ბრძანება N 3948
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3948
20 თებერვალი 2026
ბრძანება
ი/მ "-------" (ს/ნ "-------")
(მის.: "-------")
2026 წლის 23 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 12 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") 2026 წლის 23 იანვრის №100304/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 დეკემბრის №031-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დღგ-ში განსაზღვრულ ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ამოღებულ იქნა ჩათვლილი დღგ-ის თანხები, იმ საფუძვლით, რომ არ იყო რელევანტური ეკონომიკური საქმიანობისთვის და ასევე მოხდა დღგ-ის დარიცხვა, რომელიც აუდიტის დეპარტამენტის პოზიციით იყო გამორჩენილი. შემოწმების მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მოხდა დღგ-ში თანხების არასწორად დარიცხვა. აცხადებს, რომ მისი მონაცემებით დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში თანხები გამორჩენილი არ არის და ჩათვლებიც განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განხორციელებულ დარიცხვას და განმარტავს, რომ თანხები დაერიცხა იმ საფუძვლით, რომ მის მიერ ხელფასის სახით დაბეგრილი განაცემი იყო მცირე ოდენობის, ვიდრე ხსენებული თანხები იბეგრებოდა მის დამკვეთ კონტრაქტორთან - შპს „------- -ში“. შპს „-------“ იღებს მონაწილეობას სახელმწიფო ტენდერებში, რომელიც ეხება ქ, თბილისის ტერიტორიაზე ხეების გასხვლა-ფორმირების, გადაბელვის, მოჭრის, დამუშავების და გატანის, აგრეთვე სტიქიური მოვლენების შედეგად წაქცეული ხეების და გამხმარი ხეების დაჭრის, დამუშავების და გატანის მომსახურებას. მომჩივანი წარმოადგენს მის ქვეკონტრაქტორს, რომელიც სარგებლობს მცირე ბიზნესის სტატუსით. აუდიტის დეპარტამენტის პოზიციით, შპს „------- - ის“ მიერ გაცემული ხელფასი შეადგენს მისი შემოსავლის 44%-ს, ხოლო, მომჩივანის სახელფასო ხარჯი 8%-ს შემოსავალთან მიმართებით. შპს „------- - ის” მიერ შესრულებული ტენდერები (მაგალითად, ------- ტენდერის დოკუმენტაცია, რომელიც საჯაროა ელექტრონული შესყიდვების პლატფორმაზე) ადასტურებს, რომ მომჩივანის მიერ გაწეული სახელფასო ხარჯი არარეალურად მცირე არ არის. შესაბამისად, აცხადებს, რომ სახელფასო განაცემად დასაბეგრ ბაზაში არ უნდა მოხვედრილიყო შპს „------- - ის” დირექტორზე გაცემული ხელფასის ოდენობის თანხები.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს. განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არასწორად იქნა მიყენებული მცირე ბიზნესის შემოსავალი ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გამოანგარიშების მიზნებისთვის, რამაც გამოიწვია ქონების გადასახადის არასწორი დარიცხვა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი და ასევე აცხადებს, რომ ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის ღირებულება არის არარეალურად მაღალი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 ნოემბრის №25964 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 23 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 24 დეკემბრის №28295 ბრძანება და ამავე თარიღის №031-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 169 980 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 88 515 ლარი, ჯარიმა 43 738 ლარი და საურავი 37 727 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2002 წლის 8 აგვისტოდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2022 წლის 19 ივლისიდან. 2022 წლის პირველი აპრილიდან იგი სარგებლობს მცირე ბიზნესის სტატუსით. გადამხდელის საქმიანობის სფეროა სხვადასხვა ტერიტორიაზე ხეების გასხვლა-ფორმირების, გადაბელვის, მოჭრის, დამუშავების და გატანის, აგრეთვე სტიქიური მოვლენების შედეგად წაქცეული ხეების და გამხმარი ხეების დაჭრის, დამუშავების და გატანის მომსახურება. გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში მომსახურებას უწევს მხოლოდ შპს „------ - ს“, რომელიც თავის მხრივ მონაწილეობს ტენდერებში. გადამხდელი წარმოადგენს აღნიშნული შპს-ს ქვეკონტრაქტორს. შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 991 740 ლარს. გადამხდელმა შემოწმების პროცეში წარმოადგინა დამკვეთთან დადებული ხელშეკრულებები, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებით. ასევე, მის მიერ წარმოდგენილია საბანკო ამონაწერები. ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ გადააჭარბა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს.
