გადაწყვეტილება №20032/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20032/2/2023
31 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------------- 21.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20032/2/2023).
დავის საგანი:
საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. 2023 წლის 03 თებერვლის №EL199139 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 25.05.2023 წლის №11582 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1 000 ლარი.
ფაქტების აღწერა
2021 წლის 10 აპრილის მომჩივანმა №11111/C39312 დროებით შენახვის დეკლარაციით შპს „----------“ კუთვნილ საბაჟო საწყობში (№----------) შეინახა სხვადასხვა დასახელების საქონელი (მ/მ ტანსაცმელი - 91 ადგილი, მ/მ ჩანთები - 439 ადგილი, სულ - 15980 კგ), რომელსაც დროებით შენახვის ვადად განესაზღვრა 2021 წლის 2 ოქტომბერი. აღნიშნული ვადა გაგრძელდა 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით.
აღნიშნულ ვადაში მომჩივანს მითითებული საქონელი არ მოუქცევია საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში. საქონლის დეკლარირების ვადის დაირღვევის გამო, მოჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 3 თებერვლის №EL199139 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 4 თებერვლის №21-10-21/8746 შეტყობინებით მომჩივანს გაეგზავნა №---------- დროებით შენახვის დეკლარაცია, №------------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და ეცნობა, რომ ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით, შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში დროებით შენახულ საქონელზე განესაზღვრათ საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი ან შეესრულებინათ საბაჟო ზედამხედველობის დასრულებისთვის საჭირო სხვა აუცილებელი ფორმალობები, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად განხორციელდებოდა საქონლის განკარგვის ღონისძიებები.
2023 წლის 3 თებერვლის №EL199139 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.05.2023 წლის №11582 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე, ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე საკანონმდებლო აქტის 78-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 165-ე მუხლზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის 2023 წლის 25 მაისის №11582 ბრძანების თანახმად, შპს „-------------“ წარმომადგენლების საჩივარი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. უარის თქმის საფუძვლად კი მიეთითა, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (სარჩელი), რომელზეც მომჩივანი აპელირებს, სასამართლოს შტამპზე გაკეთებული აღნიშვნის თანახმად, სასამართლოში წარდგენილია 2022 წლის 1 ივნისს, ხოლო დროებით შენახული საქონლის ბოლო ვადა (რა ვადაშიც მომჩივანს საქონლის დეკლარირება უნდა განეხორციელებინა) იყო 2022 წლის 31 მარტი. მოცემულ შემთხვევაში არ ყოფილა გამოკვლეული სარჩელსა და შესაგებელში ( რომელიც წარვადგინეთ მტკიცებულებად) მითითებული გარემოებები, იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „------------- მიერ შეუძლებელი იყო ტვირთზე რაიმე სახის საბაჟო პროცედურის განხორციელება, რადგანაც ჩამოსვლის დღიდან მათ შორის 2022 წლის 31 მარტიდან ტვირთი შენახული აქვს და დაკავებულია გადამზიდავი კომპანიის შპს „----------”- ს მიერ. ხოლო დეკლარირებისთვის საჭირო დოკუმენტაციაზეც წვდომა მხოლოდ ამ უკანასკნელს აქვს. სწორედ მან განახორციელა ტვირთის დროებითი შენახვაც. ამდენად, ვინაიდან და რადგანაც, მომჩივნის მიერ ზემოაღნიშნული გარემოებების გამო შეუძლებელი იყო ნივთის დეკლარირება მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო და მისი ბრალის გარეშე, შესაბამისად შპს „-----------“ არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა სსკ-ის 165 - ე მუხლის დანაწესებიდან გამომდინარე.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე ითხოვს ბათილად ცნობას საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის №EL199139.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დროებით შენახვის დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ საქონელი დროებით არის შენახული.
საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, საქონლის რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საბაჟო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დროებით შენახული უცხოური საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურის განსაზღვრისთვის ან რეექსპორტის გამოყენებისთვის აუცილებელი საბაჟო ფორმალობა 30 დღეში უნდა განხორციელდეს.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო პროცედურის განსაზღვრის ფორმალობები შეიძლება განხორციელდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე − არაუადრეს 45 კალენდარული დღისა, ხოლო შემოტანის შემდეგ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრის ფორმალობები შეიძლება განხორციელდეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 78-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
ვინაიდან მომჩივნის მიერ დარღვეულია საქონლის დეკლარირების ვადა, საბჭოს მიაჩნია, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და შემოსავლების სამსახურის ბრძანება არ ექვემდებარება გაუქმებას.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის მიერ დარღვეულია საქონლის დეკლარირების ვადა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:13(2);78(1);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი;