ბრძანება N 6572
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6572
25 მარტი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
სს „-----“-ს (ს/ნ ----- ) (მის.: ----- )
2026 წლის 4 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 მარტის სხდომაზე (ოქმი N 25) განიხილა სს „-----“-ს (ს/ნ ----- ) N 34650/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 6 თებერვლის N EL307385, N EL307387 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და N EL11111/10 (N 094-10) საგადასახადო მოთხოვნას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ კომპანიამ ტვირთი მიიღო პალეტებით, შეფუთულ მდგომარეობაში (5 ერთეული). ტვირთის მიღების მეორე დღეს, ტვირთმფლობელის მიერ განხორციელდა აქციზური მარკების დაკვრა და შესაბამისი საბაჟო დეკლარაციის შევსება. აღნიშნული დეკლარაცია კი დაექვემდებარა საბაჟო ორგანოს კონტროლს. შემოწმების მიზნით საბაჟო საწყობში გამოცხადდა საბაჟო ორგანოს წარმომადგენელი, რომლის მიერ ტვირთის ცალობრივი გადათვლის შედეგად გამოვლინდა დანაკლისი, კერძოდ 6 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი. აღნიშნული გარემოების დაფიქსირების შემდეგ, საბაჟო საწყობმა შეამოწმა ვიდეო ჩანაწერები და დაადგინა, რომ მიღებული პალეტები არის შეფუთული და ავტომანქანის დაცლის, საწყობში შეტანის, აქციზური მარკების დაკვრის პროცესში არ ჰქონია ადგილი დანაკლისის წარმოშობის ფაქტს, დაკარგვის, განადგურების და ან უკანონო განკარგვის მხრივ. შესაბამისად, იმოქმედა საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით, მიმართა სატრანსპორტო კომპანიას და საქონლის მფლობელს, რათა წარმოედგინათ ტვირთის გამომგზავნისგან წერილობითი დასტური, ფაქტობრივად გამოგზავნილი საქონლის რაოდენობის შესახებ.
საქონლის გამომგზავნმა კომპანიამ დაადასტურა, რომ საქონლის ჩატვირთვისას დაშვებული ტექნიკური შეცდომის გამო, პროდუქტი (6 ბოთლი) არ იქნა ჩატვირთული, რის შემდეგაც ტვირთის გამომგზავნმა დაკორექტირებული ინვოისი წარმოადგინა. არსებული მტკიცებულება საბაჟო დეპარტამენტმა არ გაიზიარა და არ მოახდინა იმპორტის დეკლარაციის ჩასწორება.
მომჩივანი თვლის, რომ გამოვლენილი დანაკლისი არ არის გამოწვეული საბაჟო საწყობის ბრალეული ქმედებით ან უმოქმედობით. საბაჟო ორგანომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, არ მოახდინა დარღვევის იდენტიფიცირება საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და დააჯარიმა კომპანია იმ ქმედებისთვის, რომელიც არ წარმოადგენს საგადასახადო პასუხისმგებლობის საფუძველს.
აღნიშნულზე და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2026 წლის 2 თებერვალს შპს „-----“ (ს/ნ -----) კუთვნილი სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური სასმელები (საბაჟო ღირებულება – 39535,47 ლარი; საერთო წონა – 3024,74 კგ; ადგილების რაოდენობა – 298 შეფუთვა) დროებითი შენახვის მიზნით (განაცხადი N ----- ) განთავსდა სს „-----“-ის კუთვნილ საბაჟო საწყობში ( -----) . აღნიშნული საქონელი 2026 წლის 3 თებერვალს N ----- საბაჟო დეკლარაციით დადეკლარირდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, რა დროსაც მითითებულ დეკლარაციას მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განესაზღვრა „წითელი დერეფანი“.
გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა N 1----- საბაჟო დეკლარაციის კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც გამოვლინდა დეკლარირებული საქონლის ნაკლებობა, კერძოდ, დეკლარირებული ალკოჰოლური სასმელი – არმანიაკი, ნაცვლად 270 ბოთლისა, აღმოჩნდა 264 ბოთლი.
ვინაიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას/დაკარგვას/განადგურებას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 6 თებერვალს შედგენილ იქნა N EL307385 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სს „-----“-ს (ს/ნ ----- ) შპს „-----“ (ს/ნ ----- ) ერთად სოლიდარულად (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი N EL307384) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 79.18 ლარის (იდენტურ/მსგავს საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით. ამავე დღეს გამოიცა N EL11111/10 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც სს „-----“-ს (ს/ნ ----- ) დაერიცხა იმპორტის გადასახდელი – 79.18 ლარი (დღგ – 45.98 ლარი; აქციზის გადასახადი – 25.2 ლარი; იმპორტის გადასახადი – 8 ლარი).
ამასთან ერთად, საბაჟო საწყობის მიერ სანებართვო პირობის დარღვევის ფაქტზე, 2026 წლის 6 თებერვალს შედგენილ იქნა N EL307387 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს – სს „-----“-ს (ს/ნ ----- ) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;
საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლით დადგენილია:
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი აზუსტებს:
1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.
2. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან:
ა) არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;
ბ) შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილი კი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული “საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ” ინსტრუქციის მე-8 მუხლის „თ“ და „რ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:
საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას;
გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ. მე-7 ნაწილის მიხედვით კი, რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთერთი შემდეგი საფუძველი:
ბ) გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
დ) პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
დადგენილია, რომ მომჩივანი არის საბაჟო საწყობის მფლობელი და მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას/დაკარგვას/განადგურებას. მისი მხრიდან ასევე არ შესრულდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობა. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლისა (სოლიდარულად) და 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმები მართლზომიერია. ხოლო ვინაიდან, არსებობს საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.
საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სს „-----“-ს (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საბაჟო საწყობში შენახული ალკოჰოლური საქონლის შემოწმებისას გამოვლინდა ნაკლებობა. ეს შეფასდა როგორც საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო დაკარგვა. ამ ფაქტზე შედგა სამართალდარღვევის ოქმი და პასუხისმგებლობა დაეკისრა როგორც საქონლის მესაკუთრე კომპანიას, ისე საბაჟო საწყობს სოლიდარულად. მათ დაეკისრათ ჯარიმა, ასევე დაარიცხეს შესაბამისი იმპორტის გადასახადები.
გარდა ამისა, საბაჟო საწყობს ცალკე დაეკისრა პასუხისმგებლობა ნებართვის პირობების დარღვევისთვის და დამატებით დაჯარიმდა.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(1); 172; 176;.