ბრძანება N 3316
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3316
25 თებერვალი 2025
ბრძანება
ი/მ "-------"-ს (ს/ნ "------")
(ფაქტ. მის.: "------")
2025 წლის 25 იანვრის, 3, 4 და 12 თებერვლის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 და 14 თებერვლის სხდომებზე (ოქმები №11 და №14) განიხილა ი/მ "------"-ს (ს/ნ "------") 2025 წლის 25 იანვრის №93917/1/2025, 3 თებერვლის №14208/21, 4 თებერვლის №94037/1/2025 და ასევე 12 თებერვლის №556918 (რეგ. №20660/21) და №94147/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივლისის №002-137 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, სასაქონლომატერიალური ფასეულობების რეალიზებულად განხილვას შემოწმებით გაანგარიშებული ფასნამატით და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა პროგრამულად. ასევე, მომჩივნის განმარტებით, 2021 წლიდან გადასახადის გადამხდელს დაემატა ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის ხარჯი, რომელმაც შეამცირა მოგება. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ მეორადი საბურავების მდგომარეობიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში მათი რეალიზაცია ხდებოდა თვითღირებულებით ან უფრო დაბალ ფასად, ხოლო საბურავების ნაწილი ტექნიკურად იმდენად იყო დაზიანებული, რომ ჩამოსაწერი ხდებოდა. ასევე, მომჩივანი აღნიშნავს, რომ მას გააჩნია ისეთი ხარჯები, რომლებიც არ რეგისტრირდება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (RS). შესაბამისად, აღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს არ ექნებოდა შესაბამისი დოკუმენტაცია. აცხადებს, რომ მითითებული არგუმენტების/დოკუმენტების გათვალისწინება გამოიწვევს დარიცხული თანხების შემცირებას.
საჩივრების წარმოდგენის ვადასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი ითხოვს გასაჩივრების ვადის აღდგენას და საჩივრების წარმოებაში მიღებას. განმარტავს, რომ "------"-მ საქართველოს საზღვარი დატოვა 2024 წლის აპრილის თვეში, ხოლო 2024 წლის 5 ივნისს იგი უკვე იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების საემიგრაციო ციხეში, რაც დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი, ამერიკის შეერთებული შტატების იმიგრაციის და კლიენტების აღსრულების სამშობლოს უსაფრთხოების დეპარტამენტის 2024 წლის 6 ივნისის ცნობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ შეძლო საჩივრის წარმოდგენა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივლისის №002- 137 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანის მიმართ შედგენილი 2024 წლის 24 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 2024 წლის 3 ივლისის №15723 ბრძანება და 5 ივლისის №002-137 საგადასახადო მოთხოვნა ი/მ "------"-ს (ს/ნ "------") 2024 წლის 5 ივლისს გაეგზავნა ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) საშუალებით, რომელსაც გაეცნო 2024 წლის 7 აგვისტოს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრები შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია 2025 წლის 25 იანვრის და ასევე, ამავე წლის 3, 4 და 12 თებერვალს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით:
1. საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
3. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.
9. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
ამავე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-490-485(2კ-16)), სადაც გასაჩივრების ვადის საპატიო მიზეზით გაშვებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ: „საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის გამოყენებისათვის მომჩივანმა უნდა დაადასტუროს, რომ საჩივრის წარდგენის ვადის განმავლობაში მოქმედებდა ისეთი დაუძლეველი ძალა, რაც საჩივრის შეტანას შეუძლებელს ხდიდა ან არსებობდა სხვა საპატიო მიზეზი, რაც ობიექტურად გამორიცხავდა გასაჩივრების შესაძლებლობას. საგადასახადო კოდექსი არ განსაზღვრავს, რა შეიძლება მიჩნეულ იქნეს ვადის გადაცილების საპატიო მიზეზად, ამდენად, ეს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ობიექტური შეფასების საფუძველზე უნდა გადაწყდეს“.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ 2025 წლის 12 თებერვლის საჩივრით წარმოდგენილ მტკიცებულებაზე, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების იმიგრაციის და კლიენტების აღსრულების სამშობლოს უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობაზე, რომლითაც დასტურდება, რომ 2024 წლის 5 ივნისს იგი უკვე იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების საიმიგრაციო ციხეში. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანმა შეძლო დაესაბუთებინა საჩივრების ვადაში წარდგენის შეუძლებლობა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, რამაც განაპირობა გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი 30 დღიანი გასაჩივრების ვადის გაშვება.
ყოველივე ზემოაღნიშნული სამართლებრივი და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრების წარდგენის ვადის გაშვება უნდა ჩაითვალოს საპატიოდ და შესაბამისად, საჩივრები დაშვებულ უნდა იქნეს განსახილველად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 მაისის №12095 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "------"-ს (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 2 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 24 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 3 ივლისის №15723 ბრძანება და 5 ივლისის №002-137 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 213 627 ლარი, მათ შორის გადასახადი 133 242 ლარი, ჯარიმა 62 962 ლარი და საურავი 17 423 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით: გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ავტომობილების მეორადი საბურავებით. შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება. გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან და შემოწმების პროცესში არ წარმოადგინა სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის შემოსავლები და ხარჯები განსაზღვრულ იქნა შემოწმების ხელთ არსებული მონაცემებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ და დოკუმენტებით რეალიზებულ სასაქონლომატერიალურ მარაგებს შორის სხვაობა, მის მიერ დოკუმენტებით რეალიზებული საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატით (39%), დაკვალიფიცირდა მიწოდებად და ჩაერთო შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 27 მაისის №12075 ბრძანების შესაბამისად ვერ მოხერხდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენა და შესაბამისი პროცედურების განხორციელება (ვერ დადგინდა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილი და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მდებარეობა), ჩაითვალა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის გადასახადის გადამხდელთან სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი ნულის ტოლია. შესაბამისად, შემოწმების მიერ სასაქონლომატერიალური ფასეულობები განხილულ იქნა სრულად რეალიზებულად, დოკუმენტური რეალიზაციების საშუალო შეწონილი ფასნამატით. აღნიშნულის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 80-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტისთვის არ წარუდგენია სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა პირის საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ და დოკუმენტებით რეალიზებულ სასაქონლომატერიალურ მარაგებს შორის სხვაობა, მის მიერ დოკუმენტებით რეალიზებული საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატით (39%), დაკვალიფიცირდა მიწოდებად და ჩაერთო შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში, რამაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რამაც შემოწმებისთვის შეუძლებელი გახადა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, მეორადი საბურავების მდგომარეობიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში მათი რეალიზაცია ხდებოდა თვითღირებულებით ან უფრო დაბალ ფასად, ხოლო საბურავების ნაწილი ტექნიკურად იმდენად იყო დაზიანებული, რომ ჩამოსაწერი ხდებოდა. ასევე, მომჩივანი აღნიშნავს, რომ მას გააჩნია იმგვარი ხარჯები (საიჯარო ხარჯი, სხვადასხვა სახის მოსაკრებელი, შესყიდვები ფიზიკური პირებისგან, სხვადასხვა სახის მომსახურებების შესყიდვა დღგ-ის არ გადამხდელი პირებისგან, დაზიანებული მეორადი საბურავების ჩამოწერის აქტები და სხვა), რომლებიც არ რეგისტრირდება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (RS). შესაბამისად, აღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს არ ექნებოდა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნას საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებით, იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ საგადასახადო მონიტორინგის/აუდიტის დეპარტამენტების მიერ დადგენილი მონაცემით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ "------"-ს (ს/ნ "------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებით, იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ საგადასახადო მონიტორინგის/აუდიტის დეპარტამენტების მიერ დადგენილი მონაცემით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, სასაქონლომატერიალური ფასეულობების რეალიზებულად განხილვას შემოწმებით გაანგარიშებული ფასნამატით და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ავტომობილების მეორადი საბურავებით.შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ შეძენილ და დოკუმენტებით რეალიზებულ სასაქონლომატერიალურ მარაგებს შორის სხვაობა, მის მიერ დოკუმენტებით რეალიზებული საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატით,დაკვალიფიცირდა მიწოდებად და ჩაერთო შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 27 მაისის №12075 ბრძანების შესაბამისად ვერ მოხერხდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენა და შესაბამისი პროცედურების განხორციელება,ჩაითვალა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის გადამხდელთან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ნულის ტოლია. შესაბამისად, შემოწმების მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები განხილულ იქნა სრულად რეალიზებულად, დოკუმენტური რეალიზაციების საშუალო შეწონილი ფასნამატით. აღნიშნულის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა დღგ,საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებით, იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ საგადასახადო მონიტორინგის/აუდიტის დეპარტამენტების მიერ დადგენილი მონაცემით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),100,102,158,159,163,164.