გადაწყვეტილება №26258/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.12.2025
№ დოკუმენტი 26258/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26258/2/2025

22 დეკემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,12.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 3.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26258/2/2025).

 

დავის საგანი:

1. სატრანსპორტო მომსახურების (2022-2023 წწ) საფუძველზე მიღებული შემოსავლების დღგ-ით დაბეგვრა;

2. საწვავის ხარჯის/ღირებულების გაუთვალისწინებლობა ფულის ნაშთის და დღგ-ის გაანგარიშებისას (ჩათვლისას);

3. ფიზიკური პირებისათვის გადარიცხული სატრანსპორტო მომსახურების ღირებულების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 8.08.2025 წლის №085-23 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 31.10.2025 წლის №24144 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 154 997.24 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 672 037.89

დღგ - 263 694.49

საშემოსავლო გადასახადი - 408 343.40

ჯარიმა - 335 881.40

საურავი - 147 077.95

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა, "----"-ის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-პორტალზე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების საფუძველზე, "------"-ის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის სატრანსპორტო მომსახურების გაწევა. სატრანსპორტო მომსახურებას ახორციელებს ქვეკონტრაქტორი ფიზიკური პირების (ძირითადად მცირე მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირების) მეშვეობით, რომლებიც მათ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებით ახორციელებენ მოსწავლეთა ტრანსპორტირებას.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 28 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 აგვისტოს №17897 ბრძანება და №085-23 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 31.10.2025 წლის №24144 ბრძანებით, საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1.სატრანსპორტო მომსახურების (2022-2023 წწ) საფუძველზე მიღებული შემოსავლების დღგ-ით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, წარადგინა ბანკის ცნობები, ამონაწერები და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით მოთხოვნილი სხვა პირველადი დოკუმენტაცია. შემოწმების პროცესში, დამუშავდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-პორტალზე არსებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა), ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, რომელთა ანალიზის შედეგად გამოვლინდა რომ: გადასახადის გადამხდელს 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდში, სატრანსპორტო მომსახურების საფუძველზე, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული აქვს თანხები, ჯამში 1 728 651 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), რაზეც არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და არც დეკლარირებული არ აქვს აღნიშნული შემოსავლები. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 2022 წლის მარტისა და მაისის საანგარიშო პერიოდებში, დღგ დარიცხულია 506 811 ლარი, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 მაისის №10631 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული კამერალური საგადასახადო შემოწმების საფუძველზე, 2022 წლის სექტემბრის თვეში, დღგ დარიცხულია 52 513 ლარი, რაც გათვალისწინებულია შემოწმების აქტით, გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული მონაცემების ნაწილში. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით,შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 1 მაისის №8302 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა. ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. ნაღდი ფულის ნაშთი გაანგარიშდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-პორტალზე არსებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა), ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებზე დაყრდნობით. დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა (1 494 904 ლარი), რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში 2025 წლის 16 ოქტომბერს 16:15 საათზე ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2025 წლის 30 ოქტომბერს 12:45 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს, 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდში სატრანსპორტო მომსახურების საფუძველზე, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული აქვს თანხები,ჯამში 1 728 651 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), რაზეც არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და არც დეკლარირებული არ არის აღნიშნული შემოსავლები. ამასთან, აუდიტორის მხრიდან შესწავლილი იქნა და დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ადგილი არ ქონია წინა საანგარიშო პერიოდში გაწეული მომსახურების სანაცვლოდ თანხების ჩარიცხვას და ასეთი თანხები არ არის დაბეგრილი.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდში სატრანსპორტო მომსახურების საფუძველზე მიღებული შემოსავლების დღგ-ით დაბეგვრა, ამასთან, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება დარიცხულ თანხებს, აღნიშნავს, რომ კომპანიას არ ჰყავს საკუთარი სატრანსპორტო საშუალებები და მცირე მეწარმეები უწევენ აღნიშნულ მომსახურებას. მიუთითებს დარიცხვის ფაქტობრივ გარემოებებზე და ითხოვს, დაევალოს შემმოწმებელს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ვინაიდან კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის 30 აგვისტოს და ჩარიცხული თანხები წარმოადგენენ წინა საანგარიშო პერიოდში გადასახდელ თანხებს, რომლებიც არ უნდა იქნეს დაბეგრილი მათი ჩარიცხვის პერიოდში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს, 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდში სატრანსპორტო მომსახურების საფუძველზე, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული აქვს თანხები, ჯამში 1 728 651 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), რაზეც არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და არც დეკლარირებული არ არის აღნიშნული შემოსავლები.

მომჩივანი არ ეთანხმება სადავო საკითხის ნაწილში დარიცხვას და ითხოვს, დაევალოს შემმოწმებელს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ვინაიდან კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის 30 აგვისტოს და ჩარიცხული თანხები წარმოადგენენ წინა საანგარიშო პერიოდში გადასახდელ თანხებს, რომლებიც არ უნდა იქნეს დაბეგრილი მათი ჩარიცხვის პერიოდში.

მომჩივნის ზემოაღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით, საყურადღებოა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებული ინფორმაცია, რომ საკითხი აუდიტორის მიერ შესწავლილი იქნა და დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ადგილი არ ქონია, წინა საანგარიშო პერიოდში გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, თანხების ჩარიცხვას და ასეთი თანხები არ არის დაბეგრილი.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელსაც არ წამოუდგენია არგუმენტები/პოზიცია სადავო საკითხის ნაწილში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიიჩნევს, რომ 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდში, სატრანსპორტო მომსახურების საფუძველზე მიღებული შემოსავლების დღგ-ით დაბეგვრა მართლზომიერია.

გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარუდგენია და არც ამჟამად წარმოადგენს სადავო საკითხის ნაწილში ისეთ არგუმენტს ანდა მტკიცებულებას, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

2. საწვავის ხარჯის/ღირებულების გაუთვალისწინებლობა ფულის ნაშთის და დღგ-ის გაანგარიშებისას (ჩათვლისას)

ფაქტების აღწერა

ფაქტობრივი გარემოებები დაფიქსირებულია პირველი სადავო საკითხის ნაწილში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრით წარდგენილ პოზიციასთან დაკავშირებით, რომ ითხოვს საწვავის ხარჯის გათვალისწინებას, როგორც ფულის ნაშთის/ხარჯის გაანგარიშების, ასევე დღგის გაანგარიშების (დღგ-ის თანხის ჩათვლის) მიზნებისთვის, მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ კომპანიას არ უფიქსირდება საწვავის შეძენა და არც საწვავის თანხის ნაღდი ანგარიშსწორება დასტურდება რაიმე დოკუმენტით. შემოწმების პროცესში განხორციელდა, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, ინფორმაციის გამოთხოვა მძღოლებისგან, რომლებიც აფიქსირებენ, რომ სატრანსპორტო მომსახურების თანხის ანაზღაურება ხდებოდა მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, ბანკში ჩარიცხვის გზით და საწვავსაც ისინი ყიდულობდნენ ამ თანხიდან. ხელზე არ ხდებოდა თანხის ან საწვავის მიღება. გარდა ამისა, შემოწმების მიერ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია სხვა მძღოლებთან, რომლებიც ასევე ზეპირსიტყვიერად განმარტავენ, რომ თანხების მიღება ხდებოდა მხოლოდ საბანკო გადარიცხვით. შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა რამდენიმე ფიზიკურ პირთან ნოტარიულად დამოწმებული განმარტებები, სადაც აღნიშნული პირები ხელს აწერენ იმ შინაარსს, რომ მომსახურების ანაზღაურება ხდებოდა საბანკო გადარიცხვით და ამის გარდა საწვავის თანხის მიღება ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით. აღნიშნულ პირებთან გადამოწმების შემდეგ, სატელეფონო საუბარში ისინი განმარტავენ, რომ მხოლოდ ბანკით იღებდნენ თანხებს და შეკითხვაზე, თუ ნოტარიულად რა შინაარსის ახსნა-განმარტებას მოაწერეს ხელი, მათი პასუხიდან ჩანს, რომ კარგად არ აქვთ გაცნობიერებული თუ რას მოიცავდა ის შინაარსი და რას ნიშნავდა რაზეც დაეთანხმნენ კომპანიის დამფუძნებელს ამ ახსნა-განმარტებებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად, სალაროში ნაღდი ფულის გაანგარიშებისას საწვავზე გაწეული ხარჯი არ იქნა გათვალისწინებული. ამასთან, გაუგებარია გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დღგ-ის თანხის ჩათვლასთან დაკავშირებით, როდესაც არ არსებობს საწვავზე ხარჯის გაწევის დოკუმენტი (სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა დოკუმენტი).

