გადაწყვეტილება №27449/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27449/2/2026
30 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 27.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27449/2/2026).
დავის საგანი:
1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მართლზომიერება;
2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში არსებულ სმფ-ების ნაშთზე ჩათვლების მიღების უფლება;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე;
4. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.03.2026 წლის №007-67 საგადასახადო მოთხოვნა;
2. ვალის მართვის დეპარტამენტის 31.03.2026 წლის №001-10949 საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება;
3. შემოსავლების სამსახურის 13.05.2026 წლის №10559 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 98 890.09 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 50 436.47
ჯარიმა - 33 104
საურავი - 15 349.62
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სასურსათო პროდუქტების შეძენა-რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. კერძოდ, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, რძის პროდუქტები, სიგარეტი, ნახევარფაბრიკატები და სხვა. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2009 წლის 24 ივლისს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2023 წლიდან 1.02.2026 წლამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 26.03.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 27.03.2026 წლის №6860 ბრძანება და №007-67 საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნის მთელ ქონებაზე 2026 წლის 31 მარტის №001-10949 შეტყობინების შესაბამისად, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.05.2026 წლის №10559 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
შემოწმების პროცესში მეწარმის მიერ წარდგენილი საბანკო ცნობების, ამონაწერების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ 2023 წლის 27 მაისს მომჩივნის შემოსავალმა გადააჭარბა საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლით განსაზღვრულ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის 100 000 ლარიან ზღვარს. აღნიშნული თარიღიდან განხორციელებული ბრუნვები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, მე-9 მუხლის პირველი ნაწილზე, 136-ე მუხლზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველი ნაწილსა და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდებოდა დღგ-ისგან გათავისუფლებული პროდუქცია. გადასახადის გადამხდელის მიერ ხარჯების გათვალისწინების მოთხოვნასთან მიმართებით კი შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმება შეეხებოდა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორეს.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების წარმოების პროცესში კომუნიკაცია ჰქონდა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. მათ აწვდიდა მოთხოვნილ დოკუმენტაციას და განუმარტა, რომ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში არ ეწეოდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ადგილობრივ შეძენარეალიზაციას. იმის გათვალისწინებით, რომ არ იყო დღგ-ის გადამხდელი მისთვის უცნობი იყო ცალკეული პროდუქციის რეალიზაცია დღგ-ის გადახდისგან გათავისუფლებული იყო თუ არა. დროულად იხდიდა მცირე ბიზნესისთვის განსაზღვრულ გადასახადებს. არასოდეს არ უცდია გადასახადებისგან თავის არიდება. რაც შეეხება საქონელს, ზედნადებებს, დეკლარაციებს და სხვა საბუღალტრო დოკუმენტაციას, განმარტავს, რომ დოკუმენტები არის rs.ge-ეს პორტალზე, სადაც ყოველთვიური დეკლარაციების წარდგენის გზით სრულად არის ასახული მიღებული შემოსავლები, მიღებული და რეალიზებული პროდუქცია. დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში მზად არის წარმოადგინოს ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი და საჩივრის განხილვისთვის საჭირო სრულყოფილი ინფორმაცია.
იმისათვის, რომ სრულყოფილი წარმოდგენა შექმნას მის გარშემო განვითარებული და ამჟამად მიმდინარე გარემოებების შესახებ განმარტავს შემდეგს:
• 2010 წლის 10 სექტემბრიდან რეგისტრირებული არის ინდივიდუალურ მეწარმედ. ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, ჰქონდა მცირე ბიზნესის სტატუსი. მოცემული პერიოდისთვის უმძიმესი ფინანსური ვითარების გამო არ არის ჩართული აქტიურ სამეწარმეო საქმიანობაში, არის უკიდურესად რთულ ფინანსურ მდგომარეობაში და მიღებული სესხების, ახლობლების დახმარებით და სხვა მინიმალური სახსრების საშუალებით გააქვს თავი.
