ბრძანება N 7167
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7167
02 აპრილი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------;
იურ. მის.: ----------)
2024 წლის 12 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 მარტის სხდომაზე (ოქმი №31) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №41289/21-10-18 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 5 მარტის №EL243929 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ კომპანიის მიერ 2024 წლის 16 თებერვალს დარეგისტრირდა იმპორტის წინასწარი დეკლარაცია 2 სატრანსპორტო საშუალებაზე. ავტომობილები შემოვიდა საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ გამოვლით. საქონელს განესაზღვრა „ყვითელი დერეფანი“ და დანიშნულებაში მიეთითა გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“.
მომჩივანი განმარტავს, რომ ვინაიდან საბაჟო დეკლარაცია წინასწარ იყო დეკლარირებული და არ ჰქონდათ ინფორმაცია ტვირთის „ყვითელ დერეფანში“ მოხვედრის თაობაზე, სატრანსპორტო საშუალებები გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“-ის ნაცვლად გამოცხადდნენ ----------, კომპანიის საწყობში.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 21 თებერვალს, საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ გავლით 2 სატრანსპორტო საშუალებით (სახელმწიფო ნომრებით: ---------- და ----------) შემოტანილ იქნა ----------დან გამოგზავნილი, შპს „----------“ მიერ №---------- (16.02.2024) საქონლის საბაჟო დეკლარაციით წინასწარ დეკლარირებული საქონელი (56.592 მ3 ფანერა, სეს ესნ კოდით 4412 33 900 00, საბაჟო ღირებულებით 73 721.27 ლარი, ბრუტო წონით 40 426 კგ).
საბაჟო გამშვებ პუნქტში განხორციელებული საბაჟო კონტროლის ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალება „eCustoms“-ით დამუშავებისას საბაჟო დეკლარაციისათვის განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“ და, შემდგომი საბაჟო ფორმალობების განხორციელების მიზნით, საქონელი და მისი გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალება გაშვებულ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“-ის დანიშნულებით.
2024 წლის 26 თებერვლის №---------- განცხადებით შპს „----------“ საბაჟო ორგანოს აცნობა, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება, ნაცვლად გაფორმების ეკონომიკური ზონისა, გამოცხადდა ქალაქ ---------- (----------) არსებულ კომპანიის კუთვნილ საწყობში, სადაც განხორციელდა საქონლის გადმოტვირთვა. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დათვალიერდა განმცხადებლის მიერ მითითებულ მისამართზე განთავსებული საქონელი, თუმცა ვერ მოხდა იდენტიფიცირება ფაქტიურად განთავსებული საქონელი წარმოადგენდა თუ არა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფ საქონელს (საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი №2, 05.03.2024).
შესაბამისად, 2024 წლის 5 მარტს გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა №EL243929 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „----------“ დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 13 269.83 ლარის ოდენობით. ამასთანავე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე და 64-ე მუხლებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლების საფუძველზე, გამოიცა №EL11112/180 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც დაერიცხა იმპორტის გადასახდელი და საურავი (დღგ – 13 269.83 ლარი, საურავი – 20.04 ლარი).
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად განკარგვამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.
ამავე საკანონმდებლო აქტის 71-ე მუხლი ადგენს, რომ საბაჟო ორგანომ შეიძლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისთვის განსაზღვროს საბაჟო მარშრუტი ან/და დაადგინოს ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაადგილდეს. ამ შემთხვევაში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტითა და დადგენილ ვადაში გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს ეკისრება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილი ასევე იმპერატიულად ადგენს, რომ საქონელი მისი გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებიდან უნდა გადმოიტვირთოს ან გადაიტვირთოს მხოლოდ საბაჟო ორგანოს თანხმობით, ამ ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ადგილზე.
საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება საბაჟო კონტროლი.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საბაჟ ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, საბაჟო კონტროლისა და საბაჟო ფორმალობების განსახორციელებად საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე წარდგენის ნაცვლად, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე გამოცხადდა კომპანიის საწყობში, სადაც გადმოიტვირთა და განიკარგა. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს სადავო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საბაჟ ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, საბაჟო კონტროლისა და საბაჟო ფორმალობების განსახორციელებად საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე წარდგენის ნაცვლად, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე გამოცხადდა კომპანიის საწყობში, სადაც გადმოიტვირთა და განიკარგა. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 172.