გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.11.2018
საქმის ნომერი
330210016001482058
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე №2/25064-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 ნოემბერი, 2017 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - ქეთევან კურცხალია

 

მოსარჩელე - შპს ,,ე---–-- ე------------“

წარმომადგენელი - ს----- ჯ---------ე

 

მოპასუხე - შპს ,,ი------“

წარმომადგენელი - ნ--- ლ---–---–----

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს,,ი------“ მოსარჩელე შპს ,,ე---–-- ე------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 92 000 ევროს გადახდა.

მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, 2014 წლის 05 დეკემბერს, მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხისთვის უნდა მიეწოდებინა კონცეპტუალური დიზაინისა და ძირითადი დიზაინის გეგმა (ნახაზები და ტექნიკური დოკუმენტაცია), ხოლო მოპასუხეს უნდა გადაეხადა შეთანხმებული საფასური - 230 000 ევროს ოდენობით. მოსარჩელემ ხელშეკრულება შეასრულა ჯეროვნად. რაც შეეხება მოპასუხეს, მან ნაკისრი ვალდებულებიდან შეასრულა მხოლოდ ნაწილი - გადაიხადა რა მთლიანი თანხის 70%, შესაბამისად, გადასახდელი დარჩა - 30%. ხელშეკრულებაში მითითებული იყო აღნიშნული თანხის ანგარიშსწორების პერიოდულობა, თუმცა მოპასუხის მხრიდან ასეთ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

 

2015 წლის 08 ოქტომბერს, მოსარჩელე დაუკავშირდა მოპასუხეს და გაუგზავნა ინვოისი, რომელიც ითვალისწინებდა 46 000 ევროს (დარჩენილი 30%-დან 20%-ს ოდენობით) გადახდას. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს ანგარიშსწორება ინვოისის მიღებიდან ოცდაათ კალენდარულ დღეში უნდა მოეხდინა, თუმცა მან არ გადარიცხა თანხა მოსარჩელის ანგარიშზე. 2015 წლის 18 დეკემბერს, მოსარჩელემ მოპასუხეს უკვე დარჩენილ 10%-ზე გაუგზავნა ინვოისი, რომელიც შეადგენდა 23000 ევროს. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, თუ მოპასუხე შეაჩერებდა ან შეწყვეტდა პროექტს, მას დამატებით უნდა გადაეხადა ხელშეკრულების ღირებულების 10%, ანუ 23 000 ევრო.

 

2016 წლის 30 მაისს, მოპასუხე შეეხმიანა მოსარჩელეს და განუცხადა, რომ იგი ცნობდა მის დავალიანებას და ბოდიშს იხდიდა იმის გამო, რომ ვერ მოახერხა დროულად ანგარიშსწორება. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება არ დაფარა, რის გამოც მოსარჩელემ მომართა სასამართლოს და ითხოვს 69000 ევროს სახელშეკრულებო თანხის 30%-სა და მოპასუხის მიერ პროექტის შეჩერებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისათვის 23000 ევროს, სულ 92000 ევროს.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა ასევე დამატებით განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში არსად არის დათქმა იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მიერ ნაკლის მქონე უძრავი ქონების შეძენა რაიმე გავლენას ახდენდა ხელშეკრულებაზე, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო (იხ. სარჩელი და მხარის ახსნა-განმარტება).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს ,,ი------მა“ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, 46 000 ევროს მოთხოვნის ნაწილში სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, ანუ სცნო იმ ნაწილში, რაც, როგორც მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, მოსარჩელემ რეალურად შეასრულა, კერძოდ, დაკვეთილი სამუშაოს 10% და ჯარიმა, ხოლო დარჩენილ ნაწილში არ სცნო და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან პროექტის შეჩერება არ მომხდარა მათი ბრალეული ქმედებით და აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობდა ობიექტური გარემოება, კერძოდ, ის მიწის ნაკვეთი, სადაც უნდა მომხდარიყო პროექტის განხორციელება, აღმოჩნდა ნაკლიანი, რაზეც ამჟამადაც მიმდინარეობდა სხვა სასამართლო წარმოება, რის გამოც მას, როგორც ხელშეკრულების მხარეს, არ უნდა დაკისრებოდა 46000 ევროზე მეტი ოდენობით ვალდებულების შესრულება მოსარჩელის წინაშე. ამასთან, მოსარჩელის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულება და თანხის სრული ოდენობით ანაზღაურება დამოკიდებული იყო იმ გარემოებაზე, რომ ობიექტი ექსპლუატაციაში უნდა შესულიყო. ვინაიდან დღეის მდგომარეობით ობიექტი არ იყო შესული ექსპლუატაციაში და მისთვის, როგორც ხელშეკრულების მონაწილე მხარისთვის, უცნობი იყო აკმაყოფილებდა თუ არა ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობასა და სტანდარტს მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოები, შესაბამისად, მას არ წარმოშვობია მოსარჩელის მიმართ გადახდის ვალდებულება (იხ. შესაგებელი და სხდომის ოქმი)

