გადაწყვეტილბა №24071/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24071/2/2024
13 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----------ი“ (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------ის 7.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24071/2/2024).
დავის საგანი:
1. ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას დირექტორზე გადარიცხული თანხების გაუთვალისწინებლობა;
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაუქმება;
3. დღგ-ში დარიცხული თანხები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 24.04.2024 წლის №066-6 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.09.2024 წლის №20750 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 352 713 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 213 469
დღგ - 26 378
საშემოსავლო გადასახადი - 187 091
ჯარიმა - 105 241
საურავი - 34 003
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სატრანსპორტო საშუალებების რემონტი და შემდგომი ექსპლოატაციისათვის საჭირო სამუშაოების ჩატარება.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 29 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.04.2024 წლის №9630 ბრძანება და №066-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.06.2024 წლის №13703 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 19.07.2024 წლის №23262/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა და 23.09.2024 წლის №20750 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას დირექტორზე გადარიცხული თანხების გაუთვალისწინებლობა
ფაქტების აღწერა
შემოწმების პროცესში გაანალიზდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული და გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ პლატფორმაზე, გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ, ატვირთული მიღება-ჩაბარების აქტები და საგადახდო დოკუმენტები, ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა ფიზიკურ პირებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები. შემოწმების მიმდინარეობისას, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია ბუღალტრული პროგრამა, რის გამოც, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტების, გამოწერილი და მიღებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტების და საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების მიხედვით. კომპანიის შემოსავლები ასევე გაანგარიშდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კერძოდ, შედარდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების საქმიანობის მარჟასთან და იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მაჩვენებლები ერთმანეთთან შესაბამისობაში იყო, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საჭიროება არ დამდგარა.
შემოწმების პროცესში განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი. ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი ჩაითვალა ანაზღაურებულად, ასევე, ანაზღაურებულად ჩაითვალა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული შესყიდვის აქტები (აღნიშნული ნაწილობრივ ანაზღაურებულია საბანკო გადარიცხვებით). ამასთანავე, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენის ნაწილში, გათვალისწინებული იქნა საბანკო ანგარიშებიდან მეწარმე პირებთან გადარიცხული თანხები. აღნიშნული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, გაანგარიშდა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები და გამოყენებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, აგრეთვე, ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებული მომსახურებები და გაანგარიშდა შესაბამისი საქმიანობის მოგების მარჟა.
აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, მოძიებული იქნა, აუდიტის დეპარტამენტში არსებული, იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი და მოგების მარჟა, რომელთანაც შედარდა შემოწმების შედეგად მიღებული მონაცემები, რომლებიც ერთმანეთთან მოვიდა თანხვედრაში.
ამასთან, შემოწმების სრულყოფილად ჩატარებისა და საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 18 იანვრის №660 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა მიმდინარე კონტროლის ღონისძიება „ინვენტარიზაცია სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის შესახებ“, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ კომპანიას სალარო არ გაჩნია და ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დადგინდა განკარგვადი თანხის ოდენობა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და აღნიშნული თანხა განხილული იქნა ანგარიშვალდებულ პირზე, კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომ ფულის მოძრაობის ანალიზისას არ იქნა გათვალისწინებული დირექტორზე გადარიცხული თანხები, რომელიც შემდგომ, დირექტორის პირადი ანგარიშიდან გადარიცხულია (უნაღდო ანგარიშსწორებით) ავტოსათადარიგო ნაწილების შესაძენად სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე, ხოლო აღნიშნული ფიზიკური პირები წარმოადგენენ ე.წ. დაშლილი მანქანების სათადარიგო ნაწილებით მოვაჭრეებს, მომჩივანის მიერ დავაზე დამატებით წარდგენილ ამონაწერზე დირექტორის პირადი ანგარიშიდან და განმარტებაზე, რომ საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრა კომპანიიდან 2023 წლის 14 მარტს მოპარული 12 500 ლარი, აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ მაინც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნავს, რომ საჩივართან ერთად დამატებით წარდგენილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის -------ს მთავარი სამმართველოს პოლიციის ---- სამმართველოს ცნობა, მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციაზე, რომ შემოწმებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებების ნაწილების ღირებულება შესრულებული სამუშაოების შესაბამისია და საკმარისია იმ მოცულობის სამუშაოებისთვის, რაც კომპანიის მიერ არის შესრულებული შესამოწმებელ პერიოდში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის არგუმენტი დირექტორის პირადი ანგარიშებიდან საქონლის შესყიდვის მიზნით გადარიცხული თანხების ხარჯებში გათვალისწინებასთან დაკავშირებით არ იქნა გაზიარებული. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
რაც შეეხება კომპანიიდან მოპარული თანხის გათვალისწინებას ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ საჩივრის განხილვაზე წარდგენილ იქნა მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ------ს მთავარი სამმართველოს პოლიციის -- სამმართველოს მიერ გაცემული ცნობა, რომლის მიხედვით, ამავე სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება შპს -------ის მიმართ განხორციელებული თვითნებობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველის ნაწილით და ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში და განმარტავს, რომ წარმოდგენილი ცნობა არ არის საკმარისი მტკიცებულება მომჩივნის არგუმენტაციის დასადასტურებლად, შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული.
შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის მიერ როდესაც გაკეთდა ფულის მოძრაობის ანალიზი, არ იქნა გათვალისწინებული დირექტორზე გადარიცხული თანხები, რომელიც შემდგომ დირექტორის პირადი ანგარიშიდან გადარიცხულია (უნაღდო ანგარიშსწორებით) ავტოსათადარიგო ნაწილების შესაძენად სხვადსხვა ფიზიკურ პირებზე, ხოლო აღნიშნული ფიზიკური პირები წარმოადგენენ ე.წ. დაშლილი მანქანების სათადარიგო ნაწილებით მოვაჭრეებს, აუდიტის დეპარტამენტში შემოწმებისას დაისვა ეს საკითხი და წარდგენილი იქნა პირადი საბანკო ანგარიშის ამონაწერი, სადაც ნათლად ჩანდა, რომ პირადი ანგარიშიდან ხდებოდა სათადარიგო ნაწილების შეძენა, მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია არ არის გათვალისწინებული ფულის ხარჯვით ნაწილში. აქედან გამომდინარე, ფულის ხარჯვის ნაწილში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასეთი ხარჯები და შესაბამისად, უნდა შემცირდეს დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.
შემოსავლების სამსახურმა განმეორებით განიხილა საჩივარი და არ გაითვალისწინა კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებები, წარდგენილი ქონდა (თან ერთვის საჩივარს) შსს მიერ გაცემული ცნობა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ხოლო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა კომპანიის დირექტორის განცხადებით, რომ ერთერთმა თანამშრომელმა მიიტაცა კომპანიის კუთვნილი თანხა, ხოლო აღნიშნული თანხა აუდიტის დეპარტამენტმა დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
დადგენილია, რომ შემოწმების მიერ განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი (მათ შორის, შესყიდვის აქტები) ჩაითვალა ანაზღაურებულად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენის ნაწილში გათვალისწინებულ იქნა საბანკო ანგარიშებიდან მეწარმე პირებთან გადარიცხული თანხები, გაანგარიშდა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები და გამოყენებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, მიღებული მომსახურებები და შესაბამისი საქმიანობის მოგების მარჟა, რაც შესაბამისობაში მოვიდა აუდიტის დეპარტამენტში არსებული იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებულ მონაცემებთან. სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას სალარო არ გაჩნია და ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. აღნიშნულის გათვალისწინებით, გაანგარიშდა განკარგვადი თანხები შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, რაც განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
მომჩივანი შემოსავლების სამსახურში წარდგენილის ანალოგიურად აღნიშნავს, რომ ფულის მოძრაობის ანალიზისას არ იქნა გათვალისწინებული დირექტორზე გადარიცხული თანხები, რომელიც შემდგომ, დირექტორის პირადი ანგარიშიდან გადარიცხულია (უნაღდო ანგარიშსწორებით) ავტოსათადარიგო ნაწილების შესაძენად სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე, ხოლო აღნიშნული ფიზიკური პირები წარმოადგენენ ე.