• საჩივარზე თანდართულია წერილობითი ცნობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ------- სერვისცენტრიდან (-------),სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციის შესახებ-17.03.2026წ. ცნობიდან ჩანს რომ 2026 წლის 17 მარტის (და ამჟამინდელი მდგომარეობითაც) მდგომარეობით რეგისტრირებულია ამ ბაზაში და ეს ინფორმაცია ასახულია შემოსავლების სამსახურის შესაბამის ვებ. გვერდზე- (rs.ge) „არ-ეს-ჯის“ პორტალზეც. სოციალურად დაუცველის სტატუსი უკიდურესად ართულებს მის მდგომარეობასაც, ვინაიდან მისი, როგორც სანდო და საიმედო ბიზნეს სუბიექტის რეპუტაცია სრულებით არის განულებული.
• საჩივარზე თანდართულია სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის ------- საქალაქო ცენტრის გადაწყვეტილებები - 13/06/2023წ. 18/07/2023წ. საიდანაც ჩანს, რომ დანიშნულია მისი არასრულწლოვანი დის შვილის (დაბადებული -------) ------- (პ/ნ -------) მზრუნველად. იმის გამო, რომ მისი და, ------- (პ/ნ -------) მის არასრულწლოვან შვილს ------- არ დარჩა არც ერთი ახლო ნათესავი მის გარდა, სააგენტოს გადაწყვეტილებით გახდა მისი მზრუნველი. და, რომელიც გარდაცვალებამდე რამოდენიმე წლით ადრე დაავადდა უმძიმესი სენით (სიმსივნე), დაახლოებით 4 წლის განმავლობაში იყო შრომისუუნარო, მარტოხელა დედა, როგორც მის ერთადერთ უახლოეს ნათესავს უწევდა მისი მკურნალობის ხარჯების თანხების გაღება, საკმაოდ ძვირი ღირდა შესაბამისი პროცედურები და მედიკამენტები, რომლის ფინანსური სახსრებიც გარდაცვლილ დას არ გააჩნდა. ამ ხარჯებს წევდა წლების მანძილზე. ჯანმრთელობის პრობლემებთან გამკლავებამ მთელი რესურსები წაიღო, თუმცა დას ვერაფრით უშველა და ის 2023 წლის 26 მარტს გარდაიცვალა.
• როგორც ინდივიდუალური მეწარმის ურთულესი პერიოდი სწორედ მის გარშემო განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა განაპირობა (სწორედ ეს უმძიმესი წლებია შესწავლილი აუდიტის დეპარტამენტის მიერ-2023-2026), მაღაზიის ფუნქციონირებასთან ერთად, მომიწია ურთულეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი დისშვილის სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, იმჟამად 11 წლის ბავშვმა დაკარგა ერთადერთი მზრუნველი დედა. რთული ვითარების და მძიმე ფინანსური დარტყმების ფონზე შეძლეს ფიზიკური გადარჩენა, თუმცა ფინანსურად უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა. არსებული ფინანსური პრობლემების გამო მოუწია კერძო პირებიდან და ბანკიდან სესხის აღება. გაყიდა ყველაფერი თუ კი რამე გამაჩნდა, არის ყოველგვარი ფინანსური სახსრების გარეშე დარჩენილი.
• საჩივარზე თანდართული აქვს სს „------- ბანკის“ ცნობა დავალიანების შესახებ, 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ბანკის წინაშე სასესხო დავალიანების ჯამური ოდენობა შეადგენს 167 326.54 ლარს. ნაცნობებისგან აღებული ვალებით და დახმარებებით ამ დრომდე შეჰქონდა სესხი, რათა სრულად არ მომხდარიყო აქტივების გაყინვა და ახალი პრობლემების წინაშე აღმოჩენა. თუმცა, როგორც შემოსავლების სამსახურის დოკუმენტებით ირკვევა აქვს ინკასო დადებული და ასევე საგადასახადო იპოთეკა, რაც სრულებით ანადგურებს მის ფინანსურ მდგომარეობას და უდიდესი რისკების ქვეშ აყენებს მას და მის ობოლ დისშვილს, რომელსაც მისი მეტი არავინ არ ჰყავს.
