გადაწყვეტილება №24712/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.03.2025
№ დოკუმენტი 24712/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24712/2/2025

11 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: -------- (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------ს 7.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24712/2/2025).

 

დავის საგანი:

1. ქონების (მიწის) გადასახადის და საურავის დარიცხვის მართლზომიერება;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 28.12.2020 წლის №011-87830 (საანგარიშო პერიოდი 2020), 8.11.2021 წლის №011-58804 (საანგარიშო პერიოდი 2021), 2.11.2022 წლის №006-37726 (საანგარიშო პერიოდი 2022), 2.11.2023 წლის №006-39827 (საანგარიშო პერიოდი 2023) საგადასახადო მოთხოვნები;

2. მომსახურების დეპარტამენტის 10.04.2024 წლის №21-11/28543 წერილი;

3. შემოსავლების სამსახურის 20.12.2024 წლის №26798 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 33 792,96 ლარი.

მათ შორის:

8 448,24 - 28.12.2020 წლის №011-87830 საგადასახადო მოთხოვნა

8 448,24 - 8.11.2021 წლის №011-58804 საგადასახადო მოთხოვნა

8 448,24 - 2.11.2022 წლის №006-37726 საგადასახადო მოთხოვნა

8 448,24 - 2.11.2023 წლის №006-39827 საგადასახადო მოთხოვნა

 

პროცედურული გარემოებები:

მომჩივნის მიმართ, გამოცემული 28.12.2020 წლის №011-87830, 8.11.2021 წლის №011-58804 და 2.11.2022 წლის №006-37726, №006-39827 საგადასახადო მოთხოვნები, ფიზიკური პირის ქონების (მიწის) გადასახადის დარიცხვის თაობაზე, გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8692 ბრძანებით, საჩივარი, მომსახურების დეპარტამენტის 28.12.2020 წლის №011-87830 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანმა, 2024 წლის 29 მარტს №53647/21 განცხადებით, გადასახადის შემცირების მოთხოვნით, მიმართა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს, განცხადებაში მიუთითა, რომ საგადასახადო ვალდებულებები დარიცხულია ისეთ მიწაზე, (საკადასტრო კოდით N----------), რომელიც აღარ ეკუთვნის მომჩივანს.

მომსახურების დეპარტამენტის 10.04.2024 წლის №21-11/28543 გადაწყვეტილებით, მომჩივანს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც, 14.05.2024 წლის №11068 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8692 და 14.05.2024 წლის №11068 ბრძანებები, 13.05.2024 და 17.06.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 5.07.2024 წლის №23061/2/2024 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

ა) 2021-2023 წლების საანგარიშო პერიოდის (სოფ. ----ში მდებარე 8500კვ/მ არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით N--------) ქონების გადასახადის დარიცხვის ნაწილში დამატებით შესწავლის მიზნით (მომჩივნის მონაწილეობით) დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს;

ბ) გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო განუხილველად დატოვების ნაწილში, შემოსავლების სამსახურს დაევალა დამატებით შეესწავლა სადავო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელების მართლზომიერების საკითხი. ამასთან შეეფასებინა მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები; გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 20.12.2024 წლის №26798 ბრძანებით საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 28.12.2020 წლის №011-87830 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ქონების (მიწის) გადასახადის და საურავის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე (მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელთა სიები) მომჩივანს დაერიცხა გადასახადი. ხოლო 2021-2023 წლების საანგარიშო პერიოდზე, მას ავტომატურ რეჟიმში დაერიცხა მიწის გადასახადი - -----, სოფ. ----ში მდებარე 8500 კვ/მ (საკადასტრო კოდით N-------) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართზე. ასევე, დადგენილ ვადაში გადასახადის გადაუხდელობისათვის, დაერიცხა საურავი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 203-ე, 205-ე მუხლებზე, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველ ნაწილზე და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე რომლის თანახმად, ექსპერტის წინაშე დასმული შეკითხვით --------ა ითხოვდა, დადგენილიყო ქ. თბილისში, სოფელ -------ში მდებარე 8500 კვ.მ არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ -------; მიწების განაწილების გეგმაზე დატანილი მიწა N------) ადგილმდებარეობა წარმოდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით და ექსპერტს განემარტა, რამდენად სწორ ადგილზე განხორციელდა სახელმწიფოს მიერ საკადასტრო კოდი ------ ქონების რეგისტრაცია და რამდენად ჰქონდა საჯარო რეესტრს საფუძველი განესაზღვრა ზედდება ------- (N----- ნაკვეთი) და ------ ნაკვეთებს შორის.

