ბრძანება N 13594

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.06.2026
№ დოკუმენტი 13594
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი, ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13594

19 ივნისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ------- (პ/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 11 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 18 ივნისის სხდომაზე (ოქმი №53) განიხილა ფ/პ ------- (პ/ნ -------) №97937/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ივლისის №------- საგადასახადო მოთხოვნასთან და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 13 ნოემბრის №036-436 ბრძანებასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მომჩივანი განმარტავს, რომ სადავო აქტები არ ჩაბარებია კანონით გათვალისწინებული წესით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით ითხოვს მათ ბათილად ცნობას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას და მიაჩნია, რომ რადგან საგადასახადო მოთხოვნა არ არის ჩაბარებული კანონით გათვალისწინებული წესის დაცვით, მის საფუძველზე გამოცემული ყველა შემდგომი აქტი კარგავს სამართლებრივ საფუძველს.

 

საჩივრის წარმოდგენის ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით და მისთვის საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე ცნობილი გახდა სასამართლოდან მიღებული წერილობითი მასალებიდან, რის შემდეგაც აღმოაჩინა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ოფიციალურად არ გასცნობია და არ ჰქონდა შესაძლებლობა გაერკვია საგადასახადო დავალიანების საფუძველი. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ რადგან საგადასახადო მოთხოვნა არ არის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებული, იგი ვერ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს და მის საფუძველზე გამოცემული შემდგომი აქტებიც კარგავს სამართლებრივ საფუძველს. ამას გარდა, მომჩივანი განმარტავს, რომ რადგან ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო სადავო აქტების კანონით დადგენილი წესით ჩაბარება, არსებითად შეიზღუდა მხარის უფლება ინფორმაციის მიღებაზე და მისი ინტერესის დაცვაზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მიმართ შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 2025 წლის 17 ივლისის №------- ბრძანება და ამავე თარიღის №------- საგადასახადო მოთხოვნა ფ/პ ------- (პ/ნ -------) წერილობითი ფორმით ორჯერ (2025 წლის 24 ივლისს და 7 აგვისტოს), ხოლო ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 13 ნოემბრის №036- 436 ბრძანება ფ/პ ------- (პ/ნ -------) წერილობითი ფორმით ორჯერ (2025 წლის 26 ნოემბერს და 3 დეკემბერს), გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით იურიდიულ მისამართზე -------, -------, თუმცა ადრესატისათვის მათი ჩაბარება ვერ მოხერხდა მისამართზე არყოფნის გამო. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 2025 წლის 5 სექტემბერს განხორციელდა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ივლისის №------- ბრძანებისა და ამავე თარიღის №------- საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 2025 წლის 25 სექტემბერს, ხოლო ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 13 ნოემბრის №036-436 ბრძანება საჯაროდ გავრცელება 2025 წლის 29 დეკემბერს და ჩაბარებულად ჩაითვალა 2026 წლის 18 იანვარს.

ამასთან, მომჩივანი აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტს, მის საფუძველზე გამოცემულ 2025 წლის 17 ივლისის №------- ბრძანებას, ამავე თარიღის №------- საგადასახადო მოთხოვნას და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 13 ნოემბრის №036-436 ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2026 წლის 6 ივნისს და საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია 2026 წლის 11 ივნისს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუკი შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.

ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

ამავე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-490-485(2კ-16)), სადაც გასაჩივრების ვადის საპატიო მიზეზით გაშვებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ: „საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის გამოყენებისათვის მომჩივანმა უნდა დაადასტუროს, რომ საჩივრის წარდგენის ვადის განმავლობაში მოქმედებდა ისეთი დაუძლეველი ძალა, რაც საჩივრის შეტანას შეუძლებელს ხდიდა ან არსებობდა სხვა საპატიო მიზეზი, რაც ობიექტურად გამორიცხავდა გასაჩივრების შესაძლებლობას. საგადასახადო კოდექსი არ განსაზღვრავს, რა შეიძლება მიჩნეულ იქნეს ვადის გადაცილების საპატიო მიზეზად, ამდენად, ეს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ობიექტური შეფასების საფუძველზე უნდა გადაწყდეს“.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მართალია პირს სადავო აქტები წერილობითი ფორმით 2-ჯერ გაეგზავნა და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა, თუმცა საქმეზე არსებული მასალიდან არ დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დოკუმენტების საჯაროდ გავრცელებამდე მათი ჩაბარების უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებული ყველა საშუალებები სრულყოფილად გამოიყენა, რაც სადავო დოკუმენტების საჯაროდ გავრცელების წინაპირობა და საფუძველი გახდებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნული სამართლებრივი და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრის წარდგენის ვადის გაშვება უნდა ჩაითვალოს საპატიოდ და შესაბამისად, საჩივარი დაშვებულ უნდა იქნას განსახილველად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ივნისის №12604 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ------- (პ/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდების მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 16 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა 2025 წლის 17 ივლისის №------- ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №------- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 20 618 ლარი, მათ შორის გადასახადი 11 424 ლარი, ჯარიმა 5 712 ლარი და საურავი 3 482 ლარი.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, ფ/პ ------- (პ/ნ -------) 2025 წლის 12 ნოემბერის მდგომარეობით (ნაერთი ინფორმაციის მიხედვით) ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 21 292.36 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ფ/პ ------- (პ/ნ -------) მიმართ გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2025 წლის 13 ნოემბრის №036-436 ბრძანება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ფ/პ ------- (პ/ნ -------) 2026 წლის 18 ივნისის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 400 ლარის ოდენობით და ასევე აუღიარებული საგადასახადო დავალიანება 22 128.24 ლარის ოდენობით.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

ფ/პ ------- (პ/ნ -------) შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და საჯარო რეესტრის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკურ პირს სარგებლობაში აქვს სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ -------), ------- რაიონში. მიწის ფართობი შეადგენს 238 ჰექტარს. 2021 წლის 25 მარტს ------- მუნიციპალიტეტის მერიასა და ფ/პ ------- (შემდგომში მოიჯარე) შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის შედეგად ------- მუნიციპალიტეტმა ფიზიკურ პირს სასყიდლიანი იჯარით გადასცა ხსენებული მიწა. სარგებლობის ვადა განისაზღვრა 5 წლის ვადით. ------- დღეის მდგომარეობით ითვლება მიწის მოიჯარედ. 2022 წლიდან ფიზიკური პირის მიერ წარმოდგენილია დეკლარაციები, რომელშიც არ არის ასახული ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი. ------- მუნიციპალიტეტში არსებული საძოვრისთვის გამოყოფილ მიწაზე გადასახადის განაკვეთია 16.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 204-ე და 205-ე მუხლების თანახმად დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით სათიბისა და საძოვრისათვის (------- მუნიციპალიტეტში არსებული საძოვრისთვის გამოყოფილ მიწაზე გადასახადის განაკვეთია 16).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის თანახმად:

12. ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

14. ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, მომჩივანს სარგებლობაში ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საძოვარი) ------- რაიონში. 2021 წლის 25 მარტს ------- მუნიციპალიტეტის მერიასა და ფ/პ ------- შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის შედეგად ------- მუნიციპალიტეტმა ფიზიკურ პირს სასყიდლიანი იჯარით გადასცა ხსენებული მიწა, ხოლო 2022 წლიდან ფიზიკური პირის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციებში არ იყო ასახული ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი.

შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ქონების გადასახადის დეკლარაციაში ასახული მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი, აღნიშნულ ნაწილში, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:

ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;

ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;

გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;

დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;

ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;

ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. მე-6 ნაწილის შესაბამისად კი საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად კი, გაუქმება ხდება:

ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში;

ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში;

დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;

დ1 ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება;

ზ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ფ/პ ------- (პ/ნ -------) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 2025 წლის 12 ნოემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

2. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდების მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და საგადასახადო მოთხოვნა.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, მომჩივანს 2025 წლის 12 ნოემბერის მდგომარეობით (ნაერთი ინფორმაციის მიხედვით) ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მომჩივანის მიმართ გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 203(ბ); 204; 205; 241