ბრძანება N 3415
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3415
23.02.2023
ფ/პ ----------- (პ/ნ --------)
(მის: -----------------------)
2023 წლის 17 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №10) განიხილა ფ/პ -------ს (პ/ნ -------) №7087/21 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ ქონების გადასახადსა და საურავს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა 2022 წლის დეკემბერში. აღნიშნავს, რომ დედამთილმა აჩუქა კომლის ქონება 2014 წელს, რომლითაც ვერ სარგებლობდა, ვინაიდან შეჭრილები იყვნენ სხვა პირები. 2022 წლის 19 დეკემბერს იძულებით შეჭრილი პირები გამოასახლეს აღნიშნული სახლიდან. ვინაიდან აღნიშნული ქონების ფლობა-სარგებლობას ახორციელებს 2022 წლის 19 დეკემბრიდან, ითხოვს დარიცხული ქონების გადასახადისა და საურავის გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ქონების გადასახადში 2018-2020 წლების ქონების (სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწა) გადასახადი - ( ფართობი 0.88 ჰა, ს/კ --------- და 0,24 ჰა ს/კ ---------- ) დარიცხულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ხოლო 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდზე ქონების გადასახადი გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე დაერიცხა პროგრამულად ავტომატურ (STS) რეჟიმში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის გათვალისწინებით. 2018-2022 წ.წ. დარიცხვა შეადგენს 97 ((0.88+0.24)*87) ლარს თითოეულ წელზე.
2018-2020 წწ. საანგარიშო პერიოდებზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნები: №049 – 6215 (2018 წ.), №049 – 6216 (2019 წ.), №049 – 6217 (2020 წ.) გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე გაიგზავნა 2021 წლის 27 ივლისს, ასევე 2021-2022 წლებზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნები: №025 – 19688 (2021 წ.) და №999 – 10370 (2022 წ.), გაიგზავნა გადამხდელის ელექტრონულ ვებგვერდზე 2021 წლის 8 ნოემბერს და 2022 წლის 7 ნოემბერს. ფ/პ ---------- (პ/ნ ---------) აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნებს არ გასცნობია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ფ/პ -----------ს მიერ განცხადებაში აღნიშნულ, ---------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი. შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ჰ2’’ პუნქტის გათვალისწინებით, ქონების (სასოფლო-სამეურნეო მიწის) გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ არ არის დარიცხული.
ფ/პ ------------ს საკუთრებაში არსებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,88 ჰა (ს/კ -------) და 0,24 ჰა (ს/კ --------- ) ფართობის მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს 2014 წლის 29 იანვარს ფ/პ ----------თან (პ.ნ ----------) დადებული ჩუქების ხელშეკრულება (საჯარო რეესტრის ამონაწერის რეგისტრაციის №---------; 29/01/2014 და №---------; 29/01/2014).
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 6 თებერვლის მდგომარეობით ფ/პ -----------ს (პ/ნ ------------) პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 388 ლარი, საურავი 106.12 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ქონების გადასახადის გაუქმების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;
გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო ორგანოსთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის 131 ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას პირი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ:
ა) ამ კოდექსით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით მას საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა. ამასთანავე, თუ ფიზიკური პირი გასული საგადასახადო წლის მიხედვით იყო ქონების გადასახადის მიხედვით დეკლარანტი, იგი დეკლარაციის არწარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას საგადასახადო ორგანოს აცნობებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 1 ნოემბრისა;
ბ) საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ. წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პროგრამულად არიცხავს ქონების გადასახადს. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელს წარმოდგენილი აქვს სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ 2022 წლის 19 ნოემბრის ოქმი, რომელიც შეეხება ---------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონების გამოთავისუფლებას. მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნით კი დასტურდება, რომ აღნიშნულ ქონებაზე გადასახადი დარიცხული არ არის.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მიწაზე ქონების გადასახადი დარიცხულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ ქონების გადასახადზე დარიცხული საურავის ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლება გადასახადის თანხის დადგენილ ვადაში გადახდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ პირს საგადასახადო მოთხოვნა ჩაჰბარდა გადასახადის გადახდის ვადის დადგომის შემდეგ, საურავის დარიცხვა განხორციელდება საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი: გადასახადის დარიცხვა, რომლის გაანგარიშება საგადასახადო ორგანოს ვალდებულებაა.
ზემოაღნიშული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს პირადი აღრიცხვის ბარათზე ქონების გადასახადზე დარიცხული საურავის შესაბამისობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-6 ნაწილთან და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული საურავის კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ -----------ს (პ/ნ ---------) საჩივარი საურავის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომსახურების დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს პირადი აღრიცხვის ბარათზე ქონების გადასახადზე დარიცხული საურავის შესაბამისობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-6 ნაწილთან და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული საურავის კორექტირება (შემცირება);
3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადამხდელის პირდი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.