წ. დაშლილი მანქანების სათადარიგო ნაწილებით მოვაჭრეებს. წარმოადგენს ამონაწერებს დირექტორის პირადი ანგარიშიდან, ასევე აღნიშნავს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრა კომპანიიდან ერთერთი თანამშრომლის მიერ მიტაცებული თანხა, აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რაზეც წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ------ს მთავარი სამმართველოს პოლიციის -- სამმართველოს ცნობას და რომ შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებები.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა და მისმა წარმომადგენელმა სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტების ანალოგიური გარემოებები, ამასთან აღნიშნეს, რომ კომპანია წარმოადგენს ავტოსახელოსნოს, მომსახურებას ეწევა მხოლოდ მოგებული ტენდერების ფარგლებში, სახელმწიფო დაწესებულებების ავტომანქანების შეკეთების თაობაზე დაკვეთის შესრულების ფარგლებში და სხვა საქმიანობა არ გააჩნია. ამასთან განმარტა, რომ ავტომანქანებზე რომელიც შეკეთდება, ყველა დაკვეთაზე ჯერ დგება დეფექტის აქტები, რომელიც ეგზავნება დამკვეთს, ამის შემდეგ ხდება ხელშეკრულების გაფორმება და კონკრეტული გასაკეთებელი ავტომობილის ღირებულების განსაზღვრა, საქმის დასრულების შემდეგ დგება მიღება-ჩაბარების აქტი და მის საფუძველზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა, რომელიც ეგზავნება დამკვეთს, რომლის შემდგომაც ხდება ანაზღაურება დამკვეთის მიერ. რაც შეეხება ფულის მოძრაობას, აუდიტორის მიერ ჩატარებული ანალიზით და გაანგარიშებით დაახლოებით 2 მილიონამდეა მიღებულ შემოსავალი და 800 000 ლარამდეა წაღებული დირექტორის მიერ, ასეთი მოგება სახელოსნოს საქმიანობის ფარგლებში წარმოუდგენლად მიაჩნია. ავტომობილის სათადარიგო ნაწილების შესყიდვა ხდება ფიზიკური პირებიდან, რომლებიც ძველ ავტომობილებს შლიან, კომპანია დირექტორს ურიცხავს თანხებს მათ შესაძენად, თანხების გადარიცხვა ხდება ფიზიკურ პირებზე უნაღდო ანგარიშსწორებით და ასე ხდება ნაწილების შეძენა. ზოგიერთ პირზე იმდენია გადარიცხული, რომ უნდა წარმოადგენდნენ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირებს და თუ არ არიან რეგისტრირებულნი, შემოსავლების სამსახურს ვალდებულება გააჩნია გამოავლინოს ასეთი ფიზიკური პირები და დააყენონ დღგ-ის გადამხდელად. ასეთი ფიზიკური პირებიდან შეძენები არ ჩაითვალა ხარჯებში, არადა ეს ხარჯები გაწეულია ავტომანქანებზე, რომელიც ჩაბარდა სახელმწიფო დაწესებულებებს. აუდიტორს ეთხოვა ასეთი ფიზიკური პირების შესწავლა, რადგან ისინი შეძენას ხელმოწერით არ უდასტურებენ, რადგან ყველა დაშლილი ავტომობილი უკვე გაყიდულია და აღარაფერი გააჩნიათ. არ ეთანხმება აუდიტორის პოზიციას, რომ ავტონაწილების ღირებულება შესრულებული სამუშაოების შესაბამისია და საკმარისია იმ მოცულობის სამუშაოებისთვის, რაც არის შესრულებულიო, რადგან გამოდის 2 მლნ შემოსავალი ისე მიიღო, სახელმწიფო დაწესებულებებს ისე ჩააბარა ავტომანქანები, მათ კი დაუდასტურეს მიღება-ჩაბარების აქტები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომ ავტოსათადარიგო ნაწილები არ შეუძენია. გარდა ამისა ყველა მომსახურებას ვერ გაწევ, რომ შეძენისას ყველა ნაწილზე მიიღო საგადასახადო ანგარიშფაქტურა, სასაქონლო ზედნადებები, ავტონაწილებს ყიდულობს ----- ბაზრობაზე, ზოგიერთი ფიზიკური პირი ხან არ უწერს, ხან პირდება შემდგომ გამოწერას, იხდის საფასურს, ხანდახან იმაზე მეტს, ვიდრე ღირს, მაგრამ შემდგომ არ უწერენ, არის შემთხვევები როცა ფიზიკური პირი ითხოვს თანხის ჩარიცხვას მისი ოჯახის წევრზე. მიიჩნევს, რომ ფულის მოძრაობაში დეფექტური აქტებით შეძენები არ აქვს აუდიტორს გათვალისწინებული, რომ არ შეეძინა ავტონაწილები, არცერთი დამკვეთი მოუწერდა ხელს მიღება-ჩაბარების აქტზე და გადაუხდიდა. თვლის, რომ აუდიტორის მიერ დეფექტური აქტების შესწავლის პირობებში სხვა შედეგი დადგებოდა, რადგან მასში აღწერილია რამდენი ნაწილი გაიწერა ამათუ იმ ავტომანქანაზე და შედეგად, რამდენზე მოუწერა ხელი დამკვეთმა. 50-53%-იანი მარჟა მიუღებელია კომპანიისათვის და რომ ზარალზეა კომპანია. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ პირმა, რომელიც კომპანიის თანამშრომელი იყო და ქონდა კომპანიის ანგარიშიდან თანხის გამოტანის უფლებამოსილება, გამოიტანა თანხა ბანკიდან და მიითვისა, ესაა თანხა, რომელიც უნდა გამოყენებულიყო სამეურნეო ხარჯებისათვის, აღნიშნულზე გაცხადებული იქნა და წარადგინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, აღნიშნულზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ აღნიშნული თანხაც ჩართულია და დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფაქტობრივ გარემოებებში დაფიქსირებულის ანალოგიური გარემოებები და არგუმენტები წარმოადგინა, ამასთან აღნიშნა, რომ ფულადი თანხების მოძრაობაში გათვალისწინებულია ყველა მიღებული დოკუმენტი (მათ შორის ელ. სასაქონლო ზედნადებები), ასევე ფიზიკური პირებისათვის ანგარიშიდან გადარიცხული თანხები. ყველა მიღებაჩაბარების აქტი, რომელიც წარდგენილი იქნა, გავლილია გადასახადის გადამხდელთან ერთად და გათვალისწინებულია. რაც შეეხება ფიზიკური პირებისათვის დირექტორის მიერ თავისი საბანკო ანგარიშიდან გადარიცხულ თანხებს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ბანკის ამონაწერები, ვისი იდენტიფიცირებაც შეიძლებოდა ყველა თანხები გათვალისწინებულია, მაგრამ ფიქსირდებოდა ისეთი შემთხვევებიც, როცა მაგალითად, ერთ პირს ავტომობილი აქვს გაფორმებული თავის სახელზე, მაგრამ გადახდა არ ფიქსირდება, არის პირი რომელიც არც გადამხდელად არის რეგისტრირებული და არც შემოსავლების სამსახურის ბაზებში არ ფიქსირდება, არის პირი, რომელსაც არც მართვის მოწმობა და არც ავტომობილი არ გააჩნია და პირი, რომელიც საკვები პროდუქტებით ვაჭრობს, გავლილი იქნა მოწოდებული ინფორმაცია და ის ნაწილიც რა ავტონაწილიც იქნა გამოყენებული ტენდერის ფარგლებში, არათუ მარტო მიღება-ჩაბარების აქტები და მასში ასახული ავტონაწილები, ასევე დამატებით გაწეული მომსახურებები, შეცვლილი ნაწილების ღირებულებები, რისი იდენტიფიცირებაც შეიძლებოდა და დადგინდა, რომ მომსახურების მარჟა ერთ შემთხვევაში 48%-ია, მეორეში 35%, მესამეში 32%, ხოლო ავტონაწილების ღირებულების გათვალისწინებით მარჟამ შეადგინა პირველ შემთხვევაში 57%, მეორეში 69%, მესამეში 71% და ა.შ.. ანუ, მოწოდებული ინფორმაციით დადგინდა, რომ რაც გადასახადის გადამხდელის მიერ იქნა შეძენილი ავტონაწილები და გამოყენებული ტენდერების ფარგლებში, საკმარისი იყო იმ მომსახურებების გასაწევად რაც შესრულებულია გადასახადის გადამხდელის მიერ და დამატებით, ფიზიკურ პირებზე დირექტორის მიერ პირადი ანგარიშიდან თანხების გადარიცხვა საჭირო აღარ ხდებოდა და ლოგიკურია, ზედმეტად შეძენილ ნაწილებს ვერ ჩათვლიდა ტენდერის ფარგლებში შეძენილად. რაც შეეხება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, მოძიებული იქნა, აუდიტის დეპარტამენტში არსებული, იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი და მოგების მარჟა (53%), რომელთანაც შედარდა შემოწმებით მიღებული მონაცემები და აუდირებულთან თანხვედრაში მოვიდა. დეფექტურ აქტებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ განემარტა, რომ როცა დგება დაზიანებული ავტონაწილების ნუსხა შესაბამისი ღირებულებებით, მას ქვია დეფექტური აქტი, რომელიც გადაეგზავნება დამკვეთს და დადასტურების შემთხვევაში კეთდება სამუშაო, მაგრამ შესწავლით დაადგინა, რომ ყველა დეფექტურობის აქტი მიღება-ჩაბარების აქტების იდენტურია და მათ შორის რაიმე სხვაობა არ არსებობს. შესრულებულ სამუშაოებში გათვალისწინებული ავტონაწილები და მათ შორის დეფექტური აქტებიც მაქსიმალურად არის იდენტიფიცირებული შესყიდვის აქტებთან.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა არგუმენტაციის მოსმენის საფუძველზე და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დეფექტურობის აქტები (ავტონაწილების ღირებულებებისა და ფასნამატების მითითებით), თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგად, ისეთ საქონელზე ხარჯის გაწევის დადგენის შემთხვეაში, რომლის შეძენის დოკუმენტი გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია, მაგრამ გაწეული მომსახურებისას ასეთი საქონლის გამოყენება/მიწოდება უტყუარად დასტურდება, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით უზრუნველყოს ხარჯებში გათვალისწინება.
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაუქმება
ფაქტების აღწერა
კომპანიის საგადასახადო რეგისტრაციის თარიღია 2014 წლის 15 აგვისტო. რეგისტრაციის თარიღიდან კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია ფიზიკური პირი -------ა, რომელსაც 2022 წლის 20 აპრილს დაფუძნებული აქვს შპს ------ი (ს/ნ -----), რომლის დირექტორიც რეგისტრაციის დღიდან არის თვითონ. შპს ბბ -------ი დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2022 წლის 21 აპრილს.
შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის ურთიერთდამოკიდებულ პირს, შპს -------ს არ უფიქსირდება დაქირავებით მომუშავე პირები, საქონლის/მომსახურების შეძენის ოპერაციები, იჯარით აღებული ქონება. ამასთან, 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე, გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს სამი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა----; ეა----; ეა----) შპს -------გან ავტოტექმომსახურებაზე სულ 125 576 ლარის ღირებულების (106 420 ლარი დღგ-ის გარეშე). აღნიშნული ოპერაცია შპს ------მა იმავე საანგარიშო პერიოდში დაადეკლარირა, თუმცა ბიუჯეტის მიმართ საგადასახადო ვალდებულებები არ შეუსრულებია.
ამასთან, შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშულ პერიოდში გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა შეადგენს 122 994 ლარს. გადასახადის გადამხდელმა შპს -------გან მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, იმავე პერიოდში მიიღო დღგ-ის ჩათვლა. შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ფლობს სააღრიცხვო დოკუმენტაციას სრულად, ვერ დგინდება სამეურნეო ოპერაციების განხორციელების დრო და დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების ფაქტი. ამასთან, აღნიშნულ ოპერაციაზე ვერ მოხდა ავტოტექმომსახურების გაწევასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიღება, გადასახადის გადამხდელის მიერ არაა წარდგენილი გაწეული მომსახურების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტი, ხელშეკრულება შესასრულებელი სამუშაოების შესახებ, შესრულებული სამუშაოს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და ა.შ. ასევე, საბანკო ანგარიშების ანალიზის შედეგად არ დგინდება შპს ------თან თანხის ანაზღაურება და არ დგინდება აღნიშნული ოპერაციების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენების ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს ------გან მიღებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას, რაზეც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომ შპს --------ის მიერ გაწეული მომსახურება დაკავშირებული იყო ავტომობილების რემონტთან და გადახდილ იქნა ნაღდი ფული.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის მხრიდან არც დავის წარმოების პროცესში წარდგენილა ზემოაღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი და მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შესამოწმებელ პერიოდში, გაუქმებულია ჩასათვლელი დღგ-ის თანხა, რომელიც მიღებული აქვს შპს -------გან ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, ხოლო ჩასათვლელი დღგ-ის თანხა გააუქმა იმ მიზეზით, რომ „გადასახადი გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ფლობს სააღრიცხვო დოკუმენტაციას სრულად, ვერ დგინდება სამეურნეო ოპერაციების განხორციელების დრო და დასაბეგრი ოპერაციებში გამოყენება, ამასთან აღნიშნულ ოპერაციაზე ვერ მოხდა ავტოტექმომსახურების გაწევასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიღება, გადასახადი გადამხდელის მიერ არაა წარმოდგენილი გაწეული მომსახურების თაობაზე მიღება ჩაბარების აქტი, ხელშეკრულება შესრულებული სამუშაოს შესახებ, შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია, ასევე საბანკო ანგარიშის ამონაწერში არ არის თანხის ანაზღაურება, არ დგინდება აღნიშნული ოპერაციების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების ფაქტი.“
აუდიტის დეპარტამენტის ზემოთ აღნიშნულ პოზიციას არ ეთანხმება, იმის გამო, რომ შპს -------ის მიერ გაწეული მომსახურება დაკავშირებული იყო ავტომობილების რემონტთან და გადახდილი იქნა ნაღდი ფული, ხოლო ჩათვლის გაუქმება, აუდიტის ზემოთ დასახელებული მსჯელობით, ეწინააღმდეგება მოქმედ საგადასახადო კოდექსს, ვინაიდან ასეთი საფუძვლით ჩასათვლელი დღგ-ის გაუქმება არც ერთ მუხლში არ არის მითითებული.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს, 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე, ურთიერთდამოკიდებული პირისგან, შპს ------გან მიღებული აქვს სამი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ავტოტექმომსახურებაზე და მიღებული აქვს ჩათვლა. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ფლობს სააღრიცხვო დოკუმენტაციას სრულად, ვერ დგინდება სამეურნეო ოპერაციების განხორციელების დრო და დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების ფაქტი. აღნიშნულ ოპერაციაზე არ არის წარდგენილი ავტოტექმომსახურების გაწევასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, გაწეული მომსახურების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტი, ხელშეკრულება შესასრულებელი სამუშაოების შესახებ, შესრულებული სამუშაოს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია, ასევე, საბანკო ანგარიშების ანალიზის შედეგად არ დგინდება შპს -----თან თანხის ანაზღაურება და აღნიშნული ოპერაციების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენების ფაქტი. ამდენად, კომპანიის მიერ მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას.