ამასთან შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, საჯარო რეესტრიდან ბოლო ამონაწერზე (განცხადების რეგისტრაცია N----- - 28/10/2013, მომზადების თარიღი 01/11/2013), რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი -------) მესაკუთრედ ფიქსირდება --------ა.

ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება და სადავო საგადასახადო მოთხოვნები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურმა არ შეისწავლა სათანადოდ და არ გაითვალისწინა წარდგენილი მტკიცებულებები. კერძოდ, ------ას მიერ სასამართლოში წარდგენილი სარჩელით დავა მიმდინარეობს ------ საკადასტრო კოდზე არსებულ მიწაზე. შესაბამისად აღნიშნული მიწა არ არის მისი საკუთრება.

ამასთან, მომჩივანი აღნიშნავს რომ დამატებით წარდგენილი იყო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომ -----ას საკუთრებაში რეგისტრირებული იყო ------ საკადასტრო კოდზე მდებარე მიწის ნაკვეთი. 2019 წლის 7 თებერვალს როდესაც -----ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია. კერძოდ, მიწის ნაკვეთის დაზუსტებული სახით რეგისტრაცია. მას უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. ვინაიდან, სახელმწიფომ 2017 წლის 23 აგვისტოს მიწის ნაკვეთი (------ საკადასტრო კოდი) გამოყო და დაარეგისტრირა ჯერ სახელმწიფო სახელზე, ხოლო მოგვიანებით 2018 წლის 30 ივლისს უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა მესამე პირზე, -------ზე. ამდენად, ---------ამ დაიწყო სასამართლო დავა.

მომჩივანი განმარტავს, რომ სასამართლო დავის განხილვის ეტაპზე დაუკვეთა ექსპერტიზა ნაკვეთების ადგილმდებარეობისა და ზედდების თაობაზე. თანდართული ექსპერტიზის დასკვნით ნათლად ჩანს, რომ ------ და ----- საკადასტრო კოდებზე მდებარე მიწის ნაკვეთები დიდწილად ემთხვევა ერთანეთს, ხოლო ------- საკადასტრო კოდზე არსებული მიწის ნაკვეთი შეცდომით დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებაში და ფაქტობრივად გასხვისდა სხვა პირზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე. საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაცია (მონაცემები), მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისთვის.

სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის 11.02.2025 წლის №9380-21-11 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივნის მიმართ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში 2021-2023 წლების საანგარიშო პერიოდზე დარიცხვა განხორციელდა ავტომატურ რეჟიმში, საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, 2021-2023 წლების საანგარიშო პერიოდზე, მიწაზე ქონების გადასახადი დაერიცხა ----ა, სოფ. -----ში მდებარე 8500კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით N------), რომელიც ფაქტობრივად არ არის მის საკუთრებაში და მასზე მიმდინარეობს დავა. შესაბამისად, ამგვარ მიწაზე არ უნდა განხორციელებულიყო დარიცხვა.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ 2021-2023 წლების საანგარიშო პერიოდის (სოფ.-----ში მდებარე 8500კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით N-------) მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების, რეესტრის ამონაწერების და სხვა მოძიებული დოკუმენტების მიხედვით, შეისწავლოს 2021-2023 წლების საანგარიშო პერიოდში წარმოადგენდა თუ არა მომჩივანი სადავო მიწაზე (საკადასტრო კოდით N-------) ქონების გადასახადის გადამხდელს და თუ არ დადასტურდება, რომ 2021-2023 საანგარიშო პერიოდზე სადავო მიწის ნაკვეთზე მომჩივანი წარმოადგენს მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელს, განახორციელოს დარიცხული ქონების გადასახადის კორექტირება (შემცირება).