• საჩივარზე თანდართულია წერილობითო დოკუმენტები (განცხადება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და ამავე სააგენტოს ცნობა), რომლიდანაც ჩანს, რომ არანაირი უძრავი ქონება არ ერიცხება და არ გააჩნია საკუთრებაში, რაც გამორიცხავს იმას, რომ რაიმე სახის ახალი სასესხო ვალდებულება აიღო ან/და მიმართოს შემოსავლების სამსახურს, უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაუნაწილოს ბიუჯეტში გადასახდელი თანხა. ასევე არ არსებობს იმის საშუალებაც, რომ რიცხული ქონებიდან იძულებითი აღსრულების გზით დაფარულ იქნას საბიუჯეტო დავალიანება. ამგვარი მოცემულობით არის ფიზიკური განადგურების ზღვარზე, თუმცა პასუხისმგებლობას მზრუნველობის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი ბავშვიც იზიარებს და არც კი იცის, როგორი იქნება მისი მომავალი.
• მიღებული ერთობლივი შემოსავლები შეესაბამებოდა მცირე ბიზნეს სტატუსის მქონე მეწარმისთვის დადგენილ ზედა ზღვარს და როგორც დოკუმენტებიდანაც ჩანს არ მიუღია იმგვარი მოგება, რომ ამ მოცულობის გადასახადები გადაეხადა. უფრო სწორად კი სანქციის სახით დაკისრებოდა. ამგვარი სანქცია განადგურების ტოლფასია, და ეს მხოლოდ ფინანსური განადგურება არ იქნება, საბოლოოდ განწირული იქნება ფიზიკური განადგურებისთვის, ვინაიდან ვერანაირად ვერ შეძლებს ამხელა ფინანსური ვალდებულებების შესრულებას. ამის არანაირი რესურსი და პერსპექტივა არ გააჩნია.
შემოსავლების სამსახურის პორტალზე „rs.ge“ ჩემი(ანუ ინდივიდუალური მეწარმე -------) ფინანსური - მონაცემები წლების მიხედვით ამგვარი სახით არის აღრიცხული:
წლების მიხედვით მიღებული საქონელი
1. 2023 წლის 01.01 დან 31.12-მდე მიღებული საქონელი - 211 413.04 ლარი
2. 2024 წლის 01.01 დან 31.12-მდე მიღებული საქონელი - 225 497.03 ლარი
3. 2025 წლის 01.01 დან 31.12-მდე მიღებული საქონელი - 159 106.81 ლარი
4. 2026 წლის 01.01 დან 01.03-მდე მიღებული საქონელი - 262.32 ლარი
ჯამი = 596.279.2 ლარი
სალარო აპარატის ფისკალური მაჩვენებელი
1. 2023 წლის 01.01 დან 31.12-მდე - 207 586.21 ლარი
2. 2024 წლის 01.01 დან 31.12-მდე - 285 487.33 ლარი
3. 2025 წლის 01.01 დან 31.12-მდე - 114 348.84 ლარი
4. 2026 წლის 01.01 დან 01.03-მდე 0 ჯამი= 607 422.38 ლარი
დარიცხული და გადახდილი გადასახადები წლების მიხედვით
1. 2023 - წელს - დარიცხული და გადახდილი - 2021.09 ლარი
2. 2024 - წელს - დარიცხული და გადახდილი - 4997.79 ლარი
3. 2025 - წელს - დარიცხული და გადახდილი - 5125.44 ლარი
4. 2026 - წელს - დარიცხული და გადახდილი - 0.00 ლარი
ჯამი= 12 144.32 ლარი
შემოსავლების სამსახურის პორტალზე არსებული მონაცემების მიხედვით მოცემულობა ასეთია, სალარო აპარატის ფისკალური მაჩვენებელი 2023 წლის 9 ივლისს იყო 98 858.95, ხოლო 2023 წლის 10 ივლისს 100 131.10 ლარი. სწორედ ამ რიცხვებს შორის პერიოდში მიაღწია მეწარმის ფინანსურმა მაჩვენებელმა 100 000 ლარიან ზღვარს.