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება სხვადასხვა საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებული ანგარიშ-ფაქტურების მიღება. აღნიშნულის საფუძველზე, დეკლარირებული აქვს დღგ-ის ჩასათვლელი თანხები. შემოწმების მიერ მოხდა შესწავლა თუ რამდენად იყო დაკავშირებული აღნიშნული შეძენილი საქონელი/მომსახურება ეკონომიკურ საქმიანობასთან. ვინაიდან, გადამხდელს უფიქსირდება ისეთი საქონლის შეძენაც, რომელიც წარმოადგენს მის პირად საჭიროებებს (კერამიკული ფილა, გათბობის ქვაბი, საშხაპე, ლამინირებული იატაკი და სხვ.), შემოწმებით შემცირებულ იქნა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.
შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე, 176-ე, 158-ე, 159-ე მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის მიხედვით.
2. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში სარგებლობს მცირე ბიზნესის სტატუსით, რომლის ფარგლებში დეკლარირებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 1 073 924 ლარს. ასევე, გადამხდელს დეკლარირებული აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც შეადგენს 86 869 ლარს. გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში მომსახურებას უწევს მხოლოდ შპს „------ - ს“, რომელიც თავის მხრივ მონაწილეობს ტენდერებში. გადამხდელი წარმოადგენს აღნიშნული შპს-ს ქვეკონტრაქტორს. აღსანიშნავია, რომ შპს ,,-------“ ქვეკონტრაქტორებისგან დამოუკიდებლად, ტენდერის ფარგლებში თავადაც ასრულებს მომსახურებებს, რისთვისაც გაწეული (დეკლარირებული) აქვს ხელფასის ხარჯი. აღნიშნულ ნაწილში საწარმოს მიერ გაცემული ხელფასი შეადგენს შემოსავლის 44%-ს. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე მცირე მეწარმის საქმიანობა და დადგინდა, რომ მეწარმის მიერ გაწეულია 1 098 253 ლარის მომსახურება დღგ-ის გარეშე. ხოლო, მის მიერ გადახდის წყაროსთან დაკავებული თანხა დეკლარირებულია 86 869 ლარი. იქიდან გამომდინარე, რომ შპს-ს და ი/მ-ს საქმიანობა ცალსახად იდენტურია, შპს „-------“-სგან განსხვავებით, რომელიც წარმოადგენს მომჩივანი ერთადერთ დამკვეთს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მთლიანი შემოსავლის მხოლოდ 8%-ს შეადგენს ხელფასის ხარჯი. შემოწმებით განისაზღვრა მეწარმის მიერ გაცემული ხელფასის ოდენობა, იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს (შპს „-------“) მაგალითზე. აღნიშნულის საფუძველზე, გაანგარიშებული გადახდის წყაროსთან დასაკავებელი შემოსავალი აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
3.მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში საკუთრებაში აქვს მოძრავი დასაბეგრი ქონება. ვინაიდან, გადამხდელი რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირად, აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავლის 25% შედის ქონების გადასახადის გამოანგარიშების მიზნისათვის განსასაზღვრ შემოსავალში, რაც მოცემულ შემთხვევაში ყოველი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის აჭარბებს დადგენილ ზღვარს. აღნიშულიდან გამომდინარე, გადამხდელი ვალდებული იყო მოეხდინა ქონების გადასახადის დეკლარირება, რაც გადასახადის გადამხდელის მიერ არ მომხდარა. მეწარმის მიერ, შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით, დასაბეგრი ქონების ღირებულება დეკლარირებული აქვს 0 (ნული) ლარი. შემოწმებით შესწავლილ იქნა პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. გადამხდელს 2022 და 2023 წლების მონაცემებით რეგისტრირებული აქვს მსუბუქი ავტომობილი.
შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 205-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
ამავე კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში მომსახურებას უწევს მხოლოდ შპს „------- ს“, რომელიც თავის მხრივ მონაწილეობს ტენდერებში. გადამხდელი წარმოადგენს აღნიშნული შპს-ს ქვეკონტრაქტორს. შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 991 740 ლარს. გადამხდელმა შემოწმების პროცეში წარადგინა დამკვეთთან დადებული ხელშეკრულებები შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებით. ასევე, მის მიერ წარდგენილია საბანკო ამონაწერები. ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ გადააჭარბა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება სხვადასხვა საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებული ანგარიშ-ფაქტურების მიღება. აღნიშნულის საფუძველზე, დეკლარირებული აქვს დღგ-ის ჩასათვლელი თანხები. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა აღნიშნული შეძენილი საქონელი/მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი. ვინაიდან, გადამხდელს უფიქსირდება ისეთი საქონლის შეძენაც, რომელიც წარმოადგენს მის პირად საჭიროებებს (კერამიკული ფილა, გათბობის ქვაბი, საშხაპე, ლამინირებული იატაკი და სხვ.), შემოწმებით შემცირებულ იქნა ჩათვლილი დღგ-ის თანხა. ყოველივე ზემოაღნიშნულმა კი გამოიწვია გადასახადის გადამხდელის ვალდებულებების განსაზღვრა დღგ-ში.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესი, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 94-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ვალდებულია ხელფასის გაცემისა და მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვალდებულების არსებობისას) გადახდის წყაროსთან დააკავოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში სარგებლობს მცირე ბიზნესის დაბეგვრის სპეციალური რეჟიმით, რომლის ფარგლებში დეკლარირებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 1 073 924 ლარს. ასევე, გადამხდელს დეკლარირებული აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც შეადგენს 86 869 ლარს. გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში მომსახურებას უწევს მხოლოდ შპს „------ - ს“, წარმოადგენს ქვეკონტრაქტორს, რომელიც თავის მხრივ მონაწილეობს ტენდერებში. აღსანიშნავია, რომ შპს „-------“ ქვეკონტრაქტორებისგან დამოუკიდებლად, ტენდერის ფარგლებში თავადაც ასრულებს მომსახურებებს, რისთვისაც გაწეული (დეკლარირებული) აქვს ხელფასის ხარჯი. აღნიშნულ ნაწილში საწარმოს მიერ გაცემული ხელფასი შეადგენს შემოსავლის 44%-ს. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე მცირე მეწარმის საქმიანობა და დადგინდა, რომ მეწარმის მიერ გაწეულია 1 098 253 ლარის მომსახურება დღგ-ის გარეშე, ხოლო მის მიერ გადახდის წყაროსთან დაბეგრილ განაცემად დეკლარირებულია 86 869 ლარი. ვინაიდან, შპს-ს და ი/მ-ს საქმიანობა ცალსახად იდენტურია, შპს„-------“-სგან განსხვავებით, რომელიც წარმოადგენს მომჩივანის ერთადერთ დამკვეთს, მცირე მეწარმის მთლიანი შემოსავლის მხოლოდ 8%-ს შეადგენს ხელფასის ხარჯი. შემოწმებით განისაზღვრა მეწარმის მიერ გაცემული ხელფასის ოდენობა, იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს (შპს „-------“) მაგალითზე. აღნიშნულის საფუძველზე გაანგარიშებული გადახდის წყაროსთან დასაკავებელი შემოსავალი, რომელიც აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს.