მომჩივანი, შემოსავლების სამსახურში წარდგენილის ანალოგიურად აღნიშნავს, რომ შპს -----ის მიერ გაწეული მომსახურება დაკავშირებული იყო ავტომობილების რემონტთან და გადახდილ იქნა ნაღდი ფული. თუმცა არც ამჟამად არ წარმოადგენს ისეთ არგუმენტს ანდა მტკიცებულებას, რაც მის არგუმენტს გაამყარებდა და შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიას ყავს ქვეკონტრაქტორები (მათ შორის შპს ------ი), რომლებიც უკეთებს ავტომანქანების რემონტს ტენდერის ფარგლებში, კომუნიკაცია აქვთ კომპანიასთან და დავალიანებას დაფარავს. მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა აღუდგეს ჩათვლა და მოეხსნას ჯარიმა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ საუბარია მომჩივნის მიერ დაფუძნებულ მეორე კომპანიაზე, რომლიდანაც საქონლის/მომსახურების შეძენა არ ფიქსირდება, კონკრეტულად იმ საანგარიშო პერიოდში, როდესაც მოხდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა, მომჩივანს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებული აქვს 122 994 ლარი და ზუსტად ამ ოდენობის შესაბამისი ჩათვლა აქვს მიღებული. გამომწერს, შპს -------ს არ ყავს დაქირავებით მომუშავე პირები, საქონლის/მომსახურების შეძენის ოპერაციები არ უფიქსირდება, არც იჯარით აქვს აღებული ფართი, ხოლო გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში უწერია ავტოტექმომსახურება.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადს გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
3. დღგ-ში დარიცხული თანხები
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტების და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ პლატფორმაზე, გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულებული სამუშაოების თაობაზე ატვირთული დოკუმენტაციის (მიღება ჩაბარებები და საგადასახადო დოკუმენტები) ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულებულია გარკვეული სამუშაოები, რომელიც შესაბამისი პერიოდის დასაბეგრ ბრუნვაში არ არის ასახული. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტი არ აკონკრეტებს, თუ რომელი სამუშაოებია შესრულებული და არ არის ასახული წარდგენილ დეკლარაციებში. როდესაც დამკვეთთან გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, ყველაზე იწერება ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციით აიტვირთება შემოსავლების სამსახურში, ასე რომ გაურკვეველია, რომელი შესრულებული სამუშაოები არ არის დღგ-ით დაბეგრილი, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში აუსახველი სამუშაოებია: შპს ------ი (ს/ნ --------) - გაწეული მომსახურება - 500 ლარი, -------სთვის გაწეული მომსახურება - 2 683.25 ლარი, ---------სთვის გაწეული მომსახურება - 4 560 ლარი, ------ბანკში ჩარიცხული გაწეული მომსახურების ღირებულება - 4 848 ლარი, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული იყო შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 ივნისის №13703 ბრძანებაში, მომჩივანს ასევე განემარტა საჩივრის განხილვისას და შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტი არ აკონკრეტებს კერძოდ, რომელი სამუშაოებია შესრულებული და არ არის ასახული კომპანიის მიერ წარდგენილ დეკლარაციებში კომპანიის მხრიდან, როდესაც დამკვეთთან გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი ყველაზე იწერება ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და შესაბამის თვის დღგ-ის დეკლარაციით აიტვირთება შემოსავლების სამსახურში, ასე, რომ გაურკვეველია თუ, რომელი შესრულებული სამუშაოები არ არის დღგ-ით დაბეგრილი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტების და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ პლატფორმაზე შესრულებული სამუშაოების თაობაზე ატვირთული დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულებულია გარკვეული სამუშაოები, რომელიც შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში არ არის ასახული.
ამასთან, საყურადღებოა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაცია, რომ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში აუსახველი სამუშაოებია: შპს --------სთვის გაწეული მომსახურება - 500 ლარი, ---------სათვის გაწეული მომსახურება - 2 683.25 ლარი, --------სთვის გაწეული მომსახურება - 4 560 ლარი; ------- ბანკში ჩარიცხული გაწეული მომსახურების ღირებულება - 4 848 ლარი.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტი არ აკონკრეტებს, თუ რომელი სამუშაოებია შესრულებული და არ არის ასახული წარდგენილ დეკლარაციებში. როდესაც დამკვეთთან ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, ყველაზე იწერება ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციით აიტვირთება შემოსავლების სამსახურში, ასე რომ, გაურკვეველია, რომელი შესრულებული სამუშაოები არ არის დღგ-ით დაბეგრილი.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტების ანალოგიური გარემოებები, ამასთან აღნიშნა, რომ კომპანია წარმოადგენს ავტოსახელოსნოს, მომსახურებას ეწევა მხოლოდ მოგებული ტენდერების, სახელმწიფო დაწესებულებების ავტომანქანების შეკეთების თაობაზე დაკვეთის შესრულების ფარგლებში და სხვა საქმიანობა არ გააჩნია. ყველა დაკვეთაზე ჯერ დგება დეფექტის აქტი, რომელიც ეგზავნება დამკვეთს, ამის შემდეგ ხდება ხელშეკრულების გაფორმება და კონკრეტულად გასაკეთებელი ავტომობილის ღირებულების განსაზღვრა, შეკეთების დასრულების შემდეგ დგება მიღებაჩაბარების აქტი, მის საფუძველზე გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც ეგზავნება დამკვეთს, რომლის შემდგომაც ხდება ანაზღაურება დამკვეთის მიერ. სადაო საკითხია აუდიტორის პოზიცია, რომ მიღება-ჩაბარების აქტებით (შედარების შედეგად) მეტი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დადგინდა, ხოლო კითხვაზე, თუ რომელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტებთან შედარებით გამოვლინდა სხვაობა, პასუხი არ მიუღიათ. აღნიშნულზე არ ეთანხმება აუდიტორს, რადგან ყველა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზეა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო ეს უკანასკნელი მიბმულია დეკლარაციაზე.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფაქტობრივ გარემოებებზე დამატებით აღნიშნა, რომ რის გამოც არის გაზრდილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ასახულია შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში. რაზეც არსებობს მიღება-ჩაბარების აქტები ყველა ოპერაცია დაბეგრილია გადასახადის გადამხდელის მიერ, თუმცა ასევე ბანკში ჩარიცხულია თანხები გაწეულ მომსახურებებზე, რომელიც არ არის დაბეგრილი, ასე მაგალითად: --------სათვის გაწეული მომსახურება - არ არსებობს ამ ოპერაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და არ არის დაბეგრილი ოპერაცია, ასევე შპს -------თვის გაწეულია მომსახურება,ბანკში ჩარიცხულია თანხა, ასევე ---- ბანკში ჩარიცხულია გაწეული მომსახურების ღირებულება, რომლებიც არ არის დაბეგრილი, ასეთი დაუბეგრავი ბრუნვები დაახლოებით 10 000 ლარამდეა და აღნიშნულზე განემარტა მომჩივანს შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას.
ამგვარად ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაცია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაზრდის კონკრეტული მიზეზების თაობაზე ცნობილია მომჩივნისათვის, თუმცა ხსენებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მომჩივანს არგუმენტები არც წარმოდგენილი საჩივრით არ აქვს წარმოდგენილი და არც საბჭოს სხდომაზე განუმარტია.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის ნაწილში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 23.09.2024 წლის №20750 ბრძანება;
3. პირველი სადავო საკითხის ნაწილში, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დეფექტურობის აქტები (ავტონაწილების ღირებულებებისა და ფასნამატების მითითებით), თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგად, ისეთ საქონელზე ხარჯის გაწევის დადგენის შემთხვეაში, რომლის შეძენის დოკუმენტი გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია, მაგრამ გაწეული მომსახურებისას ასეთი საქონლის გამოყენება/მიწოდება უტყუარად დასტურდება, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით უზრუნველყოს ხარჯებში გათვალისწინება;
4. ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განხორციელოს პირველ სადავო საკითხთან მიმართებით შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგის მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას დირექტორზე გადარიცხული თანხების გაუთვალისწინებლობა;
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაუქმება;
3. დღგ-ში დარიცხული თანხები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 29 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №9630 ბრძანება და №066-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №13703 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის №23262/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა და №20750 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადს გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაუქმების და დღგ-ში დარიცხული თანხების ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
ხოლო, ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას დირექტორზე გადარიცხული თანხების გაუთვალისწინებლობის ნაწილში გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დეფექტურობის აქტები (ავტონაწილების ღირებულებებისა და ფასნამატების მითითებით), თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგად, ისეთ საქონელზე ხარჯის გაწევის დადგენის შემთხვეაში, რომლის შეძენის დოკუმენტი გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია, მაგრამ გაწეული მომსახურებისას ასეთი საქონლის გამოყენება/მიწოდება უტყუარად დასტურდება, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით უზრუნველყოს ხარჯებში გათვალისწინება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5 „ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1); 164(1); 174(1); 175(1 „ა“) ;