიუთითა, რომ პალატა განმარტავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესახებ საკანონმდებლო დანაწესის მიზანია სამართლიანად, გონივრული განსჯის საფუძველზე დადგინდეს გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. საგადასახადო ორგანოს უფლება-გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, არ გულისხმობს საგადასახადო ორგანოსთვის თვითნებური შეფასებების უფლებამოსილების მინიჭებას. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს გონივრული და შესაბამისად დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების საფუძველზე. (იხ. ასევე სუსგ №ბს-779 (კ-21) 13 მაისი, 2024 წელი).
არაპირდაპირი მეთოდის გამოყნებით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არ არის გონივრული და არც კანონიერი, რადგან არ არსებობდა კანონმდებლობით დადგენილი პირობები, რა დროსაც შემმოწმებელი უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა არაპირდაპირი მეთოდი.
2. განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.02.2026 წლის №2635 ბრძანების შესაბამისად, 10.02.2026 წელს განხორციელდა შპს „-----“-ის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც, ნაღდი ფულის ნაშთი დადგინდა ნული ლარი. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიღებული/მისაღები შემოსავლები, რაც ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი №9-ის (სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითება) შესაბამისად, ჩაითვალა საკასო შემოსავლად. გაანგარიშების პროცესში გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი თანხა. არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში ნაღდი ფულის ნაშთი დადგინდა ნული ლარი. გაანგარიშების შედეგად დარჩენილი განკარგვადი თანხა, რომლის არსებობაც საწარმოში არ დასტურდება, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით საზოგადოებას გააჩნია დანაკლისი, შესაბამისად, აღნიშნული იბეგრება მოგების გადასახადით და არც სალაროში არ შემოდის თანხა, რაც თავის მხრივ უკანონოს ხდის საწარმოს დირექტორზე ----- (-----) ხელფასის სახით განაცემად დაკვალიფიცირება, მაშინ როდესაც საზოგადოებაში არცერთი თეთრი არ შესულა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტის 3.07.2026 წლის №----- წერილით, წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, საიდანაც დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ოდენობის დადგენის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 17 თებერვლის №3397 ბრძანების საფუძველზე, შპს ,,------“- ის (ს/ნ -----) ჩაუტარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა (ინვენტარიზაცია), სადაც გადასახადის გადამხდელის მინდობილმა პირმა, კომისიას წარუდგინა წერილობითი ახსნა-განმარტება იმის შესახებ, რომ 17.02.2026 წლის მდგომარეობით, კომპანიის სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი არ გააჩნია. გადასახადის გადამხდელს 2025 წლის აგვისტოს შემდეგ იმპორტი/შეძენა აღარ უფიქსირდება. არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებამ, საანგარიშო პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ჩათვალა ნულის ტოლად. შემოწმების ეტაპზე გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან, მას გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე ორჯერ გაეგზავნა საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ წერილი, რომელსაც გადამხდელი გაეცნო, მაგრამ შემოწმებისთვის წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია (ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ამონაწერები კომერციული ბანკებიდან, დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია) არ წარმოუდგენია, აღნიშნულ სამართალდარღვევებზე 25.02.2026-ში შედგენილ იქნა №189301, ხოლო 19.03.2026-ში №189308 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები.
რაც შეეხება განკარგვადი თანხის ხელფასად დაკვალიფიცირების საკითს, შემოწმების ფარგლებში შესწავლილ იქნა, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სიტემაში არსებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით გადამხდელს არ აქვს ფიქსირებული საკონტროლო-სალარო აპარატი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.02.2026 წლის №2635 ბრძანების შესაბამისად, 2026 წლის 10 თებერვალს გადასახადის გადამხდელის ნდობით აღჭურვილი პირის მონაწილეობით, ჩატარდა შპს ,,----“-ის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც, ნაღდი ფულის ნაშთი დადგინდა ნული ლარი. გაანგარიშების პროცესში გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი თანხა. არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიაში ნაღდი ფულის ნაშთი დადგინდა ნული ლარი. გაანგარიშების შედეგად დარჩენილი განკარგვადი თანხა, რომლის არსებობაც საწარმოში არ დასტურდება, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ----- (პ/ნ ------) გაცემულ ხელფასად.
მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ არგუმენტები წარმოდგენილია საჩივარში და ელოდება საბჭოს გადაწყვეტილებას.
საბჭო ეყრდნობა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ მომჩივანმა ვერ წარადგინა ახალი არგუმენტები ან მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. შესაბამისად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, გამოყენებული ფასნამატის ოდენობა;
2. განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებისას ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ საანგარიშო პერიოდის ბოლოს კომპანიას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი არ გააჩნდა, ვინაიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ იმპორტი და შესყიდვები აღარ დაფიქსირებულა. გადამხდელმა შემოწმებას არ ითანამშრომლა და ორჯერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია (საბუღალტრო, საბანკო, საგადასახადო ინფორმაცია) არ წარმოადგინა, რის გამოც შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმები.
დადგინდა, რომ გადამხდელს საკონტროლო-სალარო აპარატი არ გააჩნდა. სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის შემოწმებამ, ყველა დადასტურებული ხარჯის გათვალისწინებით, აჩვენა ნულოვანი ნაშთი. საწარმოში დაუდასტურებელი დარჩენილი განკარგვადი თანხა ჩაითვალა ხელმძღვანელზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
საბჭო ეყრდნობა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(5);101(1)154(1)