ვინაიდან პირის მიერ გაცემული ხელფასის ოდენობა იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ გაცემულ ხელფასებთან შედარებით იყო მცირე ოდენობის, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით პირის მიერ მიღებული შემოსავლის 44%-ის ოდენობის თანხის გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე),შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
ხოლო, მე-6 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის, ამ მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ:
დ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის:
დ.ა) სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 პროცენტი;
დ.ბ) დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. ამავე მუხლის მე-12 და მე-14 ნაწილების მიხედვით, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში საკუთრებაში აქვს მოძრავი დასაბეგრი ქონება. ვინაიდან, გადამხდელი რეგისტრირებულია ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირად, აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავლის 25% შედის ქონების გადასახადის გამოანგარიშების მიზნისათვის განსასაზღვრ შემოსავალში, რაც მოცემულ შემთხვევაში ყოველი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის აჭარბებს დადგენილ ზღვარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ვალდებული იყო მოეხდინა ქონების გადასახადის დეკლალირება, რაც გადასახადის გადამხდელის მიერ არ მომხდარა. ამასთან, პირს საკუთრებაში აქვს ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ "-------" (ს/ნ "-------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დღგ-ში განსაზღვრულ ვალდებულებებს.
2.გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განხორციელებულ დარიცხვას.
3. გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
1. მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2002 წლის 8 აგვისტოდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2022 წლის 19 ივლისიდან. 2022 წლის პირველი აპრილიდან იგი სარგებლობს მცირე ბიზნესის სტატუსით.
გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში მომსახურებას უწევს მხოლოდ საწარმოს,რომელიც თავის მხრივ მონაწილეობს ტენდერებში. გადამხდელი წარმოადგენს აღნიშნული შპს-ს ქვეკონტრაქტორს.შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ გადააჭარბა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს.შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება სხვადასხვა საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებული ანგარიშ-ფაქტურების მიღება. შემოწმების მიერ მოხდა შესწავლა თუ რამდენად იყო დაკავშირებული შეძენილი საქონელი/მომსახურება ეკონომიკურ საქმიანობასთან.ვინაიდან, გადამხდელს უფიქსირდება ისეთი საქონლის შეძენაც, რომელიც წარმოადგენს მის პირად საჭიროებებს შემოწმებით შემცირებულ იქნა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები. შედეგად, სსკ-ის 174-ე, 175-ე, 176-ე, 158-ე, 159-ე მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
2. გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში სარგებლობს მცირე ბიზნესის სტატუსით. ასევე,შესამოწმებელ პერიოდში მომსახურებას უწევს მხოლოდ საწარმოს რომელიც თავის მხრივ მონაწილეობს ტენდერებში. გადამხდელი წარმოადგენს აღნიშნული შპს-ს ქვეკონტრაქტორს. აღსანიშნავია, რომ საწარმს ქვეკონტრაქტორებისგან დამოუკიდებლად, ტენდერის ფარგლებში თავადაც ასრულებს მომსახურებებს, რისთვისაც გაწეული აქვს ხელფასის ხარჯი.დადგინდა, რომ მეწარმის მიერ გაწეულია 1 098 253 ლარის მომსახურება დღგ-ის გარეშე. ხოლო, მის მიერ გადახდის წყაროსთან დაკავებული თანხა დეკლარირებულია 86 869 ლარი. იქიდან გამომდინარე, რომ შპს-ს და ი/მ-ს საქმიანობა ცალსახად იდენტურია, საწარმოსგან განსხვავებით, რომელიც წარმოადგენს მომჩივანის ერთადერთ დამკვეთს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მთლიანი შემოსავლის მხოლოდ 8%-ს შეადგენს ხელფასის ხარჯი.გაანგარიშებული გადახდის წყაროსთან დასაკავებელი შემოსავალი აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. შესაბამისად, სსკ-ის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, გადამხელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
3.მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში საკუთრებაში აქვს მოძრავი დასაბეგრი ქონება. გადამხდელი ვალდებული იყო მოეხდინა ქონების გადასახადის დეკლარირება, რაც არ მომხდარა. შესაბამისად,სსკ-ის 201-ე და 205-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
173,174,175,101,154,201,205.