 

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა

ფაქტების აღწერა

2020 წლის 28 დეკემბრის N011-87830 საგადასახადო მოთხოვნა საჯაროდ გავრცელდა 2021 წლის 22 თებერვალს და ჩაბარებულად ჩაითვალა 2021 წლის 14 მარტს. საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2024 წლის 18 მარტს.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე, 299-ე, 301-ე მუხლებზე და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე, რომლითაც დგინდება, რომ 2020 წლის 28 დეკემბრის N011-87830 საგადასახადო მოთხოვნა საჯაროდ გავრცელდა 2021 წლის 22 თებერვალს და ჩაბარებულად ჩაითვალა 2021 წლის 14 მარტს, საჩივარი კი წარმოდგენილია 2024 წლის 18 მარტს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ დაუმტკიცებია, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული, მიიჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გაურკვეველია შემოსავლების სამსახურის მიერ მართლზომიერად გამოქვეყნდა თუ არა დოკუმენტაცია, რაზეც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში არ არის საუბარი, არადა სწორედ აღნიშნული საკითხი იყო დავალებული საბჭოს მიერ. უთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე10 ნაწილს, რომ საგადასახადო მოთხოვნა ორჯერ მაინც უნდა ყოფილიყო გაგზავნილი გადამხდელისთვის. თუმცა, უცნობია გაეგზავნა თუ არა გადასახადის გადამხდელს დოკუმენტაცია საფოსტო დაწესებულების მეშვეობით. ასევე, გაურკვეველია, რომც გაგზავნილიყო ისინი თუ რა მისამართზე იქნა გაგზავნილი, ვინაიდან მომჩივანი არ არის საქართველოს მოქალაქე, არ ცხოვრობს საქართველოში და არ გააჩნია იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი. აღნიშნავს, რომ გამოითხოვა ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან დოკუმენტაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით და მისი მიღების შემდგომ წარმოადგენს დამატებით არგუმენტაციას.

მომჩივანმა აღნიშნული მიწა გაყიდა 2019 წლის 20 ივნისს და იგი სხვა პირების საკუთრებაშია ამ პერიოდიდან. შედეგად, მითითებულ მისამართზე საგადასახადო ორგანოს მხრიდან დოკუმენტაციის გაგზავნა და შემდგომ დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. შესაბამისად, იგი არ უნდა ჩაითვალოს შემოსავლების სამსახურის მიერ მითითებულ თარიღში გადამხდელისთვის ჩაბარებულად. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტის გამოქვეყნების მიზანს წარმოადგენს პირის მიერ დოკუმენტის გაცნობა. იმ პირობებში, როცა მომჩივანი წარმოადგენს არარეზიდენტს და მან არ იცის ქართული, იგი ვერ გაეცნობოდა ქართულ დოკუმენტაციას.მიუთითებს სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც არაქართულენოვანი პირის მიმართ გამოცემული დოკუმენტი უნდა იყოს მისთვის გასაგებ ენაზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4, მე-10 და მე-11 ნაწილების შესაბამისად:

4. პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.

10. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.

11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ მომსახურების დეპარტამენტის 28.12.2020 წლის №011-87830 საგადასახადო მოთხოვნა, მომჩივანს 29.12.2020 და 22.01.2021 წლებში, წერილობითი ფორმით, ორჯერ, გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების მეშვეობით მისამართზე (თბილისი, --------), თუმცა ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ განხორციელდა ორივე შემთხვევაში, დატოვებულია შესაბამისი შეტყობინება, მისამართზე არავინ იყო) და გზავნილი ორივე შემთხვევაში დაუბრუნდა გამგზავნს. ამასთან, მომსახურების დეპარტამენტის 28.12.2020 წლის №011-87830 საგადასახადო მოთხოვნას, მომჩივანი, ავტორიზებულ მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გაცნობია. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 2021 წლის 22 თებერვალს სადავო აქტი საჯაროდ გავრცელდა და ჩაბარებულად ჩაითვალა 2021 წლის 14 მარტს, გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 13.04.2021 წელი (სამშაბათი), ხოლო, საჩივარი აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების მოთხოვნით, შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2024 წლის 18 მარტს, რაც ჩაითვალა გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის დარღვევად, რაც თავის მხრივ გახდა საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ მითითებულ მისამართზე (თბილისი, ----------) საგადასახადო ორგანოს მხრიდან დოკუმენტაციის გაგზავნა და შემდგომ საჯაროდ გავრცელება არამართლზომიერია, ვინაიდან მომჩივანს აღნიშნული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ---------) 2019 წლიდან საკუთრებაში აღარ უფიქსირდება. შესაბამისად, აღნიშნული ქონება აღარაა მის საკუთრებაში და არანაირი შემხებლობა გააჩნია ამ ტერიტორიაზე.

