ბრძანება N 13523

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.06.2023
№ დოკუმენტი 13523
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 13523

14.06.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------------)

2023 წლის 26 და 31 იანვრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 მაისის სხდომაზე (ოქმი №57) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ --------) 2023 წლის 26 იანვრის №13197/21 და 31 იანვრის №16515/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №081-301 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადამხდელი არ ეთანხმება ბინების რეალიზაციის შედეგად შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ დარღვეულია ხანდაზმულობის ვადები. განმარტავს, რომ დეტალური ინფორმაციის უქონლობის გამო, რაც გულისხმობს რეალიზებულად აღიარებული ბინების ჩამონათვალის, მათი რეალიზაციად აღიარების ვადებსა და მათი ღირებულებების განსაზღვრის საფუძვლების არცოდნას, საშუალებას არ აძლევს წარმოადგინოს სამართლებლივი და ეკონომიკური მტკიცებულებები. აცხადებს, რომ სამშენებლო პროცესი დროში გაწელილ ეკონომიკურ საქმიანობის სახეს წარმოადგენს, ამდენად არსებითი მნიშვნელობა ენიჭება დეტალურ ინფორმაციას. აღნიშნავს, რომ დაიწყო სამართლებრივი დოკუმენტაციის მოძიება და მოძიებულ დოკუმენტაციას და გადამხდელის პოზიციას წარმოადგენს დამატებით.

2. გადამხდელი არ ეთანხმება სასტუმრო ნომრებად აღრიცხული 8 ფართის რეალიზაციის საფუძველზე შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ არ იზიარებს აუდიტორის შეფასებას საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის უქონლობის გამო. მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ფინანსური შედეგი. აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტს გაანგარიშება არ ახლავს, შესაბამისად მსჯელობა რთულია. აგრეთვე არ ეთანხმება ხელფასად მიღებული თანხის განსაზღვრის დროს გამოყენებულ შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანებას და სალაროს ნაშთის ხელფასად აღიარების დროს მის აგროსვას. აცხადებს, რომ სალაროს ნაშთის აგროსვა არასამართლიანია და ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს.

3. გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას. განმარტავს, რომ გაუგებარია აუდიტორების მიერ რომელი აპარტამენტები აღირიცხა ქონებაში, მაშინ როდესაც 8 აპარტამენტი რეალიზებულია, ხოლო დეტალური ინფორმაცია არ არსებობს. მიუთითებს, რომ არასწორადაა გაანგარიშებული ქონების (მიწის) გადასახადი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 მაისის №12643 და 17 ნოემბრის №28951 ბრძანებების საფუძველზე შპს „--------“ (ს/ნ --------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 15 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №32753 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №081-301 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 1 233 920 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 668 547 ლარი, ჯარიმა 287 995 ლარი და საურავი 277 378 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელს ქალაქ -------ში, --------- ქუჩაზე აშენებული აქვს მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ სახლებს, კომერციულ ფართებსა და სასტუმროს ნომრებს. კომპანიას აღნიშნული კორპუსი აშენებული აქვს ხანდაზმულ პერიოდში, თუმცა გარკვეული ბინების რეალიზაციას ახდენს შესამოწმებელ პერიოდში. გადამხდელის დეკლარაციების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პირს აღნიშული ფართები არ აქვს დაბეგრილი შესაბამისი პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებში. ამასთან ერთად, ბინების რეალიზაციიდან მიღებული თანხები არ აქვს ასახული სააღრიცხვო პროგრამაში. 2022 წლის 20 მაისს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ კომპანიაში ჩატარებულია სალაროს ინვენტარიზაცია, რომლის თანახმადაც, გადასახადის გადამხდელს სალაროში ნაღდი ფული არ გააჩნდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე და 164-ე მუხლების შესაბამიად, პირი ვალდებული იყო ზემოთ აღნიშნული ბინების რეალიზაცია დაებეგრა შესაბამისი პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადით. პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. ამასთან ერთად, რეალიზაციიდან მიღებული თანხები, რომელიც საწარმოდან გატანილია ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

2. გადასახადის გადამხდელთან 2022 წლის 28 ოქტომბრის №27249 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა დათვალიერება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ კომპანიას რეალიზებული აქვს სასტუმრო ნომრებად აღრიცხული 8 ფართი, რაც დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ დაწერილი ახსნაგანმარტებით. აღნიშნული ფართები პირს ასევე არ აქვს დაბეგრილი შესამოწმებელ პერიოდში. შესაბამისად, რეალიზებული ფართები შემოწმების მიერ დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან ერთად, რეალიზაციიდან მიღებული თანხები, რომელიც საწარმოდან გატანილია ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

3. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ფლობს დაუმთავრებელ შენობა-ნაგებობას და სასტუმროს ნომრებს, რომელიც არასრულად აქვს დაბეგრილი ქონების გადასახდით. ამასთან ერთად, პირს უფიქსირდება საკუთრებაში არსებული ბინები, რომლის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ფართობი არ აქვს სრულად დეკლარირებული ქონების გადასახადის დეკლარაციებში. მრავალბინიან სახლში გადასახადის გადამხდელს თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორიულად განისაზღვრა პირის კუთვნილი მიწის გადასახადი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე და 203-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმებით გადასახადის გადამხდელს ძირითად საშუალებებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე და მიწაზე დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილების თანახმად:

5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლი მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმება ჩატარდა 2018 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდზე, იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 2021 წელს დაზუსტებული ჰქონდა 2018 წლის დეკლარაციები. შესაბამისად, 2018 წლის საანგარიშო პერიოდი არ წარმოადგენდა ხანდაზმულ პერიოდს.

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმებამ იხელმძღვანელა საჯარო რეესტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით. კერძოდ, შემოწმების მიერ დაიბეგრა გადამხდელის მიერ საჯარო რეესტრის მონაცემებით შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული ბინები, რაზეც გადამხდელი ინფორმირებული იყო შემოწმების პროცესში.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს რეალიზებული აქვს ბინები, რომლებიც არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით. ასევე 2022 წლის 28 ოქტომბრის №27249 ბრძანების საფუძველზე გადამხდელთან ჩატარებული დათვალიერებით და ასევე გადამხდელის ახსნა-განმარტებით, დადგინდა, რომ კომპანიას რეალიზებული აქვს სასტუმრო ნომრებად აღრიცხული 8 ფართი, რომლებიც პირს ასევე არ აქვს დაბეგრილი შესამოწმებელ პერიოდში. აგრეთვე 2022 წლის 20 მაისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ კომპანიაში ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს სალაროში ნაღდი ფული არ გააჩნდა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმებით გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული ბინების, ასევე, სასტუმრო ნომრებად აღრიცხული 8 ფართის დღგ-ით დაბეგვრა და აღნიშნული ფართების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:

ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;

ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ფლობს დაუმთავრებელ შენობა-ნაგებობას და სასტუმროს ნომრებს, რომლებიც არასრულად აქვს დაბეგრილი ქონების გადასახდით. ამასთან, პირს უფიქსირდება საკუთრებაში არსებული ბინები, რომლის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ფართობი არ აქვს სრულად დეკლარირებული ქონების გადასახადის დეკლარაციებში.

გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ შენობაში კიდევ ფლობს გარკვეულ ფართებს, შესაბამისად აღნიშნული მიწისა და ქონების გადასახადის დარიცხვა გამოწვეულია კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონების გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ქონების გადასახადი განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------“ (ს/ნ --------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში

 

სადავო საკითხი

 

1. გადამხდელი არ ეთანხმება ბინების რეალიზაციის შედეგად შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადამხდელი არ ეთანხმება სასტუმრო ნომრებად აღრიცხული 8 ფართის რეალიზაციის საფუძველზე შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

3. გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

1. გადასახადის გადამხდელს კორპუსი აშენებული აქვს ხანდაზმულ პერიოდში, თუმცა გარკვეული ბინების რეალიზაციას ახდენს შესამოწმებელ პერიოდში. გადამხდელის დეკლარაციების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პირს აღნიშული ფართები არ აქვს დაბეგრილი შესაბამისი პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებში. პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. ამასთან ერთად, რეალიზაციიდან მიღებული თანხები, რომელიც საწარმოდან გატანილია ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

2. გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა დათვალიერება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ კომპანიას რეალიზებული აქვს სასტუმრო ნომრებად აღრიცხული 8 ფართი, რაც დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ დაწერილი ახსნა-განმარტებით. აღნიშნული ფართები პირს ასევე არ აქვს დაბეგრილი შესამოწმებელ პერიოდში. შესაბამისად, რეალიზებული ფართები შემოწმების მიერ დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. ამასთან ერთად, რეალიზაციიდან მიღებული თანხები, რომელიც საწარმოდან გატანილია ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

3. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ფლობს დაუმთავრებელ შენობა-ნაგებობას და სასტუმროს ნომრებს, რომელიც არასრულად აქვს დაბეგრილი ქონების გადასახდით. ამასთან ერთად, პირს უფიქსირდება საკუთრებაში არსებული ბინები, რომლის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ფართობი არ აქვს სრულად დეკლარირებული ქონების გადასახადის დეკლარაციებში. მრავალბინიან სახლში გადასახადის გადამხდელს თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორიულად განისაზღვრა პირის კუთვნილი მიწის გადასახადი. შემოწმებით გადასახადის გადამხდელს ძირითად საშუალებებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე და მიწაზე დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 4, 43(4), 136(3), 61(3), 159(1), 163, 164(1), 73(9 "ბ"), 101(1), 154(1"ა"), 201(1), 202(1), 203"ა", 204(2), 205(2).

2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის: 160"ა", 161(1).