ბრძანება N 13009

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.06.2026
№ დოკუმენტი 13009
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13009

15 ივნისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 11 და 28 მაისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 28 მაისის სხდომაზე (ოქმი №44) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2026 წლის 11 მაისის №102306/1/2026 და 28 მაისის №102612/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 აპრილის №006-120 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და კომპანიის მიერ რეალიზებულ ფართებზე ფასების ცვლილებას. განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის გამოყენება არარელევანტურია, რადგან დაბეგვრის ობიექტი დადგენილია. ასევე, ბუნდოვანია, თუ რომელი ნორმით იხელმძღვანელა შემოწმებამ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლით თუ 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. მიაჩნია, რომ, თუ შემოწმებამ უგულებელყო მყიდველებთან დადებული ხელშეკრულებები და ჩათვალა, რომ ფართი პირდაპირ მესამე პირზე გასხვისდა, მაშინ დარიცხვა უნდა განხორციელებულიყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და არა მე-18 მუხლის საფუძველზე, ხოლო თუ დარიცხვა განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, მაშინ უნდა დასაბუთდეს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის გაცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივისგან და შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი დარიცხვასთან კავშირში არ არის. აცხადებს, რომ გაურკვეველია თუ რატომ მიიჩნია შემმოწმებელმა ბინების სარეალიზაციო ფასი ხელოვნურად შემცირებულად და რატომ გამოიყენა საბაზრო ფასი იმ შემთხვევებზე, როდესაც მხარეებს შორის ურთიერთდამოკიდებულება არ არსებობს. განმარტავს, რომ კომპანიის მიერ აშენებული 20 სართულიანი კორპუსი მდებარეობს ორ შენობას შორის, რომელსაც არ აქვს კეთილმოწყობილი ეზო, რაც გავლენას ახდენდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმებისას ნასყიდობის ფასზე. აღნიშნავს, რომ მშენებლობის დასაწყისში შეთანხმებები ფორმდება შედარებით დაბალ ფასზე, რომელიც მერყეობს 600-700 აშშ დოლარის ფარგლებში. მიუთითებს, რომ საბანკო ამონაწერების მიხედვით კომპანიის დამფუძნებელს საბანკო ანგარიშზე (პირადი შენატანის დანიშნულებით) შეაქვს მსხვილი თანხები, რომელიც წარმოადგენს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებულ თანხებს. აცხადებს, რომ 2023 წლის აგვისტოს თვეში კომპანიას ესაჭიროებოდა თანხები, შესაბამისად, ორ ფიზიკურ პირთან გაფორმდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები ექვს ფართზე. აღნიშნულმა პირებმა დარჩენილი თანხები დაფარეს მაშინ, როდესაც თავად გაყიდეს კომპანიისგან შესყიდული ფართები და თანხების სრულად დაფარვის შემდეგ გადაეცათ მათ საკუთრებაში, შესაბამისად, რეალიზაციის პერიოდი და ფართების გაყიდვის პერიოდი ერთმანეთს ემთხვევა. მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ ფასები შეიცვალა ექვს ფართზე, თუმცა რეალურად ორი ფართის მფლობელად ისევ თავდაპირველი მყიდველები ფიქსირდება. მომჩივნისთვის გაუგებარია შემოწმებამ რატომ გამოიყენა საბაზრო ფასად 1 136-1 189 აშშ დოლარი, მაშინ როდესაც 700- 750 აშშ დოლარის ფარგლებში რეალიზებული ფართების ფასები არ შეცვლილა.

2. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შესამოწმებელ პერიოდზე მიღებული აქვს 53 645 ლარის ოდენობის მომსახურებები შპს „-------“, შპს „-------“, შპს „-------“, შპს „-------“ და შპს „-------“, მაგრამ, არ აქვს მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ითხოვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის თანხის ჩათვლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 თებერვლის №4636 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 6 აპრილის №7857 ბრძანება და ამავე თარიღის №006-120 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 585 896 ლარი, მათ შორის გადასახადი 346 438 ლარი, ჯარიმა 174 691 ლარი, საურავი 64 767 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელს მშენებლობის ნებართვა მოპოვებული აქვს 2021 წლის 22 დეკემბრიდან. (მისამართი: -------, -------, ------- ს/კ -------). დღეის მდგომარეობით კომპანიას სარეალიზაციოდ დარჩენილი აქვს სამი გარე ავტოფარეხი. სამშენებლო გეგმის მიხედვით, აშენებული კორპუსი მოიცავდა 20 საცხოვრებელ ბინასა და 7 გარე ავტოფარეხს. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, გარიგების ამსახველი ხელშეკრულებები, ასევე, ხელშეკრულების მხარეების მიერ შემდგომი ოპერაციების შედეგად დადგენილი გარიგების ფასები, ობიექტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები და შემოწმებამ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ზოგიერთ ბინაზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად არის შემცირებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს, კერძოდ, რიგ შემთხვევებში გადამხდელის მიერ მისივე საბაზრო ფასზე ნაკლებ ფასად რეალიზებული ბინები იმავე თვეში გადაყიდულია მესამე პირებზე ისეთ ფასად, რაც შეესაბამება სხვა დამოუკიდებელ ხელშეკრულებებში ასახულ ფასებს. გარდა ამისა, შემოწმებამ დაადგინა, რომ გარიგების მონაწილე სუბიექტებიდან მყიდველი (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული იურიდიული პირებისა) ამ ქონებაზე არ სარგებლობს დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მის ინტერესს არ წარმოადგენდა დღგ-ის ჩათვლის მოტივით რეალური საბაზრო ღირებულების მითითება. საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან, კომპანიის მიერ ზოგიერთ ბინაზე გაცხადებულ ფასსა და ბაზარზე არსებულ ფაქტობრივ ფასს შორის არსებითი სხვაობა გამოიკვეთა, აღნიშნულ ბინებზე გავრცელდა იმავე ბინებზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით დაფიქსირებული ფასები, რომლებიც თანხვედრაში იყო საბაზრო ფასებთან. შესამოწმებელ პერიოდში გაყიდული ფართების სრული ოდენობა შეადგენს 993.5 კვ.მს, საიდანაც ფასები დაკორექტირდა (გაიზარდა) 423.6 კვ.მ-ზე. ამასთან, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა კორექტირებას, კერძოდ, გაიზარდა მიღებული/მისაღები შემოსავალი, რომელიც შემცირდა საქმიანობის დაწყებიდან არსებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯებით, გაცემული ხელფასებით, მომსახურებების ღირებულებით, გადახდილი გადასახადებით და საქართველოს ბანკში არსებულ სესხზე გადახდილი სესხის პროცენტით, ხოლო გაიზარდა დაბრუნებული გადასახადების ოდენობით. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების“ მიხედვით, შემოწმებით განსაზღვრული კორექტირებული შემოსავლისა და ხარჯის შეპირისპირებით, გამოვლინდა თავისუფალი ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. გადასახადის გადამხდელს არასრულად აქვს მიღებული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის შესაბამისად კუთვნილი დღგ-ის ჩათვლები. შედეგად, შემოწმების პროცესში გაიზარდა დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2, მე-3 და მე-7 ნაწილების თანახმად:

2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, გარიგების ამსახველი ხელშეკრულებები, ასევე, ხელშეკრულების მხარეების მიერ შემდგომი ოპერაციების შედეგად დადგენილი გარიგების ფასები, ობიექტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები და შემოწმებამ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ზოგიერთ ბინაზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად არის შემცირებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს, კერძოდ, რიგ შემთხვევებში გადამხდელის მიერ მისივე საბაზრო ფასზე ნაკლებ ფასად რეალიზებული ბინები იმავე თვეში გადაყიდულია მესამე პირებზე ისეთ ფასად, რაც შეესაბამება სხვა დამოუკიდებელ ხელშეკრულებებში ასახულ ფასებს. ვინაიდან, კომპანიის მიერ ზოგიერთ ბინაზე გაცხადებულ ფასსა და ბაზარზე არსებულ ფაქტობრივ ფასს შორის არსებითი სხვაობა გამოიკვეთა, აღნიშნულ ბინებზე გავრცელდა იმავე ბინებზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით დაფიქსირებული ფასები, რომლებიც თანხვედრაში იყო საბაზრო ფასებთან. ამასთან, დაკორექტირდა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, კერძოდ, გაიზარდა მიღებული/მისაღები შემოსავალი, რომელიც შემცირდა საქმიანობის დაწყებიდან არსებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯებით, გაცემული ხელფასებით, მომსახურებების ღირებულებით, გადახდილი გადასახადებით და საქართველოს ბანკში არსებულ სესხზე გადახდილი სესხის პროცენტით, ხოლო გაიზარდა დაბრუნებული გადასახადების ოდენობით, გამოვლენილი ფულის ნაშთი კი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტთან, კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, კომპანიას კონკრეტული პროექტის ფარგლებში რეალიზებული საცხოვრებელი ბინების საერთო რაოდენობის 10%- ზე მეტი გაყიდული აქვს ხელოვნურად შემცირებული ღირებულებით, რაც წარმოდგენს საგადასახადო ვალდებულებების ხელოვნურად შემცირებაზე ზემოქმედების არსებით ფაქტს. ხოლო, გარიგების რეალური საბაზრო ფასი 30%-ით აღემატება რიგ ხელშეკრულებაში მითითებულ ფასებს. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და საჯარო რეესტრის მონაცემების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ კომპანია ბინების რეალიზებას ახორციელებს 700 აშშ დოლარიდან 1 250 აშშ დოლარის ფარგლებში. აუდიტის დეპარტამენტი ასევე განმარტავს, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში რეალიზებულია ორი საცხოვრებელი ბინა, რომლის ღირებულება შეესაბამება შემოწმების მიერ დადგენილ საბაზრო სარეალიზაციო ფასებს.