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2014 წლის 05 დეკემბერს, მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხისთვის უნდა მიეწოდებინა კონცეპტუალური დიზაინისა და ძირითადი დიზაინის გეგმა (ნახაზები და ტექნიკური დოკუმენტაცია), ხოლო მოპასუხეს უნდა გადაეხადა შეთანხმებული საფასური - 230 000 ევროს ოდენობით (ს.ფ. 44), რომელიც უნდა გადახდილიყო შემდეგი სქემის მიხედვით, 20% პირდაპირი გადარიცხვის შეკვეთით, 20% კონცეპტუალურ კონსტრუქციის პლიუს მმმ-ს შესრულება, ზედნადების თარიღიდან 30-ე დღეს გადახდით, 30% მილების გაყვანისა და ინსტრუმენტირების დიაგრამის შესრულება, ზედნადების თარიღიდან 30-ე დღეს გადახდით, 20% საინჟინრო კონსტრუქციის და კვალიფიკაციის დოკუმენტაციის დასრულება, ზედნადების თარიღიდან 30-ე დღეს გადახდით, 10%-ის გადახდა უნდა მოხდეს ინსტალაციია და საექსპლუატაციო კვალიფიკაციის დოკუმენტაციის განხორციელების შემდეგ. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ ბანკის ნებისმიერი საფასურს იხდიდა მომხმარებელი ანუ მოპასუხე მხარე.

იმ შემთხვევაში, თუ ი-------- გადადებდა და/ან გააუქმებდა პროექტს, ე---–-- ი-–------- ზედნადებს გამოწერდა უკვე მიღებულ ღირებულებაზე, პლიუს მთელი პროექტის თანხის 10%-ს, როგორც შემოსავლების დაკარგვით ზიანის მიყენებას.

ნებისმიერი ცვლილება ორგანიზაციაში/პროექტის შეჩერება, ან შეფერხება, რომელიც პირდაპირ არ უკავშირდება შპს ,,ე---–-- ი-–-------ს“, მიუხედავად იმისა, კლიენტის პასუხისმგებლობაა თუ არა, და რომელიც გაზრდის შპს ,,ე---–-- ი-–--------“ ხარჯებს, უნდა განისაზღვროს ცალ-ცალკე, ან დანართის სახით და მოიცავდეს შეკვეთას, რომლისთვისაც არის განკუთვნილი.

ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა, რომ ,,ცალმხრივად დარღვევის“ შემთხვევაში, შეტყობინების პერიოდი 30 დღეზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. თუ კლიენტი გააუქმებდა პროექტს, ე---–-- ი-–------- ზედნადებს გამოწერდა უკვე მიღებულ ხარჯებს პლიუს კონტრაქტის თანხის 10%-ს, როგორც შემოსავლების დანაკარგის ზიანის მიყენება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 05 დეკემბრის მომსახურების ხელშეკრულება ინგლისურ ენაზე და მის ქართულ ენაზე დამოწმებულ თარგმანთან ერთად (ს.ფ. 16-53);

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.2. მოსარჩელე შპს ,,ე---–-- ე------------იმ“ 2014 წლის 05 დეკემბრის მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და სრულად, ვინაიდან აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხე მხარის მიერ არ წარმოდგენილა. მოპასუხემ მიღებული მომსახურების ღირებულების მხოლოდ ნაწილი, მთლიანი თანხის 70%, 161 000 ევრო აუნაზღაურა მოსარჩელეს.

 

მოპასუხე შპს ,,ი------ის“ მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულების ოდენობაა 69000 ევრო (სახელშეკრულებო თანხის 30%), ამასთან, მოპასუხის მიერ პროექტის შეჩერებით გამოწვეულმა ზიანმა შეადგინა 23 000 ევრო, რაც ზიანის სახით არის გათვალისწინებული ხელშეკრულებაში (ს.ფ. 45 და ს.ფ. 52).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 05 დეკემბრის მომსახურების ხელშეკრულება ინგლისურ ენაზე და მის ქართულ ენაზე დამოწმებულ თარგმანთან ერთად (ს.ფ. 16-53);

- მხარეებს შორის ელექტრონულ ფოსტაზე მიმოწერა (ს.ფ. 54-77);

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.3. საქმეზე წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერით დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ არის შესრულებული და მხარეს მოსარჩელის მიმართ კვლავ დარჩენილი აქვს ფულადი ვალდებულება შესასრულებელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეებს შორის ელექტრონულ ფოსტაზე მიმოწერა (ს.ფ. 54-77);

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა შპს ,,ე---–-- ე------------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 629-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 352-ე, 405-ე, 355-ე, 354-ე, 341-ე მუხლებით

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 208-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოდავე მხარეებს შორის არსებობდა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, 2014 წლის 05 დეკემბერს, მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხისთვის უნდა მიეწოდებინა კონცეპტუალური დიზაინის და ძირითადი დიზაინის გეგმა (ნახაზები და ტექნიკური დოკუმენტაცია), ხოლო მოპასუხეს უნდა გადაეხადა შეთანხმებული საფასური - 230 000 ევროს ოდენობით.

ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ი--------“ გადადებდა და/ან გააუქმებდა პროექტს, „ე---–-- ი-–-------“ ზედნადებს გამოწერდა უკვე მიღებულ ღირებულებაზე, პლიუს მთელი პროექტის თანხის 10%-ს, როგორც შემოსავლების დაკარგვით ზიანის მიყენებას.

ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა, რომ ,,ცალმხრივად დარღვევის“ შემთხვევაში, შეტყობინების პერიოდი 30 დღეზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. თუ კლიენტი გააუქმებდა პროექტს, ე---–-- ი-–------- ზედნადებს გამოწერდა უკვე მიღებულ ხარჯებს პლიუს კონტრაქტის თანხის 10%-ს, როგორც შემოსავლების დანაკარგის ზიანის მიყენება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ამდენად, მოპასუხის მიერ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელის ნაწილობრივ ცნობის საფუძველზე, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა 46000 ევროს ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება საქმეში არსებულ სადავო გარემოებებს, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, უძრავ ნივთის ნაკლთან დაკავშირებით რაიმე სახის დათქმა არ ყოფილა, ამასთან, სასამართლო სხდომაზე, მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მიერ შეკითხვების ეტაპზე გაკეთებული განმარტების მიხედვით, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში შესვლის პირობა ამ კონკრეტული, სადავო ურთიერთობის ფარგლებში, ხელშეკრულებით გაწერილი არ ყოფილა.

 

აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შეფერხება არ უნდა გახდეს, 2015 წლის 04 დეკემბრის მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მოპასუხეს სათანადო შედავება არც კი განუხორციელებია, შესაბამისად, 46000 ევროს ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია, ხოლო 46000 ევროს ნაწილში კი მოპასუხე მხარემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი სცნო.

 

რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლს, აღნიშნულის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად, შესრულების გრაფიკის დარღვევით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ პირგასამტეხლო (23 000 ევრო) ფულადი ვალდებულების ძირ თანხასთან (230 000 ევრო) მიმართებაში, მოთხოვნილია გონივრული თანხის ფარგლებში, აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ იურიდიული პირების სახელშეკრულებო ურთიერთობებში მათთვის, როგორც ხელშეკრულების მხარეებისთვის, წინასწარ სავარაუდო და განჭვრეტადი უნდა იყოს ის ზიანი, რომელიც შესაძლოა დადგეს დღის წესრიგში. განსახილველ შემთხვევაში, თავად მხარეთა მიერ ზუსტი ოდენობით განისაზღვრა ჯარიმის არსებობა და მისი ოდენობა, რაც ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში შეადგენდა ძირითადი თანხის, „კონტრაქტის თანხის“ 10%-ს ანუ 230000 ევროს 10%-ს, რაც შეადგენს 23000 ევროს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

აღნიშნულის ნორმების შესაბამისად, ვინაიდან მოპასუხე შპს ,,ი------მა“ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ, 46 000 ევროს ნაწილში ცნო, მოსარჩელე შპს ,,ე---–-- ე------------ს“ უნდა დაუბრუნდეს, მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ნახევარი 2500 ლარის ოდენობით, ხოლო 2500 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს შპს ,,ი------ს“ მოსარჩლე შპს ,,ე---–-- ე------------ის“ სასარგებლოდ.

 

რაც შეეხება საადვოკატო მომსახურებისა თუ სხვა სახის ხარჯებს, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ წარმოდგენილა, შესაბამისად, სასამართლო არ იმსჯელებს აღნიშნულზე.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე შპს ,,ე---–-- ე------------ის“ სარჩელი მოპასუხე შპს ,,ი------“ მიმართ 92 000 (ოთხმოცდათორმეტი ათასი) ევროს დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს სრულად.

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ი------“ მოსარჩელე შპს ,,ე---–-- ე------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 05 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში დარჩენილი გადასახდელი 69 000 (სამოცდაცხრა ათასი) ევროს ოდენობით.

 

1.2. მოპასუხე შპს ,,ი------“ მოსარჩელე შპს ,,ე---–-- ე------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 05 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმა 23 000 (ოცდასამი ათასი) ევროს ოდენობით.

 

2. მოსარჩელე შპს ,,ე---–-- ე------------ის“ დაუბრუნდეს ს----- ჯ---------ის მიერ 25/08/2016 წელს, #- საკრედიტო საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5000 (ხუთი ათასი) ლარის ნახევარი 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რომელიც ჩაირიცხა შემდეგ ანგარიშზე, სახაზინო კოდი 300 773 150, ბანკის კოდი TRESGE22, ხოლო დარჩენილი 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარი კი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. მოპასუხე შპს ,,ი------“ მოსარჩელე შპს ,,ე---–-- ე------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე