ბრძანება N 15267
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15267
07 ივლისი 2025
ბრძანება
შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)
(ფაქტ. მის.: „-------“ )
2025 წლის 29 აპრილის და 11 ივნისის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 7 მაისს, 5 ივნისს და 12 ივნისს გამართულ სხდომებზე (ოქმები: №36, №46, №48) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“ ) 2025 წლის 29 აპრილის №95361/1/2025 და 11 ივნისის №96161/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 აპრილის №083-8 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. მომჩივანი არ ეთანხმება სატენდერო მომსახურების ფარგლებში მიღებული შემოსავლების დღგით დაბეგვრას და ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას, თუმცა კონკრეტული არგუმენტები საჩივარში მითითებული არ აქვს.
2. მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირებას, თუმცა კონკრეტული არგუმენტები არ წარმოუდგენია.
3. მომჩივანი არ ეთანხმება სალაროში არსებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ შემოწმებას არ აქვს გათვალისწინებული დირექტორის მიმართ არსებული დავალიანების საწყისი ნაშთები, რომელიც კომპანიამ მიიღო შემოწმებამდე პერიოდში და გამოიყენა კრედიტორული დავალიანებების დასაფარად.
4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ხელფასის სახით გაცემული და მომსახურების ანაზღაურებისათვის გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, თუმცა კონკრეტული არგუმენტები საჩივარში მითითებული არ აქვს.
5. მომჩივანი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 დეკემბრის №25771 და 2025 წლის 21 იანვრის №425 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------“-ის (ს/ნ „---------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის 2 აპრილის №6312 ბრძანება და 3 აპრილის №083-8 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 139 888 ლარი, მათ შორის გადასახადი 671 605 ლარი, ჯარიმა 368 389 ლარი და საურავი 99 892 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1.შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა სატენდერო მომსახურებების გაწევა სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის. შემოწმების მიერ ჩატარებული ანალიზით, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი დღგ-ის ნაწილში სრულად არ ადეკლარირებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ დღგ-ის ბრუნვას. ძირითადი სხვაობა გამოიწვია იმ ფაქტობრივმა მდგომარეობამ, რომ „-------“-ის მუნიციპალიტეტისთვის გაწეული მომსახურებების საფუძველზე, ზოგიერთ შემთხვევაში, პირი არ გამოწერდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს, თუმცა დეკლარირებისას სწორედ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს ითვალისწინებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2.შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოანგარიშებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები არ ედრებოდა შემოწმების მიერ დადგენილს. სხვაობა ძირითად შემთხვევაში გამოწვეული იყო იმ ფაქტობრივი გარემოებით, რომ გადასახადის გადამხდელი მიღებული საავანსო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე არ იმცირებდა საბოლოო საგადასახადო ანგარიშფაქტურებით ჩასათვლელ თანხებს. ამავე დროს, წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვით, მომწოდებლებთან საბალანსო ღირებულების შესაბამისი თანხები გადახდილი იყო. მაგალითად, შპს „N1“ მიღებული ჰქონდა 89 090 ლარის მომსახურება (დღგ 13 590 ლარი) და გადახდილი ჰქონდა 89 090 ლარი, თუმცა შპს „-------“-ს ჩათვლილი ჰქონდა 119 090 ლარის მომსახურების შესაბამისი დღგ (18 116 ლარი) და მომწოდებელ მხარეს განაშთული ჰქონდა საავანსო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ასევე, შპს „N2-ს“ მიღებული ჰქონდა 369 901 ლარის მომსახურება (56 426 ლარი), გადახდილი იყო შესაბამისი თანხა, თუმცა ჩათვლილი ჰქონდა 525 228 ლარის მომსახურების შესაბამისი დღგ (80 119,5 ლარი), ამასთან მომწოდებელ მხარეს განაშთული ჰქონდა საავანსო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ძირითადი ნაწილი. გარდა აღნიშნულისა, პირი გარკვეულ შემთხვევებში ითვლისწინებდა წინა წლის სააგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამის დღგ-ის თანხებს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების შესაბამისად, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3.შემოწმების მიერ, შპს „--------“-ის მიერ მიღებული შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების (მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, საბიუჯეტო გადარიცხვები, შემოწმებით ხელფასად დაკვალიფიცირებული გადახდები) მიხედვით, გამოვლინდა სხვაობა განკარგვად თანხაში 649 425 ლარის ოდენობით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან, საგადასახადო კანონმდებლობიდან და „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითებიდან გამომდინარე, 649 425 ლარი ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
4.გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო მონაცემებით ფიქსირდებოდა სახელფასო განაცემები 967 269 ლარის, ასევე, მომსახურების სანაცვლოდ გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები 361 135 ლარის ოდენობით, სულ ჯამში აღნიშნული თახნები შეადგენდა 1 328 404 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს დაბეგრილი ჰქონდა მხოლოდ 732 010 ლარი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლებიდან გამომდინარე, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275 მუხლის შესაბამისად.
5. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შესყიდული ჰქონდა სხვადასხვა მცირე ღირებულების ძირითადი საშუალებები. ასევე, 2024 წლის საანგარიშო პერიოდში შესყიდული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1.საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება, იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი მის მიერ გაწეულ მომსახურებებზე ზოგიერთ შემთხვევაში არ გამოწერდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს და სრულად არ ადეკლარირებდა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოანგარიშებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები არ ედრებოდა შემოწმების მიერ დადგენილს, რაც გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ პირი ითვლიდა როგორც მიღებულ საავანსო ასევე საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩასათვლელ თანხებს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში, მ.შ. საჩივრის ზეპირ განხილვაზე არ ყოფილა წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლზე, რომლის თანახმად:
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.
2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის თანახმადაც შემოწმებას არ აქვს გათვალისწინებული დირექტორის მიმართ არსებული დავალიანების საწყისი ნაშთები, რომელიც კომპანიამ მიიღო შემოწმებამდე პერიოდში და გამოიყენა კრედიტორული დავალიანებების დასაფარად, რისი დადასტურებაც შესაძლებელია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საკითხის 2025 წლის 5 ივნისის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე განხილვისას გადასახადის გადამხდელს მიეცა დოკუმენტაცია/მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა და საკითხის განხილვა გადაიდო 1 კვირის ვადით. 2025 წლის 11 ივნისს გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დაზუსტებული საჩივარი, რომლის დანართადაც წარმოდგენილია მომწოდებელ კომპანიებთან ფინანსური ვალდებულებების შესახებ გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები, რომლებიც საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მე-3 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არასრულად ადეკლარირებდა სახელფასო განაცემებსა და მიღებული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილ თანხებს, რაზეც პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში, მ.შ. საჩივრის ზეპირ განხილვაზე არ ყოფილა წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შესყიდული ჰქონდა სხვადასხვა მცირე ღირებულების მქონე ძირითადი საშუალებები, ასევე სატრანსპორტო საშუალება, რაც არ ჰქონდა დაბეგრილი ქონების გადასახადით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში, მ.შ. საჩივრის ზეპირ განხილვაზე არ ყოფილა წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“-ის (ს/ნ „---------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება სატენდერო მომსახურების ფარგლებში მიღებული შემოსავლების დღგით დაბეგვრას და ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.
2. მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირებას.
3. მომჩივანი არ ეთანხმება სალაროში არსებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
4.გადამხდელი არ ეთანხმება ხელფასის სახით გაცემული და მომსახურების ანაზღაურებისათვის გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
5. მომჩივანი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა სატენდერო მომსახურებების გაწევა სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის. გადამხდელი დღგ-ის ნაწილში სრულად არ ადეკლარირებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ დღგ-ის ბრუნვას. ძირითადი სხვაობა გამოიწვია იმ ფაქტობრივმა მდგომარეობამ, რომ ერთ-ერთი მუნიციპალიტეტისთვის გაწეული მომსახურებების საფუძველზე, ზოგიერთ შემთხვევაში, პირი არ გამოწერდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს, თუმცა დეკლარირებისას სწორედ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს ითვალისწინებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 161-ე მუხლის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2.შესამოწმებელ პერიოდში, გადამხდელის მიერ გამოანგარიშებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები არ ედრებოდა შემოწმების მიერ დადგენილს. სხვაობა ძირითად შემთხვევაში გამოწვეული იყო იმ ფაქტობრივი გარემოებით, რომ გადამხდელი მიღებული საავანსო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე არ იმცირებდა საბოლოო საგადასახადო ანგარიშფაქტურებით ჩასათვლელ თანხებს. ამავე დროს, წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვით, მომწოდებლებთან საბალანსო ღირებულების შესაბამისი თანხები გადახდილი იყო. გარდა აღნიშნულისა, პირი გარკვეულ შემთხვევებში ითვლისწინებდა წინა წლის სააგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამის დღგ-ის თანხებს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან და სსკ-ის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების შესაბამისად, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. შემოწმების მიერ, მომჩივანის მიერ მიღებული შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების მიხედვით, გამოვლინდა სხვაობა განკარგვად თანხაში.აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან, საგადასახადო კანონმდებლობიდან და „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითებიდან გამომდინარე, 649 425 ლარი ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.
4.გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო მონაცემებით ფიქსირდებოდა სახელფასო განაცემები 967 269 ლარის, ასევე, მომსახურების სანაცვლოდ გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები 361 135 ლარის ოდენობით.შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს დაბეგრილი ჰქონდა მხოლოდ 732 010 ლარი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან და სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლებიდან გამომდინარე, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275 მუხლის შესაბამისად.
5. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შესყიდული ჰქონდა სხვადასხვა მცირე ღირებულების ძირითადი საშუალებები. ასევე, 2024 წლის საანგარიშო პერიოდში შესყიდული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სსკ-ის 201-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),101,154,159,163,174,175,202,205.