გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210016001360395
№2-1425/2016
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 დეკემბერი, 2017 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე: ი----- ტა------ი
წარმომადგენელი: ნ--- მა--------ე
მოპასუხეები: მზ-- ხო----ა, თე---– სა-------ე, სა---- სა-------ე, გი-----ი ვა-----ე, თე----- ვა-----ე, ლ---- ვა-----ე
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეების - მზ-- ხო----ას, თე---– სა-------ის, სა---- სა-------ის, გი-----ი ვა-----ის, თე----- ვა-----ისა და ლ---- ვა-----ის უკანონო მფლობელობიდან, მათი გამოსახლების გზით გამოთხოვილ იქნეს უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქ. 1--, საკადასტრო კოდით #05.26.14.0--, და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდეს მოსარჩელეს.
1.1. მოსარჩელე თავის მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტაციით:
- უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქ. 1--, საკადასტრო კოდით #05.26.14.0--, - წარმოადგენს ი----- ტა------ის საკუთრებას, რომელიც თვითნებურად დაკავებული აქვთ მოპასუხეებს და მიუხედავად არაერთგზისი გაფრთხილებისა, არ ანთავისუფლებენ მას და მესაკუთრეს ხელს უშლიან მისით სარგებლობაში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სარჩელის მიმართ შესაგებელი შემოიტანა მხოლოდ მოპასუხე მზ-- ხო----ამ. სხვა მოპასუხეებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ. მოპასუხე მზ-- ხო----ა შესაგებლით სარჩელს არ ცნობს, თუმცა არ მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაზედაც ამყარებს თავის შესაგებელს. სასამართლოს სხდომაზე მან თავისი პოზიცია წარმოადგინა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
- სადავო უძრავი ქონება ადრე მისი საკუთრება იყო, სადაც მარტო თვითონ არ ცხოვრობს, ცხოვრობს ოჯახთან ერთად.
- ეთანხმება რა იმას, რომ ამჟამად სადავო ქონების მესაკუთრე მოსარჩელეა, რომელიც მისი მესაკუთრე გახდა აუქციონზე ქონების შეძენის შედეგად, მაშინ როცა აუქციონზე ქონება გაიყიდა გუ---- გა--–--–-–---–-ს წინაშე არსებული დავალიანების გამო.
- მოპასუხე დამატებით განმარტავს, რომ მას არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი ფართი და გამოსახლების შემთხვევაში აღმოჩნდება ღია ცი ქვეშ. სურს საცხოვრებელი ბინის გამოსყიდვა.
(იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი, მოპასუხის განმარტება);
3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უძრავი ნივთი, მდებარე ქ. ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქ. 1--, საკადასტრო კოდით #05.26.14.0--, - წარმოადგენს ი----- ტა------ის საკუთრებას,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი; შესაგებელი.
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. უძრავი ნივთზე, მდებარე: ქ. ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქ. 1--, საკადასტრო კოდით #05.26.14.0--, - მოსარჩელის ი----- ტა------ის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 2016 წლის 05 მაისიდან და მის საფუძველს წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება NA16001443-014/001, დამოწმების თარიღი: 27/04/2016წ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან N 201955027, 27/03/2017წ.;
3.1.3. მოპასუხე მზ-- ხო----ა 2016 წლის 05 მაისამდე თვითონ იყო მესაკუთრე ბინისა, მდებარე ქ. ბათუმი, ვაჟა-ფშაველას 1--, ვიდრე მოსარჩელე ი----- ტა------ი გახდებოდა ამ ქონების მესაკუთრე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 05 და 13 მაისის ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2015 წლის 6 მაისს მოპასუხე მზ-- ხო----ასა და გუ----ი გა--–--–-–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ვერ შეასრულა რა ნაკისრი ვალდებულებები მზ-- ხო----ამ, გუ---- გა--–--–-–---–-ს მოთხოვნის საფუძველზე იპოთეკის საგანი - უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქ. 1--, საკადასტრო კოდით #05.26.14.0--, - გატანილ იქნა აუქციონზე, რაც შეიძინა მოსარჩელე ი----- ტა------მა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 2015 წლის 05 და 13 მაისის ამონაწერები საჯარო რეესტრი:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.2. დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქ. 1--, საკადასტრო კოდით #05.26.14.0--, - მოსარჩელის ი----- ტა------ის საკუთრების უფლება, რაც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 2016 წლის 05 მაისიდან და მის საფუძველს წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება NA16001443-014/001, დამოწმების თარიღი: 27/04/2016წ., - მოპასუხე მზ-- ხო----ასა და სხვა მოპასუხეების მიერ შეცილებული არ არის, მათ არ გაუსაჩივრებიათ თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება NA16001443-014/001, დამოწმების თარიღი: 27/04/2016წ., არ მიმდინარეობს მხარეებსა და სხვა, მესამე პირებს შორის რაიმე სახის დავა ამ ქონების მიმართ საკუთრების უფლებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ქონება ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკავებული აქვთ მოპასუხეებს და მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მოთხოვნისა, ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ მას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ი----- ტა------ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.კერძოდ:
4.1.1. მოპასუხეების - მზ-- ხო----ას, თე---– სა-------ის, სა---- სა-------ის, გი-----ი ვა-----ის, თე----- ვა-----ისა და ლ---- ვა-----ის უკანონო მფლობელობიდან, მათი გამოსახლების გზით გამოთხოვილ იქნეს უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქ. 1--, საკადასტრო კოდით #05.26.14.0--, და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდეს მოსარჩელეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად.
6.2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.
კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ვაჟა ფშაველას 1--, საკადასტრო კოდი 05.26.14.0-- - მისი საკუთრებაა. ფართს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ფლობს მოპასუხე და არ აძლევს მისი სარგებლობის საშუალებას, ანუ ხელყოფს მისი საკუთრების უფლებას, რის გამოც მოითხოვს აღიკვეთოს მისი ქონების უკანონო ხელყოფა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მართლმსაჯულების განხორციელება და თავისი დარღვეული უფლების აღდგენა, ანუ მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება. საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.
6.4. დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილ ნივთს ამჟამად უკვე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე. ნივთზე მოსარჩელეს გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-ე-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს.
სასამართლო განმარტავს: ის გარემოება, რომ მოპასუხე იყო სადავო ქონების მესაკუთრე, სანამ მოსარჩელე აუქციონზე შეიძენდა ქონებას, არ წარმოადგენს ქონების მართლზომიერად ფლობის საფუძველს. წაუყენა რა პრეტენზია მოსარჩელემ მოპასუხეს, მოითხოვა მისგან ქონების გამოთხოვა, სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მართლზომიერი მფლობელობა წყდება და თუ არ მოხდება ქონების გამონთავისუფლება და მესაკუთრეზე გადაცემა, უკვე მოპასუხე (ფაქტობრივი მფლობელი) მისი არამართლზომიერი მფლობელი ხდება.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ვაჟა ფშაველას 1--, საკადასტრო კოდი 05.26.14.0--, რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება და ეს ჩანაწერი გაუქმებული არ არის. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც ითხოვს მოპასუხის გამოსახლებას და ნივთის გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას. ამ შემთხვევაში, მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათისა და არსებობს სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მას აქვს სრული უფლება მოსთხოვოს კუთვნილ ნივთზე მოპასუხეს ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა და თავად განკარგოს საკუთარი ნივთი. შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.
ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,კ” პუნქტით თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა მაშინ დავის საგნის ღირებულებაა 4000 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხის უძრავი ქონებიდან გამოსახლებასა და ფართის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემას. დასახელებულ მოთხოვნაზე სახ. ბაჟი გადახდილი უნდა იქნას სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” პუნქტის შესაბამისად. ამ ნორმის მიხედვით გადასახდელი სახ. ბაჟი არის 120 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქმეზე ი----- ტა------ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს სარჩელზე წინასწარ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით, რაც მათ ათავასუფლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
დადგენილია, რომ მოპასუხეები მიეკუთვნებიან სოციალურად დაუცველი ოჯახის კატეგორიას, ღებულობენ სოციალურ დახმარებას თვეში 390 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
გამომდინარე აქედან, მოსარჩელეს გადახდილი ბაჟის თანხა უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ხაზინიდან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიბა გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ი----- ტა------ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების - მზ-- ხო----ას, თე---– სა-------ის, სა---- სა-------ის, გი-----ი ვა-----ის, თე----- ვა-----ისა და ლ---- ვა-----ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
2. მოპასუხეების - მზ-- ხო----ას, თე---– სა-------ის, სა---- სა-------ის, გი-----ი ვა-----ის, თე----- ვა-----ისა და ლ---- ვა-----ის უკანონო მფლობელობიდან, მათი გამოსახლების გზით გამოთხოვილ იქნეს უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქ. 1--, საკადასტრო კოდით #05.26.14.0--, და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდეს მესაკუთრეს - მოსარჩელე ი----- ტა------ს.
3. მოსარჩელეს ი----- ტა------ს სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდეს ნ--- მა--------ის (პ/ნ 3----------) მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 120 ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება #1, 16/05/2016წ., გადამხდელის ბანკი - სს ,, თიბისი ბანკი“, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 300693150, კოდი - TRESGE22).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
მოსამართლე სალიხ შაინიძე