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა შეძენილი საწვავის გამოქვითვას. შემმოწმებელმა, მიუხედავად მოთხოვნისა, არ გაითვალისწინა წარდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის მძღოლებთან დადებული მომსახურების ხელშეკრულებები და შემმოწმებლის მიერ დასახელებულ ფიზიკურ პირებთან ნოტარიულად დადასტურებული ურთიერთშედარების აქტები, კერძოდ შემმოწმებლის მიერ არ არის გათვალისწინებული საწვავის ხარჯები იმ პირობებში, როცა მთელი შემოწმების განმავლობაში, ცალსახად, როგორც ზეპირი კომუნიკაციისას, ასევე წერილობითი ფორმით, ამბობდა, რომ საწვავის ხარჯი იყო დამკვეთზე (და აღნიშნულზე არც შემმოწმებელს გამოუთქვამს რაიმე საწინააღმდეგო პოზიცია), კერძოდ, მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელ საწვავს, მომსახურების ხელშეკრულების 4.6 პუნქტის საფუძველზე, წინასწარ დადგენილი მარშრუტის მიხედვით, უზრუნველყოფდა დამკვეთი თავისი სახსრებით. საწვავის თანხებს დამკვეთი ნაღდი ანგარიშსწორებით აძლევდა შემსრულებელს.

სინამდვილეს არ შეესაბამება აუდიტორის ზეპირი განმარტება, რომ თითქოს მძღოლებმა უარყვეს ის გარემოება, რაც თვითონვე, თავისუფალი ნების საფუძველზე დაადასტურეს ნოტარიუსთან. ნოტარიულად დამოწმებული წერილები იყო შემმოწმებლის მოთხოვნა და მასში ასახული ტექსტობრივი შინაარსის არ გათვალისწინება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

ასევე, შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა საწვავის ღირებულება დღგ მიზნებისათვის, რაც ასევე არასწორია, ვინაიდან საწვავის ღირებულებაში ყოველთვის მოიაზრება დღგ-ის გადასახადი და შესაბამისად, საწვავის ღირებულება უნდა იქნეს გათვალისწინებული, როგორც ფულის ნაშთის/ხარჯის გაანგარიშების მიზნებისათვის, ასევე დღგ-ის გაანგარიშების (დღგ-ის ჩათვლის) მიზნებისათვის.

 

3. ფიზიკური პირებისთვის გადარიცხული სატრანსპორტო მომსახურების ღირებულების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს, გარდა მეწარმე სუბიექტებად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, შესამოწმებელ პერიოდში სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება, ჯამში 89 768 ლარი, გადარიცხული აქვს ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმეებად და რომელთა მიმართაც არ არსებობს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების საფუძველი. საგადასახადო კოდექსის 80-ე, 101-ე, 154-ე მუხლების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად, არა დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გადახდილი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხები გაიზარდა, ჯამში 112 212 ლარით და დაიბეგრა, საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, 20%-იანი განაკვეთით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს, სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება, ჯამში 89 768 ლარი გადარიცხული აქვს ფიზიკური პირებისათვის,რომლებიც არ არიან რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმეებად და რომელთა მიმართაც არ არსებობს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების საფუძველი.