რეგისტრაციის ვალდებულების მომენტი - საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ ოპერაციის განხორციელების მომენტიდან, რომლითაც ბრუნვამ 100,000 ლარს გადააჭარბა.
• მეწარმის პორტალზე არსებული მონაცემების მიხედვით - ბრუნვის დადგენილი ზღვარის გადაჭარბების თარიღი: 2023 წლის 10 ივლისი.
• სამართლიანი მიდგომის მიხედვით, დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდება შემდეგნაირად: მთლიან ფისკალურ მაჩვენებელს (607,422.38 ლარი) გამოკლებული 2023 წლის 10 ივლისამდე არსებული ბრუნვა (98,858.95 ლარი).
• დღგ-ის განაკვეთით დასაბეგრი ჯამური ბრუნვა შეადგენს: 508,563.43 ლარს.
ზემოაღნიშნულ რეალურ ციფრებზე დაყრდნობით გადასახადებისა და სანქციების გაანგარიშება უნდა მომხდარიყო შემდეგნაირად:
კომპონენტი გაანგარიშების წესი თანხა (ლარი) დარიცხული დღგ 508,563.43/1.18 * 0.18
77,577.47 ჩასათვლელი დღგ გადასახადის გადამხდელის პორტალზე არსებული მონაცემების თანახმად, 71,129.66 გადასახდელი ძირითადი დღგ სხვაობა დარიცხულსა და ჩათვლილს შორის
6,447.81 ჯარიმა (5%) დასაბეგრი ბრუნვის (508,563.43) 5% 25,428.17 საურავი (0.05%) 6,447.81 ლარზე (დაახლოებით 645 დღე*) 2,080 ჯამური დარიცხვა ძირი + ჯარიმა + საურავი 33,955.98 საურავი უნდა დაითვალოს მიახლოებით 2023 წლის აგვისტოდან (პირველი დეკლარაციის ვადიდან).
საბოლოო ანგარიშსწორება ბიუჯეტთან რეალურად არსებული ციფრების და სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით უნდა გამოიყურებოდეს შემდეგნაირად:
გადახდილი საშემოსავლო გადასახადი (12,144.32 ლარი) სრულად უნდა იქნეს გამოყენებული ზემოაღნიშნული დავალიანების დასაფარად. რის შემდგომაც სახეზე გვაქვს შემდეგი მოცემულობა - ჯამური ვალდებულება: 33,955.98 ლარი უკვე გადახდილი: 12,144.32 ლარი, ბიუჯეტში გადასახდელი ნაშთი: 21,811.66 ლარი.
როგორც კანონმდებლობა ითვალისწინებს, საგადასახადო დავალიანების 75%-ს შეადგენს ჯარიმა (25,428 ლარი), ვინაიდან დაუდევრობის (უცოდინრობის და არაკვალიფიციურობის) გადაცილებული აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვის ვადა, მაგრამ ისიც მნიშვნელოვანია, რომ კეთილსინდისიერად იხდიდა საშემოსავლო გადასახადს.
დარიცხვა არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან საგადასახადო ორგანომ არ გაითვალისწინა მის მიერ გაწეული ხარჯი და ჩასათვლელი დღგ-ს თანხა 71,129.66 ლარის ოდენობით. მეწარმის მიერ შემოწმების პერიოდში მიღებულია 596,279.2 ლარის საქონელი, რაც დადასტურებულია შესაბამისი პირველადი დოკუმენტაციით. აღნიშნული ჩათვლების გათვალისწინების შემთხვევაში, ბიუჯეტში გადასახდელი ძირითადი თანხა შეადგენს მხოლოდ 6,447.81 ლარს. აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს ამ ფაქტობრივ გარემოებაზე, რათა ჩემს მიმართ სამართლიანი მიდგომის ფარგლებში მოხდეს გადასახადების ჩათვლა და კუთვნილი გადასახადების დარიცხვა.