რაც შეეხება, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე თანდართულ დოკუმენტაციას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს დავების ეტაპზე წარდგენილი აქვს 2023 წლის 15 და 19 აგვისტოთი დათარიღებული ნასყიდობის ხელშეკრულებები და ასევე, მიღება-ჩაბარების აქტები სალაროში თანხის მიღების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტები არ ყოფილა წარდგენილი შემოწმების პროცესში, ხოლო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ გახდება საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვინაიდან უძრავი ქონების გარიგების ფასები განსხვავდებოდა საბაზრო ფასისგან, საგადასახადო შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა კომპანიის მიერ რეალიზებულ უძრავ ქონებაზე ამავე ქონებაზე მესამე პირებთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით დაფიქსირებული ფასების გავრცელება (რაც თანხვედრაშია საბაზრო ფასებთან) და დღგ-ის დარიცხვა. ასევე, შემოწმებით მართლზომიერად ჩაითვალა დადგენილი ფულადი ნაშთი დირექტორის მიერ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:

ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ხოლო, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:

ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;

ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის თანხის ჩათვლასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე, რომლის თანახმად, შემოწმებით განხორციელდა გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების დღგ-ის ჩათვლებში სრულად გათვალისწინება. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება გადამხდელის მიერ საჩივრებში დაფიქსირებული კომპანიებისგან მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა დღგ-ის თანხის ჩათვლა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და კომპანიის მიერ რეალიზებულ ფართებზე ფასების ცვლილება.

2. ითხოვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის თანხის ჩათვლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, გარიგების ამსახველი ხელშეკრულებები, ასევე, ხელშეკრულების მხარეების მიერ შემდგომი ოპერაციების შედეგად დადგენილი გარიგების ფასები, ობიექტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები და შემოწმებამ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ზოგიერთ ბინაზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად არის შემცირებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს. კერძოდ, რიგ შემთხვევებში გადამხდელის მიერ მისივე საბაზრო ფასზე ნაკლებ ფასად რეალიზებული ბინები იმავე თვეში გადაყიდულია მესამე პირებზე ისეთ ფასად, რაც შეესაბამება სხვა დამოუკიდებელ ხელშეკრულებებში ასახულ ფასებს. ვინაიდან, კომპანიის მიერ ზოგიერთ ბინაზე გაცხადებულ ფასსა და ბაზარზე არსებულ ფაქტობრივ ფასს შორის არსებითი სხვაობა გამოიკვეთა, აღნიშნულ ბინებზე გავრცელდა იმავე ბინებზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით დაფიქსირებული ფასები, რომლებიც თანხვედრაში იყო საბაზრო ფასებთან. ამასთან, დაკორექტირდა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, კერძოდ, გაიზარდა მიღებული/მისაღები შემოსავალი, რომელიც შემცირდა საქმიანობის დაწყებიდან არსებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯებით, გაცემული ხელფასებით, მომსახურებების ღირებულებით, გადახდილი გადასახადებით და საქართველოს ბანკში არსებულ სესხზე გადახდილი სესხის პროცენტით, ხოლო გაიზარდა დაბრუნებული გადასახადების ოდენობით, გამოვლენილი ფულის ნაშთი კი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს, დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი ჯარიმა.

2. გადასახადის გადამხდელს არასრულად აქვს მიღებული, დღგ-ის ჩათვლები. შედეგად, შემოწმების პროცესში გაიზარდა დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 163; 164; 175