საჯარო შეტყობინებით დოკუმენტის გაცნობის შესაძლებლობის გამოყენებამდე დოკუმენტის როგორც ფოსტით (მინიმუმ ორჯერ), ისე ელექტრონული ფორმით გაგზავნის ვალდებულების დაკისრება განპირობებულია იმ საფუძვლით, რომ საჯარო შეტყობინების გზით ადრესატისათვის დოკუმენტის ჩაბარება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოყენებულ იქნეს როგორც უკიდურესი ღონისძიება. შესაბამისად, ადრესატისთვის საჯაროდ გავრცელების გზით დოკუმენტის გაცნობამდე, საგადასახადო ორგანომ სრულყოფილად უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება.

საბჭოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანომ საჯარო შეტყობინების გზით დოკუმენტის ადრესატისთვის ჩაბარებამდე მხოლოდ ფორმალურად დაიცვა საგადასახადო კოდექსის 44- ე მუხლის მე-10 ნაწილის ჩანაწერი, რაც ვერ იქნება მიჩნეული ქმედით ღონისძიებად, რომელიც მან განახორციელა გადასახადის გადამხდელისთვის დავალიანების დარიცხვის შესახებ აქტების ჩაბარებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო განმარტავს, რომ სადავო აქტი ვერ ჩაითვლება კანონმდებლობით დადგენილი წესით მომჩივნისთვის ჩაბარებულად. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განუხილველად დატოვება არამართლზომიერია.

დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 20.12.2024 წლის №26798 ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.12.2024 წლის №26798 ბრძანება;

3. პირველი დავის საგნის ნაწილში, დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ქონების გადასახადის კორექტირება (შემცირება);

4. საჩივარი, მეორე დავის საგნის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ქონების (მიწის) გადასახადის და საურავის დარიცხვის მართლზომიერება;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მიმართ, გამოცემული №011-87830, №011-58804 და №006-37726, №006-39827 საგადასახადო მოთხოვნები, ფიზიკური პირის ქონების (მიწის) გადასახადის დარიცხვის თაობაზე, გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №8692 ბრძანებით, საჩივარი, მომსახურების დეპარტამენტის №011-87830 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანმა განცხადებით, გადასახადის შემცირების მოთხოვნით, მიმართა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს, განცხადებაში მიუთითა, რომ საგადასახადო ვალდებულებები დარიცხულია ისეთ მიწაზე, რომელიც აღარ ეკუთვნის მომჩივანს.მომსახურების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, მომჩივანს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც, №11068 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურის №8692 და №11068 ბრძანებები, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №23061/2/2024 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

ა) 2021-2023 წლების საანგარიშო პერიოდის არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ქონების გადასახადის დარიცხვის ნაწილში დამატებით შესწავლის მიზნით (მომჩივნის მონაწილეობით) დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს;

ბ) გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო განუხილველად დატოვების ნაწილში, შემოსავლების სამსახურს დაევალა დამატებით შეესწავლა სადავო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელების მართლზომიერების საკითხი. ამასთან შეეფასებინა მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები; გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და №26798 ბრძანებით საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის №011-87830 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით საბჭო მიიჩნევს, რომ 2021-2023 წლების საანგარიშო პერიოდის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ქონების გადასახადის დარიცხვის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების, რეესტრის ამონაწერების და სხვა მოძიებული დოკუმენტების მიხედვით, შეისწავლოს 2021-2023 წლების საანგარიშო პერიოდში წარმოადგენდა თუ არა მომჩივანი სადავო მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელს და თუ არ დადასტურდება, რომ 2021-2023 საანგარიშო პერიოდზე სადავო მიწის ნაკვეთზე მომჩივანი წარმოადგენს მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელს, განახორციელოს დარიცხული ქონების გადასახადის კორექტირება (შემცირება).

ხოლო,მეორე სადავო საკითხთან მიმართებით საბჭოს მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განუხილველად დატოვება არამართლზომიერია.შემოსავლების სამსახურის №26798 ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 203; 299(4.10); 301( „ე“);