იმედი მაქვს სამართლიანი მიდგომის და საჩივრის ობიექტურად განხილვის პირობებში, დაკმაყოფილდება წარმოდგენილი საჩივრის მოთხოვნები და გაუქმდება ის არაობიექტური გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოტანილი იქნა და რომლითაც ასტრონომიული რაოდენობის ფინანსური სანქცია განესაზღვრა. იმედი აქვს საჩივრის განმხილველი ორგანო სრულად გაითვალისწინებს ყველა ფაქტობრივ, სამართლებრივ და ეკონომიკურ გარემოებას, მხედველობაში მიიღებს კეთილსინდისიერებას, სოციალურ სტატუსს და არსებულ მდგომარეობას და დააკმაყოფილებს ჩემს მიერ საჩივარს.“ - ამონარიდის დასასრული.
მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ კანონით დადგენილი წესით, (საჩივრის წარდგენის გზით) წარდგენილი იქნა შესაბამისი ეკონომიკური და სამართლებრივი დასაბუთება, ასევე საჩივარზე თანდართული ჰქონდა და აქვს წერილობითი მტკიცებულებები, საიდანაც გამომდინარეობს საჩივარში მოყვანილი ყველა გარემოება. შემოსავლების სამსახურმა სრულიად უგულებელყო საჩივარში დაყენებული მოთხოვნები. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საგადასახადო დავალიანების მქონე მეწარმესთან არც ერთი ფინანსური ინსტიტუტი არ თანამშრომლობს და სრულებით უშანსოდ არის დატოვებული, რათა მოახდინოს იმ ფინანსური რესურსების მობილიზება, რომლითაც შეასრულებს საგადასახადო ვალდებულებას. ეს ვალდებულება კი იმდენად მოცულობითია, რომ ვერანაირი ლოგიკური მოქმედების დაკავშირებას ვერ ახერხებს, ვერ პოულობს ვერანაირ გზას, რათა ამ მოცულობის ფინანსურ ვალდებულებას გაუმკლავდეს.
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 13 მაისის ბრძანება არის უკანონო, ის არ არის დასაბუთებული და ვერ პასუხობს საჩივარში მოყვანილ მთელ რიგ ფაქტობრივ გარემოებებს. პრაქტიკულად, საჩივრის განმხილველმა ორგანომ, არც კი გაანალიზა ის მოცემულობა, რომელსაც გადამწყვეტი კავშირი აქვს მეწარმის ფინანსურ, მორალურ და ფიზიკურ განადგურებასთან, როგორც ზემოთაც აღნიშნა, საჩივრის განმხილველმა ორგანომ სრულებით დააიგნორა ის მოცემულობა, რომელშიც მიწევდა და ამჟამად მიწევს ცხოვრება. ის ფაქტი, რომ მე არ ვარ არც იურიდიული პირის (შპს და სხვა) დამფუძნებელი, რომელსაც რაიმე აქტივები ექნებოდა, ასევე არ გამაჩნია რაიმე სახის უძრავი და მოძრავი აქტივი, პრაქტიკულად სრული განადგურებისთვის ვარ განწირული. იმის გამო, რომ ვერც სესხს აიღებს და ვერც უძრავი ქონებით ვერ უზრუნველყოფს ფინანსური ვალდებულების განაწილვადებას, ამგვარ ფაქტობრივ მდგომარეობას საბოლოო ლიკვიდაციის პირობამდე მიყავს. ერთადერთი ხსნა არის დავის განმხილველი ორგანოს სწორი სამართლებრივი და ადამიანური მიდგომა, რომლის საფუძველზეც სრულად, ობიექტურად და ჰუმანურობის პრინციპების დაცვით იქნება განხილული საჩივარი და მასში დაყენებული მოთხოვნები. ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს უმორჩილესად თხოვს, რათა გულისყურით, ობიექტურად და სამართლიანად შეისწავლოს საჩივარი და მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება, რათა სწორი სამართლებრივი მიდგომით, შეძლოს ფეხზე დადგომა და ადეკვატური ვალდებულებების შესრულება. როგორც 21 აპრილს წარდგენილ საჩივარშიც აქვს დეტალურად აღწერილი, მოცემული დროისთვის, სრულიად გაკოტრებული და გაღატაკებული ვარ, ამგვარ პირობებში კი როგორ უნდა მოახერხოს საურავების და ჯარიმების ფონზე მზარდი საგადასახადო ვალდებულების შესრულება? როგორ უნდა დაუბრუნდეს იმ სტატუსს, როდესაც კეთილსინდისიერი მეწარმის ავტორიტეტს დაიბრუნებს და საბანკო დაწესებულებიდან აიღებს სასესხო ვალდებულებას, რათა სახელმწიფოს წინაშე არსებული რეალური საგადასახადო დავალიანება გადაიხადოს. გაეცნო რა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დავალიანებებთან დაკავშირებულ ჰუმანური მიდგომების პრაქტიკას, იმედი აქვს, მიღებული იქნება მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას, რათა გადაარჩინოს როგორც მორალურად ისე მატერიალურად, რომ შეძლოს მომავალი ცხოვრების გაგრძელება და მის მეურვეობაში მყოფი, არასრულწლოვანი დისშვილის (რომელიც დაობლდა და შვილობილია დღეს) რჩენა და სათანადო პირობებით უზრუნველყოფა.
შემოსავლების სამსახური არაობიექტურად და ტენდენციურად მიუდგა საჩივარს, მასში დაყენებულ მოთხოვნებს და ფაქტობრივ გარემოებებს, საერთოდ არ განუხილია ის არსებითი გარემოებები, რომელთაც შეეძლოს ზეგავლენა მოეხდინათ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მისი აზრით არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი და ამ მოცულობის თანხა სრულებით უკანონოდ ერიცხება. იმედი აქვს დავების განხილვის საბჭო გულისხმიერად მოეკიდება საჩივარს, სწორად, ობიექტურად, ჰუმანურად და კანონიერად განიხილავს არსებულ მოცემულობას და დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც წინამდებარე საჩივარში აქვს წარმოდგენილი. ითხოვს, საფუძვლიანად და გულმოდგინედ საჩივრის შესწავლას, ვინაიდან მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზეა და ამ მოცემულობის გათვალისწინებით მორალურად და ეკონომიურად საბოლოოდ გაანადგურებს.
2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში არსებულ სმფ-ების ნაშთზე ჩათვლების მიღების უფლება
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში მეწარმეს მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებიც არ აქვს დეკლარაციაზე მიბმული და შესაბამისად არ აქვს მიღებული ჩათვლა. შესაბამისად, შემოწმებისას, საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული გადასახადი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 72-ე მუხლის პირველი პუნქტით, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს მიღებული ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც არ იყო დეკლარაციაზე მიბმული და შესაბამისად, პირს არ ჰქონდა ჩათვლები მიღებული. შემოწმების მიერ კი აღნიშნული თანხებით შემცირდა გადასახადი.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში არსებულ სმფ-ების ნაშთზე ჩათვლების მიღების მოთხოვნასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა ბუღალტრული აღრიცხვა და არც თავად მიუწოდებია ინფორმაცია შემოწმებისთვის ნაშთის არსებობის თაობაზე. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების მიერ ჩათვლა ვერ განხორციელდა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ამ საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი ჯდება კანონით განსაზღვრულ პარამეტრებში და მისი საგადასახადო განაკვეთის ფარგლებში გადახდილი მაქვს შესაბამისი გადასახადები. არაპროფესიონალისთვის ამ მუხლის დანაწესი ერთგვარ წინააღმდეგობაში მოდის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელის სტატუსის წარმოშობის საკანონმდებლო დანაწესთან და ერთგვარად თითქოს ამ დანაწესის საწინააღმდეგოდ განსაზღრავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმისთვის გადასახადის გადახდის ზოგად პრინციპს. მეტი სიცხადისთვის ალბათ კანონმდებელს უნდა ჩაედო იმგვარი მითითება, სადაც განსაზღვრული იქნებოდა სხვა გადასახადების დარეგულირების ზოგადი წესის შესახებ შესაბამისი განსაზღვრება, რომლითაც მოხდებოდა ერთგვარი ბუნდოვანების აღმოფხვრა.
მართალია კოდექსის 92-ე მუხლში განმარტებულია დამატებული ღირებულების გადამხდელად რეგისტრაციის წესი, თუმცა თითქოს ეს მუხლი ერთგვარად განყენებულად არის წარმოდგენილი კოდექსში და იწვევს ერთგვარ დაბნეულობას. ამასთანავე, ეს მუხლი განმარტავს, რომ იმ პერიოდისთვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის პირობებში(იმ პერიოდისთვის, როდესაც შესაბამისი დასაბეგრი ოპერაცია განხორციელდება) მეწარმეს ეძლევა დღგ-ს ჩათვლის უფლება.
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 27.03.2026 წლის №007-67 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა 33 104 ლარი და საურავი - 15 349.62 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 ნაწილებით, 291-ე მუხლის მიხედვით, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით ნათლად აყალიბებს სამართალდარღვევის და მისთვის დაწესებული პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების საფუძვლებს. მისი, როგორც მეწარმის მოქმედებები, გამომდინარეობს კეთილსინდისიერებიდან და სრულებით გამორიცხავს მისი მხრიდან კანონის დარღვევის განზრახ ჩადენას.
4. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობა
ფაქტების აღწერა
1.04.2026 წლის მდგომარეობით რიცხული აუღიარებელი საგადასახადო დავალიანების (98 990.92 ლარი) გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნის მთელ ქონებაზე 2026 წლის 31 მარტის №001-10949 შეტყობინების შესაბამისად, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით და 239-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელს 1.04.2026 წლის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 29 ნოემბრის №007-40095 შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღნიშნული დავის საგნის ნაწილში არგუმენტებს არ წარმოადგენს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომლითაც სადავოდ ხდის საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს. შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების სათანადო შესწავლა/გამოკვლევა არ მომხდარა, ამრიგად, შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია მომჩივნის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე, რომლის თანახმად, სადავოდ ხდის ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად, შემოწმების შედეგებს და მოითხოვს გადაანგარიშება მოხდეს რეალური გაანგარიშების საფუძველზე.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭოს განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა, შესაბამისად, მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.05.2026 წლის №10559 ბრძანება;
3. საჩივარი, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა;
2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში არსებულ სმფ-ების ნაშთზე ჩათვლების მიღება;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება;
4. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოწმების პროცესში მეწარმის მიერ წარდგენილი საბანკო ცნობების, ამონაწერების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ 2023 წლის 27 მაისს მომჩივნის შემოსავალმა გადააჭარბა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის 100 000 ლარიან ზღვარს. აღნიშნული თარიღიდან განხორციელებული ბრუნვები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
2. შესამოწმებელ პერიოდში მეწარმეს მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებიც არ აქვს დეკლარაციაზე მიბმული და შესაბამისად არ აქვს მიღებული ჩათვლა. შესაბამისად, შემოწმებისას, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული გადასახადი.
გადაწყვეტილება
საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა, შესაბამისად, მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163; 164; 175; 165; 239; 269(7)