ითხოვს, აღნიშნულ ნაწილში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს დაბეგვრას დაქვემდებარებული ფიზიკური პირები, ვინაიდან მათი ნაწილი არის ინდივიდუალური მეწარმე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს, ასევე საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

მე-2 სადავო საკითხის ნაწილში, მომჩივანი, შემოსავლების სამსახურში წარდგენილის ანალოგიურად, აღნიშნავს, რომ შემმოწმებლის მიერ არ არის გათვალისწინებული საწვავის ხარჯები, მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელ საწვავს, მომსახურების ხელშეკრულების 4.6 პუნქტის საფუძველზე, წინასწარ დადგენილი მარშრუტის მიხედვით, უზრუნველყოფდა დამკვეთი თავისი სახსრებით. საწვავის თანხებს დამკვეთი ნაღდი ანგარიშსწორებით აძლევდა შემსრულებელს, არ ეთანხმება აუდიტორის განმარტებას, რომ თითქოს მძღოლებმა უარყვეს ის გარემოება, რაც თვითონვე, თავისუფალი ნების საფუძველზე დაადასტურეს ნოტარიუსთან, ასევე არ იქნა გათვალისწინებული საწვავის ღირებულება დღგ-ის მიზნებისათვის, რაც ასევე არასწორად მიაჩნია, ითხოვს საწვავის ღირებულების გათვალისწინებას, როგორც ფულის ნაშთის/ხარჯის გაანგარიშების მიზნებისათვის, ასევე დღგ-ის გაანგარიშების (დღგ-ის ჩათვლის) მიზნებისათვის.

მე-3 სადავო საკითხის ნაწილში მომჩივანი ითხოვს, დაბეგვრას დაქვემდებარებული ფიზიკური პირების დამატებით შესწავლას, ვინაიდან მათი ნაწილი არის ინდივიდუალური მეწარმე, თუმცა არ წარმოადგენს ინფორმაციას/მტკიცებულებას რა ფაქტობრივ და მტკიცებულებაზე დაყრდნობით, რომელი კონკრეტული პირის მიმართ მიიჩნევს დარიცხვას არამართლზომიერად.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სადავოა საწვავის ხარჯის არ გათვალისწინების საკითხი თანმდევი შედეგებით, რაც ასახული აქვს საჩივარში. ამასთან განმარტა, რომ არსებობს ანალოგიური, იდენტური საქმე, სადაც დამფუძნებელი, დირექტორი, დამკვეთი ერთიდაიგივე პირია, ანალოგიურ შემთხვევაში საწვავის ხარჯი შემმოწმებლის მიერ ჩაითვალა ხარჯად, გამოქვითვაში იქნა გათვალისწინებული, თუმცა დოკუმენტები არც იმ შემთხვევაში არ არსებობდა, ანუ ერთ შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნა, ხოლო მეორეში (მათ შემთხვევაში) არა და შემმოწმებელი ეუბნებათ, რომ ვერ ადასტურებენ ხარჯის გაწევას მაშინ, როდესაც წარადგინეს მომსახურების ხელშეკრულებები, მძღოლების ახსნა განმარტებები ნოტარიულად დამოწმებული, მაგრამ მაინც არ იქნა გათვალისწინებული მათი მოთხოვნა.

გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით, კერძოდ საწვავის ხარჯის, როგორც ფულის ნაშთის/ხარჯის გაანგარიშების, ასევე დღგ-ის გაანგარიშების (დღგ-ის თანხის ჩათვლის) მიზნებისთვის, გათვალისწინების მოთხოვნაზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა წარმოადგინა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებულის ანალოგიური ინფორმაცია. კერძოდ აღნიშნა, რომ კომპანიას არ უფიქსირდება საწვავის შეძენა და არც საწვავის თანხის ნაღდი ანგარიშსწორება დასტურდება რაიმე დოკუმენტით. საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გამოითხოვა ინფორმაცია მძღოლებისაგან, რომლებიც აფიქსირებენ, რომ სატრანსპორტო მომსახურების თანხის ანაზღაურება ხდებოდა მხოლოდ ბანკში ჩარიცხვის გზით და საწვავსაც ისინი ყიდულობდნენ ამ თანხიდან, ხელზე არ ხდებოდა თანხის ან საწვავის მიღება. გარდა ამისა, განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია სხვა მძღოლებთან, რომლებიც ასევე განმარტავდნენ, რომ თანხების მიღება ხდებოდა მხოლოდ საბანკო გადარიცხვით. შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა რამდენიმე ფიზიკურ პირთან ნოტარიულად დამოწმებული განმარტებები, სადაც აღნიშნული პირები ხელს აწერენ იმ შინაარსს, რომ მომსახურების ანაზღაურება ხდებოდა საბანკო გადარიცხვით და ამის გარდა საწვავის თანხის მიღება ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით. აღნიშნული პირები სატელეფონო საუბარში კი განმარტავდნენ, რომ მხოლოდ ბანკით იღებდნენ თანხებს და შეკითხვაზე თუ, ნოტარიულად რა შინაარსის ახსნა-განმარტებას მოაწერეს ხელი, როგორც გაირკვა კარგად არ ქონდათ გაცნობიერებული თუ რას მოიცავდა ის შინაარსი, რაზეც დაეთანხმნენ ახსნა-განმარტებებით. ამდენად, სალაროში ნაღდი ფულის გაანგარიშებისას საწვავზე გაწეული ხარჯი არ იქნა გათვალისწინებული. გაუგებარია გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დღგ-ის თანხის ჩათვლასთან დაკავშირებით, როდესაც არ არსებობს საწვავზე ხარჯის გაწევის დოკუმენტი (სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა დოკუმენტი). ამასთან, დამატებით განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია მომსახურებების ხელშეკრულებები, ყველა არა მაგრამ, რომელიც იქნა წარმოდგენილი ერთმანეთის იდენტურია, ხელშეკრულებებში წერია, რომ საწვავის ხარჯს გადაიხდის კომპანია, დეტალურად არ არის კილომეტრზე რამდენს უხდის, მაგრამ სატრანსპორტო მომსახურება წერია, ანუ თანხა მოიცავდა როგორც მომსახურების გაწევას, ისე საწვავის ხარჯს. რაც შეეხება მძღოლებს, დაახლოებით 7 მძღოლის ახსნა-განმარტებაა, მაგრამ ფაქტიურად უფრო მეტს გაესაუბრა, რომლებიც უარყოფენ საწვავის თანხის ხელზე მიღებას.

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საქმესთან არსებული მასალების, მომჩივნის არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მე-2 და მე-3 სადავო საკითხის ნაწილში, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 31.10.2025 წლის №24144 ბრძანება;

3. მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი არ ეთანხმება დარიცხულ თანხებს, აღნიშნავს, რომ კომპანიას არ ჰყავს საკუთარი სატრანსპორტო საშუალებები და მცირე მეწარმეები უწევენ აღნიშნულ მომსახურებას. ითხოვს, დაევალოს შემმოწმებელს,დამატებით შეისწავლოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.

2.მომჩივანი მიიჩნევს,რომ სინამდვილეს არ შეესაბამება აუდიტორის ზეპირი განმარტება საწვავის ხარჯის/ღირებულების გაუთვალისწინებლობა ფულის ნაშთის და დღგ-ის გაანგარიშებისას.

3.მომჩივანი ითხოვს,დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს დაბეგვრას დაქვემდებარებული ფიზიკური პირები, ვინაიდან მათი ნაწილი არის ინდივიდუალური მეწარმე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.გადამხდელს 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდში, სატრანსპორტო მომსახურების საფუძველზე, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული აქვს თანხები, რაზეც არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და არც დეკლარირებული არ აქვს შემოსავლები.სსკ-ის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად, გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის საფუძველზე.ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი.დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა,რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

2.ფაქტობრივი გარემოებები დაფიქსირებულია პირველი სადავო საკითხის ნაწილში.

3.გადამხდელს, გარდა მეწარმე სუბიექტებად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, შესამოწმებელ პერიოდში სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება,გადარიცხული აქვს ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმეებად და რომელთა მიმართაც არ არსებობს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების საფუძველი.სსკ-ის 80-ე,101-ე, 154-ე მუხლების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად, არა დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გადახდილი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხები გაიზარდა და დაიბეგრა, სსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, 20%-იანი განაკვეთით.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

2-3.საბჭო მიიჩნევს, რომ მე-2 და მე-3 სადავო საკითხის ნაწილში, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9),101,154,